Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

21 წელი სოხუმის დაცემიდან - მოგონებები

27 სექტემბერი 2014

1993 წლის 27 სექტემბრიდან, სოხუმის დაცემიდან, 21 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

 21 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბრიდან, სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

დღესაც, 21 წლის შემდეგ, ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი ადამიანები საკმაოდ მძიმედ იხსენებენ სოხუმის დაცემის ტრაგიკულ მოვლენებს.

 

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლი:

სექტემბრის დასაწყისია, სიტუაცია რთულდება და სოხუმში სახმელეთო გზით („ტრასით“) შესვლის მცდელობა, რომლის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობაც მოგვეცემოდა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ვერშემდგარი მოლაპარაკებების გამო უშედეგოდ სრულდება. კარგი ეკიპაჟებისა და ტექნიკის წაყვანა ერთიანად გამოირიცხა.

ქალაქში შესვლის მეორე ვარიანტი - სენაკის ბაზიდან თვითმფრინავებით გადაფრენაც არ გამოვიდა. სოხუმის აეროპორტი არ გვიღებდა. ჩვენმა დაზვერვამაც მოსალოდნელი სამხედრო ინციდენტის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

თვითმფრინავიდან ჩამოვედით, ფოთში დავბრუნდით და შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე გამოუსადეგარი სამოქალაქო კატერებით დავიძარით სოხუმისკენ. ქალაქმა კვლავ არ მიგვიღო და გადაწყდა, რომ ოჩამჩირეში ჩამოვსხდებოდით, სადაც დისლოცირებულ დაჯგუფებას შევუერთდებოდით. ასე აღმოვჩნდით ოჩამჩირეში.

აქ საკმაოდ დიდი დაჯგუფება შეგროვდა, გაჩნდა გარკვეული ოპტიმიზმი. თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ დაჯგუფებას ერთიანი ხელმძღვანელობა არ ჰყავდა. რამდენიმე გენერალი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის უფროსუმცროსობა, არც იურიდიულად და არც დე ფაქტო, არ იყო მკაფიოდ განაწილებული. ეს ფაქტი გარკვეულწილად დაღს ასვამდა გადაწყვეტილებების მიღებას. რაც მთავარია, დაიწყო სამხედრო მოძრაობები, რამაც ეს ოპტიმიზმი გააქრო.

პირველი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა - ახალდაბამდე საკომუნიკაციო ხაზი (გზა) გავწმინდეთ, სიმაღლეც დავიკავეთ; ახალდაბის დაკავების შემთხვევაში სოხუმთან კომუნიკაცია აღდგებოდა. ის სამხედრო ძალა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ფაქტობრივად გარანტი იქნებოდა, რომ სოხუმი არ დაკარგულიყო.

სწორედ ამ დროს მოხდა გაურკვეველი ამბები:

პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეული ბატალიონის მეთაური ვიყავი. გაუგებარი იყო, რატომ აღმოჩნდა ჩემი კარგად ორგანიზებული ბატალიონი დაკავებულ სიმაღლეზე, სიმაღლეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო თავდაცვითი და არა შეტევითი ოპერაციისთვის. გამოჩნდა დაჯგუფებები, რომლებსაც მეთაურები არ ჰყავდათ. მივაგენით და შევიერთეთ 30-40-კაციანი ლეგიონი, რომელსაც ასევე არ ჰყავდა  მეთაური.

დაზვერვამ ინფორმაცია მომიტანა, რომ აფხაზური დაჯგუფებები ახალდაბას ამაგრებდნენ. ჩვენი შეტევები არც ისე კარგად იყო ორგანიზებული და თანაც გვიანდებოდა. 20-21 სექტმბერს მოგვივიდა ცნობა, რომ სოხუმს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ამ დროს ჩვენ უმოქმედოდ ვიდექით...

გენერალთა დიდმა ყრილობამ ახალდაბაზე შეტევა გადაწყვიტა. სამი დღის განმავლობაში მიდიოდა ბრძოლები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ  შეტევა ყველაზე ხელსაყრელ დროს - დილით - ინიშნებოდა, არაორგანიზებულობის გამო 6-ის ნაცვლად 12 საათამდე არ იწყებოდა. ახალდაბაზე განხორციელებული შეტევებიც სწორახაზოვანი და მოწინააღმდეგისთვის ადვილად მოსაგერიებელი იყო. მეორე თუ მესამე შეტევის დროს შემოვლითი მანევრის განხორციელების მცდელობაც იყო. თუმცა არაკოორდინირებული მოქმედებისა და დაბალი სამხედრო განათლების გამო ისე მოხდა, რომ ორმა ქართულმა ქვედანაყოფმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. შეტევა იმ დღესაც ჩაიშალა.

