Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხეში საკითხავი ლიტერატურა

26 აგვისტო 2014

ციხე ადგილია, სადაც ლიტერატურას კითხულობენ. ლიტერატურა ციხის ცხოვრების ნაწილია. მაგალითად, ლათინური ამერიკის ციხეებში არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც წიგნის კითხვა პატიმრის ბედზე მოქმედებს; ბრაზილიაში ერთი წიგნის წაკითხვას პატიმრობის ერთ მოკლებულ დღედ აფასებენ.

ციხეში საკითხავ ლიტერატურაში ჩვეულებრივ ის წიგნები იგულისხმება, რომლებიც ციხეს ეხება და პატიმარმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ანუ ე.წ. ციხის ლიტერატურა.

ციხე ადგილია, სადაც ლიტერატურას კითხულობენ. ლიტერატურა ციხის ცხოვრების ნაწილია. მაგალითად, ლათინური ამერიკის ციხეებში არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც წიგნის კითხვა პატიმრის ბედზე მოქმედებს; ბრაზილიაში ერთი წიგნის წაკითხვას პატიმრობის ერთ მოკლებულ დღედ აფასებენ.

ზოგიერთი ფიქრობს, ციხე ის ადგილია, სადაც დღედაღამ შეგიძლია იკითხო, თუმცა  ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანი არასოდეს არის მარტო, კითხვა კი არის პროცესი, როდესაც ადამიანი მარტო რჩება წიგნთან. ციხეში მკითხველისა და წიგნის ურთიერთობას ბევრი რამ უშლის ხელს.

ციხე ნაწილებად იყოფა - მცირე სივრცე, შედარებით დიდი სივრცე და ძალიან დიდი სივრცე. ამ ყველაფერს ციხეს ვეძახით, თუმცა, რეალურად, ეს სამი სხვადასხვა რამ არის: წინასწარი დაკავების იზოლატორი, საპყრობილე, ანუ საკუთრივ ციხე და „ზონა“.

წინასწარი დაკავების იზოლატორში ადამიანი ჯერ კიდევ არ არის პატიმარი. ჯერ ისევ ბრალდებულია. ის ამ დროს „ცუდი“, მაგრამ მაინც მკითხველია. „ცუდია“ იმიტომ,  რომ მისი ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, როგორც არ უნდა გადაწყდეს ის, ადამიანი ბრწყინვალე მკითხველად გადაიქცევა. ის თავისუფლდება  ეჭვებისგან (მართალია, ზოგიერთი აპათიაშიც კი ვარდება), იცის თავისი ხვედრი, რისი არცოდნაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს ჰგავს, დაახლოებით იმას, ჩვენ რომ სიკვდილის გვეშინია. ზუსტად ასევე ეშინია ადამიანს დაპატიმრების.

ციხეში არავის სჩვევია კითხვის მიტოვება. პირიქით, იქ კითხვას იწყებენ. უკვე მკითხველები კი უფრო ინტენსიური მკითხველები ხდებიან. ციხეში კითხვა სიგარეტის მოწევას ჰგავს - იქ მოწევას არავინ ანებებს თავს, პირიქით, ვინც არასოდეს ეწეოდა, სწორედ ციხეში იძენს ამ ჩვევას. ზუსტად ასეა კითხვასთან დაკავშირებით, ციხე შესანიშნავი ადგილია საკითხავად.

რა უნდა წაიკითხო `ციხეზე~? - ეს არის ლიტერატურა, რომელშიც ასახულია ციხე. აქ იგულისხმება ისეთი დიდი კლასიკა, როგორიცაა დოსტოევსკი, სტენდალი - ავტორები, რომლებმაც იციან, რა არის ციხე.

ამ ტიპის ლიტერატურაში განიხილავენ საქართველოში არცთუ პოპულარულ ჟან ჟენეს, რომელიც კარგად იცნობს ციხეს „შიგნიდან“. ბავშვობიდან ციხეში იჯდა და ის, რომ იქვე არ დაასრულა ცხოვრება, საფრანგეთში მცხოვრები იმ გემოვნებიანი ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც მის ნაწერებში მხოლოდ საფრთხე არ დაუნახავთ. პირველმა გენიოსმა, ვინც ეს ნაწარმოები წაიკითხა და მიხვდა, რომ გენიოსის ნაწერს კითხულობდა, თქვა - კარგია, მაგრამ უნდა დაიწვასო. ასეთი იყო მწერალ-აკადემიკოსისა და არაერთი სხვა რეგალიის მქონე კაცის - პოლ ვალერის აზრი, თუმცა მოიძებნა ხალხი, რომლებმაც მოახერხეს, რომ ჟან ჟენე ლიტერატურისათვის არ დაკარგულიყო.

