Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ არსებობს მიზანი, რომელიც ამართლებს ადამიანების საშუალებად გამოყენებას!

08 მაისი 2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ჩემი კონსტიტუციური სარჩელი ელექტროენერგიის, დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასურის გადახდის წესის კონსტიტუციურობის შესახებ.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის მიჩნეული გადახდის წესი, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას (სს „თელასი“) ავალდებულებს, მომხმარებელს შეუწყვეტოს ელექტროენერგია იმ შემთხვევაში, თუ პირს დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასური არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ მან კეთილსინდისიერად გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური.

27 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებით განხილვა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ  ზემოთ დასახელებული პარლამენტისა და სემეკის მიერ მიღებული რეგულაცია ლახავს, საქართველოს კონსტიტუციის ნორმა-პრინციპად ქცეულ ადამიანის ღირსებას (კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და ასევე მომხმარებლის უფლებებს ( კონსტიტუციის 30-ე მუხლი) შემდეგი ხუთი მიზეზის გამო:

პირველი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსებაში ჩარევის შემოწმებასთან დაკავშირებით 2007 წელს  ჩამოაყალიბა ტესტი - „ობიექტის ფორმულა“, რაც გულისხმობს, რომ „სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...”.

მაშინ, როცა სახელმწიფო გადასახადების ეფექტურად ამოღების საშუალებად, მექანიზმად იყენებს პირს, იგი ვერ იქნება დანახული როგორც სახელმწიფოსთვის ამ ქმედების მიზანი. და პირიქით, იმისათვის რომ ეფექტურად იქნეს ამოღებული გადასახადი და სხვადასხვა მონოპოლიებმა, მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის უფრო მარტივად განხორციელება, ადამიანს ერთმევა საშუალება, ისარგებლოს იმ მომსახურებითაც კი, რომლის საფასურიც მან უკვე გადაიხადა და რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მეორე: არც საქართველოს პარლამენტის და არც სემეკის წარმომადგენელს, სასამართლოს სხდომაზე არ ჰქონიათ მცდელობა დაესახელებინა, რომელიმე გონივრული, არსებულზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალება კომუნალური გადასახადების გადახდისა. პირიქით, როგორც აღმოჩნდა, მათ არც კი უფიქრიათ რაიმე უკეთესი, უფლებათა ნაკლებად შემზღუდავი საშუალების შექმნაზე, არც კი მოუძიებიათ ინფორმაცია, როგორ ხორციელდება სადავოდ გამხდარი რეგულაცია (კომუნალური გადასახადის ამოღება) სხვა  ქვეყანებში რადგან იგი სიმარტივის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გამო, ოპტიმალურად მიაჩნიათ. აღნიშნული რეგულირების შეფასებისას, არცერთი მოპასუხე არ განიხილავს, სხვა რომელიმე ნაკლებად შემზღუდავი, მომხმარებლის ინტერერესზე მორგებული რეგულაციის მიღებას, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ამოსაღებად ამგვარი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენება  კანონმდებელსა და სემეკს კომფორტულ, ეფექტიან და მარტივ საშულებად  მიაჩნიათ.

მესამე: გასათვალისიწინელია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-13 თავი ითვალისწინებს მომხმარებელთა პოლიტიკას. 345-ე მუხლის თანახმად,  კი „მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და მიაღწიონ ჰარმონიას მომხმარებელთა დაცვის თავიანთ სისტემებს შორის“. გარდა ამისა, სახელმწიფომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ 5 წლის ვადაში შეასრულოს შესაბამისი დირექტივები. ამ უკანასკნელში კი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებები. ბუნებრივი მონოპოლიების შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებულად ზრუნავდეს მომხმარებლის უფლებებზე. სახელმწიფომ მსგავსი მომსახურებება მომხმარებელს სამართლიანად უნდა მიაწოდოს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუ ეს მომსახურება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვისაა მნიშვნელოვანი. ადამიანისათვის ელექტროენერგიის ან სხვა კომუნალური მომსახურების გათიშვა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (ultima ratio) უნდა იყოს დაშვებული, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურულია ყველა გონივრული გაფრთხილებისა და შეთავაზების გზა.

