Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენა თუ დიალექტი?

31 ოქტომბერი 2014

(არსებობს თუ არა “მეგრული და სვანური სეპარატიზმის” საფრთხე?)

ჯერ კიდევ XIX საუკუნის ენათმეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ შესაძლებელია ენის განვითარების ტენდენციის გონივრული წარმართვა. ენა გონივრულ ჩარევას საჭიროებს: მისი დახვეწისთვის აუცილებელია მართებული ენობრივი პოლიტიკის შემუშავება... ენათმეცნიერება არა მხოლოდ უნდა იკვლევდეს ენაში არსებულ კანონებს, არამედ აღმოჩენილ კანონთა საფუძველზე წარმართავდეს ენის/ ენების შემდგომი განვითარების გეზს.

ენობრივი პოლიტიკა - ეს არის ოფიციალური ქმედება, რომელიც ცდილობს, ჩაერიოს ნებისმიერი ტიპის ენის (სახელმწიფო, რეგიონული, უმცირესობათა, უცხო და მისთ.) ფუნქციონირების სფეროში (მაგალითად, წერის ოფიციალური სისტემა, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის ენის დაკანონება და სხვა...) ან განათლების სისტემაში ამ ენების ადგილის საკითხებში. ენობრივი პოლიტიკა, როგორც წესი, ეყრდნობა გარკვეულ პრინციპებს (ეკონომიკა, ეროვნული იდენტურობა, დემოკრატული ღირებულებები და ა. შ.).

ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ფილოსოფია გვთავაზობს თეორიას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, ეროვნება და ენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: ენა არის ეროვნულობის სიმბოლო და კომპონენტი და, ამასთანავე, მოქალაქეობის განმსაზღვრელი ფაქტორი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ის მკაფიოდ განისაზღვროს და გამოიყოს სხვა ენობრივი სახესხვაობებისგან, რომლებიც მოცემულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე გამოიყენება.

ენობრივი სახესხვაობა - ეს არის ტერმინი სოციოლინგვისტიკაში, რომელიც ნეიტრალური, მახასიათებელი ტერმინია; მისი დანიშნულება ის არის, რომ თავიდან ავიცილოთ ტერმინის - ენა - ხმარება, ამასთანავე, თავიდან ავიცილოთ ფასეულობითი განსჯა. ენობრივი სახესხვაობის ნებისმიერი განსაზღვრება, როგორც შემადგენელი ან არაშემადგენელი რეალური ენისა, ეფუძნება გარე ფაქტორებს და არა სახესხვაობის რეალურ (ლინგვისტურ) მახასიათებლებს... თუმცა, ვფიქრობთ, ამთავითვე საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს და გაიმიჯნოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა მშობლიური ენა, უცხო ენა, მეორე ენა.

მშობლიური ენა, დედაენა, ეროვნული ენა

მშობლიური ენა - ეს არის ენობრივი სახესხვაობა, რომელიც შეძენილია ადრეულ ბავშვობაში, ორი-სამი წლის ასაკამდე. ამ სახესხვაობას განსაკუთრებული სტატუსი აქვს ბავშვისათვის, რამდენადაც ბავშვი მას თავისით აღმოაჩენს სამყაროს ადრეული სოციალიზაციის პერიოდში: ლინგვისტური ურთიერთობა სხვა მოლაპარაკეებთან აუცილებელია ნორმალური განვითარებისათვის. ბავშვი ლინგვისტური “წესების” გაცნობიერებასა და შეთვისებას მის უშუალო გარემოში იწყებს და, ამავე დროს, იძენს კომუნიკაციური ქცევის წესებს (მაგალითად, ვის, როგორ და როდის უნდა მიესალმოს...). ეს არის სახესხვაობა, რომელშიც ადამიანის ენობრივი ნიჭი პირველად გამოვლინდება ბუნებრივ ენაზე.

მშობლიური ენა ყოველდღიურად გამოსაყენებელი ტერმინია, რომელსაც, ამასთანავე, ემოციური ქვეტექსტი ახლავს. ენობრივი სახესხვაობისთვის, რომლითაც შესაძლოა განისაზღვროს ამა თუ იმ წევრის მიკუთვნება გარკვეული ენობრივი ჯგუფისადმი, აუცილებელი სულაც არაა პირველი ენის პოვნიერება, არამედ, შესაძლოა, ეს იყოს მოგვიანებით შეძენილი სახესხვაობა (ცნობილი ქართველი მწერლის - დავით კლდიაშვილის მაგალითი, რომელმაც მშობლიური - ქართული ენა ზრდასრულ ასაკში შეისწავლა)...

