სმარტფონი, პლანშეტი, ბუკრიდერი, ნოუთბუქი, ნეტბუქი, ფოტოაპარატი და მათი მეგობრები უკვე ბარგჩალაგებულები არიან და სამოგზაუროდ ემზადებიან. დიახ, სამოგზაუროდ და არა დასასვენებლად. მოწყობილობებს შვებულება არ აქვთ, ისინი დასვენების დროსაც მუშაობენ.
თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება იმ გაჯეტების რიცხვი, რომელთა გარეშეც ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ყველანი ჩვენი ტექნიკური „აღჭურვილობით“ დავდივართ და მათი სახლში დატოვება შვებულების დროსაც არ გვსურს.
TripAdvisor-ის კვლევის მონაცემებით, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, სამოგზაუროდ წასული ადამიანების 87% მობილურ კავშირს შვებულების დროს აუცილებლად იყენებს. იგივე გამოკითხვის მიხედვით, ტურისტები აქტიურად სარგებლობენ სოციალური მედიითაც და მათი დახმარებით მეგობრებს საკუთარ შთაბეჭდილებებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ოპერატიულად უზიარებენ. აქტუალური და პოპულარულია ინტერნეტში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების, გასართობი ადგილების რეკომენდაციებისა და სასტუმროების შეფასებების ძიებაც. განსაკუთრებით აქტიურები არიან 18-დან 24 წლამდე ასაკის რესპონდენტები. მათი 95% მოგზაურობისას მობილური მოწყობილობებით სისტემატურად სარგებლობს, განსაკუთრებით პოპულარული კი სმარტფონები და პლანშეტური კომპიუტერებია.
ჩვეულებრივ, როცა რომელიმე მოწყობილობას ყიდულობთ, ყურადღებას მის ფასს, ხარისხსა და ფუნქციონალს აქცევთ, თუმცა როცა დასასვენებლად მიდიხართ და ბარგის ტარებაც გიწევთ, მნიშვნელოვანი უკვე მათი ზომა, წონა და კომპაქტურობაც ხდება. მოკლედ, ყველა მოწყობილობის ერთად წაღება მარტივი არ არის. თანაც, ყველა ადამიანს მისთვის საყვარელი გაჯეტი აქვს, თუმცაღა არსებობს უნივერსალური, სასარგებლო ფუნქციონალის მოწყობილობები, რომელთა დახმარებითაც მოგზაურობა სულ სხვა ელფერს იღებს: მათი წყალობით, თვითმფრინავში ხანგრძლივი ფრენა თუ ავტობუსით მგზავრობა მოსაწყენი აღარ გვეჩვენება და სრულიად უცხო ადგილასაც კი ჩვენი ცხოვრება ძალიან მარტივდება.
სმარტფონი
უკვე დიდი ხანია ადამიანები სმარტფონის გარეშე არ იძინებენ, შვებულება და მოგზაურობა კი მათ კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა სამოგზაუროდ მიდიხართ, მთავარი მობილური აპლიკაციებია: უცხო ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს ისინი ნამდვილად მეგობრობას უწევენ. განსაკუთრებით პოპულარული მათ შორის კი ელექტრონული რუკები, მაგალითად, Google maps და TripAdvisor-ის მსგავსი გზამკვლევებია.
ნოუთბუქი/ნეტბუქი
როცა შვებულებაში „სანახევროდ“ გადიხარ და წინასწარ იცი, რომ მუშაობა მაინც მოგიწევს, მაშინ ნოუთბუქი აუცილებლად გჭირდება. თანაც, ეს გაჯეტი არა მარტო მუშაობაში, არამედ სასურველი ღირსშესანიშნაობების, მათი შეფასებების და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობადაც გამოგადგებათ, ინტერნეტთან წვდომაც გექნებათ და მესინჯერებით კომუნიკაციაც. თუ ნოუთბუქის წაღებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, მას კარგი „ბუდე“ შეურჩიოთ, რათა მოგზაურობისას შესაძლო დაზიანებებისგან დაიცვას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: როცა ბევრი ბარგი გაქვს, ყოველ 100 გრამს მნიშვნელობა ენიჭება. ნოუთბუქი კი ხშირად არც ისე მსუბუქია, ამიტომ უმჯობესია არჩევანი ნეტბუქზე გააკეთოთ: ზომა-წონა ნაკლები აქვს, მისი ფუნქციონალი კი, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, სრულად დაგაკმაყოფილებთ.
პლანშეტური კომპიუტერი
კიდევ უფრო კომპაქტური და თანამედროვე პლანშეტური კომპიუტერი სოციალური ქსელებითა და მესინჯერებით სარგებლობისთვის, ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად, ფილმების სანახავად და წიგნების საკითხავად მართლაც იდეალურია. მოკლედ, თუ შვებულებაში ყოფნისას კომუნიკაციისა და ინფორმაციის გარეშე ვერ ძლებთ, თან გართობაც გსურთ, მაშინ მსუბუქი პლანშეტი, რომელიც ბარგში მართლაც მცირე ადგილს იკავებს, თქვენთვის ზედგამოჭრილია. არ დაგავიწყდეთ, სმარტფონის მსგავსად, მისი სასარგებლო მობილური აპლიკაციებით აღჭურვაც.
