Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შვიდი თავისუფლება - რას წერდა მიხეილ ჯავახიშვილი გაფიცვის თავისუფლების შესახებ 1906 წელს

22 მაისი 2018

მიხეილ ჯავახიშვილი - გაზეთი “გლეხი” - 1906, 28 ივნისი

იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი:

I პიროვნების ხელშეუხებლობა

ე.ი. არავის, არც მთავრობის კაცს, არც სხვას არ შეუძლია ტყუილუბრალოდ ვინმე შეურაცხყოს ან ავნოს რამე. არავის შეუძლიან დააპატიმროს ადამიანი, თუ ხელთ სასამართლოს დადგენილება არა აქვს. მოსამართლეს კი თავად ხალხი ირჩევს და ხელი არა აქვს სასამართლოს მოქმედებაში. მაგალითად, ინგლისში ამისთანა წესია: ვთქვათ, ვისმეზედ ეჭვი მიიტანეს, რომ მან ბოროტმოქმედება რამე ჩაიდინა ან დანაშაულობა რამე მიუძღვის და დააპატიმრეს. დაპატიმრებული 24 საათის (ხოლო იმ ადგილებში, საცა მსაჯული არ არის და იგი დაშორებულია), 3 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მსაჯულს. მსაჯული გამოუცხადებს, თუ რა ბრალსა სდებენ და დაუყოვნებლივ გამოიძიებენ საქმეს. თუ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებული დამნაშავეა, მაშინ მსაჯული წერილობით ბრძანებას გასცემს, რომ დამნაშავეს დაპატიმრება გაუგრძელონ, და სასამართლოში აძლევს. მსაჯულმა თავის ბრძანებაში უნდა აღნიშნოს დაპატიმრების მიზეზიც.

ხოლო თუ მსაჯულმა სცნო, რომ კაცი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, და გაათავისუფლა, პატიმარს უფლება აქვს სისხლის სამართალში მისცეს ის, ვინც მის დაპატიმრების ბრძანება გასცა, გინდ ეს დიდი მოხელეც იყოს, და აგრეთვე ისინიც, რომელთაც ეს ბრძანება აასრულეს. ნაპატიმარს შეუძლიან, აგრეთვე, მოსთხოვოს მათ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მას უსაფუძვლო დაპატიმრებამ მიაყენა. ხალხის მოხელე ან ის პოლიციელი, რომელმაც დააპატიმრა, თავს ვერ გაიმართლებს მით რომ, მე “უფროსმა მიბრძანაო”. უმცროსი მოხელე მოვალე არ არის, აასრულოს უფროსის ბრძანება, რომელიც უსაფუძვლოდ ან უკანონოდ მიაჩნია, და თუ ამისთანა ბრძანება აასრულა, იგი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

არცთუ ვინმეს ბინაში შესვლა, იქაურობის გაჩხრეკა და გადაქოთება შეუძლიან პოლიციას, ხელთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება არა აქვს, და ისიც მხოლოდ მზის ჩასვლამდის შეუძლიან. არავის შეუძლია წერილების გახსნა ფოსტაში, თუნდ უმაღლესი მოხელისაგან ჰქონდეს ნაბრძანები. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ აქვთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება. ამის დამრღვევი პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე.

ყველას, იქნება ეს ქართველი, სომეხი, თათარი, რუსი, ფრანგი ან სხვა რაიმე ტომის ან რჯულის კაცი, თავისუფლად შეუძლია, საცა უნდა იქ წავიდეს ან დასახლდეს, რა ხელობასაც უნდა იმას მოჰკიდოს ხელი, ან სხვადასხვა ქონება შეიძინოს. ქაღალდები კი, რომელშიც კაცის გვარი, სახელი, წლოვანება და სხვაა აღნიშნული (ეგრეთ წოდებული პასპორტები), და ურომლისოდაც ჩვენში კაცი ფეხს ვერ გაადგამს, განათლებულ ქვეყნებში უცხო ხილია. ამერიკაში ყველას იარაღის ტარების უფლებაც კი აქვს.

იმ ქვეყნებში, საცა პიროვნების ნამდვილი ხელშეუხებლობაა, შეუძლებელია, რაც ჩვენში ეხლა ხდება: იქ ვერ იფარფაშებს უბრალო ჩაფარი, ყაზახი, პოლიციელი ან აფიცერი, რომელთაგან თვითეული ჩვენში ნამდვილი მეფეა და მთელ ხალხს თავის ქეიფზე ათამაშებს. გუბერნატორი იქ ვერ გამოსცემს საგანგებო წესებს, რომლის ძალითაც უბრალო დანაშაულობისათვის კაცს სიცოცხლეს უსპობენ. შეუძლებელია იქ ტყუილ-უბრალოდ საომარ დროის წესების გამოცხადება, ხალხის დახოცვა და ქუჩაში ხალხის უდიერი ჩხრეკა, ცემა-ტყეპა და ყველა ის, რაც ჩვენებურს კაცს კარგა აქვს გაცნობილი.

II სინდისის და რწმენის თავისუფლება

ე.ი. ყველას თავისუფლად შეუძლიან თავის რწმენა, აზრი იქონიოს, თავის რჯულს მისდიოს. შეუძლია სწამდეს ღმერთი, უარჰყოს იგი, ერთი სიტყვით თავის აზრის, რწმენისა და რჯულის საქმეში არავის არ უნდა დაეკითხოს, არავის შეუძლია ძალით მოახვიოს ესა თუ ის აზრი, რწმენა და რჯული. მით უმეტეს არავის შეუძლია ამა თუ იმ აზრის, ან რჯულის გულისათვის შეაწუხოს, ან სდევნოს ვინმე. ყველა ეს სინდისის საქმეა და მისი შეზღუდვა, შევიწროება არავის შეუძლია.

