Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გემოთაყვანებაი იგი

24 მაისი 2018

მაისი გემოების თვეა. საკუთარი და სხვისი ახალი ღვინოების აღმოჩენის დრო. ჩვენც საკუთარი ქვევრებიდან დავიწყეთ და მივდექით ჯერ მეგობრების, მერე - ნაცნობ-უცნობების ღვინოებს, განუკითხავად წარმომავლობისა, კანის ფერისა და ასაკისა. კახურებს წელს ცეცხლი მოჰკიდებოდათ. შარშანდელი გვალვიანი მოსავლის შემდეგ რქაწითლებისა და ქისების ალკოჰოლი ზოგიერთი ზვრებიდან 16-საც კი ურტყამდა.

ჩვენებიც საინტერესოები გამოდგნენ. ვინო მარტვილის ბიჭებმა (ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა) ახალ ღვინოებში გაცილებით ნაკლები ჭაჭა ჩართეს. ამიტომ შარშანდელ მოსავალთან შედარებით, 2017-ის ცოლიკოური და კრახუნა გაცილებით მხიარული, მსუბუქი და იმერულად მოჭიკჭიკე გამოუვიდათ. ასეთი ხალასი ღვინოები ამ ერთი წლის წინ კვალითში, არჩილ გუნიავასთან გავსინჯე და ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა. ისე კი, თუ დავივიწყებთ, რომ მეტი ჭაჭა მეტი თავსატეხია, კახური მეთოდით დაყენებული იმერული ღვინოებიც არანაკლებ მიყვარს. ჩემთვის, დასავლეთის მაღალმჟავიანებში ტანინები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ბევრი კახურის შემთხვევაში. ვინო მარტვილის ე.წ. პორტფოლიოს ახალი ღვინოებიდან განსაკუთრებით საინტერესოდ თავი გაგვაცნო მსუბუქი სხეულის, ელეგანტურმა ალადასტურმა როხიდან (ბაღდათი). ორბელური ოჯალეში კი, როგორც ყოველთვის, ნაადრევად დაბრძენებული ყმაწვილივით ჭკუადამჯდარი გამოდგა.

ჩემი ახალი ქვევრების გახსნას, რა თქმა უნდა, დიდი გულისფანცქალი და მუცელში მოუსვენარი პეპლების ძრწოლა ახლდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექვსი თვის მანძილზე შუშის სარქველიდან ამოწრუპულ ცოტ-ცოტა ღვინოს მუდმივად ვსინჯავდი და მორალურადაც მზად ვიყავი, რომ ჩემი ნაქები, შიშველი, თეთრი ოჯალეში წელს არ მექნებოდა...

ცოტა სასაცილო ამბავია და ძალიან ტიპიური იმის თაობაზე, რომ ხუთოსანი გოგოები მარანში მაინც ქმრებს, მამებს, ან ძმებს ვუჯერებთ. დამიყოლია ზაზას დაჟინებულმა რჩევამ, ქვევრში ღვინისთვის ცოტა ჭაჭა მიმეცა. მისი აზრით, აცივების, ან მოთოვის შემთხვევაში დუღილი შეიძლებოდა, დროზე ადრე შეჩერებულიყო. მერე ჩემს თავზე გული მომდიოდა - როგორ შეიძლება, ქვევრში ასე მომხდარიყო, როცა 2015-ში უჟანგ ჭურჭელში ყოჩაღად დადუღდა-მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი სავიზიტო შიშველი ოჯალეში არც ისე ტიტლიკანა და მეტიც, გვარიანად შემოსილი გამოდგა.

