Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ალმასის სასახლე" - სპარსეთის გენერალური კონსულის საცხოვრებელი სახლი

04 სექტემბერი 2014

საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა

ალბათ შეგიმჩნევიათ ჭონქაძის ქ. N11-ში მდგარი საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX-ე საუკუნეში აშენდა და მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე მდებარეობდა.  თავდაპირველად ეს შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა.

საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა.

დღეისთვის, სადარბაზოს გარდა, შენობის მხოლოდ ერთ ოთახში შემორჩა უვნებლად ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.

მირზა რეზა ხანი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე, საოცრად განსწავლული ადამიანი იყო. მისი მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი ოჯახი, თავრიზიდან საქართველოში გადმოსახლდა. 1876-1878 წლებში პატარა მირზამ რამდენიმე უცხო ენა და სხვადასხვა მეცნიერებები თბილისის შიიტურ სასწავლებელსა და მადამ სტასულევიჩის ფრანგულ პანსიონში შეისწავლა. თბილისშივე დაიწყო მისი პროფესიული კარიერაც, როდესაც ირანის მაშინდელი კონსულის, მაჰმუდ ხან დიბას ინიციატივით, მან კურიერად დაიწყო მუშაობა. სულ მალე ჯერ თარჯიმნის, შემდეგ კი კონსულის თანაშემწის თანამდებობაზე დაწინაურდა. შემდგომ წლებში მას სხვადასხვა თანამდებობებზე ვხედავთ: ნასერ ად-დინ შაჰის პირადი თარჯიმანი, რუსულ-ირანული სადემარკაციო კომისიის წევრი, ირანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთში, ირანის ოფიციალური წარმომადგენელი ერთა ლიგაში... 1933 წელს მირზა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.

მირზა რეზა ხანის სასიყვარულო ისტორიები თბილისსაც უკავშირდება, ერთ ხანს იგი თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული ამერიკელი პრიმადონით - მის მიკიტათი იყო დაინტერესებული. აქვე გაიცნო მეორე მეუღლე, ინგლისელი ლილი ჯერვისი, რომლისგანაც ვაჟი, ჰასანი, შეეძინა.

ყველგან, სადაც მირზა რეზა ხანი მოღვაწეობდა, მნიშვნელოვანი შენობები აიგო. მათგან ერთ-ერთი - „დანეშგაჰი“ მონაკოშია. მას მოგვიანებით „ვილა ისპაჰანი“ ეწოდა. ორი შენობა კი საქართველოშია: ბორჯომში „ფირუზას სასახლე“ და თბილისში „ალმასის სასახლე“.

მირზა რეზა ხანის მემუარების, მიხედვით „ალმასის სასახლის“ (ასე უწოდებდნენ ამ სახლს თანამედროვენი) ოფიციალური გახსნა მან ნასერ ად-დინ შაჰის დაბადების დღეს, ანუ 16 ივლისს დაამთხვია და 1892 წელს, ახლადგახსნილ საკონსულოში, გრანდიოზული ზეიმი გამართა. გენერალური კონსულის ბრძანებით, ზეიმისთვის მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოაწყვეს, რომ იქიდან წყლის ნაცვლად კახურ წითელ ღვინოს ედინა, რათა სტუმრებს ღვინო პირდაპირ აუზიდან შეესვათ. ამისთვის აუზის ოთხივე მხარეს აკაციის ყვავილის ფორმის ხის ბრჯენები დაამაგრეს და ზედ უზარმაზარი გოვზა მოათავსეს, რომელშიც ოთხი ათასამდე ბოთლი ღვინო ეტეოდა. გოვზა კაუჩუკის მილებით შადრევნის მილს უერთდებოდა და ონკანის გახსნისთანავე აუზი ღვინით ივსებოდა.

აუზის მიმდებარე ეზო, ხეების ძირები და ბრჯენები ნაირფერი ყვავილებით იყო მორთული. ჰაერში ასობით ჩინური და იაპონური ფარანი ეკიდა და აუზსა და მასში წითლად მოლივლივე ღვინოს ანათებდა. მთაწმინდაზე, საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს ფეიერვერკი მოეწყო, რომელმაც ამ ზეიმს ბრწყინვალება შეჰმატა. ოთახები და ეზო ადგილობრივი დიდგვაროვანი ქალებითა და კაცებით, ასევე, თბილისში მცხოვრები ირანელებით იყო სავსე. აუზის გარშემო ვერცხლის თასებით ხელში მდგარი ოფიციანტები სტუმრებს ღვინით უმასპინძლდებოდნენ. საღამოზე მთავარმართებლის სამხედრო ორკესტრი და ირანელი მუსიკოსის აბდ ალ-ბაყი ყარაბაღის აღმოსავლური ანსამბლი უკრავდა.

შთამბეჭდავი სანახაობით მოხიბლულ თბილისის გუბერნატორ გიორგი შერვაშიძეს მირზა რეზა ხანისთვის უთქვამს: „ამ საღამოს თქვენ მე მუსლიმად მაქციეთ... თქვენი წინასწარმეტყველის სამოთხის აღწერა ლექსებში წაკითხული მქონდა, მაგრამ მისი არსებობის არ მჯეროდა, ამ საღამოს კი ვირწმუნე, რომ მუჰამედის დაპირებული სამოთხე მართლაც არსებობს და ის აქაურობის მსგავსია“.

(ბიოგრაფიის აღწერისას გამოყენებულია მირზა რეზა ხანის მემუარები - „პრინც არფა’ს მოგონებები" და მარინა ალექსიძის გამოუქვეყნებელი ნაშრომი „მირზა რეზა ხანის „ალმასის სასახლე-თბილისში“).

"ტფილისის ჰამქრისა" და ჟურნალ “ლიბერალის” ერთობლივი პროექტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^