რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს იმ მიზნით არავინ კითხულობს, რომ იქ საკუთარ სამშობლოზე, ქალაქზე, შეყვარებულზე, ბიოგრაფიაზე, საკუთარ თავზე რაღაც მინიშნებები იპოვოს. თუმცა, როცა ბევრს კითხულობ, იქედან მიღებული ინფორმაცია, რომ სადღაც ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, თვისებები, ქართველი პერსონაჟი ან რომელიმე ჩვენი დიდი პოეტია ნახსენები - მეხსიერებაში ილექება.
როცა ყურადღებით კითხულობ, შეუძლებელია ასეთი რამ გამოგეპაროს. ბევრმა კითხვამ კი ამ ყველაფერის სტრუქტურულად გამოკვეთა იცის და გეჩვენება, რომ მსოფლიო ლიტერატურა საერთოდ იმისთვის იწერება, რომ მასში ჩვენი ცხოვრება აისახოს. ეს არის პერსონოლოგიური მიდგომა, რომელიც იმ დიდი მწერლების ნააზრევს ეყრდნობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლიტერატურული ნაწარმოები დამთავრებული არასოდეს არის, მას მკითხველი ასრულებს. თუმცა მკითხველი მას კითხვისას ასრულებს და ერთხელ დასრულებული მასთან მეორედ, მესამედ, ან მეოთხედ მიახლებისას შეიძლება სხვაგვარად დაასრულოს. მკითხველი ასრულებს იმ აზრებსაც, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას ეხება.
ქართველი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს. ევროპული ლიტერატურის პირველსავე ნაწარმოებში, რომელსაც “ილიადა” ჰქვია, ქართველი პერსონაჟია, თანაც არც უმნიშვნელო და არც მეორეხარისხოვანი. მსოფლიოს პირველივე შედევრში არის ქალი, გარკვეული გაგებით ჩვენი მამიდა. მამიდას იმიტომ ვუწოდებ, რომ ჩვენ თავს ძირითადად მედეას თაობასთან ვათანაბრებთ. ჩვენი, ქართველების კულტურა მსოფლიოსთვის არგონავტებით იწყება. უცხოურენოვან ვიკიპედია-ში მედეას შესახებ ინფორმაციას მისი სახელის ბერძნული და ქართული ფორმები აქვს მითითებული.
მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი ჯადოქარი კი კირკეა. მასზე დიდ ჯადოქარს არც “ილიადა” და არც ჰომეროსი არ იცნობენ.
კირკე მნიშვნელოვანი ქართველი პერსონაჟი ქალია, თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს ერთი სახე, რომელიც გენდერზე საუბრისას ყველაზე მთავარია - ქალზე საუბრისას, მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მედეაზე უფრო მნიშვნელოვანი სახე, და არც იმდენი რემისცენცია არსებობს ვინმეზე, რამდენიც მედეაზე.
დარწმუნებული ვარ, ახლა, თქვენ მიერ ამ ტექსტის კითხვისას, მედეაზე ვიღაც რომანს წერს. 2011 წელს მის შესახებ ახალი ოპერა დაიდგა, 2014 წელს რაღაც უკვე გამოიცა და ა.შ. ეს ამოუწურავი სახეა.
არსებობდა დავა - ცნობადობის თვალსაზრისით ვინ იყო “მსოფლიო ჩემპიონი” ქართველი - სტალინი, ზვიად გამსახურდია თუ მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, ამ დავაში არ მონაწილეობდა შოთა რუსთაველი, ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა ამ სტატუსს. ეს დავა ყველას წაგებული აქვს. ყველგან მსოფლიოში, სადაც არსებობს სკოლა და სწავლობენ წერა-კითხვას, აუცილებლად არსებობს სახელმძღვანელო, რომელშიც არგონავტების მითი ფიგურირებს და ყველამ ვიცით, რომ ამ მითის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხომალდი “არგო” და იასონი კი არა, შოკისმომგვრელი ქართველი ფიგურა - ქალბატონი მედეაა.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე
ამას გარდა, არსებობდნენ მწერლები, რომლებმაც, როგორც მწერლებმა, ფეხი თბილისში აიდგეს. თბილისის ისტორიკოსები და ქალაქის თუ ქვეყნის იმიჯმეიკერები რატომღაც ამას ხაზს არ უსვამენ. უცნაურია, იმიტომ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა სწორედ თბილისში აიდგა ფეხი და რომ არ არსებულიყო ქალაქი თბილისი, ის კაცი მწერალი არ იქნებოდა.