განუწყვეტლივ ერთი და იმავე ქმედების გამო ბოლო შეტევისას მოწინააღმდეგემ არტილერია გამოიყენა. თუ არ ვცდები, დაიღუპა გვარდიის მანგლისის ბატალიონის მეთაური, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, აგვიფეთქეს ტექნიკა.  ამ ყველაფერმა ჩვენზე მორალურად იმოქმედა.

ერთადერთი გზა და ხსნა ახალდაბის გახსნა იყო, რაც იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ არ არსებობდა კოორდინაცია, ერთმმართველობა, სამხედრო მეთაური, რომელიც აიძულებდა და დასჯიდა იმ მებრძოლებს, რომლებსაც შეტევაზე წასვლა არ უნდოდათ. ამ ყველაფერის გამო ახალდაბაზე შეტევა ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა. ამით დასრულდა ყველაფერი. 24 სექტემბრიდან სოხუმს ცალკეული მორალურად გატეხილი  მებრძოლები ტოვებდნენ, რომელთა შეკავება, ან რომელიმე ქვედანაყოფში ჩარიცხვა არ მოხერხერდებოდა -  უამრავ თოფიან ადამიანში, როდესაც არც კონტრდაზვერვა მუშაობდა არც რაიმე საინფორმაციო ბაზა არსებობდა, ამდენი უცხო პირის შეკრება რთული და სახიფათო იყო. 

გარკვეული ოპტიმიზმი მას შემდეგ გაჩნდა, როცა ქობალიასთან ერთობლივად შეტევის შეთანხმება შედგა. თუმცა პირველი ერთობლივი შეტევა ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფაქტორის გამოკვეთით დასრულდა.

ამ პერიოდში ერთ დღეს ზვიად გამსახურდიას კორტეჟმა ჩაგვიარა. სავარაუდოდ, სანაპიროსთან განლაგებულ ლოთი ქობალიასა და მის დანაყოფებს შეხვდა. ცოტა ხანში ეს კორტეჟი უკან გაბრუნდა. ჩემთვის უცნობია მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ ფაქტია, გამოცხადდა, რომ ერთობლივი ოპერაცია აღარ ჩატარდებოდა. ლოთი ქობალიას ქვედანაყოფები  წინა ხაზიდან მოიხსნა და ჩვენ უკან განლაგდა. ეჭვი და უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა - ამ განლაგებით, ჩვენი, ანუ გვარდიის ალყაში მოქცევა ძალიან გაუადვილდებოდათ.

ორი დღის განმავლობაში შტაბთან კავშირი არ გვქონდა, სიტუაციის გასარკვევად ცაგერაში ჩასვლა გადავწყვიტე, სადაც აღმოჩნდა, რომ გვარდიის შტაბი ფაქტობრივად აღარ არსებობდა, აქ უკვე ლოთი ქობალიას ხალხი იყო განლაგებული. ნათელი გახდა, რომ ოჩამჩირის დაჯგუფებამ უკან დაიხია. რამდენიმე საათით ადრე პოზიცია შეუცვლიათ და ოჩამჩირეში განლაგებულან.

სამწუხაროდ, ვერ მივაგენით ისეთ ადამიანს, ვინც კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად ცაგერაში განთავსებული სამეთაურო მანქანიდან ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას მოახერხებდა, ვინც კოდები იცოდა და ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო. პარალელურად ჩემმა მებრძოლებმა გადმომცეს ინფორმაცია, რომ ჩვენი ბლოკირების შესახებ მსჯელობა მიდიოდა და საკმაოდ სწრაფად მივიღე ცაგერას დატოვების გადაწყვეტილება. გზა გადაიკეტა, ამ დროს ჩემი კოლონა სოფლიდან უკვე გამოსული იყო.