„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ - თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოები, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ. სიბრძნე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ - „ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი არასდროს არის მარტო“ - სწორედ ამ ნაწარმოებიდანაა. მარტოობა ზოგიერთისათვის ციხესთან არის გათანაბრებული - არადა პირიქითაა, ციხე ის ადგილია, სადაც მარტოობას გართმევენ. იქ განმარტოების არანაირი შანსი არ გაქვს, მაშინაც კი, როდესაც საკანში მარტო ზიხარ...

მარტოობა ავტონომიურობაა, ავტონომიურობა კი ციხეში გამორიცხულია. ამის გაგება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ციხე ის არასასურველი ადგილია, რომლისგანაც ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს დისტანცირებას. არ მინახავს დედამიწის ზურგზე ერთი კაციც კი, რომელიც ციხეში არ მოხვედრილა და ოდნავ მაინც ესმის, რა არის ეს. ამიტომაც არის საჭირო ამ ტიპის განათლება ყველასთვის. რუსული ანდაზისა არ იყოს - „От тюрьмы и от сумы не зарекайся“, რაღაც ფორმით ციხის რეალობასთან შეჯახება ყველას შეიძლება მოუწიოს.

„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ერთგვარი „ციხის ენციკლოპედიაა“, თუმცა ეს არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ლიტერატურული ცოდნა. ის იმ ტიპის წიგნებში ამოკითხულ ინფორმაციას ჰგავს, რასაც ამერიკელები „იდიოტებისთვის დაწერილს“ უწოდებენ. „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ძველი, მაგრამ ასეთი წიგნია, თუმცა მწერალი ღრმად და საფუძვლიანად იცნობს გარემოს. ის თავად იყო პატიმარი და არა მხოლოდ პატიმარი, არამედ სიკვდილმისჯილიც. დოსტოევსკის ეს განაჩენი შეეცვალა. იგი კატორღაში გულუბრყვილო სოციალისტად წავიდა, იქიდან კი დაბრუნდა ქრისტიან-კონსერვატორად - ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით; ეჭვიან ათეისტად - სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით; დაბნეულ კაცად - კვირაობით, რომელიც ისეთი ენთუზიაზმით ყვებოდა მოზარდის გაუპატიურების ამბავს, ყველას ეშინოდა, ფიქრობდნენ - თავად მას ხომ არ შეემთხვევა ეს ისტორია.

ეს კაცი ციხისა და დანაშაულის ამბებს გაცილებით საფუძვლიანად ორ მთავარ წიგნში (მიჭირს იმის თქმა, რომ მისი რომელიმე ნაწარმოები არამთავარია) გვიყვება.

ამ ორი ნაწარმოებიდან ერთ-ერთი იმ დამნაშავეს ეხება, რომელიც ვერაფრით ეგუება თავის სტატუსს - არა იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმას, რომ დანაშაული ვერ ჩაიდინა ისე, როგორც მას სურდა, ანუ ვერ მოერია მორალს და დანაშაულმა მასში სინდისის ქენჯნა გამოიწვია. ვგულისხმობ წიგნს, რომელსაც ჰქვია „დანაშაული და სასჯელი“. როდიონ რასკოლნიკოვს აწუხებს, რომ პატარა ადამიანი აღმოჩნდა. დანაშაულს ის უნდა გაეთავისუფლებინა, არადა პირიქით დაამონა. მას არ სურს, ჩვეულებრივ ადამიანად იქცეს, იმიტომ, რომ სამყარო მწერებად და დიდკაცებად აქვს დაყოფილი. არ უნდა იყოს მწერი, მაგრამ აღმოაჩინა რომ მწერია, ესაა მისი პრობლემა და ამასთან გამკლავება შეუძლებელია.

