Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენა, რომელიც ხმაურობს და მძვინვარებს

26 ოქტომბერი 2014

სამეტყველო ენა და წერითი ენა სხვადასხვაა, ეს სრულიად ბუნებრივია. ერთი ამბავია, როდესაც რომელიმე პერსონაჟი საუბრობს და მეორეა, როდესაც წერს. დოსტოევსკიმ გამოიყენა ეს სიმდიდრე და თავის პერსონაჟს წერა დააწყებინა. ორ მაგალითს მოვიტან, ორივე საზიზღარი, თუმცა ამავდროულად მიმზიდველი პერსონაჟია: დოსტოევსკის ჰყავს ივანე კარამაზოვი, ალბათ ყველაზე უსიმპათიო კარამაზოვი დედამიწის ზურგზე (მამამისის შემდეგ) და, მეორე მხრივ, სტავროგინი, ნიკალაი ვსევოლოდოვიჩი. ეს ორი პერსონაჟი წერს - სტავროგინმა აღწერა და დაბეჭდა თავისი უსაქციელობები, რომელიც მრავლად ჰქონდა ჩადენილი, ხოლო ივანმა კი აღწერა ქრისტეს, ასე ვთქვათ, დაუანონსებელი ჩამოსვლა დედამიწაზე -„დიდი ინკვიზიტორი“.

ზოგიერთი მწერალი მხოლოდ ენითაც კი იცნობა. ზოგიერთს ეს ოცნებად აქვს გადაქცეული, ზოგმაც ენა თავისი მწერლობის ნაწილად აქცია, მოკლედ - მწერლის ენა ლიტერატურის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია.

ქართულ ლიტერატურაში სულ ცოტა ორი მწერალია, რომელთა ნაწერებსაც მომენტალურად ვცნობთ. ზოგიერთები მესამესაც ცნობენ - ვასილ ბარნოვს ვგულისხმობ, მაგრამ პირველი ორი აშკარაა: შეუძლებელია ვერ იცნო კონსტანტინე გამსახურდია ან ოთარ ჩხეიძე, რომელთაც თავისებური ენა აქვთ. მრავლად არიან ისეთი მკითხველები, რომელთაც მწერლის ენის ამ თავისებურების გამო ჩხეიძის ნაწარმოებების კითხვა უჭირთ. ვისაც კარგი სმენა აქვს, ბგერწერით გალაკტიონის უცნობ ლექსსაც კი იცნობს, თუმცა ენისგან განსხვავებით აქ უკვე კარგი სმენაცაა საჭირო.

მწერლობაში ენა, უპირველეს ყოვლისა, მწერლის ინდივიდუალიზაციის საშუალებაა. ეს შედარებით მარტივი რამაა, რაც ზემოთ ჩამოთვლილმა მწერლებმა მოახერხეს კიდეც. არსებობს მეორე გზაც - მოახერხო პერსონაჟების ენის დივერსიფიცირება, ანუ პერსონაჟების განსხვავებულ ენაზე ამეტყველება. ასეთი რამ ფაქტობრივად არავის გამოსვლია, არავის, გუსტავ ფლობერის გარდა. მის ნაწარმოებებში პრობლემას არ ქმნის იმის გაგება, მადამ ბოვარი საუბრობს, თუ მისიე ბოვარი. არადა, თუკი ტექსტს თანამედროვე მეთოდებით შევისწავლით, მომენტალურად დავადგენთ, რომ ნაწარმოები ერთ ავტორს ეკუთვნის, ამის ფონზე კი მკითხველი მაინც ხვდება, რომელი პერსონაჟი მეტყველებს. ფლობერი პერსონაჟების მეტყველებას აკვიატებულ სიტყვებს, სინტაგმებს, განსხვავებულ რიტმს, განსხვავებულ წყვეტას და ა.შ. ანიჭებს. ის იდეალური მწერალია, რომელმაც ისიც კი მოახერხა, რომ დაეწერა რომანი არაფერზე. „სალამბო“ ისეა შექმნილი, რომ მისი საფუძველი კი არა, თავად რომანია მნიშვნელოვანი.

