Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუიციდის პრევენცია ციხეში

11 სექტემბერი 2014

მსოფლიო სუიციდის პრევენციის დღეს მეთერთმეტედ აღნიშნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თვითმკვლელობით ცხოვრებას ყოველწლიურად მსოფლიოში 800 000 ადამიანი ასრულებს, რაც აღემატება მკვლელობებისა და საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილთა  რაოდენობის ჯამურ მაჩვენებელსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ სამ წამში სუიციდის ერთი მცდელობა ხდება. ამ მიზეზით კი ადამიანები ყოველ  40 წამში იღუპებიან. ადამიანთა სუიციდის რისკი 7-8-ჯერ მაღალია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

სუიციდის პრევენციის პროგრამა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის მხოლოდ ხუთ - გლდანის N8, თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა, ქუთაისის N2 და ბათუმის N3 დაწესებულებებს მოიცავს. მომავალში კი მისი გაფართოვება იგეგმება.

„დღეს ჩვენი სისუსტე არის ის, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ხუთ დაწესებულებაში გვაქვს. აქედან 3 მიმღები დაწესებულებაა. რადგან დაკავების შემდეგ პირველ ეტაპზე სუიციდის ყველაზე მაღალი რისკი არსებობს“,- აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

სუიციდის პრევენციის სამუშაო ჯგუფში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“  ჩაერთო. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო მახაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანების გამოვლენას მრავალი ადამიანის ჩართულობა სჭირდება, რადგან მხოლოდ ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი ამას ვერ მოახერხებს. შესაბამისად, თითოეულ მსჯავრდებულთან ურთიერთობაში დაწესებულების სუიციდის პრევენციის პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ოჯახის ექიმი და დაწესებულების რეჟიმის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები.

ნინო მახაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და  მსჯავრდებულები კიდევ უფრო  მაღალი რისკჯგუფის წევრები არიან. ამის მიზეზად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის სტრესს ასახელებს. სტრესი განსაკუთრებით დიდია წინასწარი დაკავების დროს, როცა ბრალდებულმა არ იცის, როგორი იქნება მისი განაჩენი.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2011 წელს 10 000 პატიმარზე სუიციდის 7,  2013 წელს იმავე რაოდენობაზე 6, ხოლო 2014 წელს - 2 მცდელობა დაფიქსირდა.

2011 წლის მონაცემებით, 10 000 პატიმარზე სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთსა (100) და გერმანიას(53) აქვთ. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი 6 და 12-ია.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დანერგვის შემდეგ სუიციდის 6 მცდელობა დაფიქსირდა, მაგრამ გარდაცვალებით არც ერთი მათგანი არ დასრულებულა. 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე პროგრამით სულ 38 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ამჟამად კი მასში 39 პატიმარია ჩართული, საიდანაც 5 არასრულწლოვანია. მათთან მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს. ეს პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პირველ ეტაპზე მსჯავრდებულთა შესახებ ინფორმაცია გროვდება. შემდეგი საფეხური სუიციდის რისკის სკრინინგია, მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში ბენეფიციარი პროგრამაში ერთვება. შემდეგ ეტაპზე სამუშაო გეგმა მუშავდება. ამის შემდეგ ბენეფიციარის მდგომარეობა კიდევ ერთხელ ფასდება და მასთან მუშაობა სრულდება.

2013 წლის დეკემბრიდან სუიციდის პრევენციის პროგრამაში სულ 77 პატიმარი გაწევრიანდა, რომელთაგან 18 არასრულწლოვანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^