საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი. ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კონტრასტი დიდია. განსხვავებას უკეთ დავინახავთ, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, სადაც ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება.
ამჟამად საქართველოში 56 ნაგავსაყრელია, რომელთაგან მხოლოდ 5-ს აქვს მოპოვებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1960-80-იან წლებში, ყოველგვარი დამცავი მექანიზმის გარეშე აშენდა. ასეთი ნაგავსაყრელები გარემოსთვის და მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს: დამცავი საფარის არარსებობის გამო, ნაგავსაყრელზე წამოქმნილი წყალი მიწაში იჟონება და მიწისქვეშა წყლებს აბინძურებს. დამცავი ზედა საფარის არარსებობის გამო, უკონტროლო წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებები, ისევე, როგორც ლპობის შედეგად წარმოქმნილი გაზები, ჰაერში ხვდება.
ქალაქ რუსთავთან “გაშენებული” აღლუჯას დახურული ნაგავსაყრელი, 2012 წ / ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ასეთი ნაგავსაყრელები მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანოა, თუმცა, მათ გარდა, პერიოდულად ჩნდება, ე.წ. ქაოსური ნაგავსაყრელები, სადაც მოსახლეობა ნაგავს უკონტროლოდ ყრის.
ამ გამოწვევების ფონზე, ქვეყანას ნარჩენების მართვის ახალი გეგმა აქვს. მყარი ნარჩენების მართვის სისტემა პირველად ქუთაისში დაინერგება, სადაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება.
რით იქნება განსხვავებული ქუთაისის სანიტარული ნაგავსაყრელი?
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია - სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით (თბილისისა და აჭარის გარდა) 54 ნაგავსაყრელს მართავს. კომპანიამ 21 ნაგავსაყრელი უკვე დახურა და ამჯერად 30-ს მართავს, რომელთაგან, ექსპერტების შეფასებით, ევროპული სტანდარტის შესაბამისად არცერთი არ ოპერირებს. ამ დრომდე არსებული ყველა ნაგავსაყრელის დახურვა 2023 წლამდე იგეგმება. ამასობაში კი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენება ქუთაისის მახლობლად ივნისში დაიწყება. იგი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არსებულ რამდენიმე ნაგავსაყრელს ჩაანაცვლებს. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) პროექტის განსახორციელებლად 20 მლნ. ევროს ოდენობის სესხი გამოყო. ინსტიტუციური მხარდაჭერისთვის, გადამზადებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის 2 მლნ. ევროს გამოყოფს „ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდი“ (NIF). რაც შეეხება საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობას, იგი დამატებით 4 მლნ. ევროს გამოყოფს.
ქუთაისში ამჟამად არსებული ნაგავსაყრელი წარმოადგენს ნარჩენების 15-20-მეტრიან გროვას. იგი მას შემდეგ დაიხურება, რაც 2019 წელს ქუთაისის მახლობლად, თერჯოლაში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი გაიხსნება. 2023 წლისთვის საქართველოში უნდა დაიხუროს ყველა ნაგავსაყრელი და გაიხსნას მხოლოდ 10 ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი.
ქუთაისის ამჟამინდელი ნაგავსაყრელი / ფოტო: საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
„ფსკერზე თიხის, გრაველის, გეომემბრანისა და გეოტექსტილის რამდენიმე საიზოლაციო ფენა განთავსდება, წყლის გასატანად სპეციალური მილები ჩაიდგმება, ნაგავსაყრელი დაიფარება მიწით და ზედ განთავსდება ნარჩენები. ეს ზომები დაგროვილ წყალს მიწაში ჩაჟონვისგან დაიცავს. წყალი გაიწოვება და გაიწმინდება“, - ამბობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი.
მისი თქმით, ნარჩენები მიწით დაიფარება, რაც ნაგავსაყრელს წვიმის წყლით გაჯერებისა და სუნის გავრცელებისგან დაიცავს. რაც შეეხება გაზის კოლექტორებს, ისინი ნაგავსაყრელის ამუშავებიდან 2-3 წელიწადში ამუშავდება, როცა გაზების წარმოქმნა დაიწყება.
„ეს გაზი გაიწმინდება. თუკი კომერციულ შეთავაზებას მივიღებთ - გავყიდით; თუ არა - დავწვავთ, რომ ჰაერში არ მოხვდეს“, - ამბობს სუხოშვილი.
ნაგავსაყრელი რეგიონული „სამხრეთ კავკასიაში ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში შენდება, რომელშიც, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი და სომხეთი მონაწილეობს. ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენება სომხეთის სიდიდით მესამე ქალაქში, ვანაძორში იგეგმება.
პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 66 მლნ. ევროა.
როგორ იმუშავებს მყარი ნარჩენების მართვის ახალი სისტემა?
ახალი მიდგომა ქვეყანაში ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. ნარჩენების ადგილობრივ ნაგავსაყრელებზე განთავსების ნაცვლად, ისინი რამდენიმე რეგიონში შეგროვდება და ქუთაისის სანიტარულ ნაგავსაყრელზე გადაიზიდება. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხუთი შემგროვებელი სადგური აშენდება. სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 14 ნაგავსაყრელი დაიხურება. მათი დახურვის შემდეგ, ტერიტორია გამწვანდება და მონიტორინგს მომდევნო 20 წლის განმავლობაში დაექვემდებარება. პროექტის მეშვეობით, პარალელურად დაიგეგმება ნარჩენების შემცირებისა და რეციკლირების ზომები.
სუხოშვილი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში სისტემა ქვეყნის მასშტაბით სხვა ნაგავსაყრელებზეც დაინერგება.
როგორ შევამციროთ ნარჩენები ნაგავსაყრელზე?
ევროკავშირის „ნარჩენების მართვის იერარქიის“ თანახმად, პრიორიტეტი პრევენციას ენიჭება, შემდეგ კი - მეორედ გამოყენებას. ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომა 4R პრინციპს ემყარება, რაც შემცირებას, თავიდან გამოყენებას, რეციკლირებასა და აღდგენას გულისხმობს. რეციკლირება საქართველოში სუსტად განვითარებული ინდუსტრიაა. ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული გადამამუშავებელი კომპანია ოპერირებს, რომელთაც ხელი სრულად არ მიუწვდებათ გადამუშავებად ნარჩენებზე, რადგან დანერგილი არ არის სეპარირების სისტემა.
რატომ ხვდება ნაგავსაყრელზე ამდენი ნარჩენი? „იმიტომ, რომ არ არსებობს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა“, - ამბობს კახა რუხაია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგნელი. იგი მიიჩნევს, რომ რეციკლირების ინდუსტრია იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუკი ინვესტორებს სახელმწიფო სანდო მონაცემს მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა ოდენობის გადამუშავებადი ნარჩენი გროვდება ქვეყანაში.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით, მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების სეპარირება 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენ არ ვიცით, რა ოდენობით ნარჩენები გადამუშავდება ან გამოიყენება ენერგიის გამოსამუშავებლად. მხოლოდ ის ვიცით, რამდენი გროვდება ნაგავსაყრელზე, რადგან მას წონიან. ძალიან ცოტა გადამუშავდება და კომპანიები გადასამუშავებელი რესურსის დიდ ნაკლებობას განიცდიან. მაგალითად, ქაღალდის გადამამუშავებლები თვეში საშუალოდ 10 დღეს მუშაობენ, რადგან მათი პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდებათ“, - ამბობს რუხაია.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მასში სხვადასხვა ტიპის ნარჩენების რეციკლირება დროშია გაწერილი. მაგალითად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლისთვის უნდა გადამუშავდეს პლასტიკის 30%, 2025 წლისთვის - 50%, ხოლო 2030 წლისთვის - 80%.
დოკუმენტის თანახმად, 2020 წლისთვის კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ღონისძიებები უნდა გატარდეს, 2025 წლისთვის კი ენერგიის აღდგენა მოხდეს იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება არ მომხდარა.
ამჟამად ნარჩენების მართვა, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეროვნული გეგმის მიზანია, 2030 წლისთვის ნარჩენების მართვის ინდუსტრიამ საკუთარი ხარჯების დაფარვა თვითონ შეძლოს, რაც ხარჯების მოსახლეობასა და კერძო სექტორზე განაწილებით იგეგმება. სისტემა ეტაპობრივად 2020 წლიდან დაინერგება.
„დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია [...] ნარჩენების მართვის ხარჯების, მათ შორის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯების დაფარვის ვალდებულება ეკისრება თითოეულ დამბინძურებელს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რუხაია პოზიტიურად აფასებს ნარჩენების მართვის დარგში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, „ნარჩენების მართვის კოდექსის“, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას. „ახლა უკვე არსებობს სტრატეგიული ხედვა“, - ამბობს რუხაია და დასძენს, რომ სეპარირება ნარჩენების სწორი მართვის საფუძველია. თუმცა, თუკი სეპარირების სისტემის დანერგვა გადაიდება, მისი თქმით, „ეს მთელ სისტემას დააზარალებს“.
___________________________
სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.