ასე რომ, არსებობს ორი სახის ინდივიდუალიზაცია: ერთია მწერლის ინდივიდუალიზაცია - სამწერლო ენის მიხედვით ნაწარმოების ავტორის ამოცნობა, მეორე კი - პერსონაჟთა ინდივიდუალიზაცია, როდესაც შესაძლოა პერსონაჟების ცნობა.

არსებობენ ისეთი მწერლებიც, რომლებიც სულ სხვა ენობრივ პოლიტიკას არჩევენ. თუმცა პერსონაჟებიც და ავტორიც იოლად იცნობა იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ტექსტს ვკითხულობთ.

ზოგიერთმა მწერალმა თავად შექმნა თავისი ხალხის ენა. მაგალითად, რუსთაველმა ის ქართული შექმნა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ქართული ენა სხვა იყო რუსთაველამდე და სხვაა რუსთაველის შემდეგ.

იტალიური ენაც სულ სხვა გზით მიდიოდა და ფლორენცია არ იყო იტალიის „ისეთი“ ცენტრი, რომ რომაული დიალექტი დაემარცხებინა. მაგრამ არსებობდა დანტე ფლორენციელი და სენიორიიდან მისი გაძევების მიუხედავად, მან ფლორენციული საუბრის იტალიურ საუბრად ქცევა შეძლო.

დანტესა და რუსთაველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ფიქრად არ ჰქონიათ თავიანთი ნაციისთვის საკუთარი ენის თავს მოხვევა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც მხატვრული ნაწარმოების ენობრივი კომპონენტით გამდიდრება ჩაიფიქრეს... ჩაიფიქრეს და შეძლეს კიდეც.

ასეთმა მწერლებმა უფრო რთული გზა აირჩიეს. ახლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ მწერალზე მინდა ვისაუბრო: როგორ გამოიხატა ენობრივი პოლიტიკა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მწერალთან - ფიოდორ დოსტოევსკისთან.

დოსტოევსკი წერს „ძმებ კარამაზოვებს“. მისი პირველი წაკითხვისას უცებ აღმოაჩენ, რომ მას არ ჰყავს ისეთი ავტორი, რომელმაც ყველაფერი იცის: რა ტრიალებს ძმების გულში, რა იფიქრა დიმიტრიმ და ა.შ. „ძმები კარამაზოვების“ ავტორმა არაფერი იცის. ამ რომანს წერს კაცი, რომელმაც მომხდარ ამბებს ყური მოკრა და წარმოდგენაც არ აქვს, რა იფიქრა დიმიტრიმ, მან მოკლა თუ არა, ან ვინ არის მკვლელი. რა თქმა უნდა, ეს რომანი დოსტოევსკიმ დაწერა, მაგრამ რომანი დაწერა ისე, რომ მის პერსონაჟებს ენობრიობა შეეძინათ. მას მიხაილ ბახტინმა პოლიფონიური რომანი უწოდა.

რა განსხვავებაა დოსტოევსკის რომანსა და, ვთქვათ, ტოლსტოის, სერვანტესის, შექსპირის ნაწარმოებებს შორის?! არასწორია საუბარი იმაზე, რომელი მათგანი უფრო დიდი მწერალია. უბრალოდ ვნახოთ, რა განსხვავებაა მათ შორის: დოსტოევსკის რომანებს მიღმა ვხვდებით, ე.წ. ხაზოვან წერას, უფრო კონკრეტულად, ვხედავთ ავტორს, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ პერსონაჟებს და მხატვრულ სამყაროში განალაგებს მათ. ამ ავტორს შეუძლია პერსონაჟებს (რუსთაველივით) მთელი მსოფლიო, (ტოლსტოისავით) მთელი ეპოქა, (ბალზაკივით) მთელი საფრანგეთი აჩუქოს. ან მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა დოსტოევსკი - მან „არ იცის“, რა ხდება. მისი პერსონაჟები ხანგრძლივ მონოლოგებს აბამენ. კაცმა, რომელიც წერს, წესით ამ მონოლოგებზე არაფერი უნდა იცოდეს. არადა, დიმიტრი კარამაზოვი ლაპარაკობს, ლაპარაკობს, ლაპარაკობს ან „რაღაცას“ წერს. ეს მეორე ხერხი გამორჩეულია ლიტერატურაში. ის რუსთაველმაც გამოიყენა (ნესტანის წერილი ეს წერილთა წერილია) და სერვანტესმაც (გავიხსენოთ დულსინეასადმი მიწერილი წერილის სანცოსეული ზეპირი ვერსია).

