Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმა ქართველი ქალისა

20 ოქტომბერი 2014

ჩემი სიტყვა,  რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა ბ. აკ[აკი] ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში

საქართველოს მოქალაქენო!

აღტაცებული იმ დიდი საისტორიო ნაბიჯით, რომელიც დღეს აქ გადადგეს საქართველოს მებრძოლმა მამულიშვილებმა, მე, როგორც წარმომადგენელს ქუთაისის ქალთა ინტერპარტიულ ორგანიზაციისას, ვალად დამდვეს, იმ დროს, როდესაც ირკვევა ფორმა და საძირკველი ჩვენი ეროვნული ცხოვრებისა, გარდავსცე ეროვნულ ყრილობას გულის თქმა და ზრახვანი ქართველ ქალებისა, რომ განახლებულმა საქართველომ ერთხელ და სამუდამოთ მოსპოს ბარბაროსული ნაშთი ქალთა მონობისა.

საქართველოს მოქალაქენო!

ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი (!) სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა, თქვენ, რომელნიც ებრძვით ძალმომრეობას, იმ ძალმომრეობას, რომელმაც პირველად დედაკაცის ადამიანური პიროვნება დაამონავა. ჩვენ, ქართველი ქალები დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ საქართველოს განახლებულს ეროვნულ შენობაში ამ სიავეს და უსამართლობას არ შეიტანთ.

ძველმა რევოლუციებმა თუ დაამსხვრიეს დესპოტიური ფეოდალური წესწყობილება და დედაკაცის კარჩაკეტილ ცხოვრებას კარი გაუღეს, სამაგიეროთ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მათ ვერაფრით ვერ შესცვალეს, რომლის გამო ფხიზელი ნაწილი დედრობითი (!) სქესისა თავის მწარე ხვედრზე ჩაფიქრებული დღეს ოდნავ კულტურულ ქვეყანაში ბრძოლას აცხადებს.

ორგვარმა აღზრდამ, ორგვარმა სამართალმა და ზნეობამ, იმდენათ განასხვავა ორთავე სქესის ცხოვრება და ადამიანობა, რომ ბუნებრივათ თავი უნდა ეჩინა იმ ანტაგონიზმს მათ შორის, რომელიც მოწინავე ქვეყნების ქალთა მოძრაობამ დაგვანახა. მართალია არც რუსეთში და არც საქართველოში, სქესთა დამოკიდებულობა ასეთ სიმწვავემდე არ მისულა, მაგრამ არა მისთვის, რომ იქაც და აქაც ქალები არ ვყოფილიყავით დაინტერესებული ჩვენს ადამიანურ უფლებაზე, არამედ მისთვის, რომ ქალები იბრძოდნენ, განსაკუთრებით რუსეთში, თავიანთ ძმებთან ერთად იმ სულთა მხუთავ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველას ერთ ნაირად სულს გვიხუთავდა, იმ ერთად ერთი მიზნით, რომ ხალხის თავისუფლება ნამდვილ რეალურს სახეს მიიღებდა და ძმებთან ერთად დებიც პიროვნული და ქალაქური უფლებით შეიმოსებოდა.

 დღევანდელმა განმათავისუფლებელმა რევოლიუციამ და მისმა მთავრობამ არც გაუწპილა (!) ქალებს იმედი  და ქალთა სწორუფლებიანობაც გამოცხადდა. მხოლოდ სიტყვა და საქმე რომ არ სხვა და სხვაობდეს და მით მეოცე საუკუნის რევოლიუციამ  თავიდან აიკიდოს ის უდიდესი ნაკლი, რასაც ძველი რევოლიუციები ატარებდა ცხოვრების არსებობად შეუცვლელობაში ქალები მოვითხოვთ აღიარებული ჩვენი უფლების კანონიერ სანქციასაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფალი დემოკრატიის წარმომადგენელნი, რომელნიც ხელს ჰკიდებებნ ქვეყნის მმართვა–გამგეობას არ მობაძავს ქალთა საკთხში იმ დესპოტიურ მთავრობას, რომელმაც ქალი და ვაჟი თავის მძიმე უღელის ქვეშ ერთნაირად დასტანჯა და რომლის წინააღმდეგ ჩვენ, ქართველი ქალებიც მზგავსად (!) ჩვენი დღვანდელი შეძლებისა და მოხერხებისა ვიბრძოდით თქვენთან ერთად. 

მოქალაქენო, 

საქართველო ისტორიულად არ იყო ჩვეული ქალთა მონობას. მაშინ, როდესაც მთელ აღმოსავლეთში ქალები უკიდურეს პიროვნულ შევიწროებას განიცდიდნენ, ჩვენი სამშობლო იმ დროსაც კი, როცა მრთელი ქვეყნის ცხოვრება და არსებობა მუშტის ძალაზე იყო დამყარებული და ფიზიკურათ სუსტი სქესის დამონება უფრო გასამართლებელიც, ვიდრე დღევანდელს კულტურულ ცხოვრებაში, ქართველი ქალი შედარებით თავისუფლებით სარგებლობდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. 

ქართველი ხალხის ცოლქმრობა ამხანაგური ხასიათისა იყო, რისიც გამომხატველია, თუ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არა, ჩვენი უძველესი დედა–ენა, რომელმაც ასეთს კავშირს სახელად მეუღლეობა უწოდა. 

ქართველი ქალი არც საზოგადო მოღვაწეობას იყო მოწყვეტილი და იმ დროს, როცა ჩვენი გმირი მამა–პაპანი ფარხმალსა ლესდენ მტრის მოსაგერიებლად, ჩვენი ძველი დედები სამოქალაქო ცხოვრებას ჭირისუფლობდნენ.  ავრცელებდნენ სწავლა განათლებას, სარწმუნოებას, ექიმობას, აშენებდნენ მტრისგან აოხებულ ტაძრებს, ციხე–სიმაგრეებს და სხვა. 