საინტერესო მიმართებაა ქართულ სინამდვილეში ტერმინებს “მშობლიურ ენასა” და “დედაენას” შორის:

ევროპულ ენათმეცნიერებაში მშობლიური ენის აღსანიშნავად მეტწილად დედის სემანტიკის მომცველი შესიტყვებანი გამოიყენება (ინგ. Mოტჰერ ტონგუე, გერმ. Mუტტერსპრაცჰე, შვედ. Mოდერსმåლ, ფრანგ. Lა ლანგუე მატერნელლე, ესპ. Lა ლენგუა მატერნა, ქართ. დედაენა და ა. შ.); ამავე მნიშვნელობით (პრაქტიკულად, როგორც სინონიმს) განიხილავენ ტერმინს - მშობლიური ენა (ინგ.Nატივე ლანგუაგე, რუს. Родной язык, ქართ. მშობლიური ენა); ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაციაა ქართულ სინამდვილეში.

დედაენის განმარტებისას, როგორც წესი, ხაზს უსვამენ ტერმინის სოციოლოგიურ დანიშნულებას: “დედაენა მთავარ ენას ნიშნავს და არა ვისიმე ენას: სოციოლოგიის ობიექტია და არა ინდივიდუალური ფსიქოლოგიისა” - ამბობდა გ. რამიშვილი; “დედაენა არის წინაპრების მიერ შექმნილი კულტურის ენა, რომელიც, როგორც სამყაროს ხედვა-აღქმის სისტემა, მრავალ თაობას აერთიანებს. დედაენა მთავარი ენაა და არა მაინცდამაინც ბიოლოგიური მშობლის ენა” (ტარიელ ფუტკარაძე).

როგორც ვხედავთ, არის მცდელობა, ტერმინ “დედაენას” ისეთი ფუნქციები დაეკისროს, როგორიც არ აქვს, მაგალითად, ინგლისურ Mოტჰერ ტონგუ-ს (სიტყვასიტყვით - იგივე “დედაენა”). ამას აქვს კიდეც გარკვეული ობიექტური წანამძღვარი: აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - XIX საუკუნის ბოლოს სწორედ ამ სახელწოდებით (დედა ენა) დაიბეჭდა ი. გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომლითაც მთელი ქართველი ერი იწყებდა მშობლიური ენის შესწავლას და შემთხვევითი არ არის ქართველ მეცნიერთა შორის გავრცელებული მოსაზრება, რომ “სამწიგნობრო ქართული (იგივე სალიტერატურო ქართული) - დედაენას უიგივდება” (ტარიელ ფუტკარაძე).

თავისთავად, თუკი მშობლიურ ენას ტრადიციული გაგებით მივუდგებით (ეს არის ენა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი ლინგვისტური “წესების” გაცნობიერებასა და შეთვისებას იწყებს მის უშუალო გარემოში და, ამავე დროს, იძენს კომუნიკაციური ქცევის წესებს), ტოლობის ნიშნის დასმა ტერმინებს სალიტერატურო ენასა და მშობლიურ ენას (დედაენას) შორის შეუძლებელია; მაშასადამე, ცხადია, რომ ტერმინს - დედაენა დღეს უკვე შეძენილ-შეთვისებული აქვს დამატებითი ფუნქციები, რაც ტერმინ მშობლიური ენისათვის არ არის დამახასიათებელი.

მეორე ენა, უცხო ენა

ტერმინი მეორე ენა გამოიყენება იმ ენობრივი სახესხვაობებისთვის, რომელთა ათვისებაც ბავშვობაში კი არა, მოგვიანებით ხდება: ამის გამო, ყველა სხვა ენა, გარდა პირველი ენისა (რომელზეც მოზარდი იწყებს აზროვნებას), უნდა მოვიაზროთ მეორე, მესამე და ა. შ. ენებად მათი შეძენის თანმიმდევრობის მიხედვით. პირველი ენის (ენების) შეძენის შემდეგ შეძენილი ენები შესაძლოა სხვადასხვა სახისა იყოს, აქედან მომდინარეობს დიდი ტერმინოლოგიური მრავალფეროვნება.

