Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოუძიებელი სავარაუდო დაჭრის ეპიზოდი ხორავას ქუჩის საქმეში ► ინტერვიუ ომბუდსმენთან

11 ივნისი 2018

ინტერვიუ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან:

  • ხორავას ქუჩაზე  მკვლელობის და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობის გამოძიების მასალის შესწავლის შემდეგ თქვენ აღნიშნეთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი შესაძლო დანაშაული - მოზარდის დაჭრა იკვეთება. რამ მოგცათ ამის თქმის საფუძველი, რა იკვეთება საქმის მასალებში?

ფარდულში, სადაც მოხდა მკვლელობა, იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დავით სარალიძის მეგობარი იყო.

რამდენიმე მოწმე მიუთითებს, რომ ერთ-ერთ არასრულწლოვანი, რომელიც ფარდულში იყო, დაიჭრა. ამაზე საუბრობს თავადაც, ამაზე საუბრობენ სხვა არასრულწლოვნებიც და მიუთითებენ კონკრეტულ პირზე.

მას, ვინც დაზიანებები მიიღო, ექსპერტიზა ორ კვირაში ჩაუტარდა. ექსპერტიზა ამბობს, რომ ჭრილობა მიყენებულია ბასრი მჭრელი საგნით.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ამ მიმართულებით გამოძიება დამატებით აღარ ჩატრებულა და კონკრეტული პირის ბრალეულობა აღარ დაუდგენია.

ის პირი, ვისზეც მიუთითებენ, რომ მეორე მოზარდი მან დაჭრა, არის მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სახით პროცესში და, რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა, რატომ დარჩა ყურადღების მიღმა აღნიშნული გარემოება.

ფაქტია, რომ ორივე მოზარდი იმყოფებოდა ადგილზე. ერთ-ერთი მოზარდის ტანსაცმელზე არის გარდაცვლილი დავით სარალიძის სისხლი, შესაბამისად, ისინი იქ იყვნენ და ხედავდნენ, რა ხდებოდა. ისინი არიან თვითმხილველები.

მიუხედავად ამისა, მათი ჩვენებები არ იძლევა სურათს, რა მოხდა რეალურად შემთხვევის ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს აჩენს შეკითხვებს და ამაზე პასუხია საჭირო.

  • ის პირი, რომელიც დაჭრეს და ის, ვინც იგი სავარაუდოდ დაჭრა, რას ამბობენ ჩვენებებში ამ ეპიზოდზე?

თავად დაჭრილი საუბრობს, რომ ის დაჭრეს. ამბობს, რომ იგრძნო როგორ დაჭრეს. ასევე არის სხვა მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებს დამჭრელის კონკრეტულ მახასიათებლებზე. ასევე არის ექსპერტიზა.

  • მიუხედავად ყველაფრისა, ამაზე გამოძიება არ დაწყებულა...

არ დაწყებულა გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წარიმართოს, რადგან იქ მყოფი ბავშვები არიან თვითმხილველები და გამოძიების დაწყებამ შესაძლოა მოგვცეს ამ ბავშვების უფრო გულწრფელი ჩვენება.  

  • ის ადამიანი რომელიც დაჭრეს, თავადაც უთითებს იმ პიროვნებაზე?

ის ადამიანი ამბობს, რომ დაჭრეს, თუმცა არ უთითებს, ვინ დაჭრა. მაგრამ სხვა მოწმე მიუთითებს კონკრეტულ პირზე, ვინც დაჭრა ეს ადამიანი.

  • იმის ჩვენება დევს საქმეში, ვისზეც მიუთითებენ?

ყველას ჩვენება საქმეშია, მაგრამ რატომღაც, ეს ორი ადმიანი მნიშვნელოვანს არაფერს ეუბნება გამოძიებას, მაშინ, როცა ისინი იმყოფებოდნენ ადგილზე და ერთ-ერთ მათგანს აქვს გარდაცვლილის სისხლი ტანისამოსზე.

  • ის ფაქტი, რომ დაჭრილი არ მიუთითებს კონკრეტულ პიროვნებაზე, ეს ალბათ გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ის ვიღაცამ დააშინა. ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო?

ეს შეიძლება იყოს ვარაუდი, ამიტომაც ვამბობ, რომ ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ის მოტივები, რატომ არ დაიწყო თავიდან გამოძიება. ან რატომ არ საუბრობენ ეს ბავშვები, მით უმეტეს, როცა ერთ-ერთი ბავშვი (სავარაუდო დამჭრელი) იყო დათო სარალიძის მეგობარი და მის ინტერესში უნდა ყოფილიყო დაესახელებინა [დამნაშავე].

  • მივყავართ თუ არა ამ ეპიზოდს მირზა სუბელიანთან?

ასე პირდაპირ მასზე გასვლა შეუძლებელია.

მე დღეს ვისაუბრე იმაზე, რომ იმაში, რაშიც მას ბრალი წარედგინა, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, ვფიქრობ, რომ არსებობს საქმეში. და კიდევ, დამატებით გამოძიება, რაც შსს-მ აწარმოა ბოლო კვირებში, იყო ის, რამაც გაამყარა მის მიმართ ბრალი.