III და IV თავისუფლება სიტყვისა და წერა-კითხვისა

ე. ი. ყველას თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი, რწმენა გამოსთქვას, დაწეროს ან დაბეჭდოს. ამისათვის ყველას თავისუფლად შეუძლია სტამბა იქონიოს და ჰბეჭდოს ყოველგვარი წიგნები, წიგნაკები, ჟურნალ-გაზეთები, ფურცლები და სხვა. და ყველა ამისათვის სრულიადაც არ არის საჭირო მთავრობის რაიმე ნებართვა. ამ წიგნაკებში, ჟურნალ-გაზეთებში, ფურცლებში ყველას თავისუფლად შეუძლია ანგარიში გაუწიოს ან გაჰკიცხოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედება, ძალიან წარჩინებულნიც რომ იყვნენ ეს მოხელენი. დაბეჭდილ წიგნაკების, ჟურნალ-გაზეთების და ფურცლების გავრცელება და ვაჭრობა ყველას თავისუფლად შეუძლია.

აგრეთვე ყველას შეუძლია თავისუფლად ლაპარაკი კრებებზე, ყრილობებზედ. ყველას თავისუფლად შეუძლია გაჰკიცხოს და ანგარიში გაუწიოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედებას და არავის შეუძლია ეს დაუშალოს.

ხოლო თუ ვინმემ ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება და ლაპარაკში ცილი დასწამა ვისმე, ჭორი გაავრცელა ან ტყუილი ცნობა მიაწოდა ხალხს, მაშინვე დამნაშავე პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

სიტყვის და წერის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ არის საჭირო, რომ მოხელეთა ძალმომრეობა შეიზღუდოს, თუ მსაჯული უკანონობას ჩაიდენს, მოხელე ქრთამს აიღებს ან დასჩაგრავს ვისმე, ვინ გამოესარჩლება უძლურს? თავისუფალი სიტყვა. რაკი თავისუფალი სიტყვის შემწეობით უკანონობას გაიგებენ, ხალხი ეცდება თავიდან აიშოროს და დასაჯოს ამისთანა უკანონობის ჩამდენი.

V თავისუფლება კრებისა

ე.ი. ყოველ ადამიანს სრული უფლება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა შეიკრიბნენ, რათა თავიანთ საქმეებზე  და სხვა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მოილაპარაკონ. ამისთვის სრულიადაც საჭირო არ არის მთავრობის რაიმე ნებართვა ან განცხადება. ხალხს შეუძლია მრავლად შეიკრიბოს და ქუჩა-ქუჩა იაროს სიმღერით, დროშებით და სხვა. არც თუ ამის დაშლა შეუძლია ვისმე, ამ კრებებზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი სხვა და სხვა საგნებზე, მთავრობის, მოხელეთა მოქმედებაზე და სხვა...

კრების თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისათვის, რადგან ხალხს თვითმოქმედებას აჩვევს...

VI კავშირგაბმულობის თავისუფლება

ე.ი. თუ რაიმე მიზნის მისაღწევად რამდენიმე კაცს შეერთება, შეკავშირება სურს, არავის შეუძლია ამის დაშლა. კავშირების შედგენა ერთობ ესაჭიროებათ მუშებს და გლეხებს. და საზოგადოდ მათ, ვინც სხვა და სხვა მეპატრონეთაგან არის დაჩაგრული და შევიწროებული. მეპატრონენი და მემამულენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სისხლი

VII გაფიცვის თავისუფლება

ე.ი. ქარხანა-ფაბრიკის, სოფლის მუშებს საზოგადო სავაჭრო, საზოგადოებრივ და საქალაქო დაწესებულებაში მოსამსახურეებს, თუ მათი გაჭირვება აუტანელი გახდა, შეუძლიანთ გაფიცვა გამოაცხადონ, ე. ი. მუშაობაზე ხელი აიღონ და ამისათვის პასუხს არ აგებენ.

თუ გაფიცვის თავისუფლება არ არის, კავშირების თავისუფლება მაშინ ფუჭი სიტყვა იქნება, და ხალხს არ მოუტანს იმ სარგებლობას, რომლის მოტანაც შეეძლო. ერთმა მუშამ მუშაობა აღკვეთოს, მეპატრონე მაშინვე დაითხოვს, მაგრამ თუ მრავალი მუშა, მთელი კავშირი სწყვეტს მუშაობას, მაშინ მეპატრონე იძულებულია დაუთმოს, რადგან თვითეული მოცდენილი დღე მას დიდ ზარალს აყენებს. ხოლო მუშების დათხოვნა არ შეუძლიან, რადგან დათხოვნილ ამხანაგების ადგილის დაჭერას არავინ იკისრებს.

ამრიგად, რათა კავშირის მოქმედებას რამე ნაყოფი ჰქონდეს, საჭიროა კავშირების თავისუფლებასთანავე გაფიცვის თავისუფლებაც არსებობდეს; ხოლო თუ გაფიცვის თავისუფლება არ იქნება, მაშინ ყოველ გაფიცვაში მთავრობა ჩაერევა თავის ჯარით და პოლიციელებით და მუშებს გაფიცვას შეაწყვეტინებს, რადგან მუშები გაცილებით სუსტნი არიან, ვიდრე მეპატრონეთა და ჯარის კავშირი. ამრიგად, ყოველ მშრომელს გაფიცვის თავისუფლება ისევე ესაჭიროება, როგორც დანარჩენი თავისუფლება.

ამრიგად, პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა- წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^