Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ტანად" დიდი და პატარა წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდიდან

29 აგვისტო 2014

რაც შეეხება ციცქნა წიგნებს. მინიატურული გამოცემა ბეჭდვითი სიტყვის პროდუქციის: წიგნის, ჟურნალის, გაზეთის, ალბომის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს. მინიატურული წიგნის პარამეტრები ცვალებადია ქვეყნების მიხედვით: რუსეთში ამ წიგნის სიგანე და სიმაღლე 100 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს, ევროპის ქვეყნებში კი ეს პარამეტრები 2 დიუმამდე, ანუ 76 მილიმეტრამდე მცირდება. მცირე ზომის გამო, მათი გამოცემა მთელ რიგ მხატვრულ, თუ ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სტამბისათვისაც პრესტიჟულია. მინიატურულ გამოცემათა შორის 76 მმ.-ზე ნაკლები ზომის მიკროწიგნები გამოირჩევა.

 

მე მათ რიცხვში ვარ, წიგნის ფორმატი გადამწყვეტ საქმედ რომ არ მიაჩნიათ და ვერც იმ დავას მიყვებიან ხალისით: წიგნი თუ ქინდლი რომ ჰქვია.  საერთოდაც, კითხვის ასე დასმა ცოტა შეუსაბამო მგონია.  მე რაფსოდული ტექსტებიც წიგნად მიმაჩნია, ეტრატულიც, გუტენბერგის „ეშმაკის მანქანისეულიც“ და სტივ ჯობსის მაკინტოშში გამოწკეპილიც. შესაბამისად, არც იმის ფეტიში დამსდევს, ბეჭდურ წიგნს გამადიდებელი შუშით წავიკითხავ თუ სულაც შიგნით შევალ და ისე (მსოფლიოში მსგავსი ექსპერიმენტიც უცდიათ). თუმცა არც იმის თქმა მიჭირს, რომ დიზაინი და ფორმა ცალკე სიყვარულის თემაა, ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანისაც, ვიდრე შინაარსია. ახლა ჩვენთან დაცულ ამგვარ წიგნებში გამოგზაურებთ - ჩვენი თანამშრომლების, ლიზა ცაავასა და ნინო ხვედელიძის დახმარებით.

იშვიათ გამოცემათა ფონდში ზომით ყველაზე დიდი წიგნი „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“, IV-XVI საუკუნეების მასალებს მოიცავს. წიგნის სიგრძე 50 სანტიმეტრია, სიგანე - 32, სიმაღლე - 19; წონით  18 კილოგრამამდეა; ერთ ტომად აკინძულ 6 წიგნს წარმოადგენს: არქიტექტურის, ქანდაკებისა და ფერწერის შესახებ. 1025-გვერდიან გამოკვლევაში 325 ილუსტრაციაა ჩართული. ავტორმა, ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ და სიძველეთა მკვლევარმა სერუ დ’აჟენკურმა (1730-1814 წწ.),  ნაშრომის შექმნას თავისი სიცოცხლის 35 წელი მიუძღვნა. ამ მიზნით ის მოგზაურობდა ინგლისში, ფლანდრიაში, ჰოლანდიასა თუ იტალიაში. სერუ დ’აჟენკური ნაშრომის გამოცემას ვერ მოესწრო.

წიგნი პარიზში 1823 წელს დაიბეჭდა. მასში შესული ჩანახატების უმრავლესობა იმ ძეგლებიდანაა შესრულებული, რომელთაგან ზოგი აღარც არსებობს. წიგნში იშვიათ ხელნაწერებში არსებული მასალებიცაა გამოყენებული. გამოცემა ხელოვნების ისტორიის პირველ უხვად ილუსტრირებულ წიგნს წარმოადგენს ევროპაში. მის პოპულარობასა და გავრცელებას შტრიხული გრავიურის ტექნიკით შესრულებული ილუსტრაციების სიმრავლემ შეუწყო ხელი. ნაშრომი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წელს შემოვიდა, შუა საუკუნეების ხელოვნების მკვლევართათვის საინტერესო მასალას შეიცავს.

ფორმატის სიდიდითაც და შინაარსობრივადაც წარმოდგენილ წიგნს უკავშირდება ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს (1798-1850 წწ.) ატლასი. მისი ავტორიც - შვეიცარიელი გეოლოგი დიუბუა დე მონპერე სიძველეთა მკვლევარი და მოგზაურია. 1831 -1834 წლებში მან შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე ყირიმსა და ამიერკავკასიაში იმოგზაურა. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარი, საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკის შემდგენელია. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებსაც. სწავლობდა ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.

