ამერიკისა და ჩრდილო კორეის სამიტი გადაიდო, ან შეიძლება სულაც ჩაიშალა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ტრამპს უწინასწარმეტყველა, ცოტას თუ გაეცინა. ამერიკის პრეზიდენტმა მთელი თავისი ექსცენტრულობის მიუხედავად, მართლაც რომ შეუძლებელი შეძლო და გაჩნდა იმედი, რომ კორეული პრობლემა ბოლოს და ბოლოს მოგავრდებოდა. მაგრამ ამას მალე ორი იმედგაცრუება მოჰყვა. ჯერ იყო და ტრამპი ირანთან ბირთვული გარიგებიდან გავიდა, შემდეგ კი ჩრდილო კორეის ლიდერთან შეხვედრაზე თქვა უარი.
სამიტის ჩაშლა ალბათ ერთ მძიმე ისტორიას, ერთ მძიმე ადამიანს და ერთ მძიმე ფენომენს უკავშირდება.
მძიმე ისტორია განვითარდა ლიბიაში. 2000-იანი წლების დასაწყისში აქაურმა დიქტატორმა კადაფიმ თავისი ნებით თქვა უარი ბირთვულ პროგრამაზე, რითაც, ცხადია, ძალიან ასიამოვნა დასავლეთს. მაგრამ 2011 წელს კადაფი, რომ იტყვიან, ძაღლივით მოკლეს ლიბიელმა ამბოხებულებმა. ეს ისტორია ძალიან მრავლისმეტყველია ჩრდილო კორეის დიქტატორ კიმ ჩენ-ინისათვის. კადაფის რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, მაშინ ლიბიაში ხომ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მაშ რატომ უნდა თქვას უარი ახლა კიმმა ბირთვულ იარაღზე რომლის შექნისთვისაც ამდენი რესურსი დაიხარჯა და ამდენი დიპლომატიური მანევრი განხორციელდა?
მძიმე ადამიანი გახლავთ ჯონ ბოლტონი, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. ლიბიის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაცია სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა (ბოლტონი მაშინ სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო შეიარაღებაზე კონტროლის დარგში) და იგი ამ მიღწევით ძალიან ამაყობს. იმდენად ამაყობს, რომ ბოლო პერიოდში ამერიკულ ტელეარხებზე გამოსვლისას არაერთხელ ახსენა „ლიბიის პოზიტიური მაგალითი“. ასეთმა პარალელმა ჩრდილო კორეელები გააღიზიანა და როცა ორიოდე კვირის წინ ისინი სამიტის ჩაშლით დაიმუქრნენ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ლიბიური პარალელი იყო (მეორე და მთავარ მიზეზად სამხრეთ კორეისა და ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დასახელდა). პარალელები არც თავად ტრამპმა დააკლო - კადაფი და სადამი ჭკუით არ მოიქცნენ და ის მიიღეს, რაც მიიღესო, კიმიც იგივეს მიიღებს თუკი გარიგება არ შედგაო. ჩრდილო კორეელებმა გადაწყვიტეს ესეც გადაეყლაპათ და ამ სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში ბირთვული პროგრამების სრული გაჩერების შესახებ განაცხადეს (რამდენად მოხდა სრული გაჩერება რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ პხენიანი ამ ჟესტით მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აფიქსირებდა). მაგრამ არც ამან გაჭრა და მათი განცხადებიდან ზუსტად ერთ საათში ტრამპმა განაცხადა - სამიტი გადაიდო, ასეთ პირობებში მის გამართვას აზრი არ აქვსო. ამ ნაბიჯის უკან (ისევე როგორც ირანთან გარიგებიდან გასვლის უკან) უმრავლესობა ისევ ბოლტონის გავლენას ხედავს. ეს უკანასკნელი ოდესღაც ერაყის დამარცხების შემდეგ ირანთან ომის დაწყებას ითხოვდა. ახლა კი ალბათ ითხოვს ჩრდილო კორეა ბოლომდე განიარაღდეს, ისევე, როგორც ოდესღაც ლიბია განიარაღდა.