საფუძვლიანი ნიშნები იყო უკვე არსებულ გამოძიებაში, თუმცა მიმდინარე გამოძიებამ, ვფიქრობ, რომ დამატებითი მტკიცებულებები შექმნა.

თუმცა, იმ მასალებში, რაც ჩვენ შევისწავლეთ, პირდაპირი მტკიცებულებები რომ სუბელიანმა ვინმეზე დამატებით რამე დანაშაული ჩაიდინა, რომ ზემოქმედება იყო ვინმეზე, ამის ნიშნები და მტკიცებულებები ნამდვილად არ არის. ეს უნდა იყოს დამატებითი გამოძიების საგანი.

საინტერესო ის არის, რომ ის ძირითადი საპროცესო მოქმედებები, როგორიცაა ტანსაცმლის ამოღება, ექსპერტიზის ჩატარება, ამოცნობა, კრიტიკული კითხვების დასმა, ძირითადად არ გვხვდება იმ პირთან მიმართებაში, ვინც არის შემხებლობაში მირზა სუბელიანთან. რამდენად იყო ეს ჩარევა და რატომ მოხდა, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი.

  • რას ამბობს გამოძიება ტანსაცმლის არამოღების ეპიზოდზე - ვის ეკუთვნოდა ტანსაცმელი, რომელიც არ ამოუღიათ?

ეს ტანსაცმელი ეკუთვნოდა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა ფარდულში და რომელიც იყო ამ კონფლიქტის მონაწილე. თუმცა მისი როლი არ არის გამოკვეთილი საქმეში. ის არის მოწმის სახით საქმეში, თუმცა არსებობს ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ის, სავარაუდოდ, სისხლიანი იყო.

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს დროულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ექსპერტიზის ან ტანსაცმლის ამოღების სახით დაადასტურებდა, რომ მასზე იყო სისხლი.

  • ვისი ინტერესის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ტანსაცმლის დამალვა?

ამაზე ალბათ თავად უპასუხებთ, რატომ შეიძლება ყოფილიყო ვინმეს ინტერესის საგანი. ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი. ჩვენ ვსვამთ საგულისხმო კითხვებს, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ და საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ  გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმითაც, თუ რატომ არ მოხდა ამ ტანსაცმლის ამოღება.

  • რა არგუმენტები აქვს პროკურატურას გამქრალი ტანსაცმლის ეპიზოდზე?

მე არ გავასაჯაროვებ მათ პოზიციებს, თქვენ ეს შეკითხვები შსს-ს უნდა დაუსვათ.

  • დადუნაშვილის მკვლელობის შემთხვევაში, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გამოძიება სრულფასოვნად არის ჩატარებული?

ჩვენ სასამართლო განხილვის მასალები ჯერ არ გვაქვს, რადგან იქ რაღაცები შეიცვალა და უნდა შევისწავლოთ, თუმცა გამოძიების ეტაპზე რა მასალებიცაა, იქ ჩვენ არ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება გამოკვეთლიყო სხვა პირი. შევისწავლით სასამართლოს მასალებს, შეიძლება რაღაცები დამატებით გამოიკვეთოს, რადგან მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები.

თუმცა იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ეს არ იკვეთება.

  • გამოძიების მასალებით რა ირკვევა ფარდულის ეპიზოდზე - რატომ დაანგრიეს ფარდული?

საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ საქმის მასალებიდან, რა ვითარებაში დაინგრა ფარდული, რადგან ეს იყო დანაშაულის ადგილი, სადაც დატოვებული იყო მტკიცებულებები, სისხლის კვალი, დნმ და ა.შ.

თუმცა ჩვენ ვერ ვნახეთ საქმის მასალებში, ვისი ნებართვით დაინგრა ფარდული, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და გავიდოდით იმ კვალზე, თუ ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო მისი დანგრევა.

გარდა ამისა, საქმის მასალებში არ დევს ფარდულის ზუსტი ზომებიც. რეკონსტრუცქციამ შეიძლება ვერ მოგვცეს ზუსტი სურათი.

  • ეს ბადებს ეჭვს, რომ ვიღაცამ, თუნდაც პროკურატურიდან, ის განზრახ დაანგრია?

ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს გულგრილობა ან არასპროფესიონალური დამოკიდებულება საქმის მიმართ. ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი.

  • გადავიდეთ მორჩაძის საქმეზე, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვენების შესაცვლელად კალანდიას მისცა ფული. შეიძლება იყოს თუ არა გამოძიების დაწყების საბაბი ჩვენების შეცვლა?

კალანდიამ შეცვალა ის ჩვენება, რომელიც გამოძიებას მისცა. სასამართლო ეტაპზე შეცვალა ჩვენება. მოქმედება სს კანონმდებლობით, მოწმეს სს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ გამოძიებისგან განსხვავებულ ჩვენებას მისცემს სასამართლოს. ეს არის მოწმის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი.