დიუბუა დე მონპერეს დიდი ატლასი „მოგზაურობა კავკასიაში ჩერქეზებთან, აფხაზებთან, კოლხიდაში, საქართველოში, სომხეთსა და ყირიმში“ შვეიცარიაში დაიბეჭდა. წიგნს, როგორც ძვირფას ფაქტობრივ მასალას ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ატლასში მოთავსებული ილუსტრაციები აწ სახეცვლილი თუ აღარარსებული ძეგლების იმდროინდელ იერსახეს ცხადად წარმოგვიჩენს. ატლასი დანართია დიუბუა დე მონპერეს ნაშრომისა „მოგზაურობა კავკასიაში“. კავკასიის სიძველეთა მკვლევარებისათვის, გეოლოგების, გეოგრაფების, ისტორიკოსებისა და არქიტექტორებისათვის ის ერთგვარი ქრესტომათიაა. 1838 წელს ამ ნაშრომმა პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების პრიზი მიიღო. 1839-1845 წლებში, პარიზშივე, ის ექვს წიგნად გამოქვეყნდა. ამ გამოცემის 5 ტომი იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის კოლექციაშია დაცული.

ამბობენ, რომ დიუბუა დე მონპერეს დასკვნები ქართულ ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებით დიდად ტენდეციურია და არაერთ სამეცნიერო ლიტერატურაში ამას პასუხიც გასცეს. არსებობს ექვსტომეულის ციფრული ვერსიაც.

რაც შეეხება ციცქნა წიგნებს. მინიატურული გამოცემა ბეჭდვითი სიტყვის პროდუქციის: წიგნის, ჟურნალის, გაზეთის, ალბომის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს. მინიატურული წიგნის პარამეტრები ცვალებადია ქვეყნების მიხედვით: რუსეთში ამ წიგნის სიგანე და სიმაღლე 100 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს, ევროპის ქვეყნებში კი ეს პარამეტრები 2 დიუმამდე, ანუ 76 მილიმეტრამდე მცირდება. მცირე ზომის გამო, მათი გამოცემა მთელ რიგ მხატვრულ, თუ ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სტამბისათვისაც პრესტიჟულია. მინიატურულ გამოცემათა შორის 76 მმ.-ზე ნაკლები ზომის მიკროწიგნები გამოირჩევა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში დაცულ წიგნთა შორის ყველაზე პატარა - მიკროწიგნია. „Герои войны 1812 года“ - 26X19 მმ. ზომის ფოტოალბომი შავი ტყავის ყდაშია ჩასმული, რომელსაც პაწაწინა ლითონის შესაკრავის ნაწილიც აქვს შემორჩენილი. ციცქნა წიგნი ოქროვარაყითა და ორივე ყდაზე ოქრომელნით შესრულებული ტვიფრული, მინიატურული წარწერებითაა დამშვენებული. ალბომში წარმოდგენილ პორტრეტებს შორისაა რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერლის (1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირის - პეტრე ბაგრატიონის ფოტოსურათიც. მიკროწიგნების წაკითხვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა ამ მიკროწიგნის ფრჩხილისოდენა პორტრეტზე გასაოცარად აღიქმება თითოეული დეტალი.

იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული მინიატურული წიგნებიდან ასევე გამოირჩევა „შინიონის ბიბლია“ - La Sainte Bible, mise en vers par J. P. J. Du Bois. წიგნი 192-გვერდიანია, 50X35 მმ. ზომის. ეს პაწაწინა, ლექსად დაწერილი ფრანგული „წმინდა ბიბლია“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ძველი და ახალი აღთქმა საგამომცემლო კონვოლუტია:

გაუერთიანებიათ ბიბლიის ორი ნაწილი (192+192 გვ.). თავფურცლის მონაცემების მიხედვით, ძველი აღთქმა დაბეჭდილია ჰააგაში 1759 წელს, ხოლო ახალი აღთქმა ბაზელში, იმავე წელს, გრაფინია ბრულის პატივსაცემად. ბიბლია პროტესტანტი მინისტრის, ანტუან კურტის ბრძანებით დაიბეჭდა. პროტესტანტული შინაარსის გამო, წიგნი აკრძალული იყო საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მიერ. ამ მცირე ფორმატის აკრძალულ წიგნს ქალბატონები ადვილად მალავდნენ შინიონში და ამიტომ მას „შინიონის ბიბლიის“ სახელითაც მოიხსენიებენ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^