Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 10 მზაკვარი პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

12 ივნისი 2018

„ტოპ ხუთი ქართული რომანის“ მსგავსად, სათაური აქაც ბევრს ამბობს და ახლაც პირდაპირ დავიწყებ.

#10. დათიკო (ილია ჭავჭავაძე - „გლახის ნაამბობი“)

„თავდაპირველადვე ერთი ამაყი, თვით-რჯული ბავშვი იყო, რასაც იტყოდა, მოკვდებოდა და თავის ქეიფზედ კი გაივლიდა“. ერთი სიტყვით, დათიკო ცუდად აღზრდილი ბავშვი იყო, თანაც ეს ის ეპოქაა, როცა თავადიშვილები ასე იზრდებოდნენ.

დაინახა თუ არა დათიკომ თამრო, იმწუთას უთხრა მამამისს, კაი საპროშტავი ყოფილაო. „ქალი ჟინის საკლავად არის კარგი და არა ზურგზედ ასაკიდად“, - ასე მიაჩნდა დათიკოს, თუმცა გაბროსთვის არ დაუშლია თამროზე ჯვრისწერა - „მზითევი და შენი დაბინავება ჩემი კისერი იყოს“.

ამ სიტყვების ფონზე თამროს დაღუპვა არ იკმარა, როცა პირველი ღამის უფლება გამოიყენა, გაბრიელს პროვოკაცია მოუწყო და თამროს მამასთან, პეპიასთან ერთად ციმბირის გზას გაუყენა. არ დაინდო თავისი ბავშვობის მეგობრის სიყვარული, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ქალის მამა, ყველა გაწირა. გაციმბირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი - თავადვე დაიხსნა, ოღონდ ისე, რომ თავი არ გაამჟღავნა.

დაბრუნებულ გაბრიელს თამრო, ზნეობრივად გარდაცვლილი დახვდა - „მე ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე მე ბედშავი!“

არ შეიბრალა გაბრიელმა, არ დაიტირა. სამაგიეროდ, იპოვა თავისი მტანჯველი, ყოფილი ბატონი და სული ამოჰხადა.

ჩაიცინა დავითმა, როდესაც მიხვდა, რომ კლავდა თავისი გაბრიელი - ამით გათავდა შენი შერმადინობაო?!

და მაშინ ითქვა ბრწყინვალე პასუხი - როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიეო.

კვდება დათიკო უზიარებლად და მოუნანიებლად: „ეგეც ბარი-ბარში... მშვიდობით და გამარჯვებით, გამარჯვებულო გაბრიელ!“

არადა, რანაირი გამარჯვებული გაბრიელია, ერთადერთი გამარჯვებული ხომ ძალადობა და ბოროტებაა, რომელსაც ამ მოთხრობაში მშვენივრად განასახიერებს დათიკო.

***

#9. კვაჭი კვაჭანტირაძე (მიხეილ ჯავახიშვილი - „კვაჭი კვაჭანტირაძე“)

„კვაჭი კვაჭანტირაძე“ მიხეილ ჯავახიშვილის პირველი რომანი იყო, რომელიც 1924 წელს დაწერა. ეს არის, ე.წ. სათავგადასავლო, ან როგორც ფრანგები ამბობენ, პიკარესკული რომანი, დაახლოებით ისეთი, როგორებსაც ვოლტერი წერდა.

გერონტი ქიქოძის მოგონებების მიხედვით, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი ქართველი დიპლომატი ვასილ დუმბაძე იყო. სხვების აზრით, ამ გმირის პროტოტიპი სხვა ადამიანი,  კიდევ ერთი ცნობილი ავანტიურისტი, მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილია.

რა თქმა უნდა, კვაჭი განზოგადებული სახეა, მას მხოლოდ ერთი ან ორი პროტოტიპი არ ჰყავს. ეს არის გაიძვერა, ფლიდი, ნამდვილად მზაკვარი ადამიანი, რომელსაც კარიერა და წარმატება ყველაფერს ურჩევნია, ამიტომაც შეუძლია ყველა და ყველაფერი გაყიდოს: დედა, მამა, სამშობლო, ღირსება, რაც გნებავთ და ბუნებრივია, სინდისის ქენჯნა არ აწუხებს.  

ამიტომაც ამბობს ჯავახიშვილი, „ვბედავ და წიგნს წრფელი გულით ვუძღვნი ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა კვაჭსა და კვაჭიკოებს, რომლებიც ჩემს კურთხეულ სამშობლოში ყოველთვის უხვად მოიპოვებოდნენ“.

