გორში, თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით, ექვსი ქარის ტურბინა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სტაბილურად აწარმოებს ენერგიას. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი ქარის ელექტროსადგური და პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა. მისი აგება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ფონდი მწვანე ზრდისათვის“ საშუალებით.
საქართველოში პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იყო, განსაკუთრებით მოლოდინების და მიზნების გამართლების თვალსაზრისით. დღეისათვის აშკარაა, რომ „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ამ მიზნებს და მოლოდინებს ამართლებს - გასულ წელს ქარის ელექტროსადგურმა დაახლოებით 88 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია გამოიმუშავა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს ფაქტიურად 3.8 მილიონი კილოვატ-საათით გადააჭარბა. ენერგიაზე საშუალო ოჯახის წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 20,000-დან 25,000-მდე ოჯახის სამყოფია.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურია“. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კომპანია ვალდებულია, რომ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია მთლიანად სახელმწიფოს მიჰყიდოს.
თორნიკე ყაზარაშვილი, „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიამ გაყიდული ელექტროენერგიიდან შემოსავლის სახით 4.7 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. როგორც ის აღნიშნავს, ქარის ელექტროსადგურის მოწყობის ჯამური ხარჯი 26.4 მილიონი ევრო იყო, ხოლო უკუგების პერიოდი დაახლოებით რვა წელი იქნება.
როგორ იგეგმებოდა პროექტი
საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების იდეა 2013 წელს გაჩნდა. პირველი ნაბიჯი იმ ადგილების მოძიება იყო, სადაც მსგავსი სადგურის აშენება ხელსაყრელი იქნებოდა.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ შეიძინა სატელიტური პროგრამა, რომელიც აჩვენებდა, სად როგორი ქარია, რა სიჩქარისა და მიმართულების.
„ვნახეთ ტერიტორიები ქართლში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში და ა. შ. ეს ინფორმაციები შევკრიბეთ, შემდეგ კი დავიწყეთ საველე გასვლები, ამ ტერიტორიების დათვალიერება. ერთი საკითხია, რომ შეიძლება კონკრეტული ადგილი ქარის მონაცემების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ მეორეა, როგორი ლანდშაფტია იქ; შესაძლოა მთაგორიანი ტერიტორია იყოს, ან 2000-3000 მეტრზე იყოს ძალიან ძლიერი ქარი, მაგრამ ფიზიკურად და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იქ მისვლა შეუძლებელი იყოს და კვლევითი თუ სამშენებლო სამუშაოები ვერ განხორციელდეს“, - ამბობს ყაზარაშვილი.
მისი თქმით, საველე გასვლების შედეგად არჩევანი სწორედ გორზე შეჩერდა, რაც მრავალი დადებითი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. კერძოდ, მაგისტრალთან სიახლოვე, გორის ქვესადგური, რომელიც 8 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორია, სადაც არ იყო მწვანე საფარი იმ რაოდენობით, რომ მისი გაჩეხვა გამხდარიყო საჭირო.
შემდეგ დამონტაჟდა მეტეოროლოგიური ანძა და დაიწყო ქარის პარამეტრების - მიმართულების, სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის გაზომვა, ვინაიდან ტურბინების ტიპის შერჩევა ამ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული.
ყაზარაშვილი ამბობს, რომ ადგილი გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი იყო. ტურბინებიდან გამოწვეული ხმაური დასაშვები ნორმის ფარგლებშია, ხოლო უახლოესი დასახლებული პუნქტი ელექტროსადგურიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება ფრინველებს, მათი გადამფრენი ზოლი მტკვრის ხეობაშია, ქარის ელექტროსადგურიდან 15 კილომეტრში, და ქარის ელექტროსადგური მასზე გავლენას ვერ ახდენს.
„ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ მუშაობისას კომპანიას სხვადასხვა ევროპული კომპანია უწევდა კონსულტაციას. მოხდა რესურსების შეფასება და ყველაზე ოპტიმალური ადგილის შერჩევა, სადაც უნდა განთავსებულიყო ტურბინები. შემდეგ კი დაიგეგმა გადამცემ ქსელთან მიერთების პროექტი.