დოსტოევსკიმ გვიჩვენა უნივერსალური კანონი - შეიძლება სასჯელი მოიხადო, ციხიდან გამოხვიდე, მაგრამ მთელი ცხოვრება მაინც პატიმრად დარჩე. ყველა პატიმარი „ზის“ და „ზის“ იმ დრომდე, სანამ ვინმე არ გამოიყვანს - როდიონ რასკოლნიკოვი არ გათავისუფლებულა, მაგრამ ადამიანად იქცა, მიაღწია იმას, რის მიღწევაც დანაშაულით უნდოდა და არ გამოუვიდა. მის თავს „რაღაც“ დატრიალდა,  გაუჩნდა რწმენა, რწმენა, რომელიც დამოუკიდებლად არ მიუღია. სწორედ აქ არის დოსტოევსკის, როგორც მწერლის, მთავარი საიდუმლო. მისი აზრით, გადაგვარებულ ადამიანს მისი მსგავსი, ანუ სხვა გადაგვარებული ადამიანი უნდა დაეხმაროს, რომელიც თავის თავში ადამიანს იპოვის. ვინც ამას შეძლებს, ის სხვასაც აპოვნინებს  თავში ადამიანს.

ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანი სოციალური შეფასებაა, მაგრამ თუკი ადამიანში ცუდი რამ ბუდობს, გარეგნულ ფორმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ თვალსაზრისით ყველანი ზნეობრივად გადაგვარებულები ვართ, ბოლოსდაბოლოს ყველანი ვტყუით... სონია მარმელადოვამ სხეული „გაყიდა“, მაგრამ ადამიანად დარჩა. სწორედ სონიას ხელიდან მიღებული ბიბლიის, რწმენის დახმარებით აღმოაჩინა რასკოლნიკოვმაც თავის თავში ადამიანი.

ამიტომაცაა, რომ, თუკი სახელმწიფოს სურვილია, დაჩაგროს პატიმარი, მისი მთავარი ამოცანა პატიმრისთვის გარესამყაროსთან კავშირის გაწყვეტაა. ყველამ იცის, რომ პატიმარი გარესამყაროს გარეშე უსუსურია.

სამწუხაროდ, ლიტერატურაში ადამიანის გადაგვარება უფრო ხშირადაა აღწერილი, ვიდრე მისი გადარჩენა. ყველაფრის მიუხედავად, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, დოსტოევსკი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეულად ოპტიმისტი მწერალია, იმიტომ, რომ მას ადამიანის გადარჩენის სჯერა. მისი ამერიკელი „მოსწავლე“ პირდაპირ ამბობდა - ადამიანი უნდა გადარჩეს და უნდა გაიმარჯვოს. უილიამ ფოლკნერის ეს სიტყვები დოსტოევსკისგან იღებს სათავეს.

დოსტოევსკის ამის სჯერა. ასე მოხდა როგორც რასკოლნიკოვის, ასევე დიმიტრი კარამაზოვის შემთხვევაში, რომელსაც დაეხმარება (ჰოი, საოცრებავ!) არა გრუშენკა, არამედ ალიოშა. თუმცა რომანში ამის შესახებ არაფერი წერია, ჩვენ ამას ვგრძნობთ.

მთელი მსოფლიო განიცდის, რომ დოსტოევსკიმ „ძმები კარამაზოვების“ მეორე ტომი ვერ დაწერა. ამ წიგნში მოვლენები შემდეგი სცენარით უნდა განვითარებულიყო - გრუშენკა, რომელმაც უკვე აცდუნა ერთ-ერთი ძმა და მამა, ახლა აცდუნებს მეორე ძმას, ალიოშა კარამაზოვს, რომელიც მანამდე, როგორც კეთილშობილი ადამიანი, ცოლად ირთავს დავრდომილ ლიზავეტას, ცდუნების შემდეგ კი რევოლუციონერი ხდება და მეფეს ესვრის.

ასე უნდა ყოფილიყო, ანუ ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც პირველ ტომში ჩანდა, უნდა „დაბნელებულიყო“, იმიტომ, რომ ეს არის ისტორია დიდი ცოდვილისა, დიდი ცოდვა კი დიდი უცოდველობისგან მიიღება - ყველაზე დიდი ცოდვა საკუთარი უცოდველობის დაჯერებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ სონია მარმელადოვაზე მაღლა დგახარ, რადგან მან სხეული გაყიდა.

