დამასკოში ივნისის ცხელი საღამოა. ბაშარ-ალ ასადის მომხრეები არჩევნებში რჩეული კანდიდატის გამარჯვებას ზეიმობენ. დედაქალაქის ცენტრში სირიის დროშები ისე ფრიალებს, თითქოს ომი დიდი ხნის დასრულებულია. დამასკო ერთადერთი ქალაქია, სადაც საომარი მოქმედებების მიუხედავად, საცხოვრებელი სახლები და კულტურული მემკვიდრეობა მეტ-ნაკლებად ხელშეუხებელი დარჩა. ჟასმინების უძველეს ქალაქად წოდებულ დამასკოს დღეს ასადის ციტადელი ჰქვია.
დასავლეთისგან უარყოფილმა პრეზიდენტმა არჩვენებში ხმების 88,7% მიიღო. ვაშინგტონი და ევროკავშირი არჩვენების შედეგებს ლეგიტიმურად არ სცნობს, თუმცა სირიის უახლეს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ასადის გარდა, ორი სხვადასხვა კანდიდატი იყრიდა კენჭს. მაგრამ ამ ფაქტით არაფერი შეცვლილა. ასადის გამარჯვებამ მეამბოხეები და ოპოზიცია უფრო მეტად განარისხა. ეს სირიის სამოქალაქო ომს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 150 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაუსრულებელ პროცესად აქცევს.
გაეროსა და სირიის ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრის მონაცემებით, სირიაში ყოველ ათ წუთში ერთხელ ერთი ადამიანი იღუპება, 9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია, 2 მილიონზე მეტი კი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. სამოქალაქო ომი, რომელიც სამი წლის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით დაიწყო, დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის ერთ-ერთ ურთულეს თავსატეხს წარმოადგენს.
ვინ არის ასადის ერთგული მეგობარი?
შარშან, როდესაც დასავლეთი ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკის ჯარები სირიაში შეიჭრებოდა და ასადის რეჟიმი, მსგავსად სადამ ჰუსეინის რეჟიმისა, დაემხობოდა. მაგრამ ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით, ბარაკ ობამა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმა და იარაღი კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი სცენარი არ არის.
ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები სირიის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულია. შარშან რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მაინც დაარწმუნა, რომ სირიის კრიზისს წერტილი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესმებოდა. რუსეთმა პირობა შეასრულა და სირიის სამთავრობო დელეგაცია ჟენევაში ოპოზიციასთან შესახვედრად გაგზავნა.
ერთი შეხედვით, რუსეთის ინტერესები სირიაში წმინდა წყლის სამხედრო ხასიათისაა. 1971 წლიდან დღემდე რუსეთის საზღვაო ფლოტი ქალაქ ტარტუსშია განლაგებული. ცხადზე ცხადია, რომ რუსეთი ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს არასოდეს დასთმობს. რუსი ანალიტიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ ასადების ოჯახისა და მოსკოვის მეგობრობა, რუსეთის მმართველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. თუმცა შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება ბაშარ ასადს ერთგულ მოკავშირედ არც განიხილავდეს. მისთვის სირიის მთავრობის მხარდაჭერა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიცია, ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, ეს არის თეთრ სახლთან მუდმივი პაექრობა პირველობისთვის - თუ ვინ იქნება ჰეგემონი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მეორე მიზეზი კი იმ მუსლიმ ექსტრემისტებთან ბრძოლაა, რომლებიც სირიის სამთავრობო ჯარებისთვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ. თავის მხრივ, მოსკოვისთვის ყველაზე დიდ მტრად სწორედ მუსლიმი ექსტრემისტები განიხილებიან.
ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი სირიის სამოქალაქო ომით დასავლეთს იუგოსლავიის გამო სამაგიეროს უხდის. გარდა ამისა, სირიის კრიზისი, რომელსაც არაბული გაზაფხულის ყველაზე ბნელ მხარედ განიხილავენ, რუსეთს საშუალებას აძლევს, არაბულ გაზაფხულთან დაკავშირებით საკუთარი სიმართლით კიდევ ერთხელ „იზეიმოს“. რევოლუციას, რომელმაც 2011 წელს მთელი არაბული სამყარო მოიცვა, რუსეთი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა, დასავლეთმა კი გულუბრყვილოდ იწამა, რომ ეს ქვეყნები დიქტატურული რეჟიმისგან სამუდამოდ გათავისუფლდებოდა. ეგვიპტისა და, მით უმეტეს, სირიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არაბული გაზაფხული ფიასკოთი დასრულდა.
მშვიდობიანი მოლაპარაკებების დასასრული
„დიქტატორებს არ ირჩევენ, ისინი ძალაუფლებას მოქალაქეების ტერორითა და დაშინებით ინარჩუნებენ. ბაშარ ალ ასადმა სისხლიან არჩევნებში გაიმარჯვა“, - ეს სიტყვები სირიის რევოლუციისა და ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-ჯარბას ეკუთვნის. სირიელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ „washington post-ში ოპუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლას ასადმა, როგორი სასტიკი მეთოდებითაც არ უნდა ებრძოლოს მოწინააღმდეგეებს, ის რევოლუციას ვერ შეაჩერებს.
2014 წლის ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებისთანავე აჰმედ ჯარბამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სთხოვა, ბაშარ ასადი დაერწმუნებინა, რომ გადამდგარიყო. მშვიდობიან მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი არ ჰქონია, რადგან მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მთელი რიგი საკითხებისა კი გადაუჭრელი დარჩა.