მოკლედ, წელს ნამდვილი „ქალების დასალევი“, ვარდისფერი ღვინოები გამომივიდა - ოჯალეში მარტვილიდან (სხვათა შორის, არა ტეხურის ხეობა, არამედ - ბანძა), ძელშავი ამბროლაურიდან (ბოსტანა) და ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან (ორბელი). სამივე ღვინო ჭაჭის, თითქმის, ერთსა და იმავე რაოდენობას ეხებოდა, 3-4 კვირით. ორბელურ ოჯალეშს, რომელიც ყველაზე დიდ ჭურში იყო, ნაკლებად კონცენტრირებული ჭაჭა მოუწია, მაგრამ მაინც ყველაზე შეფერილი გამოდგა. სხვათა შორის, ამ საქმის საუკეთესო მცოდნეებს დავეკითხე ვარდისფერების ამბავი. ელის ფეირინგმა მითხრა, როზეებს, ინდუსტრიულებისგან განსხვავებით, ბუნებრივ მეღვინეობაში არაფერი უშავთო. კრის ტერელმა კი დამაიმედა, ამერიკაში ვარდისფერ ღვინოებს ძალიანაც ეტანებიანო.

მეგრული ოჯალეში წელს, მართალია, განსხვავებულ სურნელსა და გემოს ასხივებს, თუმცა ზნე „კოჭებშივე“ ნაცნობია. ახლად დაღვინებული, ცოტა არ იყოს, ინფანტილურია. თითქოს, სუნთქვა არ ჰყოფნის, რომ გემოვნური თვისებები გამოამზეუროს. ამიტომ ჯერაც უხეში მჟავიანობით ცდილობს, დაიპყროს პირის გემო. რამდენიმე თვეში კი საოცრად მოქნილი ხდება და ეს უმწიფარი სიძელგე მოულოდნელად რბილ, ხავერდოვან და ნაზ გემოებში გადაიზრდება.

Zero Compromise-მდე ორიოდე დღით ადრე ჩვენს ოდას, უკვე მეორე წელია, დიდი და ძალიან გაცნობიერებული ჯგუფი სტუმრობს - სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის ბარის მფლობელები, თვით მეღვინეები - ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ეს ერთგვარი მოთელვაა ბუნებრივი ღვინის ფესტივალის წინ, თუმცა სტუმრების წარმომადგენლობა ჩვენს მხიარულ ნადიმს არაფრით ხდის მოსაწყენს.

აქ არის კრის ტერელი - ქართული ღვინის ქომაგი და მეგობარი ამერიკიდან, ჩემი ღვინის იმპორტიორი; ფაბიო ჯეა, იტალიელი მეღვინე პიემონტიდან, თავის 2 წლის ლეონარდოსთან ერთად. ფაბიოს, როგორც მამის სიმშვიდე, სისხარტე და მოთმინება ოდას კეთილშობილ მანდილოსანთა, დედათა და ბავშვთა კოლექტივში განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს; ალექსანდრე და ანა ამსტერდამიდან, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში. ისინი ღვინის ყველაზე „მაღალი სირთულის მარშრუტებს“ გადიან, რომ ამსტერდამში, თავიანთ მოძრავ ბარში - Le Carton - აქაური ახალი გემოები მეგობრებს გააცნონ; ალექს ალანი ნიუ-იორკიდან, ქვევრის ღვინის დიდი გულშემატკივარი - ჩვენთან მესამედაა და ყოველი სტუმრობისას მიმტკიცებს, რომ ის, რასაც ვაკეთებ, სიგიჟეა, კარგი გაგებით; ბიოდინამიკოსი მეღვინე - ოლივერ კუზანი ლუარადან. ისე საინტერესოდ გვიამბობს საკუთარ გამოცდილებაზე, შეუძლებელია, სამეგრელოში ცხენების მიერ მიწის დახვნის იდეამ არ აგიტაცოს; უცნობი და კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც მიცნობენ, როგორც 2016 წლის ვარდისფერი ორბელური ოჯალეშის მწარმოებელს. მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, როგორი მოწონებით სარგებლობს ლეჩხუმის ზვრების ნაჟური და მარტვილის მარანში დაწურული მთისბროლივით სუფთა ღვინო ამერიკის ბუნებრივი ღვინის ბარებში.

