სატყეო სააგენტოს ყოფილი უფროსი თითქმის ერთი თვეა, რაც თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. მერიის შენობის მე-10 სართულზე, მის კაბინეტში, „მწვანე რუკაა“ გაკრული, სადაც ის ტერიტორიებია მონიშნული, რომლებისთვისაც სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება იგეგმება. გიორგობიანი ამბობს, რომ ეკოლოგიის სამსახურისა და პირადად მის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას და ეცდება, რომ ქალაქგანვითარებასა და გარემოს დაცვას შორის წონასწორობა შეინარჩუნოს.
ვისი გადაწყვეტილება იყო თქვენი სატყეო სააგენტოდან წამოსვლა და მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსის პოზიციის დაკავება?
სატყეო სააგენტოში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, ფაქტობრივად, მოვახდინე ამ სააგენტოს ფორმირება. შეიქმნა ფუნდამენტური დოკუმენტები, პარლამენტმა მიიღო დადგენილება სატყეო პოლიტიკის შესახებ. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია ყველა ის კომპონენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ტყეების მოვლა-პატრონობა, ტყით სარგებლობა, ტყეების დაცვა და აღდგენა, მოსახლეობის განათლება და ტყის მართვასა თუ კონტროლში ჩართულობა უნდა განხორციელდეს. შემოვიღეთ ბევრი რეგულაცია, შევქმენით დონორთა საკოორდინაციო საბჭო და ბევრი სხვა რამ.
სამინისტროში შეიცვალა ხელმძღვანელობა და ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის გამარჯვებულ კანდიდატს ძალიან კარგი პროგრამა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისი ჰქონდა. პროგრამა თბილისისა და მისი შემოგარენის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას გულისხმობდა. ამ პერიოდში მივიჩნიე, რომ სატყეო სააგენტოში ჩემი მუშაობა ისეთ რუტინაში გადავიდოდა, რომლის გაკეთება სხვებსაც შეუძლიათ, აქ კი უფრო მეტს გავაკეთებდი. ჩავთვალე, რომ აქ მეტი ასპარეზი მექნებოდა მომავალი მუშაობისთვის. რადგან სააგენტოს ფორმირება უკვე დასრულებულია, დავტოვე იქ საკანონმდებლო ბაზა, კარგად გავწერეთ პოლიტიკა.
ვიფიქრე, რომ შემეძლო მერიის ახალი ხელმძღვანელობის ამბიციური პროექტების განხორციელებაში ჩემი წვლილის შეტანა. ამიტომ სიმართლე გითხრათ, თვითონ გამოვთქვი ამ საქმეში ჩართვის სურვილი და ბატონი დავითიც დამეთანხმა. სატყეო სააგენტო პრაქტიკულად თავიდან შევქმენით, აქაურობასაც თავიდან სჭირდება ჩამოყალიბება.
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქალაქური ცხოვრების განუყოფელი ნაწილის - თბილისის პარკების, სკვერების და ქალაქის გარშემო რეკრეაციული ზონების მდგომარეობა. დედაქალაქის შემოგარენში დაახლოებით 1274 ჰექტრისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ვგეგმავთ, რათა მათ განადგურებისგან კანონი იცავდეს.
კონკრეტულად რომელი ტერიტორიებისთვის გეგმავთ რეკრეაციული სტატუსის მინიჭებას?
ესენია თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდობი - 75 ჰექტარი, დენდროლოგიური პარკ ი - 170 ჰა, მახათას მთაზე - 48 ჰა, ოქროყანასთან - 435 ჰა, ოქროყანა-მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია - 106 ჰა. ჯიქიას ქუჩის ბოლოში მდებარე ტერიტორია - 278 ჰა, ასევე დიღმიდან მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი და ქოშიგორის მიმდებარე ტერიტორია, სულ - 1274 ჰექტარი.
„ქალაქ თბილისის შესახებ კანონში“ განსაზღვრული იყო სარეკრეაციო ზონა 1,2,3-ის სტატუსები. მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის ახალი კოდექსი ამოქმედდა, ეს ყველაფერი მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს. მინდა, რომ სარეკრეაციო ზონები ახალ სინამდვილეშიც იურიდიულად „დამაგრდეს“. შესაძლოა მთავრობას კიდევ სხვა ტერიტორიებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნითაც მივმართოთ.