მძიმე ფემომენს კი უსაფრთხოების დილემა ჰქვია: სახელმწიფოები ერთმანეთს არ ენდობიან, სხვის მოცემულ დაპირებასა და სიტყვაზე გაცილებით უფრო საიმედო გარანტიად საკუთარი შეიარაღება ესახებათ. ტრამპი კიმს განიარაღების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს შეჰპირდა (რაც კადაფის თავის დროზე არ მიუღია). მაგრამ რამდენად ენდობა კიმი ტრამპის სიტყვას? რომც ენდოს პირადად მას რა გარანტია აქვს, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ამ დაპირებას არ დაარღვევს - მსგავსი პრეცედენტი ხომ ტრამპმა უკვე შექმნა, როცა ირანთან გარიგებიდან გავიდა. აშკარაა, რომ ჩრდილო კორეას უკვე აქვს ბირთვული იარაღი, რომლითაც შეუძლია იერიში მიიტანოს რეგიონში ამერიკის უახლოეს მოკავშირეებზე - იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. რაც შეეხება უშუალოდ ამერიკას, იქამდე რაკეტების მიწვდენა პხენიანს ალბათ არ შეუძლია და კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. მაგრამ ეს ალბათ არც სჭირდება: არსებული ბირთვული პოტენციალი მოწინააღმდეგეთა შეკავებისათვის საკმარისია, თანაც თუკი პხენიანმა საკონტინენტთაშორისო რაკეტებზე მუშაობა დაიწყო, ამერიკა ამას აღარ მოითმენს და მოხდება ის, რაც არავის აწყობს და რისი წარმოდგენაც არავის უნდა.
ჩანს, ბოლტონი და ტრამპი კიმისგან მოითხოვენ არა მხოლოდ ახალი ბირთვული ტესტების შეჩერებას, არამედ უკვე მათ ხელთ (სავარაუდოდ) არსებული ბირთვული იარაღის განადგურებასაც. კიმი ამას ნამდვილად არ გააკეთებს. არა მხოლოდ კადაფის მაგალითის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკას ჩრდილო კორეის ბირთვული ობიექტების განადგურების საშუალება უბრალოდ არა აქვს. საამისოდ ჩრდილო კორეასთან სრულმასშტაბიანი ომი იქნება საჭირო მთელი თავისი კატასტროფული შედეგებით. კიმს ეს მშვენივრად ესმის და ამიტომაც უკან აღარ დაიხევს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში მან განცხადებებისა და ჟესტების დონეზე მაინც ყველაფერი გააკეთა სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის და ამიტომაც სამიტის ჩაშლა ტრამპს დაბრალდება და ომისათვის არც თავისი მოკავშირეების მხრიდან და არც ამერიკელ მოქალაქეთა მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ექნება.
ამ ვითარებაში ყველაზე მეტად მოგებული ალბათ ჩინეთი რჩება. ეს უკანასკნელი ამერიკასთან სატარიფო ომშია ჩაბმული და ახლა მშვენიერი შანსი ეძლევა, ვაშინგტონს ცხოვრება გაურთულოს - მოხსნას ჩრდილო კორეას სანქციები (რომლებმაც ეს უკანასკნელი ძალიან დააზარალა) და კიმს თავისი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს პეკინში ვიზიტებს ისედაც მოუხშირა და საერთო ენის გამოძებნა რთული არ უნდა იყოს. კიმის მხრიდან დათმობები და მოლაპარაკებებზე წასვლა თავის დროზე ხომ სწორედ პეკინის სანქციებმა განაპირობა - ჩინელებს აშკარად შეეშინდათ თავიანთ სამეზობლოში ომის და პხენიანს წიხლი დააჭირეს. მაგრამ მაშინ კიმი იქცეოდა ცუდად და მთელი მსოფლიო მისი წინააღმდეგი იყო. ახლა კიმი კარგად იქცევა, ტრამპი კი შეთამხმებებიდან გამოდის, თავის მოკავშირეებთან (ევროპელებთან) ურთიერთობებას იფუჭებს და ლამის ყოველდღე ახალ სიურპრიზს აწყობს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მას გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ვიდრე ახლა...