გაეროს წარგზავნილი სირიაში, ლაჰდარ ბრაჰიმი ჟენევაში მხარეებს დახურულ კარს მიღმაც შეხვდა, თუმცა ალჟირელი დიპლომატის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბრაჰიმმა განმარტა, რომ ოთახში ურთიერთბრალდებების გარდა არაფერი ისმოდა.
„სირიის სამთავრობო დელეგაცია შვეიცარიაში მხოლოდ იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ანგარიში გაეწია რუსეთისთვის, როგორც მთავარი მოკავშირისთვის. რუსეთის ხელისუფლებამ ასადს სთხოვა, რომ დასავლეთისთვის თვალების ასახვევად მაინც ჩასულიყო მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუნდაც ოპოზიციასთან არავითარ დათმობაზე არ წასულიყო. ასადმა მოსკოვის ინსტრუქციები ზედმიწევნით გაიმეორა“, - განაცხადა ლაჰდარ ბრაჰიმმა.
ერთადერთი, რაზეც მხარეები ჟენევაში შეთანხმდნენ, ქალაქ ჰომსში დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი იყო, საიდანაც 2000-მდე ადამიანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანქანებით გამოიყვანეს. დღეს კი რევოლუციის დედაქალაქად წოდებულ ჰომსს კვლავ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.
საპატიო ადგილი დიდი დიქტატორების პანთეონში
ერთხელ გაეროს წარგზავნილმა სირიაში, ლაჰდარ ბრაჰიმმა ინტერვიუში სინანულით აღნიშნა, რომ თავდაპირველად, როდესაც მან სირიის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ ომი იმ წელსვე დასრულდებოდა. დღეს სირიის მომავალი ბუნდოვანია. ბრაჰიმი კონფლიქტის ესკალაციაში უპირველეს ყოვლისა ბაშარ ალ-ასადს ადანაშაულებს.
„ის ჯიუტი და უკომპრომისო ადამიანია. იგი საკუთარ ხალხს განუდგა და ძალაუფლების წყურვილითაა შეპყრობილი“, - განაცხადა ლაჰდარ ბრაჰიმმა.
ბაშარ ალ-ასადს გაცილებით ნეგატიური ეპითეტებით მოიხსენებენ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები. ის რობერტ მუგაბესა და პოლ პოტის მსგავსად, მმართველთა სწორედ იმ კასტას განეკუთვნება, რომელსაც ცივილიზებულმა სამყარომ ზურგი აქცია. დასავლეთში დღეს თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ დიდი დიქტატორების პანთეონში ასადი საპატიო ადგილს დაიკავებდა. თუმცა მისი 14-წლიანი მმართველობა ყოველთვის ასეთი ბნელი და სიძულვილით აღსავსე არ ყოფილა.
2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ასადს სირიელების თითქმის 98% უჭერდა მხარს, როგორც დედაქალაქში ჰყვებიან, იგი სუპერმარკეტში დაცვის გარეშე დადიოდა. ის დრო დამასკოელებს კარგად ახსოვთ. დღევანდელ ქაოსში ალავიტი პრეზიდენტი მხოლოდ პირადი ვერტმფრენით გადაადგილდება.
Foreign pilicy-ის ანალიტიკოსმა კალევ ლეეთარუმ ირონიით აღნიშნა, რომ დასავლური მედია თავდაპირველად ასადს „სათნო ადამიანად“ მოიხსენებდა. მას მსოფლიოში ისლამური სამყაროს პროგრესულ ლიდერად განიხილავდნენ, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკის სეკულარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა.
„გზა „სათნო ადამიანობიდან“ „პირსისხლიან ტირანობამდე“ ასადმა საერთაშორისო მედიაში წარმატებით გაიარა. მედია მას ფეხდაფეხ სდევდა და 2011-დან დღემდე მისი სახელი პოლიტიკაში სისასტიკისა და მასობრივი მკვლელობების სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დასავლეთში არსებობს მითი, თითქოს ასადის რეჟიმს დასასრული არ უჩანს“, - თქვა კალევ ლეეთარუმ.
სამწლიანი ომის მიუხედავად, ასადს დამასკოში კვლავ საყვარელ მმართველად ასახელებენ. სირიაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები, მათ შორის მართლმადიდებელი სირიელები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. დედაქალაქში დღესაც ბევრს სჯერა, რომ ასადმა იმ სისასტიკის შესახებ, რომელსაც სირიის ჯარი სხვადასხვა ქალაქებში სჩადის, არაფერი იცის. ქიმიური იარაღის გამოყენებაშიც პრეზიდენტის მომხრეები მეამბოხე სუნიტ ექსტრემისტებსა და ჯიჰადის მიმდევრებს ადანაშაულებენ. რეალურად მსოფლიოში არსებობს მტკიცე ვარაუდი იმისა, რომ ქიმიური იარაღი მთავრობის გარდა ასადის მოწინააღმდეგე, ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ, ალ-ნუსრამაც გამოიყენა. თუმცა ფაქტი უცვლელი რჩება - სირიის ქიმიური არსენალი, რის შექმნაზეც მუშაობა სირიის მთავრობამ 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით დაიწყო, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
სირიის სამოქალაქო ომი მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ომი არ არის, ის საზღვრებს დიდი ხნის წინ გასცდა და მთელი რეგიონი მოიცვა. ერთი მხრივ, ალ-ნუსრას ახალი პანისლამური სახელმწიფოს აღორძინების იდეა ერაყშიც ეპიდემიასავით მძვინვარებს. მეორე მხრივ, კი ორ მილიონზე მეტი სირიელი რეგიონის ხუთ ქვეყანაში სირიელ ლტოლვილთა ბანაკებს აფარებს თავს, რომელთა შენახვა ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობებს რამდენიმე მილიონი დაუჯდა.