პარალელურად, ინვესტიციის მოსაპოვებლად კომპანია მოლაპარაკებებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ (EBRD) აწარმოებდა, რომლის მთავარი დონორი ევროკავშირია; სწორედ EBRD-ის მიერ მოხდა ტენდერების გამოცხადება ტურბინებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
საბოლოოდ ქარის ტურბინები კომპანიას დანიურმა კომპანიამ „VESTAS BENELUX-მა“ მიაწოდა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ქარის ტურბინების წარმოებაში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში გაფორმდა, მარტში კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. „სექტემბერში ბოლო ტურბინა დავამონტაჟეთ, ფაქტობრივად 6 თვეში არაფრისგან შევქმენით ელექტროსადგური“, - ამბობს ყაზარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ღირებულების 70% სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციის მიხედვით, მან 18.3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო კომპანიას ქარის ელექტროსადგურის დაგეგმვის, მშენებლობის და ფუნქციონირებისთვის. საკუთრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 8.3 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოყო, დანარჩენი 10 მილიონი კი რამდენიმე დონორის, მათ შორის ორგანიზაციის „ფონდი მწვანე ზრდისთვის“ მიერ იყო მოწოდებული. „ფონდი მწვანე ზრდისთვის“ (GGF) არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სპეციალიზებული ფონდი, რომელიც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის დანერგვას და პოპულარიზაციას ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.
ამჟამად კომპანიაში დაახლოებით 35 ადამიანია დასაქმებული. დისპეტჩერები და დაცვის სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები არიან. ელექტროსადგურის ოპერირებას პირველი 10 წლის განმავლობაში კომპანია „Vestas Georgia“ განახორციელებს.
დავით ჯიმუხაძე „ქართლის ქარის ელექტროსადგურში“ დისპეტჩერად მუშაობს. ის პროფესიით ელექტრიკოსია. მისი სამუშაო გრაფიკი ყოველ სამ დღეში 24-საათიან მორიგეობას მოიცავს. ამბობს, რომ პასუხისმგებლობა დიდია - სისტემის გამართულად მუშაობას უნდა შეუწყონ ხელი.
„ქვეყნისთვის. ნამდვილად კარგი პროექტია, უნდა ეცადონ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს“, - ამბობს დავით ჯიმუხაძე.
მისი თქმით, კომპანიაში მუშაობა მისი ოჯახის ფინანსურ მხარეზეც დადებითად აისახა.
„სტაბილურობის შეგრძნებაა, როდესაც მეორე თვეს საფიქრალი არ გაქვს სად წახვიდე, რა გააკეთო. ეს არ არის სეზონური სამუშაო, რაც კარგია“, - ამბობს ჯიმუხაძე.
დაგეგმილი პროექტები და გამოწვევები
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 3 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება - ზესტაფონში, საჩხერესა და შიდა ქართლში, სოფელ ნიგოზაში.
თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა გორის ელექტროსადგურის პროექტში ქსელთან მიერთება იყო, და ეს პრობლემა სხვა ელექტროსადგურებისთვისაც არსებობს.
„ელექტროსისტემას არ ჰქონდა ქარის ელექტროსადგურის მართვის გამოცდილება, გარდა ამისა, არ არსებობდა არც შესაბამისი კანონმდებლობა და არც ტექნიკური ცოდნა“, - ამბობს ყაზარაშვილი. „ამის გამო მოგვიწია ბაზრისა და ქსელის წესების შეცვლა, იმისათვის, რომ ქვეყნის პრაქტიკა კანონში ასახულიყო, რომ სხვებს შეძლებოდათ ამ კანონით ხელმძღვანელობა“.
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის EU4Energy ფარგლებში ევროპელ ექსპერტებთან კონსულტაციების გზით ვალდებულებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი მუშავდება. ეს ღონისძიებები მოიცავს როგორც სამართლებრივი ცვლილებების პაკეტის შემუშავებას, ისე რეკომენდაციების მოწოდებას, გამოცდილების გაზიარებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
EU4Energy მიზნად ისახავს ენერგეტიკული მონაცემებისა და სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებას, რეგიონული პოლიტიკის შემუშავებას, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების გაძლიერებას და ა. შ.
გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა ასევე ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, რომელიც ამა წლის 4-8 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება. კვირეულზე საუბარი შეეხება ახალი პოლიტიკის შემუშავებას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის და მდგრადი ენერგიის იდეების განხილვას.
მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ავტორი და შინაარსი შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებას.