Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაჯანსაღი კვება სკოლის ბუფეტებში

13 ნოემბერი 2014

2014 წელს არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გამო თბილისის ოთხი სკოლის კვების ობიექტში საწარმოო პროცესი შეჩერდა. ნუტრიციოლოგებს მიაჩნიათ, რომ გარდა ამ მიმართულებით სკოლების მონიტორინგისა, საჭიროა ყურადღება სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის გაყიდვაზეც გამახვილდეს.

 

„სკოლის ბუფეტებში გასაყიდი პროდუქტი ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების ხელშემწყობი არ არის“,- ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უნისეფის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა გასული წლის დეკემბერში ჩატარდა და მიზნად საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სათანადო ცოდნისა და სტრატეგიის უზრუნველყოფას ისახავდა.

კვლევის ანგარიშის მიხედვით,  სკოლების უმეტესობის მენიუში არ შედის ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და წვნიანი. სკოლების უმეტესობაში იყიდება პროდუქტები, რომლებიც ჭარბი რაოდენობის  ცხიმსა და მარილს შეიცავს, მაგალითად: მარილიანი თხილი, მარილიანი ორცხობილა, ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელები, ნამცხვარი, ფუნთუშეული, რაც, ექსპერტების შეფასებით, მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს, მიაჩნია, რომ სკოლებში გასაყიდ პროდუქტს კონტროლი სჭირდება, რადგან მათი უმეტესობა არაჯანსაღია. ყოველდღიურად ასეთი საკვების მიღება კი  ბავშვის განვითარებას აფერხებს: „ზედმეტი ცხიმისა და მარილის შემცველი პროდუქტი ბავშვისთვის სასურველია, თუმცა აღიზიანებს მას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სკოლაში მსგავსი საკვების ყიდვის შესაძლებლობა. სანაცვლოდ უმჯობესია იყიდებოდეს მეტი რძის პროდუქტი და ხილი“. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის გამოცდილებაც, სადაც ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვების გაყიდვა არა თუ სკოლის სასადილოებში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეც კი აკრძალულია.

პროექტის დირექტორის, თამარ ჯანგულაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლაში ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამზარეულოების მდგომარეობა სისუფთავის მიხედვით მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, სკოლის ბუფეტების დიდ ნაწილში არ არის ხელსაბანი, ბუფეტების მხოლოდ 52%-ში ინახება განცალკევებით მზა და ნედლი პროდუქტები, მაცივარი  გააჩნია მხოლოდ 48%-ს, რაც ქმნის საკვები პროდუქტებით დაავადების გავრცელების საფრთხეს. დირექტორების 60%-ის განცხადებით, სკოლასთან ახლოს მდებარეობს სწრაფი კვების ობიექტი. კვლევის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რეგიონებში ბუფეტის არარსებობით გამოწვეულ პრობლემებზეც. მასში ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მაგალითია მოყვანილი, რომლებსაც საკვების ყიდვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიაში უწევთ. იქამდე მისასვლელი გზა კი სახიფათოა მოსწავლეებისათვის. „აქ მოსწავლეები სხვადასხვა სოფლიდან დადიან. აქ მოსასველად ბევრს შორი გზის გამოვლა უწევს. რომ მოშივდებათ, სად ჭამონ? აქვე ახლოს მაღაზიაა, მაგრამ ტრასაზეა, გზის მეორე მხარეს“. „იცით რომ ავარია მოხდა? თან რამდენჯერმე, როდესაც მშიერი ბავშვები გზაზე მაღაზიისკენ გადარბოდნენ“,- ვკითხულობთ კვლევაში.  

2010 წლის მთავრობის განკარგულებით, სკოლაში არსებული სასადილოები აუქციონის გარეშე, იჯარით გაიცემა. ცხადდება ტენდერი, რომელში გამარჯვებული ბიზნესოპერატორიც სკოლის საკვებ ობიექტს იჯარით იღებს. სკოლა თავად აყალიბებს საიჯარო პირობებს. ხშირ შემთხვევაში ის ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისი კონკრეტული მოთხოვნები. მოიჯარეები წყვეტენ, რა სახის საკვები გაყიდონ და რა ფასად. როგორც #53 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური ამბობს, სატენდერო პირობები ძირითადად ზოგადია: ნაკლებადაა ორიენტირებული დაბალანსებული კვების რაციონის უზრუნველყოფაზე და ძირითადად  ტექნიკურ საკითხებს მოიცავს. მისი თქმით, სკოლის დირექცია  არ ერევა მოიჯარის საქმიანობაში: „როცა საქმე ვაჭრობას ეხება, მოიჯარეები ორიენტირებული არიან არა ჯანმრთელი, არამედ ადვილად გაყიდვადი პროდუქტის შემოტანაზე. შესაბამისად, ბავშვის ინტერესები უკვე მეორეხარისხოვანი ხდება“.

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის, ნინო კვიტაიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ნორმატიული ბაზის განახლებაზე უკვე მუშაობს, რაც თავისთავად კვების, ე.წ. სტანდარტის საკითხსაც მოიაზრებს: „დაბალანსებული კვების სტანდარტისთვის ნორმატიული დოკუმენტების განახლებაზე ჯანდაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე მუშაობს“. რაც შეეხება პროდუქტის მაღალ ფასს სკოლის სასადილოებში, რაზეც მშობლები საუბრობენ, კვიტაიშვილის თქმით, ის „აღნიშნულს ვერ დაეთანხმება“. მისი თქმით, - „ყველგან სხვადასხვა შემთხვევას ვნახავთ რეგიონის, ქალაქის, უბნის მიხედვით, რასაც გარკვეულწილად მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. ამასთან, ბიზნესოპერატორი არის მეიჯარე და თავად განსაზღვრავს გასაყიდი პროდუქტის გონივრულ საფასურს“.

სურსათის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების საკვები ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს. სურსათის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პაატა ქურდაძის თმით, 2014 წლის მონაცემებით, 390 სკოლა შემოწმდა. შემოწმებისას ინსპექტორები საკვები ობიექტის ზოგად სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ. ინსპექტორებს გააჩნიათ შესაბამისი ხელსაწყოები, რომლითაც პროდუქტის ხარისხსაც შეისწავლიან. გარდა ამისა, დოკუმენტურადაც მოწმდება, რამდენად მოწესრიგებულია საკვებ ობიექტზე შემოტანილი პროდუქტი. „თუ აღმოჩნდება არაკრიტიკული შეუსაბამობა, ანუ საკვებ ობიექტზე მცირე დარღვევები აღმოჩნდება, ინსპექტორი ბიზნესოპერატორს გონივრულ ვადას აძლევს, რომ ხარვეზები გამოსწორდეს. მერე უკვე მიმდინარეობს ჩვენი რეკომენდაციების გადამოწმება, გეგმური ინსპექტირება“, - ამბობს ქურდაძე. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, ამ შემთხვევაში საწარმოო პროცესი ჩერდება და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება. 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობის გამო თბილისის ოთხი სკოლის კვების ობიექტში საწარმოო პროცესი შეჩერდა. ქურდაძის თქმით, სკოლების მონიტორინგი 2015 წელსაც გაგრძელდება. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^