ეს ადამიანი ლევ ტოლსტოი გახლავთ, რომელიც, როგორც სამხედრო, თბილისში აღმოჩნდა და იმ სპეციფიკური გარემოებების გამო, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, წერა დაიწყო.
ლევ ტოლსტოი იმ გვარის, წარმომავლობისა და სხვა სიკეთეების კაცი იყო, რომელიც არ შეიძლებოდა მწერალი ყოფილიყო. როდესაც არისტოკრატი ხარ, შეიძლება ლექსებს წერდე და ამით ერთობოდე, როგორც ერთობოდა გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ არ შეიძლება ეს შენს ძირითად საქმიანობად აქციო. მისთვის სირცხვილი იყო მწერლობა, ადვოკატობა, ექიმობა. მისთვის დასაშვები ერთადერთი საქმიანობა სამხედრო სამსახური გახლდათ.
წარმოიდგინეთ 1850-იანი წლების თბილისი, მსოფლიოს მნიშვნელოვანი იმპერიის ერთ-ერთი სათადარიგო სატახტო ქალაქი, კავკასიის დედაქალაქი, სადაც მეფისნაცვალი “ზის”. ქალაქში თითქმის არ ცხოვრობენ ქართველები, ადგილობრივთა უმრავლესობას სომეხი და რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენს. აქ ჯერ არ არსებობს არც ბიბლიოთეკა, არც მუზეუმი, არც თეატრი, არც რესტორანი, სადაც ტოლსტოი შეიძლებოდა წასულიყო. არის დუქნები, სადაც იწვება “ხორევაცი”, ანუ დიდი მწვადი, სომხური მწვადი; არის კახური ღვინო, ქალაქური გინება, გაწევ-გამოწევა, დუდუკი და სხვა. მოკლედ, ტოლსტოიმ იქ ერთი-ორჯერ შეიარა და მოიწყინა. წარმოვიდგინოთ გენიოსი, რომელმაც ჯერ არ იცის, რაში მდგომარეობს მისი გენია, არის სამხედრო, სჭირდება ომი, ბრძოლა, არადა იმყოფება მშვიდ თბილისში, სადაც არაფერი ხდება.
თავდაპირველად ტოლსტოიმ გრძელი წერილების წერა დაიწყო. მათი წერის დროს იგრძნო, რომ შეუძლია, აღწეროს თავისი ბავშვობა. ამ მოსაწყენ ქალაქში მონატრება მოაწვა. თბილისმა მსოფლიოს მწერალი სწორედ იმიტომ აჩუქა, რომ იმ მომენტში ის არ ვარგოდა, როგორც ქალაქი, სამაგიეროდ ივარგა, როგორც ამ კაცის აკვანმა.
ტოლსტოის “ბავშვობა” თბილისში ყოფნის დროს დაიწერა. ეს ადგილი და დრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერლის დაბადების დროდ და ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებში თბილისის, საქართველოს ან ქართული გვარის ყოველი გაელვება სიკეთის ნიშნითაა მარკირებული.
არ ვიცი რამდენად ცნობილია ეს ამბავი, მაგრამ 1910 წელს სახლიდან გაქცეული ტოლსტოი სასიკვდილოდ საქართველოში გამორბოდა - ქართველები კარგი ხალხია, არაფერს ითვლიანო.
