Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნასამართლობა = უმუშევრობას?

20 აგვისტო 2014

ხელისუფლების შეცვლისა და მასობრივი ამნისტიის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 14 000-მდე პატიმარმა დატოვა. ციხეებს სხვადასხვა მიზეზით  პატიმრები ყოველდღიურადაც ტოვებენ. ცხოვრებას კი ნასამართლევის სტატუსით აგრძელებენ. ეს ის სტიგმაა, რის გამოც მათ სოციალურ ურთიერთობებშიც და დასაქმებაშიც პრობლემები ექმნებათ. საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან უარყოფა კი, ხშირ შემთხვევაში, ხელახალი დანაშაულის ჩადენის მიზეზი ხდება.

“ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც ასე მონდომებულია, რომ თავისი საქმე აკეთოს,  ოჯახის კეთილდღეობაზე იზრუნოს და სხვებსაც დაეხმაროს. მე ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში სახელმწიფო თავის ერთ-ერთ მოქალაქეს ხელს ჰკრავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას არ ვჭირდები და ყველაზე მეტად ეს მთრგუნავს”.

36 წლის გაგა ჭიხორიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის თებერვალში დატოვა.  ე.წ. ორთაჭალის კრიტში სამწელიწადნახევრის გატარების შემდეგ გარეთ მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედ-მამა, უმუშევარი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დახვდა.

იმის გათვალისწინებით, რომ  მის მშობლებს ყოველთვიურად 300-400 ლარის წამლები სჭირდებოდათ, გაგასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურის პოვნა იყო. შემდეგ კი მის ოჯახს ორი ტყუპი გოგონა შეემატა და ეს საკითხი მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 

როგორც თვითონ იხსენებს, გათავისუფლებიდან მესამე დღესვე იუსტიციის სახლში, დანაშაულის პრევენცის ცენტრში მივიდა. როგორც ამბობს, კარგად მიიღეს, ფსიქოლოგთან გაგზავნეს, შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარეს და წალმებითაც დაეხმარნენ. ცენტრში ზოგადი უნარების განვითარების ტრენინგიც გაიარა. მაგრამ ვერ მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა - სამსახური. ამბობს, რომ ცენტრის თანამშრომლებმა, მონდომების მიუხედავად, ეს ვერ შეძლეს, რადგან  შესაბამისი ბაზა არ აქვთ. იქ გასაუბრებაც გაიარა და დაპირებაც მიიღო, რომ მისი უნარების შესაბამისი სამსახურის გამოჩენისთანავე დაუკავშირდებოდნენ.

“გათავისებული მაქვს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერავინ პირში ლუკმას ვერ ჩაგიდებს. შენი თავი თვითონ უნდა არჩინო. მეც მხოლოდ იმას ვითხოვ სახელმწიფოსგან, რომ მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მეტი არაფერი მინდა”, - ამბობს გაგა ჭიხორია.

ის იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე პატიმრებმა თეა წულუკიანის წერილი მიიღეს, სადაც ის მათ გვერდში დგომას ჰპირდებოდა.

“იმ განცდით გამოვედი იქიდან, რომ ჩემს უკან სახელმწიფო იდგა. ვიღაცეები ფიქრობდნენ ჩემზე და ათასობით ჩემნაირ ადამიანზე”.

“ჩ ჰეპატიტის” მატარებელი ყოფილი მსჯავრდებულისთვის გაუგებარია ისიც, მკურნალობაზე 60%-იანი ფასდაკლებით როგორ უნდა ისარგებლოს, როცა დარჩენილი 40%-ის გადახდა არ შეუძლია.

გაგა ჭიხორიასთვის საჯარო სამსახურის კარი მას შემდეგაც დახურული დარჩა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ნასამარლთობა მოუხსნა. მანამდე კი, ჯერ კიდევ ნასამართლობის მქონემ, დასაქმების თხოვნით სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს, გოგა გიორგაძეს მიმართა. მან განუმარტა, რომ მისთვის იმ ეტაპზე მხოლოდ მშენებლობაზე მუშაობა იყო შესაძლებელი.

იმ პერიოდში ქავთარაძის ქუჩაზე სამინისტროს ახალი შენობა შენდებოდა და მან იქ ე.წ. შავ მუშად დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 9-ის ნახევრამდე 20 ლარად მუშაობდა და მიუხედავად ამისა, კმაყოფილი იყო „ეს მაინც რომ ჰქონდა”. მგზავრობისა და კვების მინიმალური ხარჯისგან მორჩენილი თანხა ორსულ მეუღლესთან და ავადმყოფ მშობლებთან მიჰქონდა.

