“რელიგიის გაკვეთილზე ყოველთვის ვლოცულობდით. ხატებისკენ ვტრიალდებოდით და “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდით. ხათუნა მკაცრად ითხოვდა, რომ გოგონებს თავშალი გვეტარებინა. ერთხელ დამრჩა და ძალიან მეჩხუბა, კიდევ კარგი კლასელმა ქუდი მათხოვა. თავშლის ნაცვლად ლოცვის დროს ის დავიხურე”.
„მეცხრე კლასში ვიყავი, დისკუსია წამოვიწყე ისტორიის მასწავლებელთან. ის ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი ღმერთმა ებრაელების დასასჯელად გამოგზავნა, რომლებმაც უფალი უარყვეს. კლასელებმა შეურაცხყოფა მომაყენეს, ათეისტი, იეღოველი შემარქვეს. მომდიოდა ანონიმური წერილები, რომ ცეცხლში დავიწვებოდი, მწერდნენ ათასგვარ უხამს სიტყვას და მინიშნავდნენ “სტრელკებს”. საბოლოოდ სხვა სკოლაში გადავედი და ჩემი აზრის სახალხოდ გამოხატვა შევწყვიტე“, - ნინო მ. ახლა 17 წლისაა, მეთერთმეტე კლასშია და სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებს.
მარიამ მ. დაწყებით კლასებში რელიგიის გაკვეთილებს ესწრებოდა, რომელიც არა სხვადასხვა რელიგიის ისტორიას, არამედ მხოლოდ ქრისტიანობას ეხებოდა. გაკვეთილზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ყოფილ იაღოველ მოსწავლეზე ჰყვებოდა:
“მოგვიყვა, რომ ერთი იეღოველი მოსწავლე ჰყავდა, რომელიც საკუთარ მრწამსზე არ საუბრობდა. პედაგოგმა თქვა: რადგან მოსწავლის რწმენის შესახებ ვიცოდი, სპეციალურად დაბალ ქულას ვუწერდი და მაქსიმალურად აგრესიულად ვექცეოდიო (ამაზე კლასში იცინოდნენ)”.
“ხო, ნუ როდესაც ბავშვებს უდებ თავში, რომ მათ გარდა ყველა არასწორია და ჯოჯოხეთში მოხვდება, შესაბამისად უჩნდებათ აგრესიაც”, - გვეუბნება მარიამი.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება სისტემატურია. სახელმწიფო დეტალურ მონიტორინგს უნდა ეწეოდეს, თუმცა ასე არ ხდება.
როგორც ომბუდსმენი გვიყვება, არაერთი რეკომენდაცია აქვს დაწერილი იმის თაობაზე, რომ სკოლაში ხატები არ უნდა იყოს, არ უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა და სხვა:
“ამ პრობლემას ბოლო წლიურ ანგარიშშიც შევეხეთ და განათლების სამინისტროს მიმართ ბევრი რეკომენდაცია გავეცით, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ისინი არ სრულდება”.
თეონა დ. თბილისის #5 სკოლაში სწავლობდა, რელიგიას ხათუნა ქოთოლაშვილი, მეოთხე სკოლის ყოფილი დირექტორი და ამჟამად ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ასწავლიდა:
“რელიგიის გაკვეთილზე ყოველთვის ვლოცულობდით. ხატებისკენ ვტრიალდებოდით და “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდით. ხათუნა მკაცრად ითხოვდა, რომ გოგონებს თავშალი გვეტარებინა. ერთხელ დამრჩა და ძალიან მეჩხუბა, კიდევ კარგი კლასელმა ქუდი მათხოვა. თავშლის ნაცვლად ლოცვის დროს ის დავიხურე”.
ხათუნა ქოთოლაშვილი, მეოთხე სკოლის სასწავლო ნაწილი, ამბობს, რომ მოსწავლეებს მსოფლიო რელიგიებს ასწავლიდა. მასწავლებლის თქმით, ბავშვები ლოცულობდნენ მხოლოდ მაშინ, როცა გაკვეთილს მხოლოდ მართლმადიდებელი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
“ლოცვის წაკითხვა მხოლოდ მსმენელების სურვილის შემთხვევაში შეიძლება. ზოგიერთ კლასში იყვნენ იეზიდებიც, კათოლიკეებიც. ასეთ შემთხვევაში ლოცვა გამორიცხულია. ლოცვა საგაკვეთილო პროცესში არ შედის, მაგრამ, თუკი ლოცვა უნდა წაგვეკითხა, გოგონები თავშლით უნდა ყოფილიყვნენ, რა საკვირველია”.
თეონა დ. იხსენებს, რომ მის კლასში ლოცვის სურვილი არასოდეს არცერთ მოსწავლეს არ გამოუთქვამს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ 128-ე სკოლაში 13 წლის მოზარდს სცემეს. დაპირისპირება ხელოვნების გაკვეთილზე დაიწყო. მასწავლებელი საუბრობდა სასწაულმოქმედ ხატზე, რაც ერთ-ერთი მოსწავლის აზრით, მითი იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა. ეს გახდა კამათის მიზეზი, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 13 წლის მოსწავლეს რამდენიმე უფროსკლასელი გაუსწორდა. ამ ფაქტის შემდეგ დაზარალებულს ცემით ემუქრებოდნენ, რათა მანდატურთან არ მისულიყო და მომხდარის შესახებ არ მოეყოლა.