გარდა ამისა, არსებობენ პირდაპირი მოწმეებიც, რომლებმაც ჩვენი ქალაქი აღწერეს: დიუმა, რომელმაც შესანიშნავი წიგნი დაწერა. ეს წიგნი ყველა ქართველს უყვარს, ვინც ის წაიკითხა. იმიტომ, რომ მასში მთელი რეგიონის მასშტაბით ქართველებს მიენიჭათ უპირატესობა. ეს უგემრიელესი ლუკმაა. უცხომაც კი დაინახა ჩვენი განსხვავებულობა. ამ წიგნში ჩვენ მოგვწონს ჩვენი თავი.
ვიცნობთ სხვა ტიპის მწერალსაც, რომელიც საქართველოში ისე ჩამოვიდა, როგორც მანამდე ამერიკაში ჩადიოდა, ოცდაორი პროფესია გამოიცვალა, საქართველოში სამხედრო გზით ჩუმად შემოიპარა და დღევანდელ ათონელის ქუჩაზე, N31-ში, ყოფილ სასტუმრო “ლონდონში” დაბინავდა.
კნუტ ჰამსუნმა დაწერა წიგნი, რომელიც ამბივალენტურია იმ თვალსაზრისით, რომ სიკეთეც ბევრი დაინახა და ისიც აღნიშნა, რაც არ მოეწონა. ის ჩრდილოელი, ნორდიკული კაცი იყო, ყოველთვის ჰქონდა ნორდიკული გადახრა. ამიტომაც, არ უნდა გვეწყინოს, რომ თბილისშიც და ბათუმშიც ჰამსუნმა ჰიგიენა დაგვიწუნა. ჰამსუნმა ამბივალენტურად შეგვაფასა - ერთი მხრივ, მან ზღაპრის მხარე დაინახა, მეორეს მხრივ კი, არასწორად მოწყობილი ცხოვრება, რამაც გააოგნა კიდეც - მწერალი ევროპულ ქვეყანაში მოდიოდა, სადაც საკმაოდ არაევროპული ჰიგიენა და დროსთან დამოკიდებულება დახვდა. ახლა ეს ყველაფერი იცვლება.
გარდა ამისა, კნუტ ჰამსუნმა თავის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი მეფეთ-მეფე თამარს უძღვნა. ამ პიესასთან ჩვენ რთული დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ, რომ იგი არ არის იმ თამარზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. თუმცა მასში ჩვენი მეფე მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ ფიგურადაა დახატული. ჰამსუნი ქართულ სახელებში კარგად ვერ გაერკვა, ამიტომაც პიესაში ვიღაც ფატიმებიც გვხვდებიან. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა ქართველი ქალი კვლავ ავიდა იმ სიმაღლეზე, რომელზეც ის ევრიპიდემ აიყვანა. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე საყვარელი პერსონაჟია თუ არა, აქ ვსაუბრობთ სიმაღლეზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე ეს პიესა დღესაც იდგმება - შესაძლოა საქართველოს ისტორიაში ვერ ერკვევიან, მაგრამ იმას ხომ მაინც ხვდებიან, რომ საქართველო და თამარი მნიშვნელოვანი იყო?!
საქართველომ მსოფლიო ლიტერატურას აჩუქა პერსონაჟები და ამ პერსონაჟებს ჰქვიათ მედეა, კირკე და თამარი. საქართველომ მსოფლიოს ვერ აჩუქა ტარიელი, ავთანდილი, თუმცა ამის მცდელობა, რა თქმა უნდა, ჰქონდა. თავს ზემოთ ძალა არ არის, ჯერჯერობით ასეა.