ახლა ქონების მართვის სააგენტოდან ამ ტერიტორიების საკადასტრო კოდები ამოვიღეთ. ეს ტერიტორიები უნდა „დავამაგროთ“, სანამ ჯერ კიდევ ქალაქის მმართველობაშია და არაა გასხვისებული.
დენდროპარკში ვგეგმავთ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის. 1956 წლიდან გაშენებულ პარკში დაახლოებით 600-მდე სახეობა და ჰაბიტატია, რომლებიც ზრუნვას საჭიროებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, ეკალ-ბარდებითაა დაფარული, ძალიან ბევრის დარგვა და დიდი მოვლითი სამუშაოები იქნება საჭირო. ვეცდებით, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს ფართობები სარეკრეაციო ზონებად დავამტკიცოთ და მოვაწყოთ იქ სხვადასხვა ტიპის დასვენების ადგილი, რათა თბილისის მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის საშუალება ჰქონდეს.
ეს მონაცემები უკვე გადავეცი მერიის სხვადასხვა სამსახურს, რომ შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა რამე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიიღოს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ არ იყოს იქ უკვე რამე კერძო საკუთრება. ამ ყველაფერს გადავამოწმებთ და ისე დავიწყებთ სამუშაოებს.
რა რამდენიმე უმთავრესი გამოწვევაა თქვენთვის ამ პოზიციაზე?
ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადგილების განსაზღვრა, რომლებსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მეორე, მოსახლეობის გათვითცნობიერება, გააზრება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. მესამე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საუბრის დონეზე უკვე გვაქვს მოლაპარაკებები გერმანიის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლების ტრენინგების თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია უკანონოდ მიტაცებულ ტერიტორიებზე მცენარეული საფარის ჭრისთვის ხელის შეშლა.
სხვათა შორის, პრობლემურია თბილისისთვის ახლადშემოერთებული სოფლების შეშით მომარაგების საკითხიც - წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, სოფელი დიღომი, გლდანი, ლისი. გაზიფიცირების მიუხედავად, აქაური მოსახლეობა ძირითადად მაინც შეშას მოიხმარს. მათ იმ 7 კუბურ მეტრიანი ლიმიტით სარგებლობის უფლებაც არ ჰქონდათ, რომლითაც სხვა სოფლები სარგებლობდნენ. მე მივმართე გარემოს დაცვის სამინისტროს და წელს ამ სოფლების მოსახლეობას უკვე შეეძლება 7 კუბური მეტრის შესაბამისი ბილეთის ყიდვა. თან მათ არამარტო თავიანთი სოფლების მიმდებარე, არამედ სხვა ტყეებიდანაც შეეძლებათ ხეების ჩამოტანა.
რეალურად თბილისის ფარგლებში ჩვენ გვაქვს 8 000 ჰექტარი ტყე და არ გვყავს არც ერთი ტყის მცველი.
ახალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ სამსახურის რეორგანიზაციას, და 8-10 ტყის მცველი მაინც დაგვჭირდება. თბილისის გარშემო ეს სოფლები მჭიდროდაა დასახლებული და ტყე მეტი საფრთხის წინაშე დგას. მაღალია ხანძრების, დანაგვიანების, უკანონო ტყით სარგებლობისა თუ სხვა სამართალდარღვევების ფაქტები.
თბილისის შემოგარენთან ერთად, რა შეიცვლება დედაქალაქის შიგნით არსებული გამწვანებული ტერიტორიებისთვის?
ეს ერთ-ერთი მთავარი და დიდი გამოწვევაა. შემოგარენთან ერთად, სხვა სამსახურებისთვის გადაცემული მაქვს ყველა პარკი, სკვერი და მოედანი, რომელსაც კი შეიძლება ჰქონდეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს იქნება ვაკის პარკი, კიკვიძის ბაღი თუ სხვა ადგილები. ისინი უნდა იყოს შემოსაზღვრულები და ზონებად რეგისტრირებულები. ასეთ ადგილებში გაცემულია მშენებლობისა და ხეების მოჭრის ნებართვები, რომელთა რევიზიასაც ახლა ვაკეთებთ.