მეოთხე: სადავო რეგულაციით, თბილისში მცხოვრები მომხმარებლები უფრო მძიმე დგომარეობაში არიან, ვიდრე თბილისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლები. თუმცა ელ.ენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოხმარებისა და მისი გადახდის თვალსაზრისით მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. თუკი თბილისს შევადარებთ ისეთ ქალაქს, როგორიცაა, მაგალითად, ბათუმი, ამ უკანასკნელში დასუფთავებისა და წყალმომარაგების საკითხი თბილისზე უკეთაა დარეგულირებული - მაგალითად 24 საათიანი წყალმომარაგება, ან დასუფთავება. მიუხედევად იმისა, რომ ბათუმში არ მოქმედებს ერთიანი გადახდის წესი,  ამ ქალაქში კომუნალური გადასახადი, როგორც წესი ამოღებადია. უფრო მეტიც, 2016 წლის სტატისტიკით ბათუმი საქართველოში ყველაზე უფრო დასუფთავებული ქალაქია. იგივე უნდა ითქვას მის წყალმომარაგებაზეც. წყალმომარაგების მომსახურება ქალაქ ბათუმის საკრებულომ 2006 წელს დაარეგულირა.  წყალმომარაგებას ახორციელებს შპს „ბათუმის წყალი“, რომელიც, ისევე როგორც GWP არის კერძო კომპანია, რომელიც არ სარგებლობს ერთიანი ადმინისტრირების წესით. იგი 2006 წლიდან დღემდე წარმატებულია ამ სფეროში.

შესაბამისად, იმისთვის, რომ კომუნალური მომსახურება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იყოს, აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი გადასახადის ამოსაღებლად მომხმარებელს ელექტროენერგია შეუწყდეს და უკიდურეს უმწეო მდგომარეობაში ჩააყენოს.

მეხუთე: სადავო რეგულაცია არ არის დროებითი ხასიათის, იგი მუდმივია, რაც მეტ ინტენსივობას სძენს მას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი-ერთი გადაწვეტილებით, თუ  სახელმწიფოს განსაზღვრული პოლიტიკა დროებითია, მაშინ ძირითად უფლებაში ჩარევა ნაკლებად ინტენსიურია. შესაბამისად, სადავო ნორმების მუდმივი ხასიათიდან გამომდინარე, მის საფუძველზე დადგენილი (ადამიანის ღირსების შემლახავი)  ჩარევა არის სახელმწიფო მიერ უვადოდ, მუდმივად განსაზვრული,  ე.ი. ინტენსიური. ნათელია, რომ სახელმწიფო არც კი ცდილობს, მონოპოლიები გადაიყვანოს, მომხმარებლისათვის ნაკლებად შემზღუდავი გარემოებების შექმნაზე, არც კომუნალური სერვისი მიმწოდებლებს უდგენს არანაირ ვალდებულებას, რომ რაიმე განსაზვრული ვადის გასვლის შემდეგ, მან გადასახადის ამოღების წესი გააუმჯობესოს. 

ამა წლის 22 აპრილს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა  (EMC) სასამართლოს მეგობრისმოსაზრება წარუდგინა. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება მიუთითებს, რომ სადამსჯელო, ბლანკეტური რეგულირება არაგონივრულია, იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებს სრულად უგულებელყოფს და მექანიზმს ინტერესთა გაწონასწორების ანალიზს არ უქვემდებარებს. ამდენად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმი კონსტიტუციის მე-17 მუხლს ეწინააღმდეგება (ღირსების უფლება) და უშვებს პირის „მიზნის მიღწევის საშუალებად“ გამოყენების საშუალებას და  კომპანიების ვალის ამოღებისთვის მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების დონის გაუარესებასაც.

დაბოლოს! ნათელია, რომ ქართული კანონმდებლობის შემთხვევაში, სადავო ნორმების მიხედვით, გადაუხდელობის გამო არათუ რაიმე გაფრთხილებაზე ან ელექტროენერგიის მიწოდების სამართლიან ფასზე, ან სულაც მისი გადაუხდელების გამო შეწყვეტაზეა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა ხდება როგორც სადამსჯელო ღონისძიება, იმისათვის, რომ პირმა არ გადაიხადა სხვა რომელიმე კომუნალური გადასახადი. შესაბამისად, ვერცერთ კონტექსტში ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტით ვერ იქნება გამართლებული კანონმდებლისა და სემეკის მიდგომა მომხმარებლისადმი.

დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს მიზანი, რომელიც ამართლებს ადამიანების მიზნის მიწევის საშულებად გამოყენებას! მით უმეტეს, თუ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ისე როგორც საქართველოს ტეროტორიაზე, ყველგან, თბილისის გარდა, შესაძლებელია, ადამიანის ღირსების შელახვის გარეშე, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, კომუნალური გადასახადები იმგვარად იყოს ამოღებული, რომ დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^