ჯავახიშვილი გვიყვება კვაჭის ზღაპრულ, ფანტასტიკურ თავგადასავალს. შემოქმედებითი კაცია კვაჭი, ბრწყინვალე გამომგონებელი, მაქინაციების დიდოსტატი. მის მოსაზრებულობას, ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წაგლეჯას, მითვისებას, ცხოვრებაში წინსვლას, კარიერას, ძარცვას, ქალების მოტყუებას ეხება.

ჩვენ თვალწინ გაირბენს კვაჭის ცხოვრება, დაბადებიდან უკანასკნელ დღეებამდე და ვხვდებით, რომ მისი ბუნება, გაიძვერობა, აფერა, მისი მზაკვრობა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მასშტაბები. ქუთაისის ვიწრო ქუჩებიდან აფრენილი ეს უცნაური ჩიტი, ძალიან ფართო და ლამაზ ქუჩებში აღმოჩნდება: პეტერბურგში, პარიზში და ლონდონის უმდიდრეს  კვარტლებში.  

საინტერესო წიგნი და საოცრად საინტერესო სახეა, თუმცა, ჩემი აზრი, კვაჭის სიმპათიის ნიშნები აკლია - არაფერი არ განგვაწყობს დადებითად ამ პერსონაჟისადმი. ვფიქრობ, ეს რომ ჯავახიშვილის პირველი რომანი არ ყოფილიყო, შესაძლოა კვაჭის სახე ბევრად უფრო სრულყოფილიც კი ყოფილიყო.

***

#8. ჭაშნაგირი (შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“)

ვსაუბრობთ ეპიზოდზე, როდესაც ავთანდილი ფატმანთან სასიყვარულო, სექსუალურ ურთიერთობას წამოიწყებს: „ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა-ლაღობა წყლიანი“.

თუმცა, მოგეხსენებათ, ფატმანის საყვარელი ჭაშნაგირი იყო და ქალს მისი გამოჩენისა ეშინოდა. გააფრთხილა კიდეც ავთანდილი, ამ ღამეს არ მოხვიდეო, თუმცა, ავთანდილი ის კაცი არ იყო, ამ გაფრთხილებას, ქალის უარს დარიდებოდა. მაინც მივიდა და ჭაშნაგირის გამოჩენის საფრთხის მიუხედავად, ქალი მაინც დანებდა.

და აი, „შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი“.

უდროო დროს საკუთარი საყვარლის გამოჩენამ დააფრთხო ფატმანი, თუმცა ჭაშნაგირმა „გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!“

„გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

წარმოიდგინეთ ადამიანის მზაკვრობა, რომელიც მოღალატე საყვარელს ემუქრება, რომ მის ავხორცობას შვილებს უამბობს, რათა მას საქვეყნოდ მოეჭრას თავი.

ალბათ გახსოვთ, რომ ამის შემდეგ ფატმანმა დახმარება ავთანდილს სთხოვა და ჭაშნაგირი სწორედ მას მოაკვლევინა.

საბოლოოდ, მზაკვრულ საქმეს ეწირება ჭაშნაგირი, თავადაც მზაკვარი და ცუდი ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ნათქვამი ნაწარმოებში, თუმცა, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, თუ რით ემუქრებოდა ფატმანს?!

***

#7. რუქა (სულხან-საბა ორბელიანი - „სიბრძნე სიცრუისა“)

„სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც პირველივე ნაწარმოები გენიალურია.

XVII საუკუნის ბოლოს დაწერილი იგავ-არაკების ეს კრებული აგებულია ფაბულური მოთხრობის თარგზე, ისევე, როგორც „ქილილა და დამანა“, „სიბრძნე ბალავარისა“ და ა.შ.

ამ იგავ-არაკებს რამდენიმე კაცი ჰყვება და მკითხველიც მთხრობლის მიხედვით არჩევს, თუ რა ტიპის ნაამბობთან გვაქვს საქმე. 

რუქა, ერთ-ერთი გამორჩეული მთხრობელია, მზაკვარი კაცი, „საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი, ბოროტი, თუმცა ჭკვიანი“.

მზაკვარი რუქა უპირისპირდება სედრაქს. ანუ, აქ გვხვდება ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება, თუმცა სიბრძნე, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს ახლავს და ბოროტების მიუხედავად, რუქაც ბრძენია.