კარგი მაგალითია ყოფილი სკვერი ქავთარაძის ქუჩაზე, რომელიც გასხვისებულია. მეპატრონეები საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან და ცდილობენ ჩვენთან ჩვენთან შეთახმებით გააგრძელონ მუშაობა. თუმცა მათ იყიდეს ეს ტერიტორია და აქვთ კიდეც მცენარეული საფარის მოხსნის ნებართვა. მე მივწერე, მოეტანათ მეზობლების თანხმობა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მიმდებარე სამი კორპუსისთვის ეს ადგილი ბაღივითაა. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ხელისუფლებას ეს ბაღი კეთილმოეწყო, გაყიდეს. საინტერესოა, რომ ამ სამი კორპუსიდან ერთ-ერთი ისედაც ამ სკვერის ტერიტორიაზეა აშენებული.
მე არ ვუყურებ ამ პრობლემას ისე, რომ თბილისში აღარც ერთი ხე არ უნდა მოიჭრას, რადგან ხეებს განახლება სჭირდება. ბევრი ხე ხმება, ქალაქშიც და მის შემოგარენშიც ბევრი ხეა ჩასანაცვლებელი. მაგრამ პარკები, სკვერები - ტერიტორიები, სადაც მწვანე ნარგავებია, თუ არ უნდა მივამატებთ, აღარ უნდა შევამციროთ. ამიტომ მინდა ამ ტერიტორიების კანონით დაცვა, რომ ვიღაცას შემდეგ ხელი არ წაუცდეს.
თუმცა ასეთ შემთხვევებშიც შესაძლებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმება, როდესაც კანონით დაუშვებელი მშენებლობის ნებართვა კერძო პირს ეძლევა. რამდენად მისაღებია ეს პრაქტიკა თქვენთვის?
ჩვენ, მერიის ხელმძღვანელობა შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებდით ერთმანეთთან. როგორც მე მათ ვუთანხმებ იმ ტერიტორიებს, რომელთა სტატუსის მოთხოვნასაც ვაპირებ, გვაქვს კოლეგიალური შეთანხმება, რომ ისინიც ასე მოიქცევიან. მერმაც აღნიშნა, რომ ამგვარ საკითხებზე შეთანხმება არ უნდა მოხდეს გამწვანების სამსახურის გარეშე, რომ არ დაზიანდეს „მწვანე ინტერესები“.
თუმცა არ მინდა ჩავვარდეთ ისეთ ექსტრემიზმში, რომ ქალაქი საერთოდ აღარ განვითარდეს, რომ შენობა აღარ აშენდეს. ყველაფერს თავისი სტანდარტი აქვს, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ამას ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქის გარემოს დაცვის ინტერესები მოითხვს.
მაგრამ ხშირად მწვანე ნარგავების განადგურებას სწორედ ქალაქის განვითარების ინტერესებით ხსნიდნენ. რომელი გადაწონის ასეთ დროს - ქალაქგანვითარების ურბანული ინტერესები თუ „მწვანე ინტერესები“?
მე ჩემი სამსახურიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვამბობ, რომ უნდა წავიდეთ კომპრომისზე და დავიცვათ საცხოვრებელი გარემო, რომელიც ისედაც ცოტა დაგვრჩა. დავიცვათ გარემო, ოღონდ არ ჩავვარდეთ უკიდურესობებში.
გარემოს დაცვა, რა თქმა უნდა, პირადად ჩემი პრიორიტეტია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ საერთოდ უარი ვთქვათ ქალაქის განვითარებაზე, რომ მხოლოდ ხეები დავრგოთ და გამხმარ ხესაც არ ვახლოთ ხელი. შევიმუშავებთ სტანდარტებს, რომლითაც მომავალში მოვახდენთ ხეების ფორმირებას და სხვლას. ასევე სტანდარტებს, რომლებსაც ახალი მშენებლობები უნდა აკმაყოფილებდეს. ძველ უბნებშიც როგორ უნდა მივაღწიოთ გამწვანების უფრო მაღალ კოეფიციენტებს, ვიდრე დღეს გვაქვს. მანამდე კი ამ საკითხზე ძალიან ბევრ აზრს მოვისმენთ აუცილებლად.
კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. „ციყვების“ ადგილას გახმაურებული მშენებლობა სწორედ იმიტომ იყო კანონიერი, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუქვეითდა. არის თუ არა თქვენს გეგმებში ამ და სხვა ტერიტორიებისთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნა?
საკრებულოში ცოტა ხნის წინ გვქონდა შეხვედრა ასათიანის პარკთან დაკავშირებით და იქ იყო საუბარი კუს ტბაზეც და იპოდრომზეც. რამდენიმე ადგილის საკითხს თბილისში სერიოზული გადახედვა სჭირდება.
კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის პროექტი უკვე გამზადებული გვაქვს, თუმცა ცხადია, იქ არ იგულისხმება, რომ უკვე აშენებული რესტორნები ავყაროთ. მაგრამ იმ მწვანე საფარის შენარჩუნებისთვის, რომელიც არსებობს, ძალას არ დავიშურებ.
რაც შეეხება პროექტს, ის ფერდობი მართლაც საჭიროებს აღდგენას. უნდა გაიწმინდოს ბუჩქნარისგან, მოეწყოს ელიფსური ფორმის ფანჯრები, ამ ფანჯრების შიგნით იქნება ბაქნები, ბაქნებზე კი ხეები დაირგვება. მერე ნელ-ნელა ეს კორომი ერთად შეიკვრება. ეს ბუჩქნარი ახლა ისეთი სიხშირითაა წამოსული, რომ ფაქტობრივად გაუვალია და ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
ძველი სტატუსის გაუქმება და ახლის მინიჭება მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. საკრებულოში კი შევალთ ინიციატივით არა მარტო კუს ტბაზე, არამედ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიებზეც, იმ ადგილებმა, რომლებმაც დაკარგა სტატუსი, ისევ მივანიჭოთ იმ დონეზე, რომ ასეთი მშენებლობები რესტორნების, ბენზინგასამართი სადგურების და ასე შემდეგ, ავკრძალოთ.
თუ ხართ ჩართული ასათიანის პარკთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში?
ჩართული ვიყავი განხილვაში, მაგრამ ეს ძალიან რთული შემთხვევაა. უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება და გამოსავალი რთულად მოსაძებნია. აქ კიდევ ბევრი ხარვეზი და დარღვევა გამოიკვეთა. რეალურად არ არსებობს მშენებლობის პროექტი, არ ჩატარებულა გეოლოგიური კვლევა, მწვანე საფარს რომ თავი დავანებოთ, აქ ადამიანების სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ.
დოკუმენტების გადახედვითაც ვატყობთ, რომ რაღაც არაკეთილსინდისიერად ხდებოდა. 2014 წლის 17 თებერვალს გამწვანების სამსახურმა მისწერა კომპანიას, ბოტანიკის ინსტიტუტის დასკვნის შესაბამისად განეხორციელებინათ მოვლითი ღონისძიებები. ბოტანიკის ინსტიტუტის პასუხში წერია, რომ მათ ხეები დენდროლოგიურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღწერილი ხეებიდან ზოგი მოსაჭრელია, ზოგი გასასხლავი, ბევრიც გამხმარი. არადა, მერია მათგან რეალურად ინვენტარიზაციას ითხოვდა, რაც აბსოლუტურად სხვა პროცესია და გულისხმობს მხოლოდ სიხშირისა თუ ჯიშების აღნუსხვას. კომპანიას სჭირდებოდა ხეების მოჭრა და დასკვნის მიხედვით შესაბამისი საფუძველი შეიქმნა.
გვთხოვენ, რომ იმ პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მივანიჭოთ, მაგრამ უფლება არ გვაქვს კერძო საკუთრებას ამგვარი სტატუსი მივცეთ. რამდენად სწორად გასხვისდა, ეს ჩემს კომპტენციას სცდება. ამჟამად ვერ ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გადაწყვიტოს მერიამ, რომ არც ქალაქის ინტერესები დაზარალდეს და არც მესაკუთრის. ვინც ნებართვა გასცა, მართალია დამნაშავეა, და საქმეს პროკურატურა იძიებს, მაგრამ მათი შეჩერების უფლება არ გვაქვს.
