პოლიციის პოლკოვნიკის, 29 წლის ალექსანდრე ჭიკაიძის კარიერა ძალოვან უწყებებში 2008 წელს-თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობით დაიწყო. პიკს კი 2013 წლის ნოემბერში მინისტრად დანიშვნით მიაღწია.
მე მიცავს ჩემი პოლიცია?!
ქვეყნის ერთ-ერთმა ძირითადმა საყრდენმა ძალამ, პოლიციამ, ბევრი ცვლილება განიცადა დღევანდელი სახის მიღებამდე. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე სტრუქტურა თავიდან ბოლომდე კორუფციაში იყო გახვეული და, შესაბამისად, საზოგადოებაც თითქმის არ ენდობოდა მას. მოგვიანებით, 2004 წელს, პოლიციის ძირეულმა რებრენდინგმა შედეგად მოიტანა ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი გამოკითხვისას იგი ეკლესიის შემდეგ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა. თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო მისმა რეიტინგმა კლება დაიწყო. დღეს მას საზოგადოების მხოლოდ ნაწილი ენდობა, უმრავლესობა კი საკუთარი უსაფრთხოების დამცველთან კომუნიკაციას გაურბის.
წარსულ პრაქტიკას, გატარებულ რეფორმებსა და დღეს არსებულ მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე ტრიალს ჰგავს. საზოგადოების უნდობლობიდან უდიდეს ნდობამდე მოსული პოლიცია ნელ-ნელა ისევ უახლოესი წარსულისკენ მიდის. არავინ იცის, რევოლუციის შემდეგ რებრენდინგის შემდგომი იმიჯი ხელოვნურად იყო შექმნილი და დისციპლინა სიმკაცრემ განაპირობა, თუ საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვა სამართალდამცავებმა მართლაც შეისისხლხორცეს. თუმცა ფაქტია, რომ პოლიციაში დარჩენილი ძველი კადრების მიერ ახალი ხელისუფლების პირობებში პროფესიული ეთიკის დარღვევის ფაქტები თვალსაჩინოა.
ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრად წარდგენის პირველსავე დღეს გაჟღერებულმა განცხადებამ ცხადი გახადა, რომ იგი ღარიბაშვილის პოლიტიკას გააგრძელებდა: „ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე ღირსეულად გავაგრძელო“. შესაძლოა, საკუთარი შემცვლელის შერჩევისას ღარიბაშვილმა ჭიკაიძეს უპირატესობა სწორედ ამის გამო მიანიჭა.
2004 წელს, როცა საგზაო პოლიცია საპატრულო პოლიციად გადაკეთდა, შეიძლება ითქვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სისხლი გადაუსხეს-მრავალი წლის განმავლობაში კორუფციაში გახვეული პოლიციიდან 16 000 თანამშრომელი გაათავისუფლეს და ისინი ახალი კადრებით ჩაანაცვლეს. პოლიციას სახელწოდებასა და ვიზუალურ მხარესთან ერთად ფუნქციებიც შეეცვალა. მისი ძირითადი მიზანი უკანონობასთან ბრძოლა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა გახდა.
მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ დაკარგული ნდობის აღდგენა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ძალიან ადვილი იყო. ამისთვის საკმარისი იყო, თვითონ პოლიციელებს საზოგადოებისადმი დამოკიდებულება შესცვლოდათ. პოლიციელთა ახალი იმიჯის პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად საინფორმაციო კამპანიაც დაიწყო და სპეციალური ვიდეორგოლებიც შეიქმნა.
„მე მიცავს ჩემი პოლიცია“-ამ ლოზუნგით დაიწყო ფუნქციონირება ახალმა საპატრულო პოლიციამ. თუმცა ნელ-ნელა საზოგადოებაში უკმაყოფილების განცდა გაჩნდა. ყოველდღე სულ უფრო მეტი მოქალაქე ადანაშაულებდა პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში, უკანონოდ დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაში. 2006 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამბავმა კი საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბზარი გააჩინა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ დარღვეული უფლებების, შელახული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა იყო. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი კოლეგების დახმარებით ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული პოლიციელთა ქცევის კოდექსიც შექმნა და სამოქმედო სტრატეგიაც.