“არცერთ საქმეს არ ვთაკილობ. არცერთი საქმე არ მგონია დამამცირებელი. ღირსების შეურაცხყოფა ჩემი აზრით ისაა, ქუჩაში ხელგაწვდილი იდგე და ვიღაცას სიგარეტი სთხოვო”.

 ამ დროებითი სამსახურის შემდეგ ცოტა ხანს მეგობრის კაფეში მუშაობდა, მაგრამ მართვის მოწმობის არქონის გამო დიდხანს დარჩენა იქაც ვერ შეძლო. ამის შემდეგ, მუდმივად სამსახურის ძიებაში მყოფმა, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ აგიტატორად დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ მიღებულ 150 ლარად მხოლოდ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებდა და ისიც მხოლოდ დროებით.

არ იცის, მომავალში რა იქნება, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.  ციხეში გატარებული დროის ასანაზღაურებლად გაგა მაგისტრატურაში ჩააბარა, 100%-იანი დაფინანსებაც მიიღო და ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტია. იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დასაქმებას შეძლებს. რადგან როგორც თვითონ ამბობს, არც ტესტირების ეშინია და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულია.

“მომავლის იმედი მაშინაც კი არ დამიკარგავს, როცა ორთაჭალის “კრიტში” ვიყავი და 5-6 ადამიანი გავეშებული მირტყამდა. ვიცი, რომ თუკი სწორად და პატიოსნად ვიცხოვრებ, მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს მერე როდის დადგება, არ ვიცი”.

გაგა ჭიხორიას მსგავსად უმუშევრობა სხვა ბევრი პატიმრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა ასე მწვავედ დგას, ყოფილი პატიმრებისთვის დასაქმება კიდევ უფრო რთულია.

ამის პირველი და ძირითადი მიზეზი  ნასამართლობის სტიგმაა. ყოფილ პატიმარს ან პატიმრობის გარეშე ნასამართლევ პირს საზოგადოება ნაკლებად ენდობა. დამსაქმებელს უჭირს თუნდაც ნასამართლობამოხსნილ, მაგრამ წარსულში ციხეში მყოფ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს.

დასაქმებისას კიდევ ერთი პრობლემა საჭირო უნარების არქონაა. ვინც ციხეში დიდ დროს ატარებს, გათავისუფლების შემდეგ ახალ სამუშაო პირობებზე მორგება უჭირს, რადგან დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები აღარ აქვს.

“დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გენადი გელაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს როლი ამ პროცესში გადამწყვეტია, რადგან სწორედ მან უნდა დაადგინოს ყოფილ პატიმართა საჭიროებები, შემდგომ საჭირო უნარ-ჩვევის შეძენაში დაეხმაროს და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი გარემო შექმნას.

გენადი გელაძე ამბობს, რომ სასურველია, თუ პატიმართა საჭიროებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას შეფასდება. მისი შეფასებით, სახელმწიფოს დახმარება ყოფილ მსჯავრდებულთათვის ხარისხიანი განათლების მიღებას შეუწყობს ხელს: “ამას სჭირდება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნება, არამედ შესაბამისი ფინანსური რესურსებიც”.

გენადი გელაძე კერძო და საჯარო სექტორში დასაქმების შეზღუდვის სხვადასხვა ფაქტორზე საუბრობს. მისი თქმით, საჯარო სამსახურში თანამდებობების თითქმის უმრავლესობაზე ნასამართლევი პირის დანიშვნა აკრძალულია. ეს შეზღუდვა კერძო სექტორზე არ ვრცელდება. თუმცა ის ფაქტი, რომ კერძო კომპანიები ანკეტის შევსებისას ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვენ, შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ ნასამართლობის მქონე პირს სასამხურში არ აიყვანენ.

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, საჯარო სექტორშიც მოიძებნება ისეთი ადგილები, სადაც ნასამართლევ პირზე აკრძალვა არ არის და მისი დასაქმება შეიძლება, კერძო სექტორს კი ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს. მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლებისთვის წარსულში ნასამართლევი პირის დანიშვნა პრობლემურია.

კომპანია “ავერსის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე “ლიბერალთან” საუბრისას განმარტავს, რომ კომპანიაში დასაქმების მსურველი ანკეტის შევსებისას მისი ან მისი ოჯახის წევრების ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას უთითებს.

ბრეგვაძე განმარტავს, რომ თანამშრომლების შერჩევისას ნასამართლობის ფაქტორს აუცილებლად ითვალისწინებენ. თუმცა კარგი მონაცემების ქონის შემთხვევაში ამის გამო უარს არავის ეუბნებიან:

“როცა თანაბარ პირობებში არიან ნასამართლევი და არანასამართლევი პირი, მის წარსულს ვითვალისწინებთ და შესაძლოა, უპირატესობა არანასამართლევს მივანიჭოთ. ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა. მაგრამ სხვა შემთხვევაში ნასამართლობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”.