არც პოლიტიკურ საქმეებს უდგენ ქართველი ქალები განზე და თავიანთი უნარით და გონიერი მეცადინეობით, არა ერთხელ  შეუერთებიათ დანაწილებული კუთხეები საქართველოსა. ქართველი ქალები ერეოდენ თვით საგარეო პოლიტიკაშიაც და დიდათ საკეთილოთაც ჩვენი ქვეყნისათვის. საგანგებოთ კონსტანტინეპოლს წასულმა ბაგრატ მეფის დედამ, მარიამმა, იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო ბერძენ ქართველთა სისხლის ღვრა, ისეთი დიდი გავლენა მოიპოვა საბერძნეთის მეფის თვალში, რომ უკანასკნელმა არა თუ ომი შესწყვიტა, არამედ თვით ბერძენ ქართველთა მოყვრობაც განიზრახა და თავისი ქალიშვილი ლუარსაბ მეფეს მიათხოვა. 

მე აქ არ გამოვუდგები სხვა მაგალითების მოყვანას, რომელსაც გადმოგვცემს ჩვენი ძველი ისტორია. სანიმუშოთ ესეც კმარა, რომ სანამ ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში უცხოელი გავლენა არ შემოიჭრა  ქართველი ქალი არასოდეს უპიროვნო არსებას არ წარმოადგენდა. მისთვის მოქმედებას არც ოჯახში და არც საზოგადოებაში ხელოვნურად წინ არაფერი არ ეღობებოდა, რომლის გამო მას როგორც ერთზე, ისე მეორეზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. 

ასეთი ფართო სამოქმედო ასპარეზის წინ გარდაშლამ ქართველ ქალში ჰარმონიულად შესთავაზა ყველა ის თვისებები, რომელიც ადამიანის სრულს პიროვნებას იმ დროისათვის გამოხატავდა და არა მარტო თვისებები თავისი სქესისა, რისთვისაც მას ქართველმა ხალხმა სახელად დედაკაცი უწოდა, ე.ი. ქალი–ადამიანი და მით დედა–კაცისა და მამა–კაცის პიროვნებას ერთნაირი ზნეობრივი ღირებულობა მისცა, რაც გამოსთქვა კიდეც ჩვენმა უდიდესმა ეროვნულმა მგოსანმა შოთა რუსთაველმა თავის „ვეფხისტყაოსანში“. 

ასეთი პიროვნული თავისუფლებით ქართველ ქალში განვითარებული იყო ისეთი ძლიერი სულიერი ენერგია, რომელიც ყოველგვარ გასაჭირს უმკლავდებოდა. ჩვენი ხალხური ანდაზა აბმობს „დედაკაცს მანამ ქმარი ჰყავსამირანია და, როცა დაქვრივდებაამირანთ ამირანიო“– ეს ანდაზა იმის გამომთქმელია, რომ ქართველი ქალი  გაჭირვებაში, არა თუ არ იბნეოდა, არამედ როცა მარტო, ობლად რჩებოდა თავის სულიერ ძალას და აქტიურობას აორკეცებდა. და თუ ეს ძალა დღეს მიმქრალია და ვიცით, რისი და ვისი მიზეზითაც, მოქალაქენო, თქვენი მოვალეობაა, შექმნათ პირობები ამ ძალთა აღდგენისა და განახლებისა. 

ჩვენ გვრწამს (!) რაინდული სული ქართველი დემოკრატიისა და მისი წარმომადგენელნი ჯეროვანი ყურადღებით გადახედავს ქალთა საკითხს და იმ კანონების გამოცემის დროს, რომლის წინაშე რუსეთისა და საქართველოს მთავრობა მოითხოვს ქალვაჟთა ერთნაირს მორჩილებას, სახეში მიიღებთ იმ სამართლიან მოთხოვნილებასაც, რომ ეგ კანონები ერთნაირად აკმაყოფილებდნენ ორთავე სქესის საჭიროებას და უჭრიდეს მათ ერთნაირს სამართალს. 

ვინაიდან ქალი არის იგივე გონიერი და გრძნობიერი არსება და ავისა და კარგის მომქმედი, როგორც მამაკაცი, ამისათვის ჩვენ მივმართავთ ისეთს მმართველობის ფორმას ჩვენს სამშობლოში, რომელიც უფრო მეტად უზრუნველსა ჰყოფს პიროვნულსა და ეროვნულ თავისუფლებას მეზობელ ერებთან სრული სოლიდარობის და ხალხის სუვერენიტული (!) პრინციპის დაცვით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ორსავე სქესის თანასწორი მონაწილეობის მიღებით ქვეყნის მართვა გამგეობაში.

საქართველოს მოქალაქენო,

დღეს ჩვენი სამშობლო ქვეყანა საუკუნოებრივ მონობის ჯაჭვსა სწყვეტს.  მაგრამ თქვენ თავისუფლებისთვის მებრძოლმა გმირებმა რომ მიანიჭოთ ნამდვილი თავისუფლება თქვენთან ერთად, მას წინ, აღდგენილი, თავისუფალი მოქალაქე ქართველი ქალი უნდა მოუზღოდეს.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოში  სწორუფლიან (!) ქალვაჟთა მომავალ თანამშრომლობას !

ხმა ქართველი ქალისა“, # 32 ორშაბათი, 4 დეკემბერი, 1917 .

სტილი დაცულია

სპეციალურად "ლიბერალისთვისმასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ ირაკლი იაკობაშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^