ბოლო პერიოდში, მეინსტრიმული მედიის ცენტრში სამი მთავარი თემა მოექცა: რუსულ-უკრაინული კონფლიქტი, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის გავრცელება და ისლამური სახელმწიფოს აფეთქება სირიასა და ერაყში.
რუსეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსანდრე ნეკრასოვმა, გამოაქვეყნა სტატია სათაურით - “ჩვენ ვაფრთხილებდით აშშ-ს ისლამური სახელმწიფოს შესახებ”. იქვე, სტატიის დასაწყისში გვთავაზობს ხუმრობას, რომელიც რუსი მაღალჩინოსნებისთვის ძალიან პოპულარულია და დაახლოებით ასე ჟღერს: როგორ გაუმკლავდებიან იანკები ისლამური სახელმწიფოს ჯგუფს? ისინი შექმნიან “ისლამურ სახელმწიფო 2-ს”, დიდს და უკეთესად შეიარაღებულს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ავთენტურ ისლამურ სახელმწიფოს. და რა მოხდება თუ “ისლამური სახელმწიფო 2” ამერიკელების საწინააღმდეგო მოძრაობად გადაიქცევა, როგორც ნამდვილი ისლამური სახელმწიფოს შემთხვევაში მოხდა? ისინი შექმნიან “ისლამურ სახელმწიფო 3-ს”, და ა.შ.
მომდევნო საუკუნეში ან თანამედროვე მსოფლიოში ეს ხუმრობა შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგოს, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ ბევრი არაფერი იცის. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, საბჭოთა კავშირის ინტერვენციის დროს ავღანეთში რეიგანის ადმინისტრაცია როგორ წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა ადგილობრივ მოჯაჰედინებს, რათა “ბოროტების იმპერია”, საბჭოთა კავშირი დაემარცხებინათ, რის ბაზაზედაც ჩამოყალიბდა თალიბანი და ალ-ქაიდა. ამ უკანასკნელმა კი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი და გამანადგურებელი ტერორისტული აქტი განახორციელა.
2003 წლის ერაყში ინტერვენციის და შემდგომ სირიაში აჯანყებულთა დახმარებამ მთელ ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო ინტიტუტების და საზოგადოების დაყოფა, დიფერენციაცია გამოიწვია. ისლამური სახელმწიფო სირია და ლევანთი (ასევე ცნობილია როგორც ისლამური სახელმწიფო ერაყი და სირია) სწორედ ამ დახმარების შედეგად შეიქმნა. ისინი სირიაში ებრძოდნენ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას და ამერიკის შეერთებული შტატების იდენტური მიზნები ამოძრავებდათ.
ორგანიზაციის წარმოშობა
ისლამური სახელმწიფოს წინამორბედი ორგანიზაციის სახელი იყო “ალ-ქაიდა ერაყში”. ეს ორგანიზაცია დააფუძნა მოჯაჰედინმა, წარმოშობით იორდანელმა აბუ მუსაბ ალ-ზარქავიმ. მისი მიზანი ერაყში ამერიკული ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო და ამისთვის წარმატებული ტერორისტული აქტებიც განახორციელა. ასევე, ორგანიზაციის მთავარი მიზანი არსებული შიიტი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლასაც გულისხმობდა. ზარქავის დაღუპვის შემდეგ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გახდა, ხოლო 2011 წლისთვის ორგანიზაცია ცნობილი გახდა სახელით “ისლამურის სახელმწიფო ერაყში”. ორგანიზაციის წევრების უმეტესობა სადამის ყოფილი რესპუბლიკური არმიიდან არიან.
2011 წელს დაიწყო პოპულარული ამბოხება ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ და ვინაიდან სირიაში მმართველი ელიტა ალავიტები, ანუ შიიტების ერთ-ერთი სექტა იყო, ისლამურმა სახელმწიფომ ასადის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. მოგვიანებით ბაღდადიმ ტერორისტულ ჯგუფს სახელი შეუცვალა და ისლამური სახელმწიფო ერაყი და სირია დაარქვა, რაც ხაზს უსვამდა ამ ჯგუფის დიდ ამბიციებს. მეტიც, ორგანიზაციის შავ დროშაზე თეთრად წერია “არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა”. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა 2014 წელს მიაღწია, როცა დომინოს პრინციპით აიღო მოსული და სხვა ქალაქები ერაყში - შემდეგ კიდევ ერთხელ გარდაისახა და “ისლამური სახელმწიფო” გახდა, რომლის მიზანიც ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ისტორიული ხალიფატის აღდგენაა.
ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში ირიცხება ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, აბუ ომარ ალ-შიშანი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა და ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ქართული ჯარიდან გაათავისუფლეს. 2010 წელს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ალ შიშანი სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. სხვადასხვა დივიზიებში ბრძოლის შემდეგ, მაისში ის ისლამურის სახელმწიფოს ჩრდილოეთის ფრონტის მმართველად აირჩიეს. “შეხვდით ადამიანს, ვისიც ასადს, აშშ-ს და რუსეთს ეშენია”,– წერს უოლსტრიტ ჯურნალი” წარმოშობით ქართველ მებრძოლზე. ალ-შიშანს საუკეთესო ტაქტიკოსად და სამხედრო ხელოვნების დიდოსტატად აფასებენ. ქურთულ ქალაქ კობენზე თავდასხმას სწორედ ის ხელმძღვანელობს, რომელიც დღესდღეობით საზოგადოების ფართო ყურადღების ცენტრში ექცევა.
ისტორიული შარიათი და მისი დღევანდელი ტრანსფორმაცია
რამდენიმე თვეა ჩვენ ვხედავთ ისლამური სახელმწიფოს მიერ დასავლელი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ მკვლელობებს თუ ქურთებისადმი კიდევ ერთხელ ჩადენილ სისასტიკეს. თუმცა, საინტერესოა ის, რა იწვევს ამ ჯგუფის ასეთ გაღიზიანებას და არაჰუმანურ საქციელს. არის ნამდვილად შარიათი და ისლამი ძალადობრივი? პასუხისთვის შარიათის განვითარების ხაზს გავყვეთ.
შარიათი თავისი არსით უკიდურესად ეთიკური ბუნების იყო, თუკი ჩვენ მის ანთროპოლოგიურ მხარეს დეტალურად განვიხილავთ ამაში მარტივად დავრწმუნდებით. ის არასდროს ყოფილა ინსტიტუციონალიზებული და მისი კანონისმიერი გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში ხდებოდა. ამჟამინდელი ხალიფატის აღდგენის მოთხოვნა კი არსებითად დასავლური დისკურსია. კერძოდ, მრავალი თეორეტიკოსი და ისლამმცოდნე აღიარებს, რომ ტოტალურობა, რასაც ისლამური სახელმწიფო მანიფესტირებს, დასავლური ხასიათისაა, ე.ი მოდერნული. მხოლოდ მოდერნულ მოძრაობას შეუძლია იმ თვისებების შესისხლხორცება, რასაც დღეს გამოხატავენ ფუნდამენტალისტური ჯგუფები.
ისლამური სახელმწიფო ისეთივე აკურატულობით იყენებს თავის ძალაუფლებას, როგორც დასავლური ადმინისტრაციები. ამის საილუსტრაციოდ გერმანიაში მომხდარი ამბავიც გამოდგება. ქალაქ ვუპერტალში, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოჩნდა, რომელთაც ნარინჯისფერი მაისურები ემოსათ, წარწერით - “შარიათის პოლიცია”. ისინი დადიოდნენ ბარებში, კაზინოებში, სხვადასხვა საჯარო ადგილებში. მიდიოდნენ მუსლიმებთან და უხსნიდნენ, როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს ყველაფერი შარიათის კანონებს. როდესაც ამ ამბით სამართალდამცავები დაინტერესდნენ და გერმანია დებატებმა მოიცვა, მათ უპასუხეს, რომ თუ გერმანელებს ჰყავთ პოლიცია, რატომ არ შეიძლება მათაც ჰყავდეთ მსგავსი ორგანო, რა თქმა უნდა, შეუიარაღებელი. ეს ფაქტი კარგად მეტყველებს ამ ჯგუფების ოპერირების დასავლურ ტაქტიკაზე, მათი ქმედებები არაფერია თუ არა მოდერნი - მოდერნის წინააღმდეგ.
