მოდერნის სტილი, თბილისური ეზოს მოტივი, ამ შენობის ურბანულ ქსოვილში სრულიად ჰარმონიულად ჩასმა, ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს, დაგეგმარება და შიდა ეზოს მოწყობა წმინდა თბილისური კუთხით -ეს ყველაფერი დავით სარაჯიშვილის სრულიად უზადო ევროპულ გემოვნებასა და თბილისური ტრადიციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამიტომაც ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სახლი ზოგადად ქალაქისთვის, განსაკუთრებით როგორც მოდერნის ტიპის ნიმუში.
მაჩაბლის N13 -ეს არის ადგილი, სადაც თავის დროზე, როდესაც ეს ქუჩა სერგეევის სახელს ატარებდა, აშენდა თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახლი, რომელიც მნიშვნელობას დღემდე არ კარგავს. ამ ტერიტორიაზე იდგა საცხოვრებელი სახლი, სადაც დაიბადა დავით სარაჯიშვილი. მან აქ მოგვიანებით ახალი სახლი ააშენა და ოჯახით დაფუძნდა.
სახლის მშენებლობა 1903 წელს გერმანიიდან სპეციალურად ჩამოყვანილი არქიტექტორის -კარლ ცაარის პროექტით დაიწყო. ეს მოდერნის სტილის მიმდინარეობიდან ერთ-ერთი გამორჩეული და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენობაა. თავად კარლ ცაარი მშენებლობის პროცესს მონიტორინგს არ უწევდა, მაგრამ ცაარის პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს თბილისში იმ დროს მოღვაწე ორი გამორჩეული არქიტექტორი: ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშევი ასრულებდა.
შენობის ხის ელემენტები დავით სარაჯიშვილის შვილობილმა ილია მამაცაშვილმა დაამუშავა, რომელიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად დავითმა გერმანიაში გაგზავნა. მანვე გამოიწერა იმ ტიპის მასალა, რომელიც მაშინ თბილისში არ იყო -ეზოში გამავალი ტერასისთვის ილეროიო ბოხის ფილებია გამოყენებული. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კიბის უჯრედი, გადახურული იასამნისფერი მინის ე.წ. "მარსელის" ფორმის კრამიტით, რომელიც პრინციპში სხვაგან არსად გვხვდება. მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და სახლის გახსნა დავითმა მისი და ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების 25 წლისთავს დაამთხვია.
მოდერნის სტილი, თბილისური ეზოს მოტივი, ამ შენობის ურბანულ ქსოვილში სრულიად ჰარმონიულად ჩასმა, ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს, დაგეგმარება და შიდა ეზოს მოწყობა წმინდა თბილისური კუთხით -ეს ყველაფერი დავით სარაჯიშვილის სრულიად უზადო ევროპულ გემოვნებასა და თბილისური ტრადიციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამიტომაც ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სახლი ზოგადად ქალაქისთვის, განსაკუთრებით როგორც მოდერნის ტიპის ნიმუში.
არქიტექტურული მნიშვნელობის გარდა, ეს არის სახლი, სადაც ძალიან დიდი ქართული საქმეები გადაწყვეტილა. სარაჯიშვილი ხომ იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწეებს შორის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო.
სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ამ ადამიანს, მხოლოდ მისი ანდერძი იკმარებდა, რომ დღემდე ისეთივე აღფრთოვანებით გვესაუბრა მასზე, როგორც ახლა ვსაუბრობთ. ის იყო სანიმუშო ადამიანი, რომლის ცხოვრება ძალიან ჰგავდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას და, ზოგადად, ამ ორი ადამიანის ბედი გადაჯაჭვულია -არ არსებობდა საზოგადო საქმე, რომლის მოთავე ან მონაწილე ილია ან დავითი არ ყოფილიყვნენ.
დავით სარაჯიშვილის ანდერძი ის ქვაკუთხედია, რომლითაც ამ ადამიანის მნიშვნელობაზე შეიძლება ვისაუბროთ. 1911 წლის პრესას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ დავითის გარდაცვალებასთან და მის ანდერძთან დაკავშირებით პირდაპირ წერდნენ, რომ მსგავსი ტიპის ანდერძი საქართველოს არ ახსოვს. ანდერძის მიხედვით, 3 მილიონი ქველმოქმედებაზე გადანაწილდა. თანხა ეკუთვნოდათ იმ მუშებს, რომლებიც კონიაკის ქარხანაში მუშაობდნენ; თანხა გამოყოფილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის; ქართული მუზეუმისა და ქირურგიული საავადმყოფოს დაარსებისთვის -ამ დეტალებს თუ დავაკვირდებით, დავით სარაჯიშვილს ყველაფერი ისე ჰქონდა გააზრებული, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ქართული საზოგადო საქმე უპატრონოდ არ რჩებოდა.