მსოფლიო ლიტერატურაში არიან ადამიანები, რომლებიც შეცდომად მიიჩნევენ იმ აზრს, რომ შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა მსოფლიო კომპენდიუმის ნაწილი არ არის. ასეთია უმბერტო ეკო. მისი აზრით, შოთა რუსთაველს მსოფლიო უნდა იცნობდეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია საქართველოს გამონაგონ სამყაროში გაჩენა. მაგალითად, თითქოს არსებობს 1934 წელს თბილისში გამოცემული წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” გასაგებად. რეალურად, ასეთი წიგნი არ არსებობს, უბრალოდ, ეკომ მოიგონა. ეს გარკვეული გაგებით არის ის მცდარი, ზოგჯერ განზრახ მცდარი მითითებები, რომლებსაც ნაწარმოებებში ხშირად ვაწყდებით.
აი, მაგალითად: კლავდია შოშას ქმარი ამიერკავკასიის დედაქალაქში “ზის”, გასაგებია, რომ თბილისში უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც ეს დედაქალაქი დაღესტანშია, რატომღაც დაღესტანი ამიერკავკასიაშია და ამავე დროს ის რუსეთის დაბლობია. არადა, თომას მანმა მშვენივრად იცოდა, სად იყო თბილისი. ეს არის მისი პერსონაჟების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ბიზნესთან, შესაძლოა არაფერი იცოდეს დედამიწის ზურგზე, მაგრამ იცის ბაქოსა და ბათუმის შესახებ. იცის იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობსადენს ბაქო-ბათუმის სახელი ერქვა. იმ ეპოქაში, როდესაც ჰამსუნი ბათუმში მიდიოდა, ის მიდიოდა მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქში. ბიზნესის სფეროში თუ ვინმე ცნობილი გაგვიგია - სიმენსი, ნობელი თუ სხვა - საქართველოში ყველას ფილიალი ჰქონდა და აქვე ცხოვრობდა.
XX საუკუნის დასაწყისის უამრავ ნაწარმოებში, სადაც კი ნავთობის ამბავი, ინდუსტრიაა ნახსენები, ეს ადგილები ფიგურირებს. შემთხვევით არ არის, რომ კლავდია შოშას ქმარი ამიერკავკასიაში, ანუ თბილისშია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა თბილისი და საქართველო “ჯადოსნურ მთაში” ნახსენები არ არის.
მომისმენია ასეთი ფრაზა - “დოსტოევსკი რა მწერალია, თუ იგი კატკოვის მეგობარი იყო”. ვიცით ვინ იყო კატკოვი. ილია ჭავჭავაძემ სათანადო პასუხი გასცა მის დაცინვას - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ქვეყანამ სცენაზე ისტორიული ქართული დროშები ააფრიალა. დაგვცინა კატკოვმა და ჩვენ სწორად გავეცით პასუხი, რადგან დავინახეთ დაცინვა, თანაც იმპერიალისტური, მაგრამ ვერ შევნიშნეთ ჩვენი მდგომარეობის სასაცილოობა - იმპერიის შემადგენლობაში ხარ, ქართულად საუბრის უფლება არ გაქვს, ერთმანეთს წერილებს რუსულად წერ და ამას ვერ აპროტესტებ. ამ დროს კი დროშებს აფრიალებ.
არადა დოსტოევსკი, რომელიც მხილებულია ანტისემიტიზმში, სხვა ცუდ ამბებში, ქართველების “გინებით” მაინცდამაინც არ იკლავს თავს, თუმცა არც გვაქებს... მისი ქება არავის უნახავს, შეურაცხყოფა კი - ბევრს. მან “აგინა” ინგლისელებს, ფრანგებს, ებრაელებს, პოლონელებს...
მწერლებისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებულ აპოთეოზს მაშინ მიაღწია, როდესაც თბილისში ჩამოვიდა კაცი, რომელიც კარგად მივიღეთ. მან ჩაატარა ლექცია, მოვეფერეთ. წასულს კი წყევლა და კრულვა მივაყოლეთ. თურმე მის რომანში ქართველი ქალი არასწორადაა დახატული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ქართველი ქალის, როგორც მორალურად დაცემულის წარმოდგენა, არ შეიძლება. ანუ განმეორდა მიხეილ ჯავახიშვილის გასამართლება, რომელიც საბჭოთა საქართველოში მოხდა. ჯავახიშვილი მოკლეს, მაგრამ შემდეგაც არაერთხელ კლავდნენ მას. კლავდნენ მის სპექტაკლს, კლავდნენ ორი მოტივით: არ მოსწონდათ მარგო, არ მოსწონდათ ნაწარმოები. თან მსახიობს ფეხიც გამოუჩნდა! ბევრი არაფერი, “ცოტა გამოუჩნდა”, მაგრამ გამოუჩნდა!
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა რომ, ის, რაც საქართველოში ორჰან ფამუქს დაემართა, დაემართება უამრავ მწერალს, თუ ჩვენი საზოგადოება კითხვას დაიწყებს. დაგისახელებთ მწერლებს, რომლებიც იმიტომ უნდა წავიკითხოთ, რომ მერე “ამოვთხაროთ, სანამ დროა”:
პინდარე - მეოთხე პითიური ოდა. აქ მედეაზეა საუბარი და ამოსაძირკვია, რადგან ქართველ ქალზე არასწორად საუბრობს. ევრიპიდე გასაგებია. სერიოზულად გადასახედია თუკიდიდე და ჰეროდოტე, დიდი ისტორიკოსები, რომლებსაც ყოველთვის სწორად არ ესმით ქართული ტომების ფუნქცია მსოფლიო განვითარებაში და არ ახვედრებენ მათ მსოფლიოს ცენტრში. უნდა ვიცოდეთ, რომ დანტე ალიგიერიც შემჩნეულია ქართველების ხსენებაში; ბოკაჩოც კი, ფანტასტიკურად კარგი და კეთილი კაცი, რომელსაც ზურიკელა ვაშალომიძეც კი კითხულობდა, ახსენებს ქართველებს. თამარის გამო ახლო პერიოდში არაერთხელ გვახსენეს. არ ვიტყვი რა ხდება ამ თვალსაზრისით სპარსულ პოეზიაში და რას ამბობენ არაბები, მაგრამ ვიცოდეთ, რომ პორტუგალიური ლიტერატურის საფუძველთა საფუძვლის წიგნში წერია, რომ ევროპის მოვალეობაა, გადაარჩინოს საქართველო, სომხეთი და საბერძნეთი თურქეთისგან. ასეთი რამის გაჟღერება შეგვიძლია მსოფლიოს პლუსში ჩავუთვალოთ. ქართველი ქალი ბალზაკმა მხოლოდ ფიზიკური თვისებების გამო მოიწონა. შეგვიძლია პრეტენზია წავუყენოთ - რატომ სულიერ თვისებებს არ გაუსვა ხაზი?!
მარტივ წარმოდგენას, თითქოს ქართველების გაკრიტიკების უფლება მხოლოდ ჩვენ გვაქვს, მივყავართ მთავარ სათქმელამდე:
ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ, როდესაც ციხეში ვიჯექი, საქართველოში დიდი ნაციონალური სკანდალი მოხდა, რომელშიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყველა მოქალაქე, მთავრობა, მწერლობა, მაღაროელები, კომპოზიტორთა კავშირი... ჩაერთო. ერთ-ერთმა ქართველმა მწერალმა რუსი კოლეგა - ვიქტორ ასტაფიევი - დაპატიჟა, რომელიც “სასტიკი” ნაწარმოებების წერაში იყო შემჩნეული. მაგალითად, მან დაწერა ნაწარმოები, სადაც აღნიშნა, რომ რუსები ვერასოდეს იგებდნენ ვერცერთ ბრძოლას, სანამ გერმანელთა საცოდავი ოცეულის წინააღმდეგ დიდ არმიას არ შეკრებდნენ და 100-100 გრამს არ დალევდნენ. ასეთ რამეებს წერდა ასტაფიევი რუსებზე და რუსებს არ უყვარდათ ის; იგი ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა და თანამედროვე რუსეთის, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მწერალი, კინაღამ დაუმარხავი დარჩა.