ძველი კადრების უმრავლესობამ შსს-ში მუშაობა გააგრძელა. უწყება მხოლოდ იმ პირებმა დატოვეს, რომლებმაც „გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს“. დანარჩენებისთვის კი შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ერთი შანსის“ მიცემა გადაწყვიტა იმ იმედით, რომ ძველი კადრები ახალი ხელისუფლების პირობებში სხვაგვარად მოიქცეოდნენ:
თუმცა სულ მალე აღმოჩნდა, რომ რეალობა სხვაგვარი იყო და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სტრატეგია ვერაფერს შეცვლიდა.
რაც უფრო მეტს საუბრობდნენ შს მინისტრი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომ ახალმა ხელისუფლებამ საპატრულო პოლიციის სრულად დეპოლიტიზება მოახერხა და ახლა მისი ფუნქცია პოლიტიკური დაკვეთების შესრულება კი არა, საზოგადოების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაა, მით მეტმა ადამიანმა დაადანაშაულა პოლიცია არასათანადო მოპყრობაში. ყველზე დიდი კითხვის ნიშანი მამუკა მიქაუტაძის საქმემ გააჩინა და მას შემდეგ საზოგადოებას დარჩა კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა.
პოლიციამ, სხვა ნორმებთან ერთად, ვერც ეთიკის კოდექსის ის ნაწილი შეასრულა, სადაც დაშვებული შეცდომის სწრაფად აღიარებაზეა საუბარი. თუმცა მოქალაქეთა საჩივრებზე გამოძიების ობიექტურად წარმართვა არც უწყების ხელმძღვანელს მოუნდომებია. არასამთავრობო სექტორისა და იურისტთა არაერთი შენიშვნის მიუხედავად, პოლიციელთა შესაძლო გადაცდომებს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებდა. კანონის თანახმად, ერთი უწყების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული იმავე უწყებამ არ უნდა გამოიძიოს. ერთი მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილიც და ალექსანდრე ჭიკაიძეც კრიტიკის მიღებაზე მზაობას გამოთქვამენ. „თუ პატრულის მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტი დაფიქსირდება, ისინი მზად არიან, პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგონ“,-ეს ჯერ კიდევ მინისტრობის პირველ დღეს თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაგრამ მეორე მხრივ, ისინი საზოგადოების ნებისმიერ შენიშვნას პირად მტრობად აღიქვამენ.
ამ მხრივ ღარიბაშვილმაც და ჭიკაიძემაც ის ტენდენცია გააგრძელეს, რასაც მანამდე ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ. მათაც, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილმა, ხალხის მხარეს დგომას პოლიციელთა მხარეს დგომა ამჯობინეს. მინისტრთა ამ დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ ისინი სხვადასხვა დროს მიხვდნენ, რომ თუკი პოლიციელს ბრძანების შესრულების გამო თუნდაც საზოგადოების დასანახად გააკრიტიკებ, სხვა პოლიციელი იმავე დავალების შესრულებას აღარ დასთანხმდება.
რაც შეეხება პოლიციის დეპოლიტიზებას, ამასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩდა, როცა 2013 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიცია რომ სათანადოდ ვერ მოიქცა და შს მინისტრმა იქ მყოფი საზოგადოების უსაფრთხოება ვერ დაიცვა, არასამთავრობოთა არაერთ განცხადებაშია აღნიშნული. იგივე განმეორდა 2013 წლის 17 მაისსაც.
წინა ხელისუფლების დროს უსაფუძვლო დაკავებების პრაქტიკა არც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ “ალიასთან” ინტერვიუში შს მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე საპირისპიროს აცხადებს, ომბუდსმენის ანგარიში სხვა რეალობაზე მიუთითებს.
„ჩემს თანამშრომლებს მუდმივად ვაფრთხილებ, რომ არ დაარღვიონ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თუკი ადამიანს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, ნუ ეცდებიან, მას ბინძური გზებით ებრძოლონ. კრიმინალებს ბინძური გზებით კი არ უნდა ებრძოლონ, არამედ უნდა ებრძოლონ გონებით, პროფესიონალიზმით, კანონით და დაუმტკიცონ, რომ ის არის დამნაშავე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს პირი პასუხისგებაში და არა იმიტომ, რომ ესა თუ ის პიროვნება ცუდია და ვიღაცას არ მოსწონს. ასეთი რამ არ მოხდება!“-შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ ალიასთან.
სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის სამმართველომ იანვრიდან ივნისის ჩათვლით ნარკოტიკული ნივთიერებების სავარაუდო მოხმარებისთვის 1600-მდე პირი დააკავა. თუმცა სამართალდარღვევა მხოლოდ 130-მდე პირს დაუდგინდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, რადგანაც დაკავებულ პირთა 90 პროცენტზე მეტი უდანაშაულო აღმოჩნდა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია პირთა დაკავებისას არა საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, არამედ თვითნებურად მოქმედებს.
შესაბამისად, „პოლიცია, რომელიც კანონის განუხრელი დაცვით უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და უსაფრთხოებას“, თავად მოქმედებს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ. ამის მაგალითია, ე.წ. რეიდები, რომლებიც დანაშაულის პრევენციასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, რეალურად კი მათ უფლებებს არღვევს.
„რამდენჯერმე დავინახე ქუჩაში გაჩერებული ახალგაზრდა, თავისი სახლის წინ ზაფხულში შორტების ჯიბეები რომ ამოატრიალებინეს. იმის შესახებაც არის ხმები, რომ პოლიციელები ადგილზე ძალადობენ, არის ცემა, ტყუილად ნარკოლოგიურში წაყვანა, მუქარა და შანტაჟი“,-„ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს იურისტი ლია მუხაშავრია.
მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს პოლიციას მალევე შეეტყო. პოლიცია რომ მისთვის დადგენილი ნორმების საპირისპირო მხარეს წავიდა, ამის მიზეზად იურისტი პოლიციელთა არაკვალიფიციურობასა და ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკას ასახელებს, რომლის მიზანი საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილის დაშინებაა. სახელმწიფოს სახელით მოქმედი შეიარაღებული ადამიანი კი საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე შეიარაღებული კრიმინალი.
„ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება და აგრესია იზრდება და ხელისუფლება, ასევე თავისი არაკომპეტენტური პოლიციის მსგავსად ფიქრობს, რომ საზოგადოების დაშოშმინებას ტერორით, დაშინებით და პოლიციური ზომების გატარებით შეძლებს“,-აცხადებს ლია მუხაშავრია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია 2014 წლის 3 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი, როცა პოლიციელის მიერ ნასროლ ტყვიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციელი დაკავებულია და გამოძიება-დაწყებული. თუმცა რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში როგორც არ უნდა დაისაჯოს პოლიციელი, ეს გარდაცვლილისა და მისი ოჯახისთვის ვერაფერი შეღავათია. თუკი პოლიციელებს იარაღის გამოყენებაზე უფრო მკაცრი რეგულაციები არ დაუწესდებათ, თუკი ისინი იარაღს მაშინ გამოიყენებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან, ასეთი ფაქტი მომავალშიც არაერთი იქნება.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომ “პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის”,-ეს მთავრობის ხელმძღვანელისა და ძალოვანი უწყების ყოფილი მმართველის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა-პოლიციელმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი, თუკი გამოძიებით მისი დანაშაული დამტკიცდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიციელის დასჯის დაანონსება კი წარსულში დამკვიდრებული პრაქტიკისგან გამიჯვნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპუტაციის ნაკლებად შელახვას შეიძლება ემსახურბოდეს.
შს მინისტრმა და ხელისუფლებამ უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს პოლიცია, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გარეშე მისი მუშაობა ეფექტური ვერასოდეს იქნება. არც მხოლოდ ეთიკის კოდექსი და პოლიციის შესახებ კანონი იქნება სამართალდამცავთა კეთილსინდისიერების გარანტია, თუ პოლიციელები მას არ დაიცავენ.
წარმატებული პოლიციელი = წარმატებული მინისტრი?
პირველად იყო წარდგენა, და წარდგენა იყო ასეთი:
„... მან პრაქტიკულად საათივით ააწყო და გამართა სისტემა ჯერ კახეთის სამმართველოში. შემდეგ უკვე გადმოვიყვანე თბილისში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა თბილისის მთავარი სამმართველო და სულ რაღაც რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის მთავარი სამმართველო. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, თავისი თანამებრძოლები, რომლებიც ძალიან წარმატებული პოლიციელები არიან. რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა-მას შეუძლია მართვა. პრაქტიკულად, თბილისი არის ყველაზე რთული ქალაქი საქართველოში, ასე რომ, მე სრულ ნდობას ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური მინისტრი. რაც მთავარია ის არის ღირსეული პოლიციელი, ის არის წარმატებული პოლიციელი, და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ სიტყვებით წარუდგინა საზოგადოებას იმ უწყების ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სხვადასხვა დროს „რკინის კაცი“, „ხერხემალი“ და თავად ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდნენ.