ბუკრიდერები
წიგნების, მით უმეტეს, სქელტანიანების ტარება არც ისე მარტივია, მაგრამ ელექტრონული წიგნების შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ბუკრიდერი პრაქტიკულად მოძრავი ბიბლიოთეკაა და ამ კომპაქტურ მოწყობილობაში უამრავი „მძიმე“ წიგნი ეტევა. თანაც, მსუბუქია და ელემენტიც საკმაოდ დიდხანს ჰყოფნის.
ფოტოაპარატი
მოგზაურობა ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია. შთაბეჭდილებების აღბეჭდვა და თან წამოღება მართლაც ბევრ ადამიანს უყვარს. ბოლოს და ბოლოს შვებულების რამდენიმე ფოტო Facebook-ზეც ხომ უნდა მოხვდეს. მოკლედ, ფოტოაპარატი მოგზაურობის აუცილებელი ატრიბუტია.
პორტატული მედიაფლეერი
მედიაფლეერი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოწყობილობაა, განსაკუთრებით ხანგრძლივი ფრენის დროს. საყვარელი მუსიკის თუ ფილმის დახმარებით ყველაზე გრძელი გზაც ხომ მოკლდება და ნაკლებად უსიამოვნო ხდება.
თუ სასურველი გაჯეტები უკვე შეარჩიეთ, ახლა დამტენი მოწყობილობების დროა. არ დაგავიწყდეთ მათი წაღება და სახლიდან გასვლამდე სამგზავრო დოკუმენტების მსგავსად შემოწმება. ჰო მართლა, ბოლო დროის ჰიტი მზის ენერგიაზე მომუშავე დამმუხტველებია. თუ დენის წყარო არ გექნებათ, ეს დამმუხტველები მართლაც შესაშურ მხარდაჭერას გაგიწევენ: მათ ხომ ფუნქციონირებისთვის მხოლოდ მზე სჭირდებათ.
***
თუმცა მოგზაურობისას მთავარი მაინც არა გაჯეტები, არამედ კარგი განწყობა და შთაბეჭდილებებია. ისე კი სამართლიანობა ტურისტული ბაზრის ერთი მზარდი სეგმენტის აღნიშვნასაც მოითხოვს: დასვენება გაჯეტებისა და ტექნოლოგიების გარეშე. სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოეს წლებში ე.წ. ციფრული დეტოქსიკაციის პოპულარობა მკვეთრად გაიზრდება და ადგილები, სადაც ადამიანებს ტელეფონის, კომპიუტერის, ბუკრიდერის, ინტერნეტის, სოციალური ქსელების და ა.შ. დასვენება შეეძლებათ, სულ უფრო მოთხოვნადი გახდება. ახალი მიმართულების მთავარი მიზანი ადამიანების ინფორმაციული ველისგან გათიშვაა.
უკვე არსებობს კონკრეტული შეთავაზებებიც: მაგალითად, სასტუმრო Echo Valleyranch&SPA კანადაში, სადაც არა მარტო ტელეფონი და ინტერნეტი, არამედ ტელევიზორიც კი არ არის, მობილური კავშირი კი სპეციალურადაა გამორთული. სამაგიეროდ, არის იოგა სუფთა ჰაერზე, ცხენები და ველოსიპედები. დუბლინის სასტუმრო Westin Dublin-ში კი სტუმრების მისვლისთანავე საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებსა და შესაბამისად Facebook-ის, Twitter-ის თუ Instagram-ის პროფილებს სეიფში აბარებინებენ. იგივე ხდება პენსილვანიის სასტუმრო Renaissance Pittsburg Hotel-შიც. ამერიკის CHamp Grounded-ის ბანაკში კი არა მარტო მობილური ტელეფონის და კომპიუტერის, არამედ ფოტო და ვიდეოკამერის გამოყენებაც აკრძალულია.
ინდოეთის Dramma Pattana Vipassana Centre ჩენტრე-ში გაჯეტებს საათები, წიგნები და ბლოკნოტებიც ემატება. იტალიის Hotelito Del Alma-ში კი სტუმრებს არა მარტო გაჯეტების, არამედ ელექტროენერგიის დავიწყებაც უწევთ. სამაგიეროდ აქვთ სანთლები და მზის ენერგიაზე მომუშავე, ენერგოეფექტური სისტემები.
შესაძლოა მოწყობილობების გარეშე დასვენება მოდური მართლაც გახდეს და ადამიანების დიდი ნაწილი ამ მოდას აჰყვეს, თუმცა მანამდე გაჯეტები სამოგზაუროდ მიდიან.