საინტერესო ისაა, რომ საქმე გვაქვს შარიათის ინსტიტუტის გამოდერნიზებაზე. როდესაც შარიათი თანამედროვე სახელმწიფოს ლოგიკის მიხედვით გადაკეთდა, იგი იქცა დასჯის სისტემად, სადაც ყველაზე სასტიკი სასჯელის განსაზღვრა ხდება, რაც მოდერნიზებამდელ შარიათში ნაკლებად იყო. ამ ყველაფერს ის სახელმწიფოები სჩადიან, სადაც ადმინისტრაციული, მმართველობითი აპარატი დასავლური მიმიკრიის ფუნქციითაა აგებული. მეცნიერები კი ამ სახელმწიფოებში - ბოკო-ჰარამის და თალიბანის გვერდით – ისლამურ სახელმწიფოსაც ათვლიან.
დასავლეთი ახლო აღმოსავლეთს განვითარების იმ კონცეპტს წარუდგენს, რომელიც დასავლური ცივილიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ხოლო აღმოსავლეთში ეს წინააღმდეგობას წარმოშობს. ეს წინააღმდეგობა დაფუძნებულია ძალადობაზე და ისეთ სასტიკ ორგანიზაციებს ქმნის, როგორიც ისლამური სახელმწიფოა.
ნეოკონსერვატორების მიერ წარმოებულმა 2003 წლის ინტერვენციამ, ერაყის მთლიანად დეორგანიზაცია გამოიწვია. განადგურდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანა დაიყო სექტარიანულ დივიზიებად, რაც ექსტრემისტულ ჯგუფებს ძალიან კარგ ნიადაგს უმზადებდა ოპერირებისთვის. შეერთებული შტატების მცდელობა, მოეხდინა ერაყის მოდერნიზება, შეექმნა ერთიანი, ინკლუზიური მთავრობა, რომელშიც თანაბრად იქნებოდნენ გაერთიანებულები შიიტები და სუნიტები, კრახით დასრულდა. შეერთებული შტატები ისე გავიდა ერაყიდან, რომ ძლიერი ალტერნატივის ნიშანწყალიც არ დაუტოვებია. სწორედ აქ გაჩნდა სივრცე ისლამური სახელმწიფოსთვის, რომელიც ერაყის სახელმწიფოზე მეტად ორგანიზებული, სტრუქტურირებული და ინკლუზიური აღმოჩნდა.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ისლამური სახელმწიფოს ხედვა – პირველადი წყარო (ხალიფატი) დააფუძნოს დასავლურ მმართველობით სისტემაზე. ფაქტია რომ მსგავსი სინთეზი ახალი სახელმწიფოებრივი ფორმაციას წარმოშობს, რომელიც “მუჰამედის მართალი მიმდევრების” ადგილი იქნება. ამ ფენომენის აღსანიშნავად პოსტმოდერნულ მდგომარეობას გამოვიყენებთ თუ გვიან მოდერნულს, ეს სხვა საკითხია.
ზოგიერთის აზრით, ისლამური სახელმწიფოს აღზევება დასავლური განვითარების ლოგიკის შედეგია და იმის მანიშნებელია, რომ აშშ რეგიონს ვეღარ მართავს. ამის ალტერნატივად, ცნობილი ირანელი პროფესორი, სეიდ მოჰამედ მარანდი, ირანის ისლამურ რესპუბლიკას გვთავაზობს და ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გრძელვადიანი გამოსავალი, რომელიც მუსლიმურ სამყაროში სეკულარული პოლიტიკის მხარდაჭერაში მდგომარეობს, კრახისთვისაა განწირული.
მისი აზრით, თუკი მსგავსი რამ დასავლეთში არსებობს, ის ექსკლუზიურად დასავლური ფენომენია და მისი გენერალიზაცია ახლო აღმოსავლეთში ვერ მოხდება: “მსგავსად სხვა საზოგადოებისა, მუსლიმებსაც უნდათ თავისი პოლიტიკური ცხოვრების განვრცობა, თუმცა მათ სურთ წარმომადგენლობითი პოლიტიკის ავთენტური ჩარჩო. ეს უნდა გამომდინარეობდეს ისლამიდან და არა გაუცხოებული განსაზღვრება“ - “რელიგიის და სახელმწიფოს სეპარაცია”.
ფაქტი ერთია, ისლამური სახელმწიფო დღეს იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მსგავსი ორგანიზაცია. მის შეჩერებას აშშ-სა და ყურის ქვეყნების კოალიცია წერტილოვანი დარტყმებით აპირებს, რაც ალბათ კიდევ ერთხელ ბადებს კითხვას - ხომ არ დაკარგა აშშ-მა ორიენტზე გავლენა?