პოლიციის პოლკოვნიკის, 29 წლის ალექსანდრე ჭიკაიძის კარიერა ძალოვან უწყებებში 2008 წელს-თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობით დაიწყო. პიკს კი 2013 წლის ნოემბერში მინისტრად დანიშვნით მიაღწია.
დიდი ოდენობით ნარკოტიკის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღება, მკვლელობების ცხელ კვალზე გახსნა, ქურდობასა თუ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილების, ყალბი ფულის მჭრელების, საბუთების უკანონოდ დამზადებისა და პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პირების დაკავება, ეკოლოგიური კრიზისების წინააღმდეგ ბრძოლა, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ა.შ.-დანაშაულის კონკრეტული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებისა და თავად მინისტრის აქტივობების ჩამონათვალის ხილვა ძალოვანი უწყების ვებგვერდის არქივშია შესაძლებელი. თუმცა სავსებით ბუნებრივია, რომ საზოგადოებას მწვავე რეაქცია კრიმინალის იმ ფაქტებზე უფრო აქვს, რასაც მედიითა და სოციალური ქსელებით იგებს ან საკუთარი თვალით ხედავს.
რიტორიკულია კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია კრიმინალის კონკრეტული თუ „გახშირებული“ ფაქტებით გაღიზიანებული ადამიანების იმ ჯგუფების მსხვერპლად გასაღება, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, „კარგად არიან განსწავლული პიარკამპანიასა და პროპაგანდაში და სცადეს საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა“.
სტატისტიკური მონაცემებით აპელირება, რომ წინა წლებთან შედარებით დანაშაულმა იკლო, ან ის ფაქტი, რომ მედია შესაძლოა უფრო ინტენსიურად აშუქებდეს ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებებს, ვერაფერი პასუხია იმ ადამიანების მისამართით, რომელთაც არსებული ვითარება, მათი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების „რეიდებით“, როგორც „პრევენციული ხასიათის ღონისძიებებით“ უზრუნველყოფა და არცთუ იშვიათად, პოლიციის თანამშრომელთა უტაქტო დამოკიდებულება და ქმედებები არ მოსწონთ.
ზემოთაღნიშნული ფაქტებისა თუ შსს-ს მიმართ გაჟღერებული კრიტიკის საპირწონე კონტრარგუმენტად არც ის ამბავი გამოდგება, რომ, როგორც მინისტრი ეჭვობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მის დისკრედიტაციაზე რაღაც გარკვეული ძალები მუშაობენ. საზოგადოება მხოლოდ მმართველი ძალისა და ოპოზიციის მომხრეებისგან არ შედგება და არც მინისტრს უნდა სწყინდეს ის ფაქტი, რომ „სტატისტიკურად შემცირებული კრიმინალის ფონზე“ მოსახლეობის ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. ალექსანდრე ჭიკაიძე იმ უწყებას ხელმძღვანელობს, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საზრუნავზე-მისი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს. უსაფრთხოების თემას კი „გაგებით ვერ მოეკიდები“.
შსს-ს მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის „ღირსეული, წარმატებული პოლიციელია“, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, სწრაფად იზრდება, ეფექტური მინისტრია და მასთან პრეტენზიები არ აქვს.
გასაგებია, რომ მთავრობის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარ შემცვლელს ენდობა და მის მუშაობას აფასებს. საზოგადოებისთვის ალბათ არც ის უნდა იყოს საწყენი, თუკი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე მინისტრის რეზიუმეში აღნიშნული ამოცანის-„ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყანაში კანონიერების, ჰუმანურობისა და სამართლიანობის დამყარებაა“-შესრულებას სრულად შეძლებს. თუმცა უკანონობასთან ბრძოლის გარდა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა დავიწყება არ შეიძლება.
აღნიშნული ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტი-პოლიტიკური თანამდებობაა-და განცხადება იმის შესახებ, რომ „... რაც იყო და რაც მოხდა (საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში) ძალიან სამწუხაროა და ეს წარსულში იყო და წარსულს ჩაჰბარდა“, მინიმუმ ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უსვამს ხაზს. (ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, წარსულს იშვიათად „ჰბარდება“ და როგორც შორეულ, ასევე, უახლეს „წარსულში მომხდარ“ ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ პრეტენზიები სხვა ქვეყნებსაც აქვთ).