მეორე ენა გულისხმობს არა მხოლოდ დაუფლების თანამიმდევრობას, არამედ ხაზს უსვამს ენობრივი სახესხვაობის სოციოლინგვისტურ სტატუსს.

აუცილებელია გაიმიჯნოს მეორე ენისა და უცხო ენის სტატუსები: ტერმინი უცხო ენები ხშირად გამოიყენება, რათა მოვიხსენიოთ ენობრივი სახესხვაობები, რომელთა სწავლება შესაძლოა ნაკლები მოტივაციით იყოს გამოწვეული: კერძოდ, შემსწავლელები არ არიან იმ სახესხვაობებთან კონტაქტში, ან მხოლოდ ვირტუალურ ან შეზღუდულ ფორმებს იყენებენ (კინო, ტელევიზია, იმ ქვეყნებში ვიზიტები, სადაც ისინი გამოიყენება და მისთ.). ამის გამო, ისინი, შესაძლოა, ნაკლებად აცნობიერებდნენ საკუთარ მოთხოვნილებებს უცხო ენებზე - ისინი ჩვეულებრივი სკოლის საგნებად მიიჩნევიან, რომლებშიც მიღწევების დამადასტურებელი არა ფაქტობრივი დაუფლება, არამედ მათი შეფასებაა (ტესტები, გამოცდები); ეს არის მეორე ენისა და უცხო ენის არსებითი განმასხვავებელი: მეორე ენას შემსწავლელი ეუფლება, შეითვისებს; უცხო ენას - სწავლობს, როგორც საგანს (აქედან გამომდინარეობს მეთოდიკური მიდგომებისა და სწავლების სტრატეგიების არსებითი სხვაობაც)...

ქართველური ენები თუ ქართული ენის დიალექტები?

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ მწვავე კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე, არის თუ არა მეგრული და სვანური ქართული ენის დიალექტები... ტრადიციულად, ქართველური ენათმეცნიერება (ნიკო მარი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე და მრავალი სხვა) მეგრულ-ლაზურსა და სვანურს ქართულის მონათესავე ენებად მიიჩნევდნენ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ეს თვალსაზრისი არავის დაუყენებია ეჭვქვეშ და ლინგვისტთა თაობები სწორედ ამ ჭრილში განიხილავდნენ მეგრულის, ლაზურისა და ქართულის ლინგვისტურ ურთიერთმიმართებას. ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა (ტარიელ ფუტკარაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მანანა ტაბიძე და სხვ.) გამოთქვა მოსაზრება, რომ მეგრულ-ჭანური და სვანური არა ენები, არამედ დიალექტებია და, რაც მთავარია, საწინააღმდეგო მოსაზრების ავტორები, მათი აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურებიან (/ემსახურებოდნენ) რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს (?)... საკითხის ამგვარმა პოლიტიზებამ სულ სხვა ჭრილში გადაიყვანა კამათი და, ვფიქრობთ, მან არა მხოლოდ არაკორექტული სახე მიიღო (სხვა თუ არაფერი - ქართველური ენათმეცნიერების ფუძემდებლების მიმართ დამოკიდებულებისა და შეფასების თვალსაზრისით), არამედ ოპონენტთა “დადანაშაულებასა” და განქიქებასაც არ ერიდებოდა, ობიექტურნი თუ ვიქნებით - მოკამათე ორივე მხარე...

სამეცნიერო პაექრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს გარკვეულ ჩარჩოებს: საკითხში ნაკლებად ჩახედული მკითხველისთვის კი აუცილებელია იმ ამოსავალი დებულებებისა და ტერმინების განხილვა, რამაც, პრინციპში, აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა...

