სტატია გამოქვეყნებულია "ლიბერალის" ოქტომბრის ნომერში
„კელტების შთამომავალი შოტლანდიელების ადგილი გაერთიანებულ სამეფოში არ არის“ - დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიელების ნაციონალისტურ ლოზუნგებს ევროპის რამდენიმე რეგიონში მოქმედი და მიძინებული სეპარატისტული ძალების ექო მოჰყვა. დამოუკიდებლობის მომხრეებმა, მსგავსად შოტლანდიელებისა, შესანიშნავად იციან, რომ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ევროკავშირის კარს მიღმა აღმოჩნდებიან, თუმცა დამოუკიდებლობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ მზად არიან, ევროპის რუკა მთლიანად შეცვალონ. დღეს სეპარატიზმის მთავარი კერა, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ვერაფერმა ჩაახშო, ესპანეთის სამეფოშია.
სეპარატისტული ფიესტა
ოთხი წლის წინ, როდესაც კატალონიის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელად არტურ მასი აირჩიეს, ცენტრალური ხელისუფლებისთვის რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ იგი ნაციონალისტური კოალიციის ლიდერი გახდებოდა და სეპარატისტულ პარტიებთან ერთად ალიანსს შექმნიდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში მასმა რიტორიკა მკვეთრად შეცვალა და განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მისი პოლიტიკური საქმიანობის უმთავრესი მიზანია.
ახალი სეპარატისტული ტალღა კატალონიაში ეკონომიკური კრიზისის პირობებში აგორდა, თუმცა ბარსელონასა და სხვა ქალაქებში ისეთი ძლიერი ნაციონალისტური განწყობა, როგორიც დღესაა, არასოდეს ყოფილა. ისინი დაუყოვნებლივ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. ცენტრალური ხელისუფლება კი რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ ცნობს, რადგან ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არა ავტონომიის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს.
კატალონიის ავტონომიური ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებით და სიტყვა „რეფერენდუმის“ ნაცვლად ხშირად „გამოკითხვას“ იყენებს. 19 სექტემბერს კი კატალონიის პარლამენტმა 106 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომ კატალონიის პრეზიდენტი უფლებამოსილია ავტონომიაში დამოუკიდებლობის შესახებ გამოკითხვა ჩაატაროს.
თუმცა რამდენიმე დღის წინ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიაში 9 ნოემბერს დაგეგმილი რეფერენდუმის წინა კამპანიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ვერდიქტის მთავარი მოტივაცია იმ არგუმენტების ნაკლებობაა, რის შედეგადაც დამტკიცდება, რომ რეფერენდუმი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დაარღვევს.
„მხოლოდ ესპანელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი, და არა რომელიმე პარტიას ან ადამიანების ჯგუფს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ.
მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ავტონომიურ მთავრობას იმედი აქვს, რომ გამოკითხვა დამოუკიდებლობის შესახებ კატალონიაში აუცილებლად ჩატარდება. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რეფერენდუმის წინა კამპანია შეწყდა. კატალონიის ვარსკვლავიანი დროშებით გადავსებული ქალაქები და საპროტესტო ტალღა, რომელიც მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ბარსელონაში მთავრობის სახლთან შეკრებილი აქტივისტები ნაციონალისტური ლოზუნგების ფონზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. საბოლოოდ აქცია პოლიციამ მაშინ დაშალა, როცა დემონსტრანტებმა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა სცადეს.
კატალონიის მთავრობა ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ისინი არამხოლოდ ცენტრალური მთავრობის, არამედ დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიელების კრიტიკისა და უკმაყოფილების სამიზნედ იქცნენ.
„მომავალი, რომელსაც კატალონია იმსახურებს, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. დამოუკიდებლობა საჩუქარი არ არის, რომელსაც სხვები გვიბოძებენ“, - განაცხადა არტურ მასიმ. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტურად მოქმედებს დღესდღეობით დამოუკიდებლობის მომხრეებზე მასის ნაციონალიზმით გაჯერებული სიტყვები.
კატალონიაში, სადაც მოსახლეობა 7 მილიონს აღემატება, გამოკითხვების თანახმად, თითქმის 55% დამოუკიდებლობის მომხრეა. მათ შორის 23% კონსტიტუციის უგულებელყოფასა და რეფერენდუმის უკანონოდ ჩატარებას არ ეწინააღმდეგება. თუმცა ესპანეთში არსებობს მოსაზრება, რომ მმართველი კოალიცია „კონვერგენცია და ერთობა“ ავტონომიის გაფართოების ნაცვლად დამოუკიდებლობას ელიტური კორუფციის გამო ითხოვს. ამ მოსაზრებას კატალონიის ავტონომიური მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯორდი პუჟოლისა და მისი შვილის კორუფციული სკანდალიც ამყარებს. 84 წლის ნაციონალისტი პოლიტიკოსის მიმართ კითხვები ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ანგარიშებსა და სახელმწიფო გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. პუჟოლი, რომელსაც კატალონიის პრეზიდენტის თანამდებობა 23 წლის განმავლობაში ეკავა, ბრალდებებს უარყოფს. მიუხედავად ამისა, ესპანურ პრესაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ კატალონიის სეცესიისკენ ლტოლვა მხოლოდ და მხოლოდ კორუმპირებული მთავრობის ბინძური საქმიანობის გადაფარვას ემსახურება.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მაგალითი იქნება რამდენიმე ავტონომიისთვის. მადრიდში სჯერათ, რომ მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ვერცერთი ავტონომია დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომელი რეგიონი მოითხოვს ავტონომიის უფლებების გაფართოებას. ესენია გალისია, ბალეარის კუნძულები და შესაძლოა, მათ კვალდაკვალ მოთხოვნა კანარის კუნძულებმაც წამოაყენოს, თუმცა ამ მხრივ პირველობას ბასკეთი არც ერთ ავტონომიას არ დაუთმობს.
ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი უმდიდრესი ავტონომია - ბასკეთი, იგივე ეუსკადი, როგორც ბასკები სამშობლოს თავიანთ უძველეს ენაზე უწოდებენ, ათწლეულების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ყველაზე დიდი სატკივარი იყო. ბასკეთის დამოუკიდებლობის იდეას ტერორისტულმა ორგანიზაცია „ეტამ“ ათასამდე უდანაშაულო ადამიანი მსხვერპლად შესწირა. ტერაქტების გამო ბასკებისთვის ნაციონალიზმი მტკივნეულ საკითხად, სეპარატიზმი კი სახიფათო მოვლენად იქცა.
ტერორისტული ორგანიზაციის განიარაღების შემდეგ ბასკეთში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. 2012 წლის არჩევნებში, ნაციონალისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ბასკეთის დამოუკიდებლობას ავტონომიის მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭერს მხარს.
რამდენიმე კვირის წინ ბასკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ინიგო ურკულომ მარიანო რახოის მისამართით ირონიით აღნიშნა, რომ საინტერესოა, რას სთავაზობს ბასკეთს მადრიდი, თუ არა შოტლანდიურ გზას. სწორედ შოტლანდიის რეფერენდუმი იქცა ერთგვარ შთაგონებად როგორც ესპანეთისთვის, ასევე სხვა ევროპული სახელმწიფოების სეპარატისტული დაჯგუფებებისთვის. მაგრამ ესპანეთი მაინც ევროკავშირის ყველაზე რთულ ამოცანად რჩება, სადაც სეცესიის მუდმივ საფრთხეს, ესპანეთის სოციალისტური პარტიის ღრმა რწმენით, მხოლოდ ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა დაუსვამს წერტილს.
გზავნილი ედინბურგიდან - სეპარატიზმი, როგორც ვირუსი
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შიმშილით, ცხედრებითა და უიმედობით სავსე ევროპაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ევროპული სახელმწიფოების მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იყო. მართლაც, ეს ახალი ხანის დასაწყისი და ომების ბნელი ეპოქის დასასრული აღმოჩნდა. თუმცა ალბათ ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ეს უზარმაზარი ევროპული ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად მტკიცე და კონსოლიდირებული ვერასოდეს იქნებოდა. გარდა ამისა, მულტინაციონალური მოზაიკით აწყობილ ერთობაში სეპარატიზმის საფრთხე ყოველთვის იარსებებდა.
შოტლანდიიდან ვირუსივით გავრცელებულ დამოუკიდებლობის წყურვილს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ახლავს თან, რაც ყველა სეპარატისტულმა რეგიონმა უნდა გაითვალისწინოს. რეფერენდუმის უფლება შოტლანდიელებმა ედინბურგის შეთანხმების თანახმად მოიპოვეს, რისთვისაც შოტლანდია ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა.
რეფერენდუმის შედეგმა, რომელმაც ცხადყო, რომ კელტების შთამომავლების 55% გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას უჭერს მხარს, მსოფლიოს გარანტია მისცა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დადგება. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა საკმაოდ ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს შოტლანდიასთან ერთად უკეთესი მომავალი აქვს.
შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მომავლის განმსაზღვრელი არ ყოფილა. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიღმა დარჩენილი შოტლანდია, მთელ ევროპაში სრულიად ახალ და სახიფათო პროცესებს გამოიწვევდა. დღეს თითოეული რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნას ძირითადად ეკონომიკური ხასიათის მიზეზები უდევს საფუძვლად.
ორენოვან ბელგიაში, ფლანდრიის ავტონომიის პარლამენტში უმრავლესობას სწორედ ნაციონალისტურ-კონსერვატული პარტია (ახალი ფლამანდური ალიანსი) წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერები არ მალავენ, რომ მდიდარი ფლანდრია შედარებით ღარიბ ფრანგულენოვან ვალონიას უნდა გამოეყოს. რამდენიმე ათწლეულია სეპარატისტული მოძრაობა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ყველაზე მდიდარ ავტონომიებშიც მძვინვარებს, როგორიცაა ლომბარდიისა და პადანიას რეგიონები. ეს უკანასკნელი იტალიის ყველაზე მდიდარი რეგიონია, სადაც სეპარატისტული ჩრდილოეთის ლიგა არ მალავს, რომ არ სურთ, სამხრეთის ღარიბი ქალაქები თავიანთი გადასახადებით არჩინონ. ევროზონის ეკონომიკურმა კრიზისმა ასეთი განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა. სეპარატისტული ტალღა ასევე საკმაოდ ძლიერია კორსიკაზე, სადაც 40 წელზე მეტია სეპარატისტული ძალები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რეალურია გვჯეროდეს, რომ ერთ დღესაც კალეიდოსკოპი დატრიალდება და მსოფლიო ახალებურად გადანაწილებულ ევროპას მიიღებს. მით უმეტეს, კოსოვოს პრეცედენტის შემდეგ, ბევრი მათგანი ევროპის დაქუცმაცებას სამართლიან შურისძიებადაც შეაფასებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირის ქვეყნებში კარგად იციან, რას ნიშნავს პატრიოტიზმის ბნელი მხარე - ნაციონალიზმი, რასაც თითქმის ყოველთვის სავალალო შედეგი ახლავს თან.