ეს წიგნი პატიმრებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მასში ასახულია, როგორ „ჯდება“ უდანაშაულო კაცი. პატიმრების მთავარი იდეაა, გაიგონ, არიან თუ არა დამნაშავეები და, როცა ამ დროს ფიქრობ, რომ უდანაშაულოდ იხდი სასჯელს, მაშინ ციხიდან ვერ გათავისუფლდები, მართლა უდანაშაულოც რომ იყო. ადამიანმა საკუთარ თავში სამყაროში სამართლიანობის დანახვის ძალა უნდა გამონახოს. უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულოდ არავინ ზის და ყველას საკმარისად გვაქვს ცოდვები, ცოდვები, რომლებსაც ვერც პროკურატურა მიაგნებს, ვერც უშიშროება, ვერც სასამართლო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ გვაქვს?! როგორც კი პატიმარი ამ საკითხში ბალანსს მიაღწევს, იგი მზადაა თავისუფლებისათვის.

თუ ციხიდან გამოსული პატიმარი - რომელსაც ციხეში გატარებული დრო არ დაენანება და მიხვდება, რომ არსად არ შეიძლება იყო ისეთი თავისუფალი, როგორც ციხეში - დაწერს წიგნს, ის სათაურსაც ადვილად მიაგნებს, ისევე, როგორც ჩემი მეგობარი, რომელმაც თავის ნაწარმოებს — „ДЯКУЮ ТЮРМІ“ („მადლობა ციხეს“) დაარქვა. აბა სად გავიცნობდით ჩვენ ერთმანეთს?! უშიშროებამ გულაგში მთელ საბჭოთა კავშირში ნარჩევი, ოქროსავით ხალხი შეკრიბა.

ციხეში მოხვედრისას, როდესაც ფიქრობ, რომ შენ, ადამიანი აქ მოხვდი, უნდა გესმოდეს, რომ სხვა დანარჩენებიც შენსავით ადამიანები არიან. ჩვენი ცხოვრება სასჯელს ყოველთვის იმსახურებს - როგორც კი პატიმარი ამაში გაერკვევა, მას ციხეში ცხოვრების პირველი ნიშანი - იუმორის გრძნობა უჩნდება. ამას გვიჩვენებს ისეთი პირქუში მწერალიც, როგორიც დოსტოევსკია, დიმიტრი კარამაზოვისა თუ, გნებავთ, როდიონ რასკოლნიკოვის შემთხვევაში.

ერთი სიტყვით, ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურა სწორედ ის „ბნელი“ ლიტერატურაა, რომელიც რეალურად საკმაოდ ოპტიმისტურია, რადგან ციხის შესახებ გაცილებით პესიმისტური ლიტერატურაც არსებობს.

განსაკუთრებით მიყვარს კიდევ ერთი მწერალი, რომელმაც მგონი არ იცოდა, რომ დიდი გენიოსი იყო და ყოველთვის ფიქრობდა, რომ ისტორიას მისი „იტალიური ქრონიკები“ შემორჩებოდა.

ანრი ბეილის საფლავზე იტალიურად წერია: „არიგო ბეილი, მილანელი. წერდა, უყვარდა, ცხოვრობდა“. მთელი „მუღამი“ აქ იტალიელობაა და არა ფრანგობა! ეს იყო კაცი, რომელიც წიგნებს „ადამიანურის“ ნაცვლად ფანტასტიკურ სახელებს არქმევდა: „პარმის სავანე“, „წითელი და შავი“.

„წითელი და შავი“ - ამ სათაურში ფანტასტიკური დაპირისპირებაა. თეთრი და შავი ცნობილი ოპოზიციაა; თუკი რომელიმე ენაში მხოლოდ ერთი ფერია მარკირებული, ის წითელი იქნება, ხოლო თუ სამი ფერი, -  წითელი, თეთრი და შავი. კარგი მწერალი წიგნს „თეთრსა და შავს“ დაარქმევდა, გენიოსი - „წითელსა და შავს“, პოსტმოდერნისტი - „წითელსა და წითელს“.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ დოსტოევსკისგან განსხვავებით, სტენდალის წიგნებში ციხე არ არის ადგილი, სადაც ადამიანი გადარჩება. დოსტოევსკის ნაწარმოები რაღაცით წარმატებულ ამერიკულ ფილმს წააგავს - ადამიანი გადარჩება და გაიმარჯვებს, გამოვა ციხიდან და ოსკარს დაიმსახურებს, სტენდალთან კი - გადარჩება, მაგრამ თავს მოაჭრიან. საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსული, სიკვდილს ურიგდება.

