Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომი ღმერთების მიწაზე

18 აგვისტო 2014

29 ივლისის ღამე ბოლო თვეების განმავლობაში პალესტინელებისთვის ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციამ მასობრივი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოაწყო და 60-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ბოლო დროს პალესტინელთა ქალაქები ნანგრევებითა და ცხედრებითაა სავსე, თელ-ავივში კი გამაფრთხილებელი სირენის ხმა თითქმის არ წყდება. საჰაერო თავდასხმის შედეგად იმ ღამეს პალესტინელ დევნილთა ბანაკი, საცხოვრებელი კორპუსები და საავადმყოფო დაიბომბა. დევნილთა ბანაკში დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. მომხდარში ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ომს კი დასასრული არ უჩანს. ყოველგვარი მცდელობა ცეცხლის შეწყვეტისა, მარცხით დასრულდა, ჰამასის ულტიმატუმი ძალაში რჩება, ხოლო ისრაელის ჯარი უკან დახევას არ აპირებს.

საომარ მოქმედებებს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, 1500-მდე პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მესამედი მცირეწლოვანია, ისრაელის მხრიდან კი 60-მდე ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

უსახლკაროდ დარჩენილი ათიათასობით პალესტინელი დევნილი, ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ბავშვები, ჰამასის მიერ განწირული მოსახლეობა და ისრაელის მთავრობის შეუპოვარი განცხადებები ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრი ორად გახლეჩილიყო, რასაც დასავლეთის მეგაპოლისებში პალესტინისა და ისრაელის მხარდამჭერი აქციები მოჰყვა, თუმცა რამდენიმე ევროპულ ქალაქში ეს აქციები ანტისემიტურ გამოსვლებში გადაიზარდა.

ბავშვები, როგორც ომის ზვარაკი

„აი, ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ იარაღით საკუთარ მოქალაქეებს ვიცავთ, ისინი კი უდანაშაულო მოსახლეობას თავიანთი სამხედრო არსენალის დასაცავად იყენებენ“, - ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ამ სიტყვებს მსოფლიოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ისრაელის მხარდამჭერები საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის მოქმედება ღაზის სექტორში მხოლოდ ჰამასის განადგურებას ემსახურება, ხოლო ისრაელის მთავრობის მოწინააღმდეგეთა მხრიდან პალესტინელების გენოციდზე საუბარი კიდევ ერთხელ შეფასდა ანტისემიტურ მითად. პალესტინის მხარდამჭერებმა პრემიერი ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულეს.

მილიონ-ნახევარი პალესტინელით დასახლებულ ღაზის სექტორში, სადაც მოსახლეობის 40% თხუთმეტ წლამდე მოზარდია, ჰამასის მებრძოლები იარაღს სკოლების, მეჩეთებისა და საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ გაყვანილ გვირაბებში ინახავენ. ამ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე ავრცელებს და ამბობს, რომ სპეცოპერაცია მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა მიწისქვეშა გვირაბი განადგურდება. განცხადებაში წერია, ჰამასს მოქალაქეები - ცოცხალ ფარად, სკოლები, საავადმყოფოები და მეჩეთები კი ისრაელის გასანადგურებლად სჭირდება. 

თუმცა, მტკიცებულება იმისა, რომ ჰამასი ღაზის მოსახლეობას იმ ადგილას დარჩენას აიძულებს, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამ დრომდე არ არსებობს. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰამასის მოქმედება ღაზაში ომის დანაშაულია, - ისინი რაკეტებსა და ჭურვებს გაურკვეველი მიმართულებით ისვრიან, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, მით უმეტეს, რომ ღაზის არც ერთ ქალაქში ბომბებისგან თავშესაფარი არ არსებობს. თუმცა იმავეს ამბობენ ისრაელის ჯარზეც, რომელთა სამიზნე პალესტინელების მჭიდროდ დასახლებული პუნქტებია.

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა სეუმას მილნმა ღაზაში ისრაელის სპეცოპერაციას სამარცხვინო უწოდა და გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ სრული აბსურდია ამტკიცო, თითქოს ისრაელი ამ საომარი მოქმედებებით თავს იცავს და მოწმენდილი ციდან ჩამოყრილ ჭურვებს იგერიებს. მილნი, ისევე როგორც ბევრი სხვა ბრიტანელი ჟურნალისტი, მიიჩნევს, რომ პალესტინელები გადარჩენისთვის იბრძვიან, ღაზა კი ღია ცის ქვეშ გაშენებული საპყრობილეა, რომელსაც ისრაელი, მიუხედავად ჯარების გაყვანისა, კვლავაც აკონტროლებს.