რეტდასხმა და მაღალი წნევა 11-ში ფაბრიკაში გადაინაცვლებს. ბუნებრივი ღვინის ზეიმზე - Zero Compromise. უფროსი, ძვირფასი მეგობარი, რეჟისორი ლევან კიტია მეკითხება, შენთვის რა გზავნილია „ყველაფერი, ან არაფერიო“ (ფესტივალის ლოზუნგია). რა და, ვფიქრობ, აქ საკითხი ეთიკურად დგას. გაცილებით მარტივად, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით, რადიკალურმა მოწოდებამ დაგვაფრთხოს. ყველაფერში, პირადად, მე ბუნებასთან მეგობრობას, მის ჭვრეტას, კვლევას და მადლიერებას ვგულისხმობ, ღირებულისა და სარგებლის (არამატერიალურიცა და მატერიალურიც) სინერგიას, არაფერში კი - ამ იდეის უკმარისობას. ილია ჭავჭავაძეც - ბუნებური ღვინოების ქომაგი - ასე ხედავდა საკითხს. მისი აზრით, საქართველოში მევენახეობა ყოველთვის „ქონებრივისა“ და „ზნეობრივის“ ჰარმონია იყო. ამ თვალსაზრისით ჩემში უმეტესად რომანტიზმი ჭარბობს, ვიდრე - საქმოსნობა.

Zero Compromise 2015 წელს დაარსდა. პირველი გამოშვება მოკრძალებულად მოეწყო ღVino Underground-ში, მაგრამ მაშინაც ძალიან საინტერესო სტუმრები ესწრებოდნენ - კარლა კაპალბო, სილვი ოჟერო, მადს კლეპი და სხვები. მეორე შარშან ჩატარდა. წლევანდელმა, მესამე გამოშვებამ, უკვე საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ღვინოების გვერდით გამოჩნდა ეტნას, პიემონტის, ტოსკანას (ჯილიო), კატალონიის, კალიფორნიის, ლუარას, რონას (სან-ჟოზეფი), პორტუგალიის ღვინოები.

განსაკუთრებით ბევრ ხალხს თავი მოეყარა ვენსანის და ოქრო ჯონის მაგიდებთან, სადაც ცქრიალა შადრევნები ჩქეფდა. იყო ბოთლების ჰაერში ატაცება და გადაწოდება - ურთიერთობის საუკეთესო საშუალება ადამიანებისა, რომლებმაც ერთმანეთის ენა არ იცოდნენ. ფაბრიკის სადა, ჭრელმა და ახალგაზრდულმა სივრცემ ბუნებრივი ღვინოები იდეალურად მოირგო. ბოლოსკენ ცოტა მოწვიმა. დანამული მიწის თუ ეზოს ფლორის არომატებმა თრობის ღელვა გააძლიერა.

ეს ერთი მხარე - მხიარული, საზეიმო და ემოციურად მომნუსხველი. მეორე მხრივ, ფესტივალს ძალიან ბევრი გამოცდილი და საჭირო ადამიანი სტუმრობდა - იმპორტიორები, ღვინის მწერლები, სომელიეები, რომლებიც საქართველოში სწორედ ამ ორი ფესტივალისთვის - Zero Compromise და ახალი ღვინის ფესტივალი - ჩამოდიან მაისში. მათგან ბევრი დიდი ხანია, მუშაობს აქაურ მარნებთან, ზოგი - ახლა იწყებს, ზოგს ფუნდამენტური ნაშრომები მიუძღვნია ქართული ღვინისთვის, ზოგის გონებაში ციმციმ იბადება იდეები.

უშუალოდ Zero Compromise-ზე სამი ახალი საექსპორტო ბაზრიდან მივიღე წინადადება. სურათი ძალიან დამაიმედებელია და ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვან სოციალურ საკითხთანაც იკვეთება. მცირე მარნებს უჩნდებათ დიდი პერსპექტივები მსოფლიოს იმ ბაზრებზე, სადაც ბუნებრივ ღვინოს განსაკუთრებით აფასებენ - აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, საფრანგეთი და სხვ. ეს, მინიმუმ, ნიშნავს, რომ გაისად ერთიორად გაიზრდება იმ მევენახეთა რიცხვი, რომლებიც ყურძენს კი არ გაყიდის, არამედ საკუთარ მარანში დაუდებს ბინას.