მიუხედავად იმისა, რომ სტენდალთან ეს გმირები იღუპებიან, ისინი ჰარმონიას პოულობენ და უბედნიერესი ადამიანები ხდებიან - ბევრი გაცვლიდა თავის ცხოვრებას იმ რამდენიმე დღეზე, რომელიც ამ კაცმა ციხეში გაატარა. თანახმა ვარ მერქვას ჟულიენ სორელი, ვიყო ახალგაზრდა და მოვკვდე, თუ მეცოდინება, რომ ერთი ქალი ჩემს მოჭრილ თავს დამარხავს და მთელი ცხოვრება ჩემს ხსოვნას მოუვლის, მეორე კი, რომელსაც ვესროლე და ვკლავდი, ჩემი სიყვარულით თავის შვილებთან თამაშის დროს მოკვდება.

ამ ნაწარმოების ფინალის კითხვისას ვერაფრით ხვდები, თუ რატომ არ გამოიყენა ავტორმა მაღალი ტონები, რატომ არ დაანგრია სამყარო, როდესაც ჟულიენ სორელს თავი მოჰკვეთეს - ჟულიენ სორელი ხომ მთელ მსოფლიოს უკვდება, ის ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცია, რომელიც დანაშაულმა შექმნა ასეთად. ეს გრანდიოზული, ძველი იდეაა - მხოლოდ ცოდვას შეუძლია მიგიყვანოს რაღაცამდე, ლიტერატურაში ეს იდეა განხორციელდა.

ფრანგულ ლიტერატურაში კიდევ იყო მწერალი, რომელმაც სიკვდილით დასჯასა და, ზოგადად, ციხეზე ისაუბრა. ეს მათი ყველაზე დიდი მწერალი, პოეტი და ყველაზე დიდი ფრანგია. „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“ ვიქტორ ჰიუგოს შესანიშნავი რომანია, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, რაც „შემდეგ“ უნდა მოხდეს.

საკითხავად ციხე ბრწყინვალე ადგილია. არსებობს ლიტერატურა, რომელიც ჩვეულებრივ შეუძლებელია წაიკითხო; მაგალითად „ულისე“. ციხე შესანიშნავი ადგილია ასეთი წიგნების წასაკითხად. ასეთივე წიგნია თომას მანის „იოსები და მისი ძმები“, რომელიც პატიმრობის ჟამს პეტერბურგის წიგნის მაღაზიიდან გამოვიწერე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე, სადმე შევძლებდი ამ წიგნის წაკითხვას (პატიოსნად წაკითხვას ვგულისხმობ). „იოსები და მისი ძმები“ ციხეში წავიკითხე და გარკვეული გაგებით ნამდვილად ვიცი, რომ თომას მანმა ის ჩემთვის დაწერა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა სქელტანიანი წიგნი ციხეში საკითხავ ლიტერატურას შეიძლება მივაკუთვნოთ.

სპეციალურად არ ვასახელებ წიგნებს ციხიდან გაქცევის შესახებ, რადგან გაქცევაზე ფიქრს ციხეში ყოფნის მთავარ მომენტად არ მივიჩნევ. ასე ამერიკელები ფიქრობენ. რამდენიმე ლიბერალურ ქვეყანაში ციხიდან გაქცევაზე პატიმარს სასჯელს არ უმატებენ, რადგან - თავისუფლების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

 

* * *

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ლიტერატურა, რომელსაც ციხესთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც მოცულობითაა დიდი, მაგრამ მაინც ციხეში წასაკითხ ლიტერატურას მიაკუთვნებენ. ეს არის წიგნები ადამიანის გამარჯვებაზე. ციხე ვერ ეგუება და ვერც შეეგუება იმ ტიპის ლიტერატურას, რომელშიც ადამიანი მარცხდება, რომელშიც ადამიანი თავისიანებმა მიატოვეს, ამიტომაც არ დავდგამდი ციხეში „ფილოქტეტეს“. ციხის სპექტაკლს „ანტიგონე“ ჰქვია. 

ამ ტიპის ლიტერატურას ადამიანი ადრეული ასაკიდან უნდა კითხულობდეს, არ უნდა აშფოთებდეს, რომ წიგნში მისთვის უცნობი გარემოა აღწერილი. მართალია, ეს გარემო არც ამა თუ იმ კონკრეტული წიგნის კითხვის შემდეგ გახდება ნაცნობი. მას შეუძლია შეარბილოს დაპატიმრების დარტყმა, თუკი ასეთი რამ მოხდება ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან ერთად მას გათავისუფლების შანსიც მიეცემა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი გზა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^