ლალი ბრეგვაძის ინფორმაციით, ამჟამად “ავერსის” დაცვის სამსახურში ბევრი წარსულში ნასამართლევი პირი მუშაობს.

განსხვავებული მიდგომა და პრაქტიკა აქვს ამ მხრივ “პროკრედიტ ბანკს”. როგორც მარკეტინგის განყოფილების უფროსი ნატო ბოჭორიშვილი “ლიბერალთან” საუბრისას ამბობს, მათ წარსულში ნასამართლევი თანამშრომელი ჯერ არ ჰყოლიათ. მაგრამ განმარტავს, რომ თუკი მომავალში ასეთი შემთხვევა ექნებათ, გადაწყვეტილების მიღებისას პირის მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მის მიერ დასაკავებელ თანამდებობას გაითვალისწინებენ:

“ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ იმას, თუ რა თანამდებობაზე  ვნიშნავთ მათ და რაზე იყვნენ ნასამართლევები. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ნასამართლევები არიან და არ ავიყვანთ, ასეთი მიდგომა არ გვაქვს”.

რაც შეეხება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს, მისი მე-17 მუხლის თანახმად,  საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და ნასამართლობა მოხსნილი არა აქვს.

თუმცა არის შემთხვევები, როცა თავად ყოფილი მსჯავრდებულები ამბობენ დასაქმებაზე ან სწავლაზე უარს. გელაძე განმარტავს, რომ არ შეიძლება ეს ისე გავიგოთ, თითქოს მათ დასაქმება არ უნდათ. ის ამას საზოგადოებისა და დამსაქმებლის მხრიდან უნდობლობით ხსნის და ამბობს, რომ ყოფილი პატიმრები ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. გელაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სწორედ იმ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ვისაც არაფრის იმედი აღარ აქვს.

სხვა შემთხვევაში დანაშაულის რეციდივის რისკი საკმაოდ დიდია. შემოსავლისა და სამსახურის გარეშე ყოფნა, შესაძლოა, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდეს. ამის პრევენცია კი ციხეებში სხვადასხვა ხელობის სწავლებითაა შესაძლებელი.

გენადი გელაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული განწყობის შეცვლა საინფორმაციო კამპანიითა და წარმატებული პრაქტიკით შეიძლება. ამაში კი ყველაზე დიდ როლს სახელმწიფოს ანიჭებს, რადგან მიიჩნევს, რომ მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციები ამას ვერ შეძლებენ.

გელაძე წარმატებული პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითად ბათუმში არსებულ იმ სამშენებლო კომპანიებს ასახელებს, რომლებმაც ყოფილი მსჯავრდებულები დაასაქმეს. თავადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ დასაქმებული ყოფილი პატიმრებიდან განმეორებითი დანაშაული არავის ჩაუდენია და უფრო მეტიც, ისინი უფრო პასუხისმგებლიანები არიან, ვიდრე სხვა თანამშრომელბი.

დამსაქმებლების სტერეოტიპულ განწყობაზე საუბრობს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე. ცენტრი 2012 წლის დეკემბრიდან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის  პროგრამას ახორციელებს. მისი ფუნქცია მხოლოდ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა, მაგრამ ცენტრის თანამშრომლები ცდილობენ, ყოფილ პატიმრებს დასაქმებაშიც შეუწყონ ხელი.

“ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანის ყველა უფლება და ამასთან, განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული”.

პროგრამაში ჩართულ თანამშრომლებს სხვადასხვა დამსაქმებელთან აქვთ ურთიერთობა. მათ რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ _ პოტენციურ დასაქმებულს ფსიქიკური პრობლემები არ უნდა ჰქონდეს და რეციდივისკენ მიდრეკილი არ უნდა იყოს. კომპანიების ნაწილი ცენტრის შეფასებებს ენდობა.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ყოფილ მსჯავრდებულთა დასაქმებისგან თავს იკავებენ. მათ წარსულში ნასამართლევი პირის მიერ დანაშაულის რეციდივის ეშინიათ. თანაც ფიქრობენ, რომ ყოფილ მსჯავრდებულს ციხეში რამდენიმე წლის გატარების გამო ფსიქიკა შერყეული ექნება.

