Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიყვარულით, ფრონტიდან

08 მაისი 2018

„29 მარტი. 1942 წ.

გისურვებ ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას და სიმტკიცეს. ისეთ სიმტკიცეს, რომ უჩემობით თქვენ მტრის გულის მოსაკლავად არ დაგერღვიოთ ჩვენი ტანჯვით აგებული ოჯახი.

 ჩემო ჭკვიანო ქეთუნია, მე მაქვს იმედი, რომ შენ შენებურად ვაშკაცურად გაუმკლავდები ყველა დაბრკოლებას, მტერს არ გაახარებ.

 ხომ გაქვს გამოცდილება, 7, 8, 10 წლით არიან ხალხი გადასახლებული და ოჯახი იტანს გაჭირვებას. შენც ჩემო ოქრო გოგო, იყავი შვილების ერთგული, მოეფერე ჩვენს შვილებს, ნუ გაუჯავდები, გულს ნუ გაიხეთქავ და უფრო გაგიფრთხილდებიან, დღე და დღე ჭკუაში შევლიან, და თუ ღმერთმა არ გაგვწირა, ყველაფერი კარგად იქნება.

მე ეხლა ფრონტზე ვარ უკრაინაში. ხარკოვთან. ასე წავიდა ჩემო საყვარელო ცოლშვილო ჩემი საქმე, მაგრამ მიუხედავად ყოვლისა, იმიტომ, რომ კიდევ ვეღირსო თქვენს დაკოცნას, თქვენს მოფერებას, თქვენს პატრონობას, როგორც ქვა ისე ვარ და თუ ტყვიამ არ მიმსხვერპლა ყველაფერს ავიტან თქვენთვის ჩემო სულის სწორო ცოლშვილო.

ცეცხლზე რომ დამდვან არ შევუშინდები, ვარ ისეთ პირობებში, რაც კინოში გინახავს, მაგრამ არაფერია ოღონდ თქვენს ნახვას ვეღირსო, ოღონდ თქვენთან მოვაღწიო...“.

კარლო ხეთერელი - ილიას ძე (1911-1942)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ომში გაიწვიეს 1942 წელს, გარდაიცვალა ამავე წლის გაზაფხულზე ქალაქ ხარკოვში. წერილის მფლობელი - მაია სიმონიშვილი.

......................................................

„სალამი დარიკოს.

გისურვებ ჯანმრთელობას, მის შედეგათ ბედნიერ და საამურ ცხოვრებას შენი პატარა გუგულით და დედაჩემით. მომიკითხე ჩემი სიმამრი, სიდედრი, ცოლისდები; ნინა, თამარა, შუშანა, ეთერი. და სხვები აგრეთვე ჩემი ძმები, რძლები და სიძე და სხვები.

ვიცი კითხულობ ჩემს ამბავს, მე კარგათ ვარ როგორც იცი ჩემი წერილიდან (თუ მიიღე?) მე დავიჭერი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე ხარკოვს აქედან, მარჯვენა მკლავში.24 მარტიდან 10 აპრილამდე ვიყავი მკურნალობაში. 10 აპრილს გროზნოს გოსპიტალმა გამწერა გამაჯანსაღებელ ბატალიონში...

ჩემზე სრულიად არ იჯავროთ, მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ბევრ ხანს არ ვარ ხოლმე ერთ ადგილზე, რომ გავიგო მანდაური ამბავი. აგერ სამი თვე მისრულდება და თქვენგან არაფერი გამიგია...

როცა წავალ იქიდან მოგწერ წერილს, თუ ვიქნები. ასე რომ, დარიკო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს პატარა გუგული უნდა გამიზარდო, თუ სადმე დიდხანს დამტოვეს როგორმე მოგწერ წერილს და გამოგიგზავნი მისამართს. სასწრაფოდ უნდა გადაიღო გუგულის სურათი და გამომიგზავნო. მეტი სხვა არაფერი მაქვს მოსაწერი. იყავი კარგათ, კარგათ და კიდევ კარგად. გწერს შენი სურათის თვალებში მატარებელი შენი ალე.

1942 წ. 22 აპრილი. ქ მოზდოკი (ორჯონიკიძის მხარე)

მშვიდობით“.

ალექსანდრე ელიზბარაშვილი - დაიბადა ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში 1916 წელს. ომში გაიწვიეს 1942 წელს, მეუღლე დარიკო ფეხმძიმედ დატოვა და იმავე წელს დაიკარგა უგზო-უკვლოდ, ქალიშვილი არც უნახავს. წერილის მფლობელი - გუგული ელიზბარაშვილი.

__________________________________

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცულია წერილების კოლექცია, რომელიც  მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების პირად მიმოწერას აერთიანებს. 

ამ კოლექციიდან, ქართველი ჯარისკაცების წერილებიდან ამონარიდებს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^