ახალი ღვინის ფესტივალზე უკვე წელს უამრავი უცნობი მარანი გამოჩნდა. არამარტო კახეთიდან, არამედ თითქმის, ყველა კუთხიდან. შარშანდელ წარმომადგენლობას თუ შევადარებთ, წელს კარვებში მეღვინეობების გაცილებით დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი დაგვხვდა. ვფიქრობ, გაისად ორივე ფესტივალის მასშტაბები ერთიორად გაიზრდება. 5-6 წელიწადში კი თითოეულმა რეგიონმა, გარდა „ამერ-იმერისა“, რომელიც შარშან დაარსდა, ღვინის დამოუკიდებელი ფესტივალი უნდა გამართოს.

ასოციაციაში გაწევრების უამრავი მსურველიაო, მწერს ზურა მღვდლიაშვილი - ბუნებრივი ღვინის ასოციაციის უფროსი და სანამ საპასუხოდ კლავიატურას ხელს შევავლებ, საინტერესო პარალელს ვავლებ გასაბჭოებამდელი საქართველოს წარსულიდან. სწორედ საუკუნის წინ, 1918 ან 19 წელს შეიქმნა კახეთის მეღვინეთა უზარმაზარი ამხანაგობები, ერთი მათგანი 200-ზე მეტ წევრს აერთიანებდა. ამხანაგობების მიზანი, ისევე როგორც, ჩვენი ასოციაციისა, მცირე მევენახეების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. მევენახეები მაშინ ჩარჩებს ებრძოდნენ, რომლებიც ხელოვნურად ამცირებდნენ რეგიონში ღვინის ფასს. ამხანაგობის შექმნამ კი მცირე მარნების რესურსი გააერთიანა და უთანასწორო ბრძოლას ბოლო მოუღო.

სწორედ ასე უნდა გავერთიანდეთ მცირე მარნები დღეს. ბუნებრივი ღვინის ასოციაცია, რომელსაც საფუძველი სოლიკო ცაიშვილმა და მისმა მეგობრებმა ჩაუყარეს, უსწრაფესად იკრებს ძალას. იმედია, ღვინის ეროვნული სააგენტოც ძველებურად გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, როგორც ეს გიორგი სამანიშვილმა და მისმა გუნდმა წამოიწყო. ერთ-ერთი, სწორედ ამ დიდი ძალისხმევის შედეგიცაა, რომ მცირე მარნებს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პლატფორმა გაგვიჩნდა მსოფლიოს წინაშე საკუთარი თავის წარსადგენად. ეს პლატფორმები, პირველ რიგში, ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალებია.

12-ში, მთაწმინდის პარკში, ბუნებრივია, გული განსაკუთრებით, ოჯახური მარნებისკენ მიმიწევდა და იმდენად ვიყავი აღტკინებული, ე.წ. „გლეხების“ ღვინოების გაცნობით, სულ დამავიწყდა, რომ დიდი ხანია, ჯიღაურას მეურნეობაში მოყვანილი ძველი მეგრული ჯიშებისგან დაწურული ღვინოების გასინჯვას ვგეგმავდი.