ღაზაში უსაფრთხო ადგილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ქალაქები  ათიათასობით დევნილითაა სავსე. უსახლკაროდ დარჩენილი 2000-მდე პალესტინელი ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიფარა, რამდენიმე ათასი ბავშვი კი გაერთიანებული ერების სკოლაში განათავსეს, რომელიც ქალაქ ბეიტ-ჰენუნში ერთადერთი უსაფრთხო ადგილი იყო. თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი რეგიონში ვიზიტისას მხარეების ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას ცდილობდა, ისრაელის ჯარმა სკოლაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღეში ისრაელის ავიაციის სამიზნედ გაეროს კიდევ ერთი სკოლა იქცა. ქალაქ ჯაბალიაში თავდასხმას  20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„არაფერია იმაზე დიდი სირცხვილი, ვიდრე მძინარე ბავშვებზე თავდასხმა“, - ამ სიტყვებით შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ისრაელის ავიაციის იერიში სკოლებზე.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი დიდი ხანია გასცდა მიწისთვის ბრძოლას. ის უფრო გლობალურ და საშიშ ფაზაში შევიდა, რომელსაც მსხვერპლად ბავშვებს სწირავენ. ეს კონფლიქტიც, ისევე როგორც ინტიფადას, იმავე ქვების ომის მორიგი ტალღა, სწორედ მოზარდების სიკვდილს მოჰყვა. თვენახევრის წინ სამი ისრაელელი ბიჭი ტყეში ნაწამები იპოვეს, რის შემდეგაც რამდენიმე პალესტინელი აქტივისტი დააკავეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი პალესტინელების მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ არაბი მოზარდი გაუჩინარდა, რომელსაც ტყეში ცოცხლად დამარხულს მიაგნეს. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ებრაელები პალესტინელ ბავშვებს აწამებენ და ცოცხლად მარხავენ. ეს საზარელი მკვლელობები რეალურად ომის დაწყების მიზეზი გახდა და იერუსალიმში საშიში გრაფიტები გამოჩნდა: „დახოცეთ არაბები!“

მტკიცება იმისა, რომ იერუსალიმში მცხოვრები არაბები დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, უსამართლო იქნებოდა.  ისრაელში საკუთარი მოქალაქეების უფლებები ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც იერუსალიმი არაბებისა და ისრაელელებისათვის ერთნაირად მშობლიური ქალაქია. თუმცა ამ გრაფიტებმა და ისრაელის მთავრობის სპეცოპერაციამ ღაზის სექტორში, შესაძლოა, ეს ურთიერთობები სამუდამოდ გაანადგუროს.

შვიდწლიანი ბლოკადა - ცხოვრება მილიონნახევრიან საპყრობილეში

2010 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა, თურქეთში ვიზიტისას ღაზის სექტორის ბლოკადაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო და პალესტინელების მდგომარეობა მსჯავრდებულების ყოფას შეადარა.

„ვითარება ღაზის სექტორში უნდა შეიცვალოს. ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა მიეწოდებოდეს. მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ღაზის სექტორი საპყრობილედ დარჩეს“, - განაცხადა ქემერონმა.

ღაზაში მილიონ შვიდასი ათასი პალესტინელი უკვე შვიდი წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულებს, ხშირად ელექტროენერგიის გარეშე უწევთ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საცხოვრებელ კორპუსს საკუთარი გენერატორი აქვს, საწვავი ღაზაში იმდენად ძვირია, რომ მოსახლეობა კვირების განმავლობაში საღამოებს სანთლის შუქზე ატარებს. ჯანდაცვის პრობლემა, საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტი და ანტისანიტარია დიდი ხანია პალესტინელთა ქალაქებში შემზარავ ყოველდღიურობად იქცა.