იმის გამო, რომ საქართველოს შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ სრულფასოვანი კვლევა არ არსებობს, პროგრამის ბენეფიციარებისთვის პროფესიის შერჩევა ორი კრიტერიუმით ხდება _ მათ გადასამზადებლად შემოთავაზებული რესურსები და თავად ყოფილ მსჯავრდებულთა შესაძლებლობები: “ეს ორი თუ ერთმანეთს დაემთხვა, ბუნებრივია, ბენეფიციარი ამ კურსს დაესწრება”.

კომპიუტერული უნარები, ბიზნესის წარმოება, ბუღალტერია, მებათქაშეობა, ღებვა, მეფილეობა, ჭერის გაკეთება და ა.შ. _ ეს ის პროფესიებია, რისი დაუფლებაც პროგრამის ბენეფიციარებს შეუძლიათ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მათი დახმარებით 90-მდე ბენეფიციარი დასაქმდა.

დამსაქმებლებისა და საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულების არსებობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 20 ბენეფიციარიდან 6 ადამიანი პროცესს  დისკრიმინაციული მიდგომის გამო გამოეთიშა:

“საერთო შეხვედრა გვქონდა, რაღაცაზე დავრჩი ოთახში. რომ დაინახეს, მარტო ვრჩებოდი, ყველამ ყველაფერი გაიტანა ოთახიდან. როცა სხვები რჩებოდნენ მარტო და მე არ ვიყავი ოთხაში, არავის არაფერი არ გაჰქონდაო. ეს იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მისთვის, რომ ვეღარ გაძლო და წამოვიდა”,- იხსენებს ერთ-ერთი ბენეფიციარის ისტორიას ცენტრის დირექტორი.

თუმცა იგი აღნიშნავს, რომ არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ცენტრს პატიმართა დასაქმებაში ხელს უწყობენ. ერთ-ერთი ასეთია სამშენებლო კომპანია “Geocho”. მისი მენეჯერი ვახტანგ ნიკოლავა ამბობს, რომ პროგრამაში ჩართვის ინიციატივა თავად კომპანიას გაუჩნდა. ფიქრობს, რომ ყოფილ პატიმართა დასაქმება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა.

სსიპ-ის თანამშრომელბი ბენეფიციარების სიას აწვდიან, კომპანია კი მშენებლობაზე ასაქმებს მათ. “Gეოჩო”-საც სხვა დამსაქმებლების მსგავსი მოთხოვნები აქვს და ამას ემატება მესამეც _ ბენეფიციარი ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა იყოს.

ამ დრომდე კომპანიაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის 10-მდე ბენეფიციარი დასაქმდა. ნიკოლავას ინფორმაციით, ეს ადამიანები სხვა თანამშრომლებთან შედარებით უფრო მოტივირებულებიც არიან და მეტ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ. ერთი მათგანი საწყობის უფროსადაც დანიშნეს და ნიკოლავას შეფასებით, იგი საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევს.

“ამ ადამიანებმა დაიწყეს ახალი ცხოვრება და ამგვარად, აღარასდროს დაბრუნდებიან ციხეში”,- ამბობს კომპანიის მენეჯერი.

იგი ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმებისკენ ყველა კომპანიას მოუწოდებს და განმარტავს, რომ ეს ისევ ბიზნესისთვისაა სასიკეთო. ნიკოლავა მიიჩნევს, რომ ამით ადამიანებს დასაქმებაშიც ეხმარება და უსაფრთხო გარემოს შექმნასაც უწყობს ხელს:

“ერთი მხრივ, ბიზნესმა ხელი უნდა შეუწყოს ასეთი პროგრამების განვითარებას და მეორე მხრივ, ბიზნესმა უნდა იგრძნოს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ანუ ადამიანების დასაქმებას და კრიმინოგენული მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. მხოლოდ სახელმწიფოს მოქმედებებით სიტუაცია ვერ გამოსწორდება”.

რაც შეეხება ყოფილ მსჯავრდებულთა დასაქმების პროცესში სახელმწიფოს ვალდებულებას, კვინიკაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პროგრამის დაფუძნება ამ ვალებულების აღების ერთ-ერთი ნიშანია. იგი აღნიშნავს, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფებულთა რიცხვთან შედარებით მათი ბენეფიციარების რაოდენობა ძალიან მცირეა. მაგრამ აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომელების რაოდენობა იზრდება და ამით ბენეფიციართა რაოდენობაც გაიზრდება.

ჯონი კვინიკაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ყოფილ პატიმართა დასაქმების პროცესს ვერ გაუმკლავდება, ამ პორცესში პოტენციური დამსაქმებლებიც უნდა ჩაერთონ. საზოგადოება კი თავს მშვიდად მაშინ იგრძნობს, როცა ეცოდინება, რომ ყოფილი პატიმარი რეალიზებულია და დანაშაულის რეციდივის საფრთხე არ არსებობს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^