გამოძიება მიმდინარეობს საბურთალოდან უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე დარგული ხეების შესახებაც. იქ ახლაც გადამხმარი ხეები გვხვდება, მაგრამ მათ ჩანაცვლებაზე ტენდერს ვერ ვაცხადებთ, რადგან ეს გამხმარი ხეები ამჟამად ნივთმტკიცებებია.
თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებდა, რომ, მაგალითად, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელ კომპანიას ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებდა მიმდებარე ტერიტორიაზე. დაიწყო თუ არა ეს პროცესი და თუ ხართ ამაში ჩართული? ან თუ შეიძლება მსგავსი მიდგომის გამოყენება ასათიანის პარკის შემთხვევაშიც?
გააჩნია ვინ არის მეპატრონე. ქავთარაძის ქუჩაზე გასხვისებული ბარის მეპატრონეები ჩვენთან მოდიან მოლაპარაკებებზე, მაგრამ მსხვილი ინვესტორები, რომლებიც ასათიანის პარკში აშენებენ კორპუსებს, ჩვენ საერთოდ არ გველაპარაკებიან. აქვთ მშენებლობის და ხეების მოჭრის უფლება, მეტი არაფერი აინტერესებთ.
ასეთ შემთხვევაში საკრებულოს აქვს მორატორიუმის უფლება, რომლითაც თბილისში გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარაფერი გაკეთდება. მაგრამ კომპანიები საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებენ, დაითვლიან ყოველდღიური მშენებლობის შეჩერებით მიყენებულ ზიანს და ამას ხაზინიდან ამოიღებენ. ასეთი საკითხის ემოციურ დონეზე გადაწყვეტა შესაძლოა ქალაქის და სახელმწიფოს ძალიან ძვირად დაუჯდეს.
რაც შეეხება ვაკის პარკს, მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს ერთ-ერთი სარეკრეაციო ზონა და ეს სტატუსი მკაცრად უნდა იყოს დაცული. იქ სასტუმროს მშენებლობა დასაშვებად არ მიმაჩნია.
დღეს თბილისის არც ერთ პარკს არ ჰყავს ადმინისტრაცია, პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობის მოვალეობა ტენდერებით კერძო კომპანიებზეა გადაცემული. რამდენად სწორია ეს პრაქტიკა?
ნაციონალური მოძრაობის ქალაქის მერიამ თბილისის პრაქტიკულად ყველა პარკი კერძო კომპანიებს მართვის უფლებით გადასცა. მაგალითად, შპს „ვარდების რევოლუციის პარკი“, შპს „სავანე“, შპს „ვეტერანთა პარკი“ ანუ ყოფილი კიკვიზის ბაღი, შპს „მუშტაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“, რომელიც კომპანიისთვის ლამის 50–წლიანი მართვის უფლებითაა გადაცემული. ასევე შპს „სასათბურე მეურნეობისთვის“ გადაცემული მერიის მიერ სახელმწიფო მიწაზე აშენებული სასათბურე მეურნეობა და ა.შ.
ამგვარი მიდგომა წითელ ხაზად გასდევს ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანების მსოფლმხედველობას.
ჩემთვის მისაღებია, რომ სახელმწიფომ ტენდერზე გამოიტანოს ამა თუ იმ პარკის მოვლა-პატრონობა, ამაში ხაზინიდან ფული გადაიხადოს, მაგალითად, 1 წლის განმავლობაში, ეს იქნება სწორი. თუკი პარკი ისეთ მდგომარეობაში არ იქნება, როგორც ვითხოვდით, კომპანია ჯარიმას გადაიხდის. არ შეიძლება ავიღოთ ეს ტერიტორიები და ვიღაცას „მივაჩეჩოთ“. ასე რომ არ ყოფილიყო, თბილისის პარკებს და სკვერებს დღეს ბევრად უკეთესი მენეჯმენტი ექნებოდა.
