Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 მიზეზი, რატომ არის პოლიტიკური დევნა საზიანო ქვეყნისათვის

04 სექტემბერი 2014

ის, რომ საქართველოში ყოფილი მმართველის და ამჟამად ერთადერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური დევნა ხორციელდება, დავის საგანს არ წარმოადგენს. მთავრობა კი უარყოფს ამას, მაგრამ თავად კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არც კი ცდილობენ ამ საკითხზე დებატების გამართვას. მათ იციან, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, უბრალოდ, საჭიროა, მთავრობამ ასე ილაპარაკოს.

რატომაა ეს პოლიტიკური დევნა

და მაინც, რომ არ დარჩეს სადავო, დავაზუსტებ, რატომაა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მისი მთავრობის სხვა წევრებზე სისხლისსამართლებრივი დევნა მიჩნეული პოლიტიკურ ანგარიშსწორებად:

-         რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არაერთგზის საჯაროდ გაცხადებული ამოცანაა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა განადგურდეს და რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არალეგიტიმური ოპოზიციაა. შესაბამისად, პროკურატურის ქმედებებს წინ უსწრებდა მათ მიერ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის სხვა წევრებზე სისხლისსამართლებრივი დევნის  დაანონსება.

-         სამართლის შერჩევითობა: ჯერ ერთი, როგორც კი პოლიტიკოსი ტოვებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მის წინააღმდეგ “სამართლებრივი” დევნა წყდება; და კიდევ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დადასტურებულ დანაშულებზე (იხ. საგარეჯოს მოქმედი გამგებლის კორუფციული დანაშაული ბმულზე ) პროკურატურას განსხვავებული მიდგომა აქვს.

აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე გარემოება. ევროპის სახელმწიფოების ყოფილი ლიდერები, მაგალითად, საფრანგეთისა და იტალიის პირველი პირები დაკითხვაზე დაუბარებიათ და მისულან იმ პირობებში, როდესაც:

-         აღნიშნული პირები სამართლებრივი დევნის მიზანი არ ყოფილა მათი პოლიტიკური პარტიების განადგურების მცდელობა;

-         ამ პირების სამართლებრივი დევნის დაწყებას არ უძღოდა ათასობით მათი თანაპარტიელის დაკითხვებზე ტარება, დაკავება, წინასწარ პატიმრობაში მიცემა და იქ ყოველგვარი საკონსტიტუციო ვადების დარღვევით გაჩერება, ერთი მოწმის ჩვენებებზე აგებული გადაწყვეტილებებით პატიმრობის მისჯა;

-         ამ ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები არ მოქმედებდნენ პოლიტიკური დაკვეთით (იხილეთ ფრანგი პროკურორის სიტყვა კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე).

საქართველოს მთავრი პროკურატურის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნის საპასუხოდ, ფრანგულმა მართლმსაჯულებამ - პროკურატურამაც და სასამართლომაც, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის გვეპარება - ამ საქმეში სწორედ პოლიტიკური დევნის ელემენტები დაინახა და კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა რომც არ იყოს, საქართველოს მეგობარი ობიექტური დამკვირვებლებისათვის გაუგებარია, როგორ უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების მყიფე სისტემის მქონე ქვეყანამ სამართლებრივი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა და ყოფილი მთავრობის წევრებზე განაჩენის ისე გამოტანა, რომ საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს მაინც მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეეპაროს?

რატომ არის პოლიტიკური დევნა საზიანო ქვეყნისათვის

  1. მიღწეულის შენარჩუნება. პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის “დამნაშავე რეჟიმად” გამოცხადება აუფასურებს ყველა მიღწევას, რაც კი 2003-2012 წელს იყო. ამ პერიოდში საქართველო კორუფციით დამძიმებული შეუმდგარი სახელმწიფოდან წარმატებულ, სწრაფად განვითარებად ქვეყნად ჩამოყალიბდა. ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია და იმ მთავრობის “დამნაშავე რეჟიმად” გამოცხადება, რომლის პირობებშიც სახელმწიფო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ქართველ ხალხს ამ მონაპოვარის შენარჩუნების და განვითარების შანსს უკარგავს.
  2. ოპოზიციის ინსტრუმენტული როლი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს არა მხოლოდ ძლიერი საპარლამენტო, არამედ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა. შესაბამისად, მის მიერ მთავრობის საქმიანობის კონტროლი ისევ ხალხისთვისაა სასარგებლო. უკონტროლოდ დარჩენილ მთავრობას უფრო მეტად შეუძლია საზოგადოების მოთხოვნების უგულვებელყოფა, ვიდრე ეს დღეს ხდება.
  3. საარჩევნო კულტურა. პოლიტიკოსები უნდა დავფიქრდეთ, რა გვინდა: ამომრჩეველი ვინმეს წინააღმდეგ აძლევდეს ხმას თუ ვინმეს მხარდასაჭერად? პოლიტიკური დევნა ისეთ მენტალიტეტს აძლიერებს, როცა  ამომრჩეველი საკუთარ ხმას დასჯის იარაღად იყენებს და არა უკეთესი მთავრობის ასარჩევად. შესაბამისად, ყოველ ახალ მთავრობას მოუწევს საკუთარ რადიკალურ, დასჯაზე ორიენტირებულ ელექტორატთან გამკლავება.
  4. სასამართლოს მიუკერძოებლობა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა მართლმსაჯულების ისედაც მყიფე სისტემისათვის “ხელში ცხელი კარტოფილის შეჩეჩებას” ჰგავს. დავანებოთ თავი ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს. ესეც რომ არ იყოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ ასეთ მგრძნობიარე საქმეებზე, საზოგადოების დიდ ნაწილს არაობიექტურობის და მიკერძოებულობის (ან აქეთ, ან იქით) განცდა რჩება. ასე კი დამოუკიდებელი სასამრთლოს ჩანასახიც კი ისპობა.
  5. საგარეო გამოწვევები. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული იმპერიული ომი ნათელყოფს, რომ საქართველოც შეიძლება დადგეს  თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცხოვრების არაკონფრონტაციულ კალაპოტში წარმართვა. ეს დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, აიღებს თუ არა რუსი ოლიგარქი ხელს პოლიტიკურ ვენდეტაზე.
  6. პარტნიორებთან ალიანსი. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს მხრიდან მისი სხვა სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატების, ევროკავშირის - მიერ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმა ამორალური და პრაგმატულად გაუმართლებელია. მაგრამ ამას კიდევ შეიძლება მოუძებნონ გამართლება realpolitik-ის მიმდევრებმა. რასაც ვერანაირი სტანდარტით გამართლებას ვერ მოუძებნის ვერც ერთი დასავლელი ობიექტური (ანუ “გაზპრომის” ფულზე არმჯდომი) შემფასებელი, ეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაა. ეს იმ ფუნდამენტს შლის, რაზედაც დგას საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

 

დასკვნის მაგიერ

რა თქმა უნდა, რუსი ოლიგარქის და მისი კოალიციის მხარდამჭერები ჩემს არგუმენტებს “თავის შეცოდების” მცდელობად ჩათვლიან, თითქოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმუნიტეტს ითხოვს. მათ ვეტყვი: როდესაც მთავრობას პატიობთ თქვენთვის საძულველი პოლიტიკოსების მიმართ საკუთარი კონსტიტუციის, სამართლებრივი პროცედურების, დემოკრატიული საზოგადოების დაწერილი თუ დაუწერელი წესების და კანონები დარღვევას, თავადაც მარტო რჩებით ამ მთავრობის თვითნებობის ან ამ მთავრობის უმოქმედობით წახალისებული კრიმინალური თუ სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების წინაშე. დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ამად კრემლისა და “ასავალ-დასავალის” პროპაგანდით ნაკვები ეგ სიძულვილი. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^