27 ან 28 სექტემბერს ოჩამჩირეში მყოფ დაჯგუფებას შევუერთდი (გვარდიის ქვედანაყოფები ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, პირველი საარმიო კორპუსის ნაწილები, მეორე საარმიო კორპუსის ქვედანაყოფები, 25-ე ბრიგადა, მისი პირადი შემადგენლობის ნაწილითა და 11 ტანკით, ასევე, წვრილ-წვრილი ქვედანაყოფები), რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, თითქმის ორიათას კაცამდე, ტექნიკაც იყო, მაგრამ არ არსებობდა მიზანი, არ გვქონდა ამოცანა, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად უარი თქვა მკაფიო განკარგულებების გაცემაზე.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი მიმართულებით დევნილთა ნაკადი არ წამოსულა - აფხაზებს გზა არ გაუხსნიათ, შესაბამისად, სოხუმის მთელმა მოსახლეობამ რეგიონი კოდორის გზით დატოვა. თითქმის დაცლილი ოჩამჩირიდან დევნილთა ნაკადი მცირე იყო. ერთადერთი იყო გალი, სადაც გავრცელდა ჭორი, რომ აფხაზები გალს არ დაიკავებდნენ, მაგრამ თავში არავის მოსვლია, რომ გალს დაცვა სჭირდებოდა.

ამ ვითარებაში საუბარი ფოთის გადარჩენის შესახებ დაიწყო. ამ პერიოდში დაეცა ფოთი, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები შევიდნენ და არსებობდა ვერსია, რომ ისინი თბილისს შეუტევდნენ. სავარაუდოდ, ამის გამო არ გაიცა განკარგულება გალის დაცვის შესახებ.

ჩემთვის გაუგებარი იყო გალის მოსახლეობის ნეიტრალური დამოკიდებულება, ისინი საერთოდ არ გრძნობდნენ საფრთხეს, თითქოს ეს ტრაგედია მათ არ ეხებოდათ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ გალს არავინ დაიკავებდა. მათი ხელმძღვანელობა თავისთავად ინფორმირებული იქნებოდა, რომ სამთავრობო ჯარები გალში არ განლაგდებოდა. ხედავდნენ, რომ გამოვდიოდით და ამას უემოციოდ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე იღებდნენ - თითქოს არც არაფერი ხდებოდა...

 

თადარიგის პოლკოვნიკი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე

სოხუმის დაცემაზე რთულია საუბარი. ამ პერიოდში მებრძოლებთან ერთად (130 კაცი) ამოცანა გვქონდა - სასიცოცხლო არტერიის, ანუ გზის გაკონტროლება ცაგერადან - ახალდაბამდე. ბრძოლებს, რომელიც ამ გზის გასათავისუფლებლად გაიმართა, ქართული ძალებისა და ტექნიკის სოხუმში შესვლა უნდა გაეხადა შესაძლებელი.

პრობლემა ის იყო, რომ ხელშეკრულებით, რომელიც ზაფხულში დაიდო, მხარეების დაშორიშორება მოხდა. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩანაფიქრი იყო და მას ქართული სამხედრო შეიარაღებული ნაწილების განიარაღება, არტილერიისთვის დამცემი მექანიზმების მოხსნა და კონფლიქტის ზონიდან ტექნიკის მაქსიმალური მანძილით გამოყვანა მოჰყვა. იგივე უნდა გაეკეთებინა აფხაზურ მხარეს, მაგრამ მათ ხელშეკრულება დაარღვიეს. ძირითადად ყველა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ფორმდებოდა, ყოველთვის მოწინააღმდეგე მხრიდან ირღვეოდა, გარკვეულწილად ჩვენ ეს გამოცდილება გვქონდა და ასეთ შემთხვევებში ფრონტზე შეიარაღებული ძალების გადაწყობისთვის თუ მოვიგებდით მცირე დროს.

ტამიშის დესანტიდან მოყოლებული, როდესაც რუსები პირდაპირ და ღიად ჩაერივნენ ამ კონფლიქტში, მათი გენშტაბის უფროსი ფაქტობრივად ყოველდღე აცხადებდა, რომ სოხუმი უნდა დაცემულიყო, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაინტერესებული იყო ამით და მიდიოდა პოლიტიკური ვაჭრობა შევარდნაძესთან. ერთ-ერთი საუბრისას, რასაც მე სოხუმში შევესწარი, რუსები აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი დივიზიის შემოყვანას მოითხოვდნენ - სოხუმზე შეტევები უნდა შეჩერებულიყო, იქით მხარეს აფხაზები გააკონტროლებდნენ, აქეთას - ქართველები, ორივე მხარეს კი რუსული დივიზიები იდგებოდა. რამდენადაც მახსოვს რუსები აზერბაიჯანის მიმართულებით შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე გატარებასაც მოითხოვდნენ. მაშინდელი ხელმძღვანელობა ამაზე ვერ წავიდა. ეს სოხუმის ბოლო დღეები იყო. მანამდე კი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირდაპირი ვაჭრობა მიდიოდა. მაშინ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გარდა დომინანტი ძალა არ არსებობდა - სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების მოწოდების მხრივ მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული.