მას ქალაქი დიდი მადლიერებით დაემშვიდობა, არსებობს ამის ამსახველი კონო და ფოტო მასალა. ივნისის თვის პაპანაქება სიცხეში, დავითის დაკრძალვაზე -სერგეევის (დღევანდელი მაჩაბლის) ქუჩიდან დიდუბის პანთეონამდე ყოველ ორას მეტრში მიტროფანე ლაღიძემ ღია დახლები დააყენა, სადაც სრულიად უფასოდ რიგდებოდა ლაღიძის წყალი. დავით სარაჯიშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც თავის დროზე მიტროფანე ლაღიძეს დახმარება გაუწია "ლაღიძის წყლების" ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაში. დავითის დაკრძალვის დღეს დაიკეტა ყველა მაღაზია, ყველა დუქანი, გადაიდო ყველა სპექტაკლი -ასე გამოხატა ქალაქმა მადლიერება ამ ადამიანის მიმართ.
გარდაცვალების შემდეგ დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფია ორი მიმართულებით გრძელდება:
პირველი: მის საქმეს ძალიან ღირსეულად აგრძელებდა მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი, რომელმაც დავითის მიერ დაარსებული სპირტისა და კონიაკის ქარხნების ეკონომიკური მოგება საგრძნობლად გაზარდა და ასევე საოცარი ანდერძი დატოვა.
მეორე: 1939 წელს შეიქმნა კომისია, რომელსაც დიდუბის პანთეონში არსებული "უცხო საფლავების" სიის დაზუსტება დაევალა. ამ სიაში მოხვდა დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის საფლავები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნეშტები დიდუბის პანთეონიდან ათი დღის ვადაში უნდა გადაესვენებინათ, რადგან ისინი "არ იყვნენ საზოგადო მოღვაწეები და მნიშვნელოვანი ფიგურები ქართული საზოგადოებისათვის".
ეს არის დახვრეტების შემდგომი პერიოდი, როდესაც იმის თქმაც კი საშიშია, რომ კომერსანტის და ბურჟუაზიის წარმომადგენლის, დავით სარაჯიშვილის ნათესავი ხარ.
ორმა ადამიანმა -ნიკა ტარსაიძემ და ადამ ფორაქიშვილმა -რომლებიც დავითსა და ეკატერინეს ენათესავებოდნენ, გადაწყვიტეს ამ გადასვენების საკუთარ თავზე აღება. თუმცა მათ არ ჰქონდათ ამისთვის საჭირო თანხა. მათ გაახსენდათ, რომ დაკრძალვისას დავითს ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი ჩააყოლეს და გადაწყდა, რომ სწორედ ეს ბეჭედი გაეყიდათ და დავითი და ეკატერინე ვაკის სასაფლაოზე გადაესვენებინათ.
ნიკა ტარსაიძე და ადამ ფორაქიშვილი ანტიკვარიატის მაღაზიის ერთ-ერთ მფლობელს დაუკავშირდნენ -ეს მაღაზია პუშკინის ქუჩის მიდამოებში მდებარეობდა -და მისგან გადასვენებისთვის საჭირო თანხა ისესხეს. ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელს სანაცვლოდ დავითის ბეჭედი მიუტანეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს -"ეს ბეჭედი განუზომლად მეტი ღირს, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე გაგატანეთ". თუმცა სხვა გზა არ იყო და ბეჭედი დაიტოვა.
1995 წელს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნეშტები ვაკის სასაფლაოდან უფრო შესაფერის ადგილას გადმოესვენებინათ. ასეთ ტერიტორიად ქაშუეთის ეკლესიის ეზო განისაზღვრა, რადგან 1904-1910 წლებში ქაშუეთის ეკლესია დღევანდელი სახით სწორედ დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენდა და მის ცენტრალურ შესასვლელში, მთავარ კარზე არის როგორც ეკატერინე ფორაქიშვილის, ასევე დავით სარაჯიშვილის მონოგრამები. სამწუხაროდ, ეს საფლავი სრულიად შეუფერებელ ადგილზე აღმოჩნდა -მართალია ქაშუეთის ეზოშია, მაგრამ ის ჯერ ავტო-პარკინგის ტერიტორიის გაგრძელება იყო, შემდეგ კი იმ მაღაზიისა, რომელიც ამ საფლავის უკან განთავსდა. სარაჯიშვილთა გვარის წარმომადგენლებმა შეკითხვით მიმართეს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ამ საფლავის ასეთ პირობებში არსებობას, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ ასეთი რამ მიზანშეწონილი არ იყო. ამიტომ მათ გადასვენების რეკომენდაცია მიეცათ.
თანამედროვე თაობა ბევრს ვცოდავთ ამ ძვირფასი ადამიანების მიმართ, რადგან ვერ მოვუძებნეთ მათ შესაფერისი ადგილი სამუდამოდ განსასვენებლად. ადრე თუ გვიან ეს თემა აქტუალური უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი მხოლოდ არქიტექტურა არ არის.
მაჩაბლის N13-ში დავითმა დატოვა თბილისისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სახლი, რომელიც მთელი არსებობის მანძილზე საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა. თუმცა ჩვენს ხელისუფლებას, საზოგადოებას, მათ მიმართ პატივისცემის დასტურად ისიც კი არ გაგვიკეთებია, რომ დავითსა და ეკატერინეს შესაფერისი საფლავი ჰქონდეთ.
ტფილისის ჰამქრისა და ჟურნალ "ლიბერალის" ერთობლივი პროექტი.