რამდენიმე დღის წინ გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად წარმოებული საკვების 40% ნაგავსაყრელზე ხვდება. ევროპაში კი ყოველწლიურად ას მილიონ ტონა პროდუქტს ყრიან. როგორც გაეროს ანგარიშმა აჩვენა, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედს არადანიშნულებისამებრ იყენებენ, მაშინ როდესაც შიმშილობის ზღვარზე მყოფ მოქალაქეთა რიცხვი მილიარდს აღწევს. განსხვავებული მდგომარეობა არც საქართველოშია, თბილისში მსხვილი სუპერმარკეტები დღის ბოლოს დარჩენილ მზა საკვებს ჩამოწერენ და ნაგავში ყრიან.
„დღის ბოლოს დარჩენილ მზა საკვებს მეორე დღეს არასოდეს ვყიდით. მას ჩამოვწერთ, ეს უკვე საწარმოო ნარჩენია, რომელსაც გაყიდვიდან ვიღებთ და ვიშორებთ. ეს არის პროცედურა რომელსაც საგადასახადო წესები მოითხოვს და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიკა გენგაშვილი.
„საკვები, რომელიც დღის განმავლობაში რჩება, ჩამოიწერება და იყრება. ვადაგასული პროდუქტით რომ არავინ ისარგებლოს, ამიტომ დღის ბოლოს აღვწერთ დარჩენილ საკვებს და შემდეგ ბუნკერში ვყრით“, - გვეუბნება სუპერმარკეტ „გუდვილის“ ხარისხის სამსახურის უფროსი ლევან ჩიტეიშვილი.
„შიდა სტანდარტი უფრო გამკაცრებული გვაქვს და თუკი საერთაშორისო სტანდარტით მაგალითად ფარშის გაყიდვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ჩვენთან ფარშის რეალიზაციის ვადა 6 საათია. საკვების საშუალო ვარგისიანობის ვადა კი როგორც წესი 10 -12 საათს შეადგენს. შესაძლებელია მზა საკვები ვადაგასული არ იყოს, მაგრამ წინა დღეს მომზადებულს მეორე დღეს არ ვყიდით. ჩამოიწერება და იყრება“, - ეს უკვე „სმარტის“ სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი კახა მუხიგულის კომენტარია.
თუ რა რაოდენობის საკვები რჩება დღის განმავლობაში რომელიც შემდეგ ნაგავში ხვდება, სუპერმარკეტებში ვერ ასახელებენ. თუმცა ამბობენ, რომ დარჩენილი მზა საკვები ყოველთვის ცოტაა, რადგან წინასწარ იციან, რა რაოდენობის საჭმელი გაიყიდება და შესაბამისი რაოდენობით ამზადებენ.
როგორც სუპერმარკეტებში ამბობენ, დარჩენილი პროდუქტი, რომლის რეალიზაციაც მეორე დღეს არ შეიძლება, მათთვის ხარჯია, ამიტომ აუცილებელია მისი აღრიცხვა და ჩამოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავალში ჩაეთვლებათ და მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.
აუდიტორი ირაკლი შავიშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს დარჩენილი პროდუქტის ადამიანებისთვის დარიგებას ისე, რომ ის არ დაიბეგროს.
„ზოგიერთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა მარკეტის წინ მაცივარია, სადაც მორჩენილ პროდუქტს ალაგებენ, არ ნიშნავს, რომ ის მარკეტი ამისთვის გადასახადს არ იხდის. მფლობელი მიდის იმაზე, რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს, უბრალოდ ამ ხალხს თავის ხარჯზე აჭმევს. სინამდვილეში ეს არის ქველმოქმედება. ქველმოქმედების სანაცვლოდ სარგებელს არ უნდა იღებდე“.
შავიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ზოგად გარემოზეა დამოკიდებული, და როცა საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი უმწეობის დახმარებას ითხოვს, ისედაც ცოტაა მსხვილი სუპერმარკეტების მომხმარებელი და მყიდველი. მან რომ გარეთ მაცივარი გააკეთოს და დარჩენილი პროდუქტი უფასოდ გამოიტანოს, უბრალოდ ვერაფერს გაყიდის და დაიხურება.
ანა ლელაშვილი ორი წელია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ცხოვრობს. როგორც ჰყვება, ოსლოშიც ასეთივე პრაქტიკაა, დღის ბოლოს მარკეტებიდან პროდუქტები გამოაქვთ და მაღაზიის წინ, ურნაში ყრიან. ისეთი პროდუქტები იყრება, რომელსაც ვადა სამი დღის შემდეგ გასდის. როგორც ის ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც მაღაზიის დახურვის შემდეგ მოდიან და ურნიდან პაკეტებით ჩაყრილ საკვებს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრი თავადაცაა. ამ ადამიანებს ე.წ. “Dumpster diving”-ებს ეძახიან. ანა ამბობს, რომ ისინი საკვების გადამრჩენელები არიან. გადარჩენილ საკვებს კი სხვებსაც ურიგებენ და თავადაც იყენებენ. თუმცა, თუკი მაღაზიის მეპატრონეები შეამჩნევენ, რომ სანაგვე ურნიდან ვინმე საკვებს იღებს, პოლიციას იძახებენ, ამიტომ საკვების გადარჩენა საკმაოდ სარისკო საქმიანობაა.
ნაგვის ურნიდან ამოღებული პროდუქტები. ოსლო, 2014
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, საქართველიში საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც ყოველდღე საკვებთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე დგანან.
„საკვების გადაყრა საკმაოდ პრობლემურია, მაშინ როდესაც უამრავი სოციალურად დაუცველია, - იგივე თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები. მათთვის კვების პრობლემა მნიშვნელოვანია და შეიძლებოდა ამ რესურსის სწორედ ამისთვის გამოყენება. ისევე როგორც თბილისის არაერთ ობიექტში შესახლებულები არიან სოციალურად დაუცველები, უსახლკარო ადამიანები, რომელთაც საკვების პრობლემა მუდმივად უდგათ. ჩვენს კვლევაში რომელიც სწორედ ამ ჯგუფთან ჩატარდა, მშობლები ხშირად უთითებენ, რომ შვილებს ადეკვატური საკვებით ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც ბავშვებს განვითარების პრობლემები აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხრიდან სიციალური პასუხისმგებლობის გააზრება, გარკვეული აქტივობების დაგეგმვა და თვითორგანიზება, რომ შეძლონ ამ საკვების ადრესატამდე მიტანა, „ -ამბობს მიქელაძე.
ის, რომ სურსათის არაეკონომიური გამოყენება მსოფლიოს პრობლემაა გაეროს ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციაა, ამ პრობლემის გადაჭრა ადგილობრივ დონეზე მოხდეს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში საკვებ პროდუქტებს სხვადასხვა მიზეზით ყრიან.
გარდა ამისა, გაეროს ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე მისაღწევ მიზნებში პირველი სწორედ უკიდურესი სიღარიბის და შიმშილის აღმოფხვრაა.