Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - მოსალოდნელი ცვლილებები

16 ოქტომბერი 2014

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით მასწავლებლის ოთხი პროფესიული კატეგორია უნდა განისაზღვროს, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა ივანე კიღურაძემ დაიწუნა.

მასწავლებელთა ოთხი საკვალიფიკაციო საფეხურის შემოღება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის შემოღებას უკავშირდება.

კომიტეტის თავმჯდომარეს არსებული მოდელი არ მოსწონს, თუმცა არც ახალი მოდელის წარმატებაშია დარწმუნებული. „მასწავლებლები არ უნდა ვაქციოთ ცდის ობიექტებად. ამ სქემით კი ამის საფრთხეს ვხედავ", - აცხადებს დეპუტატი.

პირველი საკომიტეტო მოსმენაზე ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ის ახლა მეორე საკომიტეტო მოსმენას ელოდება, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კომიტეტის წევრები ახალი მოდელის უპირატესობაში უნდა დაარწმუნოს.

კიღურაძემ პირველი მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ არ დაეთანხმება ცვლილებებს, თუ ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებს კითხვებზე - როგორ უნდა მოიპოვონ მასწავლებლებმა მკვლევარი პედაგოგის სტატუსი; რა უნდა გამოიკვლიონ პედაგოგებმა.

„განმარტებით ბარათში ნახსენებია პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა. კანონპროექტში კი წერია, რომ სქემას სამინისტრო შეიმუშავებს და დასამტკიცებლად მთავრობას გადასცემს. ანუ ეს მოხდება მომავალში. მე ვერ გავიგე - უნდა ვიგულისხმო, რომ ის, რაც წერია განმარტებით ბარათში, ის იქნება ნამდვილად კანონპროექტში, თუ რამე სხვას ჩაწერენ?! როდესაც ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად, სქემა კანონპროექტში უნდა იყოს ასახული. მეორე მოსმენის დროს ამ საკითხზე კამათი იქნება. თუ იტყვიან, რომ დარჩეს ოთხი ასეთი საფეხური, მე ამას არ დავეთანხმები", -აცხადებს კიღურაძე.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე საკომიტეტო მოსმენა უახლოეს დღეებში გაიმართება. გამოუცხადებს თუ არა კანონში შესატანი ცვლილებებს მხარდაჭერას საკანონმდებლო ორგანო, უცნობია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები აუცილებელია და ის არსებული მოდელის სისტემურ ხარვეზებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარების და კარიერული ზრდის ახალი სქემა მასწავლებელთა შეფასების კომპლექსურ სისტემას დაეფუძნება.

თუ კანონში ცვლილებები შევა, 2015 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციების და საქმიანობის შედეგების მიხედვით შემდეგ პროფესიულ კატეგორიებად დაიყოფიან:

ა)მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია);

ბ) მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია);

გ)წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია);

დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია).

2015 წელს პედაგოგები სხვადასხვა საფეხურებზე გადანაწილდებიან. მაგალითად სერთიფიცირებული პედაგოგები (სერტიფიცირებულთა რაოდენობამ 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 19771 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 30%-ია) ავტომატურად მოხვდებიან წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში.

რა გზის გავლა მოუწევთ პედაგოგებს კატეგორიიდან კატეგორიაში გადასასვლელად, რამდენი კრედიტი უნდა დააგროვონ მათ საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელად, რა სახის აქტივობებით შეძლებენ პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურებას, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, ვის შეეძლება შეფასება და კატეგორიების მინიჭება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გარე შეფასების ინსტრუმენტზე გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს.

შეფასების მექანიზმები, დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობა და აქტივობები პროფესიული განვითარების სქემის დოკუმენტში უნდა გაიწეროს.

ჯერჯერობით ცნობილია ძირითადი პრინციპები და ისიც, თუ რით განსხვავდება ის მოქმედი სქემისგან.

მოქმედი მოდელის მიხედვით სერთიფიცირებული მასწავლებლები ნებაყოფლობით ერთვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. სქემაში ჩართვა მხოლოდ სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეეძლოთ.

მოქმედი სქემით მასწავლებელს ყოველ მომდევნო კატეგორიაზე გადასვლის შესაძლებლობა 8 წელიწადში ერთხელ ეძლევა. ირინა აბულაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სერთიფიცირებული მასწავლებლებიდან პროფესიული განვითარების სქემაში 5000 პედაგოგია ჩართული. მათგან აქტიური 1500-მდე მასწავლებელია. რაც ირინა აბულაძის თქმით, ადასტურებს სქემის ხარვეზებს და იმას, რომ არსებული მოდელი პედაგოგებს პროფესიული განვითარების მოტივაციას არ უქმნიდა, რადგან ხანგრძლივი ინტერვალი მასწავლებელთა სისტემაში ჩართვის მოტივაციას აქვეითებს.

ახალი მოდელის მიხედვით სქემაში ჩართვა ყველასთვის სავალდებულო ხდება და ის მხოლოდ სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის არ იქნება ღია.

„ახალი მოდელით კი პედაგოგების კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლის ვადები მოქნილია“, - ამბობს ირინა აბულაძე.

ირინა აბულაძის თქმით, ახალ სქემაში, მასწავლებელს მათი პროფესიული განვითარების საფეხურიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარებისა და შეფასებისათვის განსხვავებული ვადა ეძლევათ.

„სქემის საბოლოო ვარიანტი ჯერ მზად არ არის. ეს პროცესი გრძელდება. წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ დაიწყება იმპლემენტაცია. დანერგვის პროცესში რაღაცები შეიცვლება. ჩვენ ვერ ჯერ ვამბობთ, რა აქტივობა რამდენი კრედიტით შეფასდება. ეს უნდა შემუშავდეს 2015 წელს. შეფასების სისტემა მზად იქნება 2016 წელს“, - ამბობს ცენტრის დირექტორი გია მაჩაბელი.

ცენტრის დირექტორის თქმით, მასწავლებელთა შეფასების სრულფასოვანი მექანიზმი არ არსებობს.

„ჩვენ ვცვლით აქცენტებს. ეს არ იქნება ერთ გამოცდაზე დამყარებული სისტემა. ერთი გამოცდა ვერ შეამოწმებს პრაქტიკას, რომელიც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი ძირითადი აქცენტი სკოლაზე გაკეთდება. სკოლა უნდა გახდეს ინსტიტუტი, რაზეც დამყარდება განვითარება. ის უნდა იყოს პროფესიული განვითარებისა და შეფასების ძირითადი ბაზა“, - ამბობს გია მაჩაბელი.

გია მაჩაბლის თქმით, კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა სერიოზულად აისახება პედაგოგთა სახელფასო სარგოზე. მისი ინფორმაციით, სქემას მთავრობის მხრიდან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აქვს.

ცენტრის დირექტორს მიაჩნია, რომ პარლამენტი მეორე საკომიტეტო მოსმენაზე მხარს დაუჭერს კანონში ცვლილებების პროექტს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და პარლამენტი დაგვეთანხმება. ჩვენ მათ უკეთესად ავუხსნით. რა თქმა უნდა, იქ არის რაღაც ქულების დაწერის მცდელობა. ზოგი პედაგოგებს მსუყე ელექტორატის პრიზმაში უყურებს. მე ვისურვებდი ასეთები ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ. რაც მოუტანა წინა ხელისუფლებას პედაგოგების ამ პრიზმაში განხილვამ, ყველასთვის ნათელი და ცალსახაა", - ამბობს გია მაჩაბელი

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^