რეგიონების მიხედვით განთავსებულ კარვებში ბევრ სანაქებო ღვინოს მოიძიებდით. მაგალითად, ორხვის მწვანე ცოლიკოურს (ლეჩხუმი) კენჭაძეების მარნიდან - ახალმოთიბული ქორფა ბალახის სურნელით გაჟღენთილ ღვინოს, ციტრუსისა და მწვანე ვაშლის მაღალმჟავიანი ნაკვესებით; ქედის ჩხავერს ვაჟა დავითიძის მარნიდან. ტყის კენკრისა და კვამლის სურნელში ჩაძირულს, ბროწეულის ხანგრძლივი დაბოლოებით გამოცოცხლებულს; კერესელიძეების მარნის რაჭულ თეთრას, რომელიც თეთრი ბლის ხეზე გატარებული უდარდელი ბავშვობის სივრცეებს გადაგიშლიდათ; სალხინოს მარნის ოჯალეშს - მსუბუქი სხეულის, ახალი ღვინისთვის მეტისმეტად მოქნილ ღვინოს წითელი მოცხარის სასიამოვნო მჟავიანობით, მუხის ზომიერი შტრიხებითა და უაგრესიო ტანინებით; გიორგი გოლეთიანის ორბელურ ოჯალეშს, ქონდრისა და ხმელი სუნელების შეგრძნებით, მაყვლის მოულოდნელი დაბოლოებით.

ჩემი წლევანდელი აღმოჩენა მაინც დათო კობიძის თეთრი ჩხავერია. ჩოხატაურში, სოფელ ერკეთში კობიძეების მაღლარი ვენახები 2 წლის წინ მაქვს ნანახი. ვენახში ბევრი ძველი ვაზია გამორეული. როგორც დათო ამბობს, მათ შორის, ზოგი 120 წლამდეა. ზოგიც - ხეზე „შაშობილი“. როგორც წესი, ყურძენს დეკემბერში კრეფენ და რომელიღაც იქაური მარნისგან განსხვავებით, რომელიც მიმტკიცებდა, კულტურული საფუვრის გარეშე ჩვენი ღვინო არ დუღდებაო, ბუნებრივად აღვინებენ.

თეთრი, მშრალი ჩხავერი ჭაჭის გარეშე, ჩქეფად გამოწურული და ისე დადუღებულ-დავარგებულია ქვევრში. პირველად, ჯიშურ არომატებში მთავარ სიტყვას იტყვის მწიფე ბუშმალას გემო და მისი სხეულისდარი სისავსე. შემდეგ თავს იჩენს მეთოდისთვის დამახასიათებელი გულაბი მსხლის სიტკბო, რომელიც ჩემს თეთრ ოჯალეშსაც დაჰყვება. ამ სიმწიფეში არაფერია ზედმეტი, მოსაყირჭებელი. პირიქით, ალაგ-ალაგ, გაზაფხულის სიოსავით გაკრთება ნაზი სუნამოს უწყინარი და ხალასი სურნელი. იმ იშვიათ ღვინოთა რიგიდანაა, თვითონ რომ უნდა ჩაავლო. მაგრამ მოულოდნელად ციტრუსის სიცხარით წაგკბენს და მყის ეს სინაზე და სიტკბო ხანგრძლივ, პროვოკაციულ დაბოლოებაში გადაიზრდება. აღქმის მოულოდნელი დრამატურგიით გატყვევებს.

მეორე დღეს თავბრუდახვეულები ვბრუნდებით მარტვილში. ვიცი, ამ რამდენიმე დღის სიხარული რამდენიმე თვეს გამყვება და გემოთაყვანების ღიმილს ბევრ არაჩვეულებრივ სტუმარს გადავდებ. ზოგი ამყვება, თვითონაც გამიღიმებს. იხუმრებს, რამე.

ერთი დღე ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ამდენ საინტერესო ღვინოში ჩაიძირო და არამხოლოდ ღვინოებს - მათ სურნელს, ფერს, გემოს მიაყურადო, არამედ მათ ავტორებსაც მოუსმინო - თხრობის სტილს, ხმას, სხეულის ენას, ხელებს დააკვირდე. მათ აღტაცებას, გაწბილებას, ბრაზს, ტკბობას, სევდას, გაუთლელ ტანინებსა და მოულოდნელ სინაზეს - რაც ღვინის აღქმის სრულფასოვანი ნაწილია. ჩვენ ხომ, არა მათი სრულყოფილებით, არამედ - სინამდვილით ვტკბებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^