თუმცა, თუ ჩვენება მან სასამართლო პროცესზე შეცვალა, ეს უკვე სხვა საკითხია. ამის შესწავლა ჯერ ჩვენ არ დაგვიწყია, რადგან სასამართლო მასალები არ გვაქვს. უნდა ვნახოთ, სასამართლოზე შეცვალა თუ არა მან ჩვენება და შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს, შეიძლება თუ არა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

  • გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჭრილობების სიღრმე აღემატება დანის სიგრძეს. რა წერია საქმის მასალებში ამის შესახებ?

აქ არის სამხარაულის დასკვნა, რომელიც გამორიცხავს იმ დანით დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჰქონდა ბრალდებულ გ.ჯ.-ს, არ შეიძლებოდა ჭრილობა ყოფილიყო სასიკვდილო, ანუ ის ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია სისხლის დიდი ოდენობით დაკარგვა და გარდაცვალება.

ვიცი, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულია ექსპერტები და უნდა დაველოდოთ შედეგებს.

დღეს არსებული დასკვნა არის ძალიან კატეგორიული და ის გამორიცხავს [ამ ჭრილობების ამ დანით მიყენებას], თუმცა შეიცვლება თუ არა რამე ექსპერტიზაში, ამას დრო გვიჩვენებს.

  • პროკურატურას გასაჩივრებული აქვს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. რა შედეგი შეიძლება მოგვცეს შსს-ს გამოძიებამ?

შსს-მ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს. დამატებითი გარემოებები უნდა გამოავლინოს, რაც ამ საქმეს აკლია: საკითხები, რომლებიც არ ჩანს ან რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ან არასათანადოდ იყო დაკითხული მოწმეები. შეავსოს საქმე.

მეორე მხრივ, უნდა გამოიძიოს, რატომ არ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები და ვისი ბრალეულობა იკვეთება. ორი მიმართულებით უწევთ ალბათ მათ მუშაობა და მიმდინარე გამოძიება დაგვანახებს, შეიცვლება თუ არა აპელაციაში წარდგენილი ბრალი.

უახლოეს მომავალში უნდა გამოიკვეთოს, როგორი პოზიციები შეიძლება ჰქონდეს შსს-სა და პროკურატურას და რამდენად მართებული იქნება ეს პოზიციები.

რასაც ახლა შსს იძიებს, ის გამოძიებაა, რომელიც დაწყებული იყო - სხვა პირთა მიერ დანაშაულის დაფარვა. იცით, რომ 5 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, დანაშაულის დაფარვაში არის ბრალდებული. დაწყებული იყო ასევე გამოძიება სხვა პირთა მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. ეს გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან გავყავართ არამარტო შეუტყობინებლობაზე, არამედ იმაზეც, თუ ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა და რა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული დანაშაულის დაფარვაში.

ვფიქრობ, რომ ამ გამოძიებით ასევე შესაძლებელია, უშუალოდ მკვლელობას უფრო მეტი სინათლე მოეფინოს.

შსს არ იძიებს მკვლელობას, რადგან მკვლელობა გამოძიებულია. არის მეორე მიმდინარე გამოძიება, რომელიც დაფარვას ეხება და იმ გამოძიების ფარგლებში შეიძლება დადგინდნენ ადამიანები, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს გამოძიებაზე. შესაძლებელია, ამით შეიცვალოს უკვე ჩატარებული გამოძიების სურათი.  

  • თუკი შსს ასეთ გარემოებებს გამოავლენს, ეს პროკურატურის მიერ გამოძიების თავიდან დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს?

თუ შსს გამოავლენს, რომ მკვლელები არ არიან ბრალდებულებები, მაშინ, სავარაუდოდ, (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება) არ უნდა გაასაჩივრონ სააპელაციოში და უნდა დაიწყონ გამოიძება სხვა პირის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტზე.

რადგან ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ იყო ორი მკვლელი, თუ გამოძიება მივა იქამდე, რომ ისევ ისინი რჩებიან ძირითად ბრალდებულებად და სხვა პირი არ ფიგურირებს, მაშინ წავლენ იმავე ბრალით. მე ვფიქრობ, რომ სხვა პირთა მიმართ გამოძიების ჩატარება იქნება მნიშვნელოვანი.

  • თქვენ ახსენებდით, რომ იკვეთება ადამიანების ინტერესები, მათ შორის ფინანსური გავლენების მქონდე პირთა ინტერესები. მათი გვარები ამ საქმეში ისმის?

მათი გვარები ამ საქმეში არ ისმის და ვხედავთ, რომ დაკავებულია ერთ-ერთ პირი, რომელიც ერთ-ერთ მოწმეს თანხას სთავაზობდა.  

  • მას ეხებოდა თქვენი განცხადება?

არამარტო მას. შეიძლება სხვაგანაც ყოფილიყო მსგავსი რესურსი გამოყენებული. არ მინდა, ვიღაცის მიმართ შევქმნა განწყობები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.

  • შესაძლებელია, რომ ეს უწყებაში მყოფი პირები ყოფილიყვნენ?

არაფერს გამოვრიცხავ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^