Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქოლოგები სკოლაში - რამდენად რეალურია სამინისტროს ინიციატივა

24 მაისი 2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სკოლებში ფსიქოლოგების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მათი მიზანია, ყველა სკოლას ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რა უფრო კონკრეტული გეგმები აქვს სამინისტროს ამ მიმართულებით. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, იგეგმება, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ფსიქოლოგის კადრი დაემატოს. ამჟამად სულ 70 საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებს. თუმცა, ვერ მივიღეთ პასუხი, საერთო ჯამში რამდენი ფსიქოლოგის დასაქმებას გეგმავს სამინისტრო, როგორ მოხდება მათი შერჩევა/გადამზადება, რა ვადაში ან რა ფინანსური რესურსით. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები ამ ინიციატივის შესახებ სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.

„ლიბერალი“ დაინტერესდა დღესდღეობით რამდენი ფსიქოლოგია დასაქმებული ზოგდსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამინისტროსა და მასთან დაკავშირებულ სსიპ-ებში. სამინისტროდან  შესაბამისი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ:

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღესდღეობით 2085 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 178 საჯარო სკოლას ჰყავს, ხოლო მათი საერთო რაოდენობა 261-ია.

გარდა ამისა, სსიპ- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას. დღეისათვის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 7 ქალაქში ფუნქციონირებს და იქ საერთო ჯამში 40 ფსიქოლოგია დასაქმებული.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ფსიქოლოგიური კონსულტაციის შეთავაზების შესახებ საუბარია მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტში.

პროექტში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახური განახორციელებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციასა და საინფორმაციო მხარდაჭერას.

კანონპროექტის თანახმად, მიზანშეწონილია, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა უზრუნველყოს ფსიქოლოგად დასაქმების მსურველი სუბიექტის გადამზადება/დატრენინგება ან ამ ტიპის გადამზადება/დატრენინგების ორგანიზება.

რა გამოწვევები არსებობს ადამიანური რესურსის მობილიზების კუთხით და რა კითხვები რჩება ღიად სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით?

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მისასალმებელია გადაწყვეტილება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგის კადრის დამატების შესახებ, ვინაიდან ეს მისი შეფასებით გააიოლებს პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, გაზრდის ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობის კულტურას და ამ პროცესში მშობლების ჩართულობას. თუმცა მისივე თქმით, ჩნდება ბევრი კითხვა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხები ჯერჯერობით არ აქვს.

მაია ცირამუა იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ინიციატივის სრულფასოვნად განხორციელებას ახლავს თან. უფრო კონკრეტულად კი ის საუბრობს, ერთი მხრივ, კვალიფიციურ ადამიანურ რესურსზე, მეორე მხრივ კი, მათ მოტივაციასა და სათანადო ანაზღაურებაზე:

„პირველ რიგში, არ ვიცი რამდენად გვყავს სპეციფიკური კადრები, რომლებმაც განათლება სწორედ ამ მიმართულებით მიიღეს. აქვე მნიშვნელოვანია რამდენად მოტივირებული იქნებიან ასეთი კადრები, იმუშაონ განათლების სისტემაში და რა პირობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო. ფსიქოლოგის მომსახურება ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება და როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია მაღალკვალიფიციურ მომსახურებაზე, ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი. გარდა ამისა, არსებობს კითხვები, თუ როგორ მოხდება სპეციალისტის შერჩევა, რა საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს მას და რა საბაზისო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ერთია, როდესაც ფსიქოლოგი აკეთებს დიაგნოსტირებას და პრობლემის იდენტიფიცირებას, მეორეა როდესაც ფსიქოლოგი იწყებს ჩარევას. ეს ჩარევა კი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც აქვს ქცევითი პრობლემები და დიაგნოსტირებულია ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომზე, აბსოლუტურად სხვა ტიპის მომსახურება სჭირდება; ბავშვს, რომელსაც აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, მას მულტიდისციპლინურად სხვადასხვა მომსახურეობა სჭირდება - სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი, ანუ უნდა მოხდეს როგორც მისი სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით მუშაობა, ასევე კოგნიტურ უნარებზე მუშაობა, მის მშობლებთან მუშაობა და ა.შ. ბავშვი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, მასთან სხვა ტიპის მომსახურებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები, შევძლებთ თუ არა სკოლაში შევქმნათ ისეთი კადრი, რომელსაც გარკვეული ტიპის კვალიფიკაცია ექნება ყველა ამ მიმართულებით, თუ სხვადასხვა მიმართულებებს სხვადასხვა სპეციალისტები გაუწევენ კოორდინირებას.

ემოციურ პრობლემებზე მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს და სწავლის უნარის განვითარებაზე - სხვა სპეციფიკა აქვს, გამოდის, რომ ჩვენ „დიმიტრი გელოვანს“ ვეძებთ სისტემაში, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა შეძლოს ან ეს დელეგირებული უნდა იყოს მომზადებული კადრებით და ყველა მიმართულებას ჰყავდეს თავისი კოორდინატორი... ბევრი ღია კითხვაა, ალბათ მიდის რეფლექსია ამ საკითხებზე. ეს გამოწვევები ნამდვილად გასათვალისიწინებელია“, - უთხრა „ლიბერალს“ მაია ცირამუამ.

სამინისტროს გეგმების წარდგენისას, მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროცესში ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა სკოლას ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგი, ამჟამად დიდ სკოლებში ყველგან მართლაც გვყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგები. იქ, სადაც ჯერჯერობით კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, არსებობენ მობილური ჯგუფები. ასევე ჩვენ მივმართეთ უნივერსიტეტებს. ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა სამინისტროს გეგმის წარდგენისას 7 მაისს.

მაია ცირამუა ამბობს, რომ ამ პროცესში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია. ის ასევე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მაგისტრის აკადემიური ხარისხს ფლობდეს ის ადამიანები, რომლებიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებში დასაქმდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^