Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მშვენიერაძე - "დაუსჯელობის სინდრომი პოლიციელებს წაახალისებს"

03 სექტემბერი 2014

ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის პირველი შემთხვევა  მამუკა მიქაუტაძის საქმე იყო. მიუხედავად არაერთი მოსაზრებისა, რომ შსს- თანამშრომლის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული ამ უწყებას არ უნდა გამოეძიებინა, იმდროინდელი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნით, მთავარმა პროკურორმა საქმე გამოსაძიებლად შსს- დაუტოვა. მას შემდეგ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა. როგორ უნდა გაუმჯობესდეს პოლიციელთა პასუხიმგებლობის სისტემა და რა უნდა გაკეთდეს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის, ამის შესახებ "ლიბერალი" "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

გიორგი ცომაიას პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორ ფიქრობთ, წარსული პრაქტიკისა და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად აუცილებელია პოლიციელთა პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესება?

სამწუხაროდ, ნებისმიერ სახელმწიფოში, იმის მიუხედავად, რამდენად დემოკრატიულია ის, ყოველთვის არსებობს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტებისა და დაკავების პროცესში ან ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში ყოფნისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რისკი.  დემოკრატიული სახელმწიფოები არჩევანს პრობლემის სისტემურ გადაჭრაზე აკეთებენ, რაც  დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების არსებობას გულისხმობს. ანუ მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამოუკიდებელი უწყება, ჩვენ შემთხვევაში პროკურატურა, იწყებს გამოძიებას და მას ეფექტურად და რაც შეიძლება მოკლე დროში წარმართავს.

როგორც კი სხვადასხვა ორგანოში და განსაკუთრებით პოლიციაში მსგავსი ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, ამას დადასტურება სჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმ პირისგან, რომელსაც აქვს დაზიანებები და ამბობს, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად. თუმცა ჩვენ ვისმენთ პოლიციის საპირისპირო პოზიციასაც. სწორედ ამ მომენტში უნდა ჩაერთოს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის პროკურატურა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. თუკი საქართველოში ვინმესკენ ხელი უნდა გავიშვიროთ, ეს არის პროკურატურა, რომელიც თავის მოვალეობას  ეფექტურად არ ასრულებს და გამოძიებას ისე არ აწარმოებს, როგორც საჭიროა.

ასეთ შემთხვევებში თავად შსს ითხოვს, რომ ეს საქმეები მან გამოიძიოს. თუნდაც მიქაუტაძის საქმე რომ გავიხსენოთ, რომელსაც ახლანდელმა პრემიერმა "უწყების ღირსების საქმე" უწოდა. როგორ შეიძლება ამის რეგულირება კიდევ უფრო მკაცრად?

დღევანდელი რეგულაციებით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისგან და ამ კოდექსის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის  2013 წლის 7 ივნისის ბრძანებისგან გამომდინარეობს, იმ ტიპის საქმეების გამოძიება, სადაც ბრალდებული შესაძლოა პოლიციელი ან სამართალდამცავი იყოს, პროკურატურის კომპეტენციაში შედის. მიქაუტაძის საქმეც მას უნდა გამოეძიებინა, მისი ქვემდებარე იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, პროკურატურამ  გამოიყენა, ასე ვთქვათ, კანონისმიერი უფლებამოსილება და საქმე გამოსაძიებლად შსს-ს დაუქვემდებარა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ უთქვამს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაშიც, რომ საქმის იმ უწყების მიერ გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ მისივე მოხელეების მიერაა ჩადენილი, ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაა.

აქედან გამომდინარე, აქამდეც და მომავალშიც ყოველთვის გვექნება პრობლემა, თუკი საქმე  იმ უწყებაში დარჩება, რომლის თანამშრომლებიც დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირებად მოიაზრებიან. თუკი პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას, მას შეეძლება სასამართლოს გზით მოითხოვოს გარკვეულ პირთა უფლებამოსილების დროებითი შეჩერება, და მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებების გატარება, რათა მათ გამოძიებაზე გავლენა არ იქონიონ. თუ ეს გამოძიება ეფექტურად წარიმართება, მაშინ სამართალდამცავ ორგანოებში მსგავსი ფაქტების პრევენციის შესაძლებლობა გაჩნდება. სამწუხაროდ, დღეს პროკურატურა ამ ფუნქციას თავს კარგად ვერ ართმევს.

თუ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის ისე დარეგულირება, რომ მსგავსი საკითხების გამოძიების უფლება მკაცრად მიენიჭოს პროკურატურას?

ერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ პროკურატურამ საქმეები გამოსაძიებლად  სხვა ორგანოს  ქვემდებარეობით არ გადასცეს. ამის იძულება შესაძლებელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანით. რომლის თანახმადაც, ქვემდებარეობით საქმის გადაცემა მინდობილი იქნება მხოლოდ კანონზე ან  კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე და არა მხოლოდ ერთი პროკურორის გადაწყვეტილებაზე. ეს გამორიცხავს იმას, რომ საქმეები ფორმალურად სხვა უწყებებს დაექვემდებაროს.  ანუ ამ მოდელით საქმეები არ გადაეცემა იმ უწყებას, სადაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა.

და მეორე გამოსავალი მთავარ პროკურატურაში  სპეციალიზირებული  ჯგუფის შექმნაა, რომელიც სწორედ მსგავსი ტიპის დანაშაულებზე იმუშავებს. მათ ექნებათ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. უახლოესმა წარსულმა  მსგავსი ტიპის დანაშაულები სასჯელაღსრულების სისტემაში დაგვანახა, რომელსაც, როგორც აცხადებენ,  სისტემური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ სისტემურ დანაშაულთან მიმართებაში ჩატარებული სისტემური გამოძიება, რომელიც წარმოაჩენდა არა მხოლოდ 21 ადამიანს, რომლებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მიეცა პასუხისგებაში, არამედ სხვა პირებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ დანაშაულში. და რატომ ვერ მოხერხდა ეს?! იმიტომ, რომ არ არსებობს ეფექტური საგამოძიებო მექანიზმი. აუცილებელია, რომ მთავარ პროკურატურაში არსებობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფრო კვალიფიციურად იმუშავებს წამების, ღირსების შემლახავი და  არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე.

როგორია საზღვარგარეთის პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ვინ იძიებს იმ საქმეებს, რომელშიც შესაძლო დამნაშავე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია?

ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა დანაშაულის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებაა. თუკი საუბარია, რომ დანაშაული ჩადენილია, სავარაუდოდ, პოლიციაში, მაშინ საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და არა პოლიციამ.

თუკი საუბარია სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულზე, საქმე არა სასჯელაღსრულების საგამოძიებო ნაწილმა, არამედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

თუკი საუბარია პროკურატურაში ჩადენილ დანაშაულზე, მაშინ საქმე უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა  საგამოძიებო ორგანომ, რომელიც მხოლოდ ამ ტიპის საქმეებზე იმუშავებს. სწორედ მის შექმნაზე იყო საუბარი.

 რომელი მოდელია სწორი, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მთავარია, რომ ეს არ იყოს ის უწყება, რომლის შენობაშიც დანაშაული მოხდა. ეს უნდა იყოს ორგანო, რომელიც ინსტიტუციურადაც და პირადადაც დამოუკიდებელი იქნება.

თუ დანაშაულის პრევენცია არ მოხდა, განწყობა, რომლითაც ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ და ის რამდენიმე ინციდენტი, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა, საბოლოო ჯამში მისთვისვე იქნება დამღუპველი. თუ პოლიციელებში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა, ეს ამ ტიპის ქმედებებს წაახალისებს. ეს საბოლოოდ, ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^