დიალექტი განისაზღვრება, როგორც ამა თუ იმ ენის სამეტყველო ნაირსახეობა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ, ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიხედვით გვაქვს ტერიტორიული, ეთნიკური, სოციალური, პროფესიული დიალექტები. დიალექტი მეტყველების ფაქტია და არა ენისა: ერთი და იმავე სისტემის ნაირგვარი გამოყენება საფუძველს უქმნის ენობრივი სახეობების წარმოქმნას. ეს ნაირსახეობები არსებითად წარმოადგენენ კიდეც დიალექტებს; დიალექტი ზეპირი მეტყველებაა; წერილობით მხოლოდ მისი ფიქსაცია ხდება. მთავარი და არსებითი მაინც ის არის, რომ დიალექტი არის საერთო ეროვნული ენის ნაირსახეობა და არა დამოუკიდებელი ენობრივი სისტემა (ბესარიონ ჯორბენაძე).

ურთიერთობა ენასა და დიალექტს შორის შეიძლება შემდეგნაირად განისაზღვროს: აუცილებელი პირობა იმის დასაშვებად, რომ ენობრივი სახესხვაობები ან დიალექტები ერთსა და იმავე ენას მიეკუთვნება, არის ის, რომ ისინი ერთ უწყვეტობას ანუ კონტინუუმს უნდა წარმოადგენდნენ... (ვინფრიდ ბოედერი - ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი).

სოციოლინგვისტიკაში დიალექტს განსაზღვრავენ გამოყენებითი (პრგამატული) თვალსაზრისით; შესაბამისად, მისი საკუთრივ ლინგვისტური სტატუსი, როგორც წესი, მხედველობაში ნაკლებად მიიღება - იგი აღიწერება ექსტრალინგვისტური (და არა იმანენტური) ნიშნების მეშვეობით.

ქართველ ლინგვისტთა ერთი ნაწილის მტკიცებით, “ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემა მხოლოდ ლინგვისტიკის სფეროში ვერ მოთავსდება; კულტურული ტრადიციის მქონე არცერთი ენა საკუთრივ ლინგვისტური ნიშნებით არ არის სახელდებული ენად: ჯერ არავის დაუდგენია ენობრივ ცვლილებათა თუ თავისებურებათა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც მონათესავე ენობრივ ერთეულთა შორის არსებული რაოდენობრივი განსხვავებანი თვისებრივში გადადის - სისტემის ვარიანტი გადადის ახალ სისტემაში” (ტარიელ ფუტკარაძე); აქედან გამომდინარე, “არსებული ენების სტატუსი, როგორც წესი, განსაზღვრულია ეთნოკულტურული და პოლიტიკურ-რელიგიური ნიშნის მიხედვით (ტარიელ ფუტკარაძე).

საკითხის პოლიტიზების მცდელობას წარმოადგენს შემდეგი კატეგორიული მტკიცებაც: “როგორც წესი, ერთ ერს (ეთნიკური გაგებით) ერთი დედაენა აქვს” (ტარიელ ფუტკარაძე); “ერთი ერი (ეთნიკური ერთობა) ერთ ენაზე მეტყველებს” (თეიმურაზ გვანცელაძე).

წინამდებარე სტატიის ფარგლებში ამ მოსაზრების გამოწვლილვითი ანალიზის საშუალება, ბუნებრივია, არ გვაქვს. თუმცა, მაინც შევეცდებით, მკითხველი მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ პრობლემის არსში.

საზოგადოდ, ერთი და იგივე ობიექტი (ჩვენს შემთხვევაში - ენა) მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს. ამის მკაფიო მაგალითია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფართო სპექტრის არსებობა: ბუნების ესა თუ ის მოვლენა შეისწავლება სრულიად განსხვავებული კუთხიდან (ქიმია, ფიზიკა, ბოტანიკა, ბიოლოგია...). მაგალითად - წყალი ფიზიკის შესწავლის საგანიცაა (მისი ფიზიკური თვისებების განხილვა) და ქიმიისაც (წყლის მოლეკულური შედგენილობა...). ასევეა ენის შემთხვევაშიც: აუცილებელია, დავიცვათ იმანენტური (ანუ არსობრივი) განსაზღვრის პრინციპი. როცა საუბარია ამა თუ იმ ენის წარმომავლობაზე, მის ნათესაობაზე სხვა ენებთან - უნდა ვისარგებლოთ იმ წეს-კანონებითა და ტერმინოლოგიით, რაც ჩამოყალიბებულია ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების წიაღში; ენად კვალიფიცირება ხდება სისტემური იგივეობა-სხვაობების მიხედვით - ეს არის აქსიომა ენათმეცნიერებისთვის და სხვა მიდგომები უკვე სცილდება ენათმეცნიერების სფეროს. შესაბამისად, ლინგვისტური ცნებებისა (ენის, დიალექტის და ა. შ.) და მათი ურთიერთმიმართების დადგენა ლინგვისტიკაში მხოლოდ საკუთრივ ლინგვისტური კრიტერიუმებით არის შესაძლებელი, ექსტრალინგვისტური ცნებებისა და კრიტერიუმების შემოტანას აქ მხოლოდ ქაოსისა და არევ-დარევის გამოწვევა შეუძლია (ალექსანდრე ონიანი).