სამეტყველო ენა და წერითი ენა სხვადასხვაა, ეს სრულიად ბუნებრივია. ერთი ამბავია, როდესაც რომელიმე პერსონაჟი საუბრობს და მეორეა, როდესაც წერს. დოსტოევსკიმ გამოიყენა ეს სიმდიდრე და თავის პერსონაჟს წერა დააწყებინა. ორ მაგალითს მოვიტან, ორივე საზიზღარი, თუმცა ამავდროულად მიმზიდველი პერსონაჟია: დოსტოევსკის ჰყავს ივანე კარამაზოვი, ალბათ ყველაზე უსიმპათიო კარამაზოვი დედამიწის ზურგზე (მამამისის შემდეგ) და, მეორე მხრივ, სტავროგინი, ნიკალაი ვსევოლოდოვიჩი. ეს ორი პერსონაჟი წერს - სტავროგინმა აღწერა და დაბეჭდა თავისი უსაქციელობები, რომელიც მრავლად ჰქონდა ჩადენილი, ხოლო ივანმა კი აღწერა ქრისტეს, ასე ვთქვათ, დაუანონსებელი ჩამოსვლა დედამიწაზე -„დიდი ინკვიზიტორი“.

„დიდი ინკვიზიტორი“ არის „პოემა“, რომანი რომანში, სადაც ეკლესიამ ქრისტე დაიჭირა, საქმე გაურჩია, დაწვა დაუპირა. ამ ნაწერის მიხედვით, გაირკვა, რომ კათოლიკურ ეკლესიას ქრისტესთან პრეტენზია ჰქონია.

ნახეთ, რა ეშმაკი კაცია დოსტოევსკი - ეკლესიას თუ ეწყინებოდა, ის იტყოდა, რომ ეს თავი მან კი არა, ცუდმა კაცმა დაწერა. კაცმა, რომელმაც მამის მკვლელობა უკარნახა სმერდიაკოვს, პერსონაჟს, რომელიც მას უსიმპათიო კაცად ჰყავს გამოყვანილი; ზუსტად იმავეს იტყოდა სტავროგინზეც.

ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, დოსტოევსკის პერსონაჟები ავტორებად იქცნენ. ამიტომაც, ვიღებთ არა ერთმეფიან ან ერთღმერთიან - მონოფონიურ რომანს, სადაც ავტორის აზრი პერსონაჟებს მოჰყავთ სისრულეში, არამედ დოსტოევსკის რომანს, ენობრივი პოლიტიკის შემცვლელ ნაწარმოებს. ეს ის ფუნდამენტური ცვლილებაა, რომელმაც თანამედროვე მწერლობა წამოქმნა. დოსტოევსკი უარს ამბობს ერთ სიმართლეზე, ერთ ჭეშმარიტებაზე, ერთ ხმაზე, ერთ ენაზე. ის ამბობს, რომ არსებობს მრავალი თანაბარვალენტობიანი, თანასწორი ხმა - მტყუანთა და მართალთა. ისინიც ავტორები არიან. მან შექმნა ასეთი ავტორები, რაც ჯამურად ჰქმნის კიდეც ჰარმონიას, ანუ, როგორც მას ბახტინმა უწოდა, პოლიფონიურ რომანს.