ორი რამ, რითაც ღაზაში გამომწყვდეულ პალესტინელებს თავის გადარჩენა შეუძლიათ, ბუფერულ ზონაში მოქცეული სახნავ-სათესი მიწები და ხმელთაშუა ზღვაა, რომელიც ღაზის სექტორს დასავლეთიდან ესაზღვრება. თუმცა, ღაზელებისათვის ესეც კიდევ ერთი თავსატეხია. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ზღვაში თევზჭერა ეკრძალებათ.  გაეროს კვლევების თანახმად, რომ არა ეს შეზღუდვა, ღაზაში უმუშევრობისა და საკვები პროდუქტის დეფიციტის პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრებოდა. სახნავ-სათეს მიწებზე კი, რომელიც ისრაელის მიერ აღიარებულ ბუფერულ ზონაშია მოქცეული და ღაზის სექტორს ესაზღვრება, პალესტინელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ეკრძალებათ.

ბლოკადა ღაზის სექტორში ისრაელისა და ეგვიპტის მთავრობებმა 2007 წელს გამოაცხადეს. ეს იყო უმკაცრესი გზავნილი ჰამასისათვის, რომელმაც არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო იერიში დაიწყო. მაშინ ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.

დღეს ჰამასის ლიდერის, ხალედ მაშაალის, მთავარი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ღაზის ბლოკადის დასრულება და რაფახში საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნაა, თუმცა ისრაელის მთავრობა პოზიციას არ იცვლის - ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მხოლოდ ჰამასის მიწისქვეშა გვირაბების განადგურების შემდეგ დასრულდება.

მიწა, რომელიც არ იყოფა

„საუკუნეების განმავლობაში მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ქრისტიანული სამყარო, რომის იმპერიის მიერ დაწყებული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ისრაელის მიწას პალესტინას ვუწოდებდით. ეს ტერმინი რომაელებმა ჩვენი წელთაღრიცხვის 135 წელს დაამკვიდრეს, როდესაც ებრაელები საკუთარი ტერიტორიიდან გაყარეს“ , - ეს სიტყვები თეოლოგ თომას მაკქოლს ეკუთვნის.

მართლაც, ისრაელის მხარდამჭერებს სიტყვა პალესტინა ერთგვარი მითიური სახელწოდება ჰგონიათ, მათ კი, ვინც ებრაელებს პალესტინის ოკუპანტებად განიხილავენ, ჰერეც-ისრაელის გაგონება არ სურთ.

გაუთავებელი კამათი, თუ ვის ეკუთვნის მიწა, თითქმის საუკუნეა გრძელდება, რასაც სისხლისღვრისა და აურაცხელი მსხვერპლის გარდა, არაფერი მოჰყოლია. 1929 წელს გოდების კედელთან მისასვლელ გზებზე კონტროლის მოპოვების მიზნით გაჩაღებულ კონფლიქტს 200-ზე მეტი ებრაელი და პალესტინელი შეეწირა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების შესახებ, ძალადობისთვის წერტილი უნდა დაესვა, თუმცა ეს შეუქცევად პროცესად იქცა. ვერც ოსლოს მოლაპარაკებებმა (1993 წელს ხელი მოეწერა პალესტინელების თვითმმართველობის პრინციპების შესახებ დეკლარაციას), ვერც კემპ-დევიდის შეთანხმებამ და ვერც მაჰმუდ აბასის ამაო დაპირებებმა, პალესტინელთა მშვიდობიან ცხოვრებაზე, კონფლიქტს წერტილი ვერ დაუსვა. მთელი მსოფლიოსთვის ავის მომასწავებელი რეალობაა, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს საერთო მიწაზე ერთად ცხოვრება არ სურთ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი ამ ეპოქას გასულმა საუკუნემ უმძიმეს მემკვიდრეობად დაუტოვა. თუმცა დღეს ძალთა ბალანსი იმდენად დარღვეულია, რომ  შესანიშნავად ჩანს, თუ ვის ეკუთვნის ეს მიწა. გარდა ამისა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ძლევამოსილი სახელმწიფოს მთავრობა პალესტინელ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ცხედრებსა და ჭურვებს აჩვევს, ძნელია, მათ სკოლის მერხიდანვე  იარაღის ხელში აღებასა და ისრაელის, როგორც დამპყრობლის, წინააღმდეგ ბრძოლაზე არ იფიქრონ. სამწუხაროდ, მათ ცნობიერებაში ყველა ისრაელელი მტერია. ამიტომაც ჰამასისა და სხვა პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფებების შექმნაში ისრაელის მთავრობამ საკუთარი წვლილი შეიტანა. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ პალესტინელები ჰამასმა და ისრაელის მთავრობამ ერთდროულად გაწირა, რის გამოც ქალებსა და ბავშვებს  გადარჩენისათვის ბრძოლა მარტოდმარტო უწევთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^