მოთხრობაში “ციმორების ჭერა საქართველოში”, ის ყვება, რომ საქართველოში, როგორც ტარიელის ქვეყანაში რომანტიკული განწყობით ჩამოდიოდა, თუმცა ჩამოსულმა სხვა ტარიელების ქვეყანა აღმოაჩინა. აღმოაჩინა აქ არსებული კონფლიქტები, გაუტანლობა, მოხუც დედასთან დამოკიდებულება, სიძუნწე, რომელიც ჩვენც კარგად ვიცით და არ მოგვწონს.
ასტაფიევმა ეს ყველაფერი აღწერა, ჩვენმა საზოგადოებამ კი აღიქვა, რომ ეს იყო განაჩენი, რომელიც მან ქართველობას გამოუტანა. არც ეს იქნებოდა ცუდი, ქართველს რომ გაეკეთებინა, მაგრამ რომელმა ქართველმაც ეს გააკეთა, ის ქართველის ხელითვე მოკვდა და არაფერია გასაკვირი, რომ ასტაფიევსაც კლავდნენ. ასტაფიევი “დამარხეს”, აფეთქდა მთელი საქართველო, დაიწყო კოლექტიური წერილების წერა, რომ “მის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და რომ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ”. არადა არავინ წაიკითხა რა ეწერა მოთხრობაში, არ წაუკითხავთ მისი ღრმა სიმპათია იმ ქართველების მიმართ, რომელსაც ის ქართველებად მიიჩნევდა. ჩამოთვლილთაგან ეს ყველაზე მწვავე შემთხვევაა - ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა უცხოელის თვალით დანახული საქართველო. არადა, იცით ეს რომელი საქართველოა? სწორედ ისაა, რომელიც ოცდახუთი წელია დამოუკიდებელია და ჯერ ვერ გავასწორეთ, რომელიც იქამდე იყო მისული, რომ მის გასწორებას ოცდახუთი წლის შრომა არ შველის. აი, ამ ქვეყნის კრიტიკა ვერ ავიტანეთ.
მოთხრობაში წერია, რომ დედას სინათლე დარჩა ანთებული და შვილმა ეს ვერ აიტანა, რომ ვიღაცას ვიღაცისთვის რაღაც დაენანა და ა.შ. ტყუილი არაფერია, მაგრამ ასეთი ლიტერატურა არ გვინდოდა. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემას შევხედოთ და მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ამ პრობლემას დაგვანახებს, ჩვენ ასტაფიევს ისე დავეტაკეთ, რომ მან თქვა, ცუდი არაფერი მინდოდაო. კი ეწყინა, მაგრამ მისი წყენა “სად მოვა მის მიერ ჩვენს წყენასა და შეურაცხყოფასთან?!”
ველი, როდის დადგება დრო, როდესაც ქართველები კიდევ ერთხელ გადავიკითხავთ ამ მოთხრობას, აღმოვაჩენთ, რომ ეს ის მოთხრობაა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, წავიკითხოთ და მივიღოთ. ჯერ არ დამდგარა დრო, როდესაც ჩვენ შეგვრცხვება მაშინდელი ნამოქმედარის.
ჩვენი კრიტიკის უფლება არავის აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიტერატურის შეფასებაზე ჯერჯერობით ასეთი ნახევრად ირონიული ტექსტებით გვიწევს საუბარი. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა არის ლიტერატურა, არასოდეს იკადრებენ, მაგალითად, ოჰრან ფამუქის ადვოკატობას, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამით მხოლოდ თავს დაიმცირებენ. ხოლო ისინი, ვისაც არაფერი წაუკითხავთ, ქუჩაში დაგვხვდებიან და გვცემენ, ისე, როგორც ზაზა ბურჭულაძეს.