ამას გარდა, იყო ორი სხვადასხვა გამოცემისთვის მიცემული ორი „პრევენციული ინტერვიუ“, (რომლებიც დაახლოებით იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ქვეყანაში გახშირებული კრიმინალის ფაქტების შესახებ ინტენსიური საუბარი მიმდინარეობდა). სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საგანგებოდ ჩამოყალიბებული ჯგუფების მიერ სამინისტროს დისკრედიტაციაზე, კრიმინალის თემით მანიპულირებაზე, „ევრომაიდნის სცენარის“, სახელმწიფო გადატრიალების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობის, დესტაბილიზაციისა და არეულობის შექმნის მცდელობებზე საუბრობდა:
„ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდაპარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა“,-აცხადებდა ალექსანდრე ჭიკაიძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს მთავრობისა თუ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ და გაისმა განცხადებები იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე „ჰაერზე“ არ საუბრობს და „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობების შესახებ ინფორმაცია რეალურად არსებობდა.
აღნიშნულ ორ ინტერვიუს შორის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის შესახებ ინტერვიუში გაჟღერებულ თემასაც შეეხო:
ალექსანდრე ჭიკაიძე: „ჩემი ინტერვიუს შესახებ კიდევ მოგახსენებთ - ზოგადად, ძალიან კარგი, პრევენციული ინტერვიუ იყო, საკმარისი მტკიცებულებები მქონდა. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც („ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან) მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული და დახურული არ რჩება“.
გოკა გაბაშვილი: „თქვენს ხელს ფაქტები არ იყო და მშვენიერი პრევენციული ინტერვიუ გამოგივიდათ არა ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ-ჭორებზე, მოსაზრებებზე, და ჩვენი საერთო ნაცნობების ნალაპარაკევზე გააკეთეთ კომენტარი, როგორც გავიგე“.
ალექსანდრე ჭიკაიძე: „არა, არა ბატონო გოკა, იქ ფაქტებიც იყო სამაგისო“.
ზემოთაღნიშნულ ინტერვიუებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც განმარტა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას გაატარებენ და უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი კონკრეტიკისგან თავს შეიკავებდა. მან ისიც დასძინა, რომ ყველა, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავიდოდა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებოდა.
სავსებით ბუნებრივია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ უკანასკნელ განცხადებას აჟღერებდეს, შესაბამისად კი ლოგიკურია, რომ კითხვები „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის“ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს.
სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა რომ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საბურავების დაწვა-ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველი არეულობის მცდელობათა აღკვეთაზე ძალოვანი უწყება/უწყებები არიან პასუხისმგებლები. მაგრამ ცალკე საკითხია რამდენად მოახდენს მის პრევენციას შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ? ან რამდენად მართებულია მინისტრის მიერ იმ ინფორმაციის საჯაროდ გაცხადება, რომ ყოფილი მმართველი გუნდი და ექსპრეზიდენტი გადატრიალებას ამზადებენ? მით უმეტეს, თუკი კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ამ თემაზე გამოძიებაც მიმდინარეობს? ან რამდენად სწორია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის „პრევენციულ“ ინტერვიუებში აღნიშვნა, მაშინ, როდესაც პოლიტიკურ კინკლაობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი საკითხის მინიმუმ საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებაა?
დასასრულ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს საბჭოთა მეთოდებით მომუშავე მილიცია, „რკინის კაცის“ კორუმპირებული და არცთუ იშვიათად თავად კრიმინალებად ქცეული ძალოვანი უწყების თანამშრომლები, პოლიციად ქცეული მილიცია და ის არაერთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კითხვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს (და არა მარტო) თანამშრომლების ქმედებების მიმართ ჩნდებოდა. მოსახლეობას ალექსანდრე ჭიკაიძე და იმ სამართალდამცავთა ქმედებებიც დაამახსოვრდება, რომელთაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორი იქნება ეს მოგონებები, დიდწილად სწორედ მინისტრზეა დამოკიდებული, ხოლო ის ფაქტი, რომ უწყების მუშაობის მიმართ არსებობს (და არცთუ იშვიათად ჟღერდება კიდეც) ლეგიტიმური კითხვები, დემოკრატიის თანამდევი ჯანსაღი პროცესია და მიუღებელი არ უნდა იყოს.