128-ე სკოლის დირექტორი, გულნაზი ხორბალაძე მიიჩნევს, რომ მომხდარ დაპირისპირებას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს და დამნაშავე ორივე მხარეა:
“ეს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ჩხუბი არ არის. ასე მხოლოდ მასმედიას მიაჩნია, ასეთი რამ გამორიცხულია. ბავშვებმა ისიც კი არ იციან ქრისტიანული რელიგია რა პოსტულატებს მოიცავს”.
კითხვაზე, თუ რატომ საუბრობდა პედაგოგი საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას სასწაულმოქმედ ხატზე, გულნაზი ხორბალაძე აღნიშნავს, რომ ეს სახელმძღვანელოში შედის:
“რაც სახელმძღვანელოს ტექსტში ეწერა, ის წაიკითხა. მასწავლებლის ინტერპრეტაცია არ ყოფილა არაფერი. ყურადღება იმაზე გაამახვილა, რასაც მასალა მოითხოვდა”.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მოზარდი ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლია და საჭიროა ორივე მხარესთან მუშაობა. ეს შემთხვევა კი სკოლის კრიზისზე მიუთითებს. მაია ცირამუას აზრით, მსხვერპლი ერთი კონკრეტული მოზარდი კი არა, მთელი საგანმანათლებლო სივრცეა:
“მომხდარი ინციდენტი რამდენიმე სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია: განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობა, სასკოლო ბულინგი რელიგიურ ნიადაგზე, სკოლის პერსონალის დაბალი მგრძნობელობა, მათი უუნარობა - მართოს კონფლიქტები მოსწავლეებს შორის. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა განათლების სამინისტროს და სახალხო დამცველის მიერ საგანგებო შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ზუსტად შეფასდეს”.
ცირამუა ფიქრობს, რომ ეს შემთხვევა მოზარდისთვის მატრამვირებელია, მისი თქმით, არავისთვის არ არის მარტივი იდევნებოდეს საკუთარი მოსაზრებების გამო, მით უმეტეს ამ ასაკში… “მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ვინც მოზარდი ასეთ იზოლაციაში მოაქციეს, უნდა გააცნობიერონ ზიანი, რომელიც მათ როგორც კონკრეტულ მოზარდს, ასევე სკოლას მიაყენეს, (იქ ხომ უამრავი ბავშვი სწავლობს და ამ ფაქტის შემსწრეა)”.
დაზარალებულის ძმის, დათოს თქმით, დირექტორმა მთელი ოჯახის თანდასწრებით მის ძმაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“მოდი, სიმართლე ვთქვათ, არის იზოლირებული, ჩაკეტილი ბავშვი, განსაკუთრებული ფენომენია. თვითონაც უნდა მოთოკოს ენა”, - მთელი ოჯახის თანდასწრებით ნათქვამი ეს ფრაზა, დაზარალებული ბავშვის ძმის დათოს გადმოცემით, სკოლის დირექტორს ეკუთვნის.
მაია ცირამუა დირექტორის ქცევას უტაქტობას უწოდებს.
თავად დირექტორი ამბობს, რომ არ უთქვამს სიტყვა “იზოლირებული”:
“მე ვთქვი, რომ გიორგი არის წყნარი და ჩაკეტილი ბავშვი. იზოლირებული არ მითქვამს. მაგრამ რაღაცნაირი ბავშვია, აქვს ეს თავისი ინდივიდუალიზმი. მასწავლებლები ამბობენ, რომ ეს არის ცოტა ისეთი ბავშვი, რომელსაც უფრო, აი, ინტერპერსონალური უნარები აქვს”. (სტილი დაცულია).
როგორც დირექტორი ამბობს, ბავშვები შერიგდნენ, ამჟამად თავს ყველა კარგად გრძნობს. რამდენიმე მოსწავლეს სასტიკი საყვედური დაუწერეს. ბავშვები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არიან დასჯილები. 6 თვის განმავლობაში დირექცია და მანდატურის სამსახური განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს.
სტატიაზე მუშაობის პერიოდში, ჩვენ მრავალჯერ ვცადეთ განათლების სამინიტროს წარმომადგენლის კომენტარის მოპოვება, თუმცა, ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შევძელით.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები (GDI, EMC, TDI) ცხადყოფს, რომ პროზელიტიზმი და ინდოქტრინაცია ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მესამე სექტორი სახალხო დამცველთან ერთად სახელმწიფოსგან, კონკრეტულად კი განათლების სამინისტროსგან, მსგავსი ფაქტების დეტალურ მონიტორინგს და მათზე რეაგირებას ითხოვს.