Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დაიწუნეს 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი

04 სექტემბერი 2014

29 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ კანდიდატების სია, რომლებიც ასარჩევად თბილისის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ.

116-ე საჯარო სკოლის დირექტორმა დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა საკუთარი თავი ამ სიაში ვერ იპოვა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასაუბრება დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა 27 აგვისტოს გაიარა. კომისიას, რომელიც მინისტრის ბრძანების შეიქმნა, ის 10 წუთის განმავლობაში სკოლის სტრატეგიული განვითარების მისეულ ხედვაზე ესაუბრა. დირექტორთა შესარჩევი კონკურსის წესის მიხედვით, კანდიდატებს კომისიასთან მათთვის სასურველ ფორმატში სწორედ  მათ მიერ არჩეული სკოლის განვითარების გეგმაზე უნდა გაკეთებინა მოხსენება.  დიმიტრი მეჭურჭლიშვილის თქმით, კომისიის წევრებს მასთან კითხვები არ ჰქონიათ. 

გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ სკოლაში, რომელსაც შვიდი წელია ხელმძღვანელობს, დირექტორობის კანდიდატად წარდგენილი არ არის და სამეურვეო საბჭოს ციალა რატიანის კანდიდატურაზე მოუწევს არჩევნის გაკეთება.

კომისიის გადაწყვეტილების მიზეზების გასარკვევად განათლების სამინისტროში 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის თქმით,  მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით დიმიტრი მეჭურჭლიშვილის ხედვა დაასახელა.

"როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მას არ მოეწონა დიმიტრი მეჭურჭლიშვილის ხედვა, რომელიც 7 წელია ჩვენი სკოლის დირექტორია. საინტერესოა როგორი იმ კანდიდატის ხედვა, რომელსაც ჩვენ სკოლასთან არანაირი შეხება არ აქვს“, - ამბობს პედაგოგი.

რატომ დაიწუნა განათლების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ დიმიტრი მეჭურჭლიშვილის კანდიდატურა, ოფიციალურად ცნობილი არ არის. გასაუბრების აქტი სკოლამ სამინისტროდან გუშინ გამოითხოვა. ოფიციალური მიზეზის გაგებამდე დიმიტრი მეჭურჭლიშვილი მისი დაწუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის სკოლის პედაგოგის დათო ფერაძის გამო დასაჯა, რომელიც ამ დრომდე სკოლაში ისტორიის საგანს ასწავლის და რომლის განთავისუფლებასაც დიმიტრი მეჭურჭლიშვილის განათლების სამინისტროს გენისპექცია უკვე რამდენიმე თვეა სთხოვს. 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის დამფუძნებელი დათო ფერაძე განათლების სამინისტროს მიმართ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს. ის პედაგოგთა სახელფასო ანაზღაურების ზრდას და განათლების სისტემის დეცენტრალიზაციას ითხოვს.

„რამდენჯერმე დამიბარეს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში და მთხოვდნენ მიმეღო გადაწყვეტილება დათო ფერაძის გათავისუფლების შესახებ. მე დათოს ვერ გავათავისუფლებდი, რადგან ის სერთიფიცირებული მასწავლებელია, უყვართ ბავშვებს და მოთხოვნადი პედაგოგია. სამუშაო საათების შემდეგ მას მე აზრის გამოთქმას ვერ ავუკრძალავდი“, - ამბობს დიმიტრი მეჭურჭლიშვილი.

მიმდინარე წელს  შიდა აუდიტის სამსახური 116-ე საჯარო სკოლაში ორჯერ სხვადასხვა მიზეზით შევიდა. ერთხელ მაშინ, როცა დათო ფერაძის ორგანიზებით განათლების სამინისტროსთან პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის აქცია გაიმართა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, ეს იყო ერთდღიანი მოკვლევა, როცა დადგინდა, რომ პედაგოგი საგაკვეთილო საათების დროს სკოლაში არ იმყოფებოდა. დიმიტრი მეჭურჭლიშვილის თქმით,  სკოლამ ამის გამო გაფრთხილება მიიღო და აღნიშნულთან დაკავშირებით ორივემ, დირექტორმაც და პედაგოგმაც ახსნა-განმარტებები დაწერეს. ამის შემდეგ შიდა აუდიტის სამსახური სკოლაში კიდევ ერთხელ შევიდა. დირექტორის თქმით, სამსახურის თანამშრომლები 4 თვის განმავლობაში სწავლობდნენ სკოლის დოკუმენტაციას. აუდიტის სამსახურის დასკვნა სკოლისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

116-ე საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას არ ადასტურებს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი. მისი თქმით, ერთ თვის წინ განათლების სამინისტროში შევიდა მოქალაქის წერილი, რომელიც გადაეგზავნა რესურსსცენტრს და მიმდინარეობს მოკვლევა.

„მიმართვაში საუბარია ფინანსურ გადაცდომებზე“, - ამბობს ნატა ასათიანი. 

ნატა ასათიანის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსი გამჭვირვალედ წარმართა. კანდიდატები შერჩევაზე კომისიამ იზრუნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იყო დაკომპლექტებული.

დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა საქალაქო სასამართლოს 116-ე საჯარო სკოლაში დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მიმართა.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^