არ ვფიქრობ, რომ პარკების ადმინისტრაცია სტრუქტურულად ჩვენს დაქვემდებარებაში უნდა შემოვიდეს, ეს ძალიან გაზრდის საჭირო კადრების რაოდენობას. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ მათზე კონტროლის ფუნქცია. ახლა კი იმ 50-წლიანი ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, მათი გაწყვეტაც კი არ შეგვიძლია.
როგორ უყურებთ აქამდე არსებულ გადაბელვის პრაქტიკას?
გადაბელვის აქამდე არსებულ პრაქტიკას მეც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. მე უფრო სხვლასა და ფორმირებას ვანიჭებ უპირატესობას. ამ საკითხებთან დაკავშირებით მალე ჩამოვლენ ტრენერები გერმანიის განვითარების სააგენტოს ეგიდით, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ჩვენს თანამშრომლებს. ვაპირებთ პოლონეთის გამოცდილების გაზიარებასაც. არ მომწონს, როცა პრაქტიკულად მარტო შტამპს ტოვებენ და ხეს აღარ უტოვებენ განვითარების შესაძლებლობას. მერე ამბობენ, რომ ხეები შენობებს აზიანებს, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ეს ხეები პროპორციულად ვეღარ ვითარდება. ვაპირებთ შემოვიღოთ გადაბელვის შესაბამისი სტანდარტიც.
როგორც სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა და მერე საკანონმდებლო ბაზის აწყობა, ესეც დროს მოითხოვს. ვფიქრობ, 4-5 თვე მაინც დაგვჭირდება, რომ სტანდარტები კარგად დავამუშაოთ. მე მოვიწვევ კარგ სპეციალისტებს, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია ამ საკითხების ირგვლივ. ალბათ გაზაფხულისთვის უკვე უნდა გვქონდეს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც ქუჩებში ხეების ფორმირება და სხვლა მოხდება.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს არსებობის მანძილზე არ ჰქონია „მწვანე პოლიტიკის“ განმსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტი, თუ აპირებთ ასეთი დოკუმენტის შექმნას?
როგორც სატყეო სააგენტოში, აქაც ჯერ შემუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი და ზედ დაშენდება ყველაფერი. საჭიროა, ვიცოდეთ სად რა გვაქვს, გავაკეთოთ ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია, მერე შევქმნათ ქალაქის მწვანე განვითარების გეგმა, და მივყვეთ მას შემდეგ. ამ ყველაფერს ალბათ წლევანდელი 16–მილიონიანი ბიუჯეტი არ ეყოფა, ამიტომ მომავალ წელს ალბათ 3 მილიონით მეტს მოვითხოვთ.
თუ არსებობს უკვე იმ მცენარეების ნუსხა, რომლებსაც დედაქალაქში დარგავთ?
ქალაქის რაიონების გამგებლებს უკვე ვთხოვე, გადმოეგზავნათ იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომელთა განაშენიანებასაც ვაპირებთ ამ შემოდგომაზე. ათივე რაიონის გადმოცემულ ტერიტორიებს დავამატე სხვა ტერიტორიები – აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე და რაიონების შიდა ქუჩები, დიღმის შემოსასვლელი, გლდანის ნაგავსაყრელი.
ბოტანიკურ ბაღს უკვე გავუგზავნეთ ტექნიკური დავალება, რა ხეები უნდა დავრგათ ამ ადგილებში. ისინი მოგვცემენ იმ ხეების ჩამონათვალს, რომლებიც კონკრეტული რაიონებისა და ადგილებისთვის იქნება მისაღები. ამის მიხედვით ამოვარჩევთ ჯიშებს, რომ აღარ განმეორდეს ისეთი რამეები, რაც ხშირად ხდებოდა თბილისში. მაგ. დეკორატიული კატალპის და სხვა.
თბილისში ძალიან ბევრი ხე ხმება, ბევრი შესამჩნევადაც დაავადებულია, როგორ აპირებთ ამ მცენარეებზე ზრუნვას და დაავადებებთან ბრძოლას?