ადამიანის მეხსიერება ასეთია - კადრებად წამოგიტივტივდება მოგონებები. ეს ხშირად ხდება, განსაკუთრებით როცა მარტო ხარ. ალბათ ასაკიც თავისას შვება და ნელ-ნელა წარსულის ქექვას იწყებ.  ხშირად მახსენდება როგორ გამოდიოდა დამარცხებული ქართული არმია, მოსახლეობა, დემორალიზებული პირადი შემადგენლობა, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს საოცრად მამაცები და შეუპოვრები იყვნენ. ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რასაც დამარცხებული არმიის, წაგებული ომის სინდრომი ჰქვია, ვერავინ უძლებს. მახსოვს ადამიანთა სახეები, ოჯახები - ხელსგამოყოლებული თითო-თითო ნივთით, მოტირალი ქალები და  ბავშვები, უმძიმესი კადრებია გადასატანად და მოსაგონებლადაც. მახსოვს ჯარი, რომელიც გადადიოდა სვანეთზე იმ მძიმე პირობებში, მუხლამდე თოვლში, მახსოვს ის სამოქალაქო ომი, რომელიც ხელახლა გაჩაღდა, მახსოვს კადრები, როდესაც ქართველები - ქართველებს დაუნდობლად იმეტებდნენ დასაყაჩაღებლადაც, მოსაკლავადაც, საშინელებები ხდებოდა.

იმედის ის ნაპერწკალიც მახსოვს, რომელიც მინავლდა. საერთო ჯამში, 3 სექტემბრიდან, იმ არშესრულებული ხელშეკრულებიდან მოყოლებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, წელიწადი და ერთი თვე მოგვიწია ამ ომის, იმ ვაჟკაცობის, იმ თავგანწირვის ხარჯზე შენარჩუნება, რასაც სხვადასხვა მონაკვეთზე პირადი შემადგენლობა აკეთებდა. 

საბოლოოდ, ყველაფერი რაღაცით სრულდება, არსებობს რაღაც ლიმიტი, ამ ყველაფერსაც ლიმიტი ჰქონდა - მათ შორის ვაჟკაცობასაც, სულ ერთი და იგივე ხალხი იბრძოდა, გადაიღალნენ, გაცვდნენ - დაიჭრებოდა მებრძოლი, იმკურნალებდა და ბრძოლის ხაზზე ბრუნდებოდა. ერთმანეთის ხათრით, ერთმანეთის გვერდში დგომით შეწირულებივით ვიყავით...  ამის უკან არ იდგა სახელმწიფო იდეოლოგია, რეალური პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე რეალური მიდგომა - რა გვინდოდა, რა მოლოდინი გვქონდა, რა იყო ამ ომის ამოცანა?! თუკი ვინმე ფიქრობს, რომ იმ ტერიტორიას აფხაზებისგან გავწმენდდით და ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებდით - ეს აბსურდია. არ ყოფილა ამის მცდელობა, ეს იყო პროპაგანდისტული ელემენტები, რომელსაც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა იყენებდა; მეოცე საუკუნეში არავინ დაუშვებდა გენოციდის ფაქტს. არადა, აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდას ჰქონდა ადგილი.

მაშინ არ არსებობდა ერთიანი მიდგომა, ერთიანი პოლიტიკა.  ერი, საზოგადოება არ იყო კონცენტრირებული იმ პრობლემაზე, რასაც ომი ერქვა. მაშინ ვერ გავაცნობიერეთ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ბარიკადის რომელ მხარეს ვიქნებოდით, საერთო ჯამში საქართველო წააგებდა, იმიტომ რომ ის არ იყო ერთიანი, წააგებდა ომს, რომელიც თავიდანვე განწირული იყო წასაგებად. 

 

ვასილ გოგოლაძე, თადარიგის პოლკოვნიკი

წარმოვადგენდი  55060-ე ნაწილს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო, როგორც „გომბორის“ ბატალიონი. „გომბორის“ ბატალიონის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც  ( ბევრი სხვა ქვედანაყოფის მსგავსად) ძირითადად მოხალისეებისგან შედგებოდა, აღმოსავლეთ მიმართულებით, კერძოდ კოდორის ხიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალყის გარღვევას ცდილობდა. 

