Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რადარი, მიმართული აღმოსავლეთისკენ

07 ივნისი 2018

სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლები - „ტროელი ქალები“ და „პრომეთე“ ბერლინში RADAR OST-ის ფესტივალზე

შეიძლება ითქვას, რომ ივნისის პირველ დღეებში, ბერლინის სახელოვანი „დოიჩე თეატრის“ სცენაზე ქართული თეატრისთვის მართლაც ისტორიული ამბავი დაიწერა თუ გათამაშდა. სამეფო უბნის თეატრმა იქ მიმდინარე „საავტორო თეატრის დღეების“ (Autorentheatertage 2018) ფარგლებში ორი სპექტაკლი წარმოადგინა : „ტროელი ქალები“ და „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“. ეს ფაქტი თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ქართული თეატრი აღმოსავლეთ ევროპის სხვა პრესტიჟულ დასებთან ერთად პირველად მონაწილეობდა ამ ფესტივალში, შესაბამისად, „დოიჩე თეატრის“ ცნობილ Kammerspiele-ის სცენაზე ქართველი მსახიობები პირველად იდგნენ!

RADAR OST-ის („აღმოსავლეთის რადარი“ ) მზერა აღმოსავლეთ ევროპისკენ 2018 წელს შემთხვევითი არ არის. ეს სულ უფრო მზარდი ინტერესითა და ახალი, საინტერესო სახელების - დრამატურგების, რეჟისორებისა და საკუთრივ თეატრალური ტენდენციების აღმოჩენის სურვილით არის განპირობებული. ასე რომ, 1-დან 3 ივნისამდე ბერლინელ თეატრალებს თავად შეეძლოთ ვილნიუსის ცნობილი OKT თეატრის სპექტაკლი -  Trans Trans Trance (რეჟისორი - კამილა გუდმონაიტე), ვარშავის „ნოვი თეატრის“  წარმოდგენა „კტულჰუს ზარი“ (რეჟისორი - მახალ ბორძუხი) და თბილისის სამეფო უბნის თეატრის ორი სპექტაკლი - „ტროელი ქალები“ და „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“ (რეჟისორი - დათა თავაძე, დრამატურგი - დავით გაბუნია) ენახათ და შეეფასებინათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალზე ასევე მონაწილეობდა ახლა უკვე შინაპატიმრობაში მყოფი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის სპექტაკლი, რომელმაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მითებისა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციის შესაძლებლობა თეატრში. ასევე, პიროვნების იდენტობისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თემებიც.

როგორ იმსხვრევა წარსული, არქეტიპული თუ თანამედროვე ალუზიებით დატვირთული მითების ფონზე; რა ემართება პოსტკომუნისტურ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ კოლექტიური შიშებითაა შეპყრობილი; როდის და როგორ შეიძლება დაიბადოს მომავლის უტოპია; სად გადის საზღვარი პიროვნების თავისუფლებასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ „ნორმებს“ შორის... - სწორედ ეს უკიდეგანო, პიროვნულად სიღმისეული და სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით დაღდასმული თემებია თავმოყრილი ლიტვურ, ქართულ და პოლონურ წარმოდგენებში და შესაბამისად, მაყურებელთა თუ კრიტიკოსთა მოსაზრებებიც მრავალფეროვანია.

მაგალითად, კარლსრუეს „შტატსთეატრის“ ინტენდანტი, Opera Europa-ის ბორდის წევრი, რეჟისორი პეტერ შპულერი სამეფო უბნის სპექტაკლის შესახებ წერს - „ჩემთვის „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“ (რეჟისორი - დათა თავაძე, დრამატურგი - დავით გაბუნია) ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის გაცოცხლებულმა პინა ბაუშმა დადგა... მოხარული ვარ, რომ ეს შესანიშნავი წარმოდგენა, რომლის რეპეტიციებსაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ თბილისში ვესწრებოდი, როგორც იქნა გერმანიაშიც ვნახეთ. ჩემთვის ის უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია, ვიდრე ცნობილი „ტროელი ქალები“, რომელიც გაცილებით ადრე ვაჩვენეთ კარლსრუეს თეატრალურ ფესტივალზე.

ახალი წარმოდგენა უფრო საავტორო, საკუთარი და შეუდარებელი რეჟისორული ენით გამოირჩევა, რომელიც შემდგომშიც აუცილებლად განვითარდება. ძალიან ფასეულია დღეს აღმოაჩინო ასეთი მგძნობიარე და ფიზიკური შესაძლებლობის მქონე თეატრის ენა, რომელიც დამოუკიდებელიცაა და შთამბეჭდავიც... ვამაყობ, რომ ჩვენი ერთობლივი, ახალი წარმოდგენა „ვეფხვი და ლომი“ (დავით გაბუნიას ახალი პიესა, რომელიც დათა თავაძემ კარლსრუეს „შტატსთეატრში“ ახლახან დადგა და რომლის პრემიერამ მაისში დიდი წარმატებით ჩაიარა - დ.ბ.) ასეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი კოლეგებისთვისაც და თეატრალური საზოგადოების მიღმაც დისკუსია გამოიწვია“. 

სამეფო უბნის თეატრის წარმატება ბერლინში,  RADAR OST-ის ფესტივალზე იმედს აღძრავს, რომ ქართული თეატრის ახალ თაობას კიდევ უფრო მეტი ინტერესით დააკვირდებიან ევროპაში, ხოლო მომავალი საფესტივალო ჰორიზონტები კიდევ უფრო გაფართოვდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^