ასე რომ, მწერლობაში ფლობერსა და დოსტოევსკის ეკუთვნით ორი ენობრივი მიღწევა: ფლობერმა განასხვავა პერსონაჟთა ენები, დოსტოევსკიმ კი ყველა პერსონაჟი აალაპარაკა, თუმცა განასხვავა მათი იდეოლოგიები, შესაბამისად - ენები. ეს ის განსხვავებაა, როდესაც სიტყვით კი არა, შინაარსით ცნობ ავტორს. როდესაც კითხულობ, ანუ უსმენ პერსონაჟს და ხვდები, რომ ეს დიმიტრი კარამაზოვია, იმიტომ კი არა, რომ ფლობერივით აკვიატებულ სიტყვებს იყენებს, არამედ იმიტომ, რომ იგი ასეთ რამეს ამბობს: „ადამიანის გული ასპარეზია, სადაც ღმერთი და სატანა ერთმანეთს ებრძვიან, აქ ისინი თანასწორნი არიან“. ეს საკმაოდ ბნელი იდეაა, რომელიც არ მოეწონება არც მართლმადიდებლურ და არც კათოლიკურ ეკლესიას. ის ძალიან ჰგავს სულ სხვა რელიგიას, მაზდიანობას, სადაც ორი თანასწორი ძალაა. ეს იდეა წარმართულ რელიგიას ჰგავს. გავიხსენოთ თუნდაც როგორ ემუქრებოდა ზევსი პოსეიდონს, თუ ის ბერძნების სასარგებლოდ ბრძოლას არ შეწყვეტდა, რაზეც პოსეიდონსაც ჰქონდა პასუხი - ნუ ავიწყდება ზევსს, რომ ჩვენ სამნი (ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი) თანასწორნი ვართო. გასაგებია, რომ ზევსი ოლიმპოელთა დასის მეთაურია, მაგრამ როგორი შეუპოვარია პოსეიდონი!

დოსტოევსკისთან სწორედ ამას ვხვდებით. მან არამხოლოდ სინტაქსის დონეზე განსხვავებული ენა შექმნა, არამედ განასხვავა იდეოლოგიები და ერთ წიგნში სხვადასხვა სამყაროები მოათავსა. ამიტომაა ის მსოფლიო ჩემპიონი მწერალი და შემთხვევითი არაა, რომ მუდამ თავისი გავლენის ქვეშ ტოვებდა და ტოვებს მკითხველს.

დოსტოევსკის ენობრივ გავლენასთან დაკავშირებით გავიხსენოთ კიდევ ერთი მწერალი, რომელზეც თავის დროზე დოსტოევსკიმ იქონია გავლენა. შემდგომში კი მან თავად, შემოვლითი გზით, გავლენა იქონია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ მიმართულებაზე.

ცნობილია დოსტოევსკის დიდი გავლენა უილიამ ფოლკნერზე, რომელიც ყოველთვის უარყოფდა, რომ ფროიდი ჰქონდა წაკითხული და აღიარებდა, რომ დოსტოევსკის ნაწარმოებების წასაკითხად ყოველ წელს ერთი თვე ჰქონდა გამოყოფილი.

ფოლკნერმა დოსტოევსკის გავლენით ახალი პოლიფონიური რომანი შექმნა. მისი მთავარი რომანი რომ დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება: სამი დედმამიშვილი, მეოთხე - განსხვავებული, მამა, რომელიც სვამს, მართალია კარამაზოვი - კონიაკს, ის - ვისკის, მაგრამ ორივე ამბობს, რომ კონიაკი/ვისკი კი არ კლავს, დარდი კლავსო; ერთი სიტყვით, უამრავი მსგავსებაა. ფოლკნერმა ეს გრანდიოზული იდეა ენობრივად განავითარა და დაწერა რომანი ოთხ ხმაში.

დოსტოევსკი პოლიფონიურია და რამდენიმე ხმაში წერს. რომანიდან იმდენი ხმა ისმის, რამდენი პერსონაჟიცაა ნაწარმოებში. ფოლკნერმა კი ოთხხმიანი ნაწარმოები დაწერა. ეს კლასიკაა, ეს გურული სიმღერაა - სამი ჰარმონიული ხმა, მეოთხე, ე.წ. მოძრავი, რომელიც ხმებს შორის გადად-გადმოდის. ფოლკნერმა დაწერა წიგნი, რომელსაც „ხმაური და მძვინვარება“ ჰქვია. ნაწარმოების ერთი ნაწილი „იდიოტის“ მიერ პირველ პირშია დაწერილი. მას დრო აქვს არეული. შემდეგ გვხვდება თვითმკვლელის ენა, რომელიც პირველ პირში ჰყვება, თუ როგორ წავიდა, როგორ ჩაიდო ჯიბეში უთო და ა.შ. შემდეგ - საზიზღარი პიროვნების ენა, რომლისთვისაც დოლარი, ცენტი ინგლისური ენის მთავარი სიტყვებია, რომელმაც საკუთარი და და დისშვილი გაძარცვა და ამის ფონზე კი თავი კარგი ადამიანი ჰგონია.