დროის დინებას ერთდროულად მიაქვს როგორც უაზრო სიხარული, ასევე წყენა და რჩება ფაქტები. სამწუხაროდ, ბევრ ისეთ რამეს ვხედავდი, რაც შემდეგში 2008 წლის ომის დროსაც განმეორდა.

ოჩამჩირის მიმართულება რომ ავიღოთ, იქ გენერლების კოლოსალური რაოდენობა იყო თავმოყრილი, ამ დროს კი ძირითად გადაწყვეტილებებს სისტემის გარეშე მყოფი ადამიანი, იგივე - თენგიზ კიტოვანი - იღებდა. კიტოვანი ამ დაჯგუფებების არაფორმალური ლიდერი უფრო იყო. არსებობდა შიდა შუღლიც, საერთო ჯამში კი, რომ გადავხედოთ, ყველაზე პატიოსნად ე.წ. პატიმართა საძმოს მოხალისეები იბრძოდნენ.

... ფრონტამდე მისასვლელად ჯერ ლოთი ქობალიას კორიდორი უნდა გაგევლო, უკან რომ წამოსულიყავი კვლავ ეს კორიდორი უნდა გამოგევლო.

აფხაზეთის ომის დასაწყისში „თეთრი არწივის“ დაზვერვის უფროსი ვიყავი, შემდეგ ამავე დარგის კონსულტანტი „გომბორის“ ბატალიონში. მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ჩვენთან პრიორიტეტი იყო. ამ პერიოდში იქითა მხრიდან ძირითადად რუსები - ჩრდილოკავკასიელები და ე.წ. კაზაკები იბრძოდნენ. რამდენადაც ვიცი, მათი დიდი ნაწილი უკან ცოცხალი ვერ დაბრუნდა, რადგან მათ შორისაც გარჩევებს ჰქონდა ადგილი.

დაზვერვა მხოლოდ ფილმებშია საინტერესო სანახავი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ისეთებიც იყვნენ, უდიდესი რისკის ფასად ერთად რომ ვცდილობდით ცნობების მოპოვებას. არც იმ ადამიანების ნაკლებობა იყო, გამუდმებით რომ ცრუობდნენ, ხელმძღვანელობაში კი ისეთ ადამიანებსაც შეხვდებოდით, რომლებიც ტყუილებს იჯერებდნენ, საკუთარი სისხლით მოპოვებულ ინფორმაციაზე კი გვეუბნებოდნენ, რომ დეზინფორმაცია იყო. 

ზოგჯერ ისეთი რაღაც დაგხვდებოდა ნალაპარაკევი ისეთი ადამიანების მიერ, რომ ჯობდა არსად არაფერი გეთქვა. სოხუმის დაბომბვების პერიოდში ერთი საიდუმლო ოპერაცია ჩავატარეთ - შევიძინეთ შეიარაღება, რომლითაც თვითმფრინავების ჩამოგდების ალბათობა ძალიან მაღალი იყო. სოხუმში ჩასულებს, პირველი ორი დღე არავისთან არაფერი გვითქვამს. ამ დღეებში ორჯერ გამოჩნდა თვითმფრინავები სოხუმის ცაზე, შემდეგ კი გაქრნენ. ნუ დაგვავიწყდება, ეს ის პერიოდია, როცა ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა. სიტუაციაში გარკვევა დავიწყეთ და იქითა მხრიდან მოგვივიდა ამბავი, რომ ჩვენი ჩამოსვლის შესახებ იცოდნენ. მათი დაზვერვაც ძალიან კარგად მუშაობდა. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენზე გაცილებით მეტი იცოდნენ, ვიდრე ჩვენ - საკუთარ თავებზე.

ადამიანის გონება მაქსიმალურად ცდილობს ცუდი ამბების დავიწყებას. სოხუმის დაცემის შემდეგ, უკვე სვანეთში, ერთ-ერთმა დევნილმა ქალმა, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა, ადგილობრივ ოჯახს რძე სთხოვა, სანაცვლოდ კი ფული მოსთხოვეს;  მესტია-უშგულის მონაკვეთზე ავტობუსი დააყაჩაღეს, ოთხი ადამიანი დაიღუპა... ადამიანები, რომლებიც ომს გადაურჩნენ...

 

არსებული მონაცემებით 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარსიკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^