ძირითადად ამ ხეებს სოკოვანი დაავადებები აქვთ. ამის ბევრი მიზეზი არსებობს: თავის დროზე ეს ხეები დარგეს აგრონორმების დარღვევით, ზოგიერთი სახეობა არასწორად იყო შერჩეული, დაირგა არასწორ ადგილას, არასწორი სიხშირით და ა.შ.
სამსახურს შეკვეთილი აქვს ფიტოსანიტარული კვლევა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება და სრული სურათი გვექნება რა დაავადებები აქვთ ხეებს. მერე უკვე შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით დავგეგმავთ როგორ მოვიქცეთ.
დანიშვნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ. რომელ კომპანიებს შეხვდით?
ძალიან ბევრი სანერგე მეურნეობის წარმომადგენელს შევხვდი. მათ შორის ბევრ უცხოელსაც. ბევრისგან გამოვითხოვე ინფორმაცია, რა არჩევანი და რა ასორტიმენტი აქვთ, რათა ტენდერების გამოცხადებისას მცოდნოდა, რა პოტენციალი აქვთ ქართულ სანერგე მეურნეობებს. დავრწმუნდი, რომ აქვთ ეს პოტენციალი. აქვთ საკმაოდ ბევრი სახეობა.
შესყიდვისას თუ მოითხოვთ მათგან კონტეინერულ ნერგებს?
სწორედ ეგაა პრობლემა, რომ კონტეინერულ ნერგებს ეს სანერგეები საერთოდ არ აწარმოებენ. კონტეინერული ნერგები აქვს მხოლოდ სართიჭალის საბაზისო მეურნეობას. მე მივიჩნევ საჭიროდ, რომ ნერგი იყოს კონტეინერული ან კარგად შეკრული კომით, რომ დარგვისას გახარების კოეფიციენტი იყოს მაღალი. თუმცა დარგვა მაინც შემოდგომა-გაზაფხულზე სჯობს.
ჩვენ საქართველოში ხელი სანერგე მეურნეობების განვითარებასაც უნდა შევუწყოთ. ამის მერე შემოდგომით რომ გამოვაცხადებ ტენდერს, გამოვაცხადებ აპრილის ბოლომდე მოვლა-პატრონობით და აუცილებლად ჩავუწერ პირობას, რომ ის, რაც გამხმარია, უნდა ჩაანაცვლონ, რომ მერე უკვე გახარებულ ნერგებს გადაიბარებს ახალი კომპანია და უკვე ის იქნება პასუხისმგებელი მათ მოვლა პატრონობაზე. რათა ვინც დარგო, იმან არ თქვას, რომ შემდეგმა არ მოუარა და იმიტომ გახმაო ან, პირიქით.
რამდენად საკმარისი და კვალიფიციური კადრები გყავთ სამსახურში?
ამჟამად 33 თანამშრომელი და ხელშეკრულებით 4 ექსპერტი გვყავს, რაც არასაკმარისია. მე ალბათ დამჭირდება ლანდშაფტის დიზაინერები. მინდა რომ იყოს ერთი გამწვანების განყოფილება და აუცილებლად დაგვჭირდება ანალიზის, მონიტორინგისა და დაგეგმარების განყოფილება, რომელიც სწორედ თბილისის მწვანე დაგეგმარებაზე იმუშავებს.
პერსონალის ნაწილი, რომელიც კვალიფიციურია, ადგილს შეინარჩუნებს, მაგრამ უკვე ახალ სამუშაო აღწერილობებში ის თანამედროვე მოთხოვნები გვექნება, რომლებიც ისეთი დიდი ქალაქისთვის უნდა გვქონდეს, როგორიც თბილისია.
ქალაქს სჭირდება დიდი და კარგი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს მოაწერიგებს.
მქონდა შეხვედრა რამდენიმე ახალგაზრდასთან, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული ლანდშაფტური დიზაინის მიმართულებით, მერე ალბათ შემოიტანენ განაცხადებს და გადავხედავთ მათ კვალიფიკაციას.
ოპოზიციის წარმომადგენლებს თქვენი დანიშვნისას სატყეო სააგენტოშიც და შემდეგ უკვე მერიაშიც კითხვები ჰქონდათ თქვენს წარსულთან დაკავშირებით, კერძოდ კი იმ ბრალდების ირგვლივ, რომლის მიხედვითაც 2007 წელს ხე-ტყის უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში დაგადანაშაულეს. კონკრეტულად რას გულისხმობდა ეს ბრალდება როგორ მონაწილეობდნენ ამ საქმეში ის პირები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ? (დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი და გივი თარგამაძე)
2004 წელს დავინიშნე სატყეო დეპარტამენტის უფროსად. პირველი, რამაც ჩემი პერსონა მიუღებელი გახადა ის იყო, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის პოზიციის, რომ ტყეები სულ უნდა გასხვისებულიყო.
მეორე და გადამწყვეტი კი გახდა შემდეგი: უშიშროების მაშინდელი საბჭოს თავმჯდომარე და მერე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩართული იყვნენ კორუფციულ გარიგებაში ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, გასცემდნენ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს ვითომ იქ მოპოვებულ ხე-ტყეზე.
ცხადია, ეს იყო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არალეგალურად მოჭრილი ხე-ტყე, რომლის საექსპორტო ნებართვასაც სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი გასცემდა და ბუნებრივი რესურსის გადახდილი მოსაკრებელი ვითომდა ცხინვალის ბანკში გადაიხდებოდა.
მე უნდა გამეცა ამის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები. ვინმე თედეევის მოთხოვნით, მომივიდა წერილი. მე ამ დოკუმენტების გაცემაზე უარი ვთქვი, ამის გამო მომივიდა კონფლიქტი ახალაიას გამოგზავნილ ოფიცრებთან.
შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ ინტერესები, ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და ამას ვერ გავაკეთებდი. ამის შემდეგ მათ ცრუ მოწმეების საფუძველზე ცრუ ბრალდებით და კონტროლის პალატის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების დასკვნით შექმნეს სისხლის სამართლის საქმე, რომლის მთავარი დედაარსიც მდგომარეობდა შემდეგში:
რატომ არ გაყიდა ახალქალაქის სატყეო მეურნეობამ უკანონოდ მოპოვებული მორი აუქციონზე იმავე ფასად, რა ფასადაც იყიდებოდა ლეგალურად თბილისში ჩამოტანილი დახერხილი პირველი კლასის მასალის ფიცარი ელიავას ბაზრობაზე. და ეს განსხვავება, რაც ამ ორ მატერიალს შორის არსებობს, წარმოადგინეს როგორც ჩემ მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. ამან მიიღო ასეთი სახე - ეს პიროვნება აქ აღარ უნდა მუშაობდეს. კონტროლის პალატის ერთ-ერთ თანამშრომელს ნუგზარ ნაჭყებიას, რომელიც ზეწოლის ერთ-ერთი ობიექტი იყო, უთხრეს კიდეც, დაეწერა ისეთი დასკვნა, რომლის საფუძველზეც დამიჭერდნენ. მივხვდი, რომ მხოლოდ დაწერით არ დაკმაყოფილდებოდნენ და დავტოვე საქართველო. 2013 წელს კი სასამართლომ გააქარწყლა ჩემი ნასამართლეობა.
როგორ ხედავთ, არასამთავრობოებისა და საზოგადოების როლს? რა მექანიზმის ამუშავებას აპირებთ მათი ჩართულობისთვის?
ჩვენ ვქმნით საბჭოს, სადაც ჩავრთავთ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრია და საკმაოდ ძლიერებიც, ასევე ლანდშაფტურ დიზაინერებს, საბჭო მუდმივმოქმედი იქნება და მათთან ძალიან ინტენსიური მუშაობა გვექნება.
მე ასეთი თანამშრომლობა მქონდა არასამთავრობოებთან, როდესაც სატყეო პოლიტიკის დოკუმენტს ვქმნიდით. ძალიან ბევრი შენიშვნა ჰქონდათ და საბოლოოდ შედგა დოკუმენტი, რომელზეც შემდეგ არავის ჰქონია პრეტენზია, რომ მისი აზრი არ იყო გათვალისწინებული. ასე შეიქმნა ძალიან კარგი და სერიოზული დოკუმენტი. ასე ვაპირებთ მუშაობას აქაც.
Funded by the U.S. Embassy in Georgia
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.