სოციოლინგვისტიკა შეისწავლის ენის (ენათა) ფუნქციონირებას სინქრონულ დონეზე; მისი მიზანი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ამა თუ იმ ობიექტის საკუთრივ ლინგვისტური სტატუსის დადგენა. ფაქტია, რომ ამა თუ იმ ერთეულის სტატუსი განსხვავებული იქნება ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერებისთვის იმისგან, რაც, სხვადასხვა ექსტრალინგვისტური ფაქტორის გამო, “დააკანონა” სოციოლინგვისტიკამ. ვფიქრობთ, სრულიად მართებულია მოსაზრება, რომელიც ბ. ჯორბენაძის მიერ არის ფორმულირებული: “ენათმეცნიერული (დავაზუსტებთ - საკუთრივ ლინგვისტური) თვალსაზრისით, მეგრულ-ჭანური და სვანური ქართულის მოძმე ენებია, მაგრამ ეთნიკურ-პოლიტიკური (აქაც დავაზუსტებთ - სოციოლინგვისტური) თვალსაზრისით მათ იგივე სტატუსი აქვთ, რაც დიალექტებს (ბესარიონ ჯორბენაძე).

საუკუნეების წინ ქართული იყო რელიგიის ენა და, ამდენად, ქართველური ტომების ენობრივად შემკვრელ-მაკონსოლიდირებლის ფუნქციაც ეკისრებოდა. მეგრელები თუ სვანები არასოდეს არ იყვნენ მოწყვეტილნი საერთო ქართულ რეალობას, ეროვნულ ფესვებს... ფაქტია, რომ მეგრელ-სვანებიც ისეთივე მემკვიდრეები და შემოქმედნი არიან ქართული ლიტერატურისა, როგორც დანარჩენი კუთხის წარმომადგენლები... ამის განმაპირობებელი კი იყო სწორედ ის, რომ მეგრულიცა და სვანურიც დამწერლობის არ მქონე ენებია - ეს ენები გამოიყენებოდა მხოლოდ სამეტყველო (მოსმენისა და ლაპარაკის) ფუნქციით, ხოლო სხვა სამეტყველო ფუნქციების (წერა, კითხვა) “განსახორციელებლად” ბუნებრივად გამოიყენებოდა ქართული - ეკლესიის, ოფიციალურ-საქმიანი ენა... მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მეგრელისა და სვანისთვის სამწერლობო ენის ჩანაცვლების საკითხიც კი არასოდეს დასმულა... სამწუხარო ის არის მხოლოდ, რომ ზოგიერთს მეგრულისა თუ სვანურის ენად მოხსენიება მისი სახელმწიფო ენად გამოცხადება ჰგონია... ის დებულება, რომ მეგრულ-ლაზური და სვანური, ისევე, როგორც ქართული, ქართველური ენებია, თავისთავად და ავტომატურად, “სეპარატისული” არ არის... ძალიან სახიფათო და მიუღებელია წამოწყებული კამპანია: თითქოს ის, ვინც მეგრულ-ლაზურსა და სვანურს ენებად მიიჩნევს - სამეგრელოსა და სვანეთის საქართველოდან გამოყოფას ქადაგებს... ერთხელ და სამუდამოდ ზღვარი უნდა გავავლოთ მეცნიერებასა და პოლიტიკას შორის!..

...კვლევისას შეიძლება პატიოსანმა მეცნიერმა შეცდომები დაუშვას, არასწორი გზით წავიდეს, მაგრამ მის კვლევას მაინც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ღირებულება, - განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც ჯერ დებულებები (სლოგანები) და დასკვნები იწერება და მერე იწყება “კვლევა”...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^