ამ ენაში არ გვჭირდება ფლობერისეული განცხადებები, აქ ის აზრები, დიანოია ჩანს, რაც თავის დროზე არისტოტელემ გამოყო, როგორც სტრუქტურული ელემენტი. მან თქვა, რომ არის სიუჟეტი, არის ფაბულა, მაგრამ არის აზრები, აზრები, როგორც მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტი.

„ხმაური და მძვინვარება“ დოსტოევსკის პირმშოა, ეს არის რომანი, რომელმაც პირდაპირი გავლენა იქონია ბორხესზე. ხოლო რა შექმნა ბორხესმა, ეს ყველამ ვიცით. დღევანდელი მსოფლიო ლიტერატურა მადლიერი უნდა იყოს იმ ენობრივი თავხედობისა, იმ საშინელებისა, მორწმუნე კაცს რომ გააბედინა და ათქმევინა, რომ ღმერთი არ არის ერთი, რომ პერსონაჟებს აქვთ თავიანთი სიმართლე, რომ სამყაროში არსებობენ სამყაროები, რომ ადამიანი სამყაროა. უზარმაზარი ლიბერალური იდეაა გამოთქმული ისეთი კონსერვატორის მიერ, როგორიც დოსტოევსკი იყო. საკმაოდ კონსერვატული იდეოლოგია ჰქონდა ფოლკნერსაც, თუმცა საკუთარი შემოქმედებით ის ინდივიდუალიზაციას, ლიბერალიზმს ემსახურებოდა.

დაბოლოს, არსებობს მწერლის ენა, მწერლის ინდივიდუალური ენა, რომლითაც ის იცნობა. უნდა მივულოცოთ ყველას, ვინც ეს შეძლო და მოახერხა. ამავდროულად, არსებობს მწერლების კიდევ უფრო შორს გადადგმული ნაბიჯი - პერსონაჟთა ინდივიდუალიზაცია ენობრივი ნიშნების მიხედვით. სრულიად უნიკალური მიღწევა და არსებობს მესამე დონე ენობრივი ექსპერიმენტისა, როდესაც პერსონაჟი სამყარო ხდება. მას არა მარტო ენა, არამედ სათქმელიც განსხვავებული აქვს და, შესაბამისად, სწორედ სათქმელი ცვლის ენას, როგორც აღმნიშვნელი - აღსანიშნს. აქ ჩნდებიან ეს პერსონაჟი-იდეოლოგები. ჩნდება სამი ძმა კარამაზოვი, რომლებიც სამ სხვადასხვა რამეს ამბობენ. ჩნდება მათი მამა, რომელიც საერთოდ სხვა დისკურსშია და ჩნდება არა დოსტოევსკი, არამედ ვიღაც პიროვნება, რომელიც მათ აერთიანებს, რაც ჯამში ჰქმნის ჰარმონიას.

ეს დიდი საოცრებაა. შემდგომში ხდება ამ ჰარმონიის ფრაგმენტიზაცია და ჩნდება სხვა ტიპის მწერალი, რომელიც აშკარად დოსტოევსკის მხრებზე დგას, ყველაზე უცნაური, მოულოდნელი და გენიალური რომანით „ხმაური და მძვინვარება“. მან გამოიყენა ძველი კლასიკური სიბრძნე: ვიცით, რომ ენობრივი ექსპერიმენტი, როგორც იდეა, ფოლკნერმა დოსტოევსკისგან აიღო, მაგრამ სათაურის შერჩევისას - „ხმაური და მძვინვარება“ - მან შექსპირის „მაკბეტით“ ისარგებლა, სადაც ნათქვამია, რომ ცხოვრება იდიოტის მოთხრობილი ზღაპარია, სავსე ხმაურით და მძვინვარებით, თუმცა შინაარსის გარეშე. ფოლკნერმა ეს მეტაფორა რეალობად აქცია - ცხოვრება მოაყოლა იდიოტს და ეს ცხოვრება მართლაც ხმაურითა და მძვინვარებით სავსე აღმოჩნდა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^