სწორედ რუქამ თქვა ისეთი შესანიშნავი არაკი, როგორიცაა „სოფლის მაშენებელნი“; მთელი პათოსი მისი არაკებისა არის ის, რომ სიკეთისთვის სიკეთით არავის უპასუხია. ესაა მისი იდეოლოგია, თუმცა რუქა იმას კი არ ამტკიცებს, რომ ადამიანი ბოროტი უნდა იყოს, არამედ იმას, რომ სიკეთეს არანაირი სიკეთე არ მოაქვს - სიკეთე ბერწია, ისეთივე უნაყოფოა, როგორიც თავად ის.

აქ ფიზიოლოგიურადაა ახსნილი რუქას ბოროტების შინაარსი - საჭურისი, უნაყოფო კაცია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რა იგავები გვითხრა და რომელი შემორჩა მეხსიერებას, ვერ ვიტყვი, რომ რუქა ყველაზე უნაყოფო კაცია ამ ნაწარმოებში, პირიქით, ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, მზაკვარი კაცი, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანმა ძეგლი დაუდგა.

***

#6. სპარსი (იაკობ ცურტაველი - „წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი“)

ჩვენ არ ვიცით სპარსი კაცის სახელი, მაგრამ ის ამ ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. იაკობმა მას არ მისცა სახელი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს კაცი პეროზის მიერ იყო მოგზავნილი, რათა ვარსქენი ეკონტროლებინა.

სპარსი კაცი ვარსქენს ჭკვიანურ რჩევებს აძლევს, სწორედ იმიტომ, რომ სპარსია. ამ პერიოდში, სპარსელები ცნობილნი არიან, როგორც ჭკუისა და მზაკვრობის შემზავებლები.  რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპია, მაგრამ ამ მეტროპოლიის კოლონიის წარმომადგენელებს ისინი ყოველთვის ძალიან ჭკვიან, მაგრამ მზაკვარ და დაუნდობელ ადამიანებად მიაჩნდათ.

ვარსქენისთვის სპარსის მიერ მიცემული რჩევები ბოროტებას, სპარსეთის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ ცდილობდა იგი, რომ ვარსქენს შუშანიკი ზედმეტად არ დაეჩაგრა, არ ეწამებინა, რადგან ამას ხალხში ქრისტიანული რწმენის გაღვიძება შეეძლო.

ეს ესმოდა სპარსს და არ ესმოდა ვარსქენს. როგორც ჩანს, მას საერთოდ არაფერი აინტერესებდა, რადგან პერსონალურად იყო ნაწყენი მეუღლეზე და მიიჩნევდა, რომ პირადი საქმეები უნდა გადაეწყვიტა. საერთოდ არ ადარდებდა, გაიზრდებოდა თუ არა ამით შუშანიკის ავტორიტეტი.

იაკობ ცურტაველი სპარს კაცს სამ მნიშვნელოვან ეპიზოდში გვიჩვენებს: პირველად მაშინ, როდესაც სპარსი შუშანიკს ემლიქვნელება და მის გადაბირებას ცდილობს. მეორე ეპიზოდში ვარსქენს აცნობებს შუშანიკის განდგომის ამბავს და უხსნის, რომ „დედათა ბუნება იწრო არს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან დელიკატური მოქმედებაა საჭირო. ამას ვერაფრით შეაგნებინებს ვარსქენს. მესამე ეპიზოდში კი იმას მიაღწევს, რომ ვარსქენმა შუშანიკს ბორკილები ახსნას.

როგორც ვთქვით, ეს სპარსი კაცი ყოველთვის ვარსქენის იმიჯის განმტკიცებას, შუშანიკის დამცრობას ემსახურებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სპარსის რჩევები ვერც ვარსქენმა გაითვალისწინა, ისტორიაც სხვაგვარად წარიმართა და შუშანიკი ეწამა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

***

#5. მუშნი ზარანდია (ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“)

რასაკვირველია, რომანის მთავარი გმირი დათა თუთაშხიაა, პერსონაჟი, რომელიც  კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, ხდება აბრაგი და ახერხებს, რომ წლების განმავლობაში დაემალოს მეფის ჟანდარმერიას.

დათას ჰყავს ბიძაშვილი, კაცი, რომელიც სულ სხვა არჩევანს აკეთებს - დგება სახელმწიფო სამსახურში და ხდება ჟანდარმერიის ჩინოვნიკი. რომანში მოქმედება სწორედ ამ ორ ადამიანს შორის არსებულ რთულ ურთიერთობაზეა აგებული - ერთი მხრივ ძმობა, თავისუფლება; მეორე მხრივ კი მტრობა, ვალდებულება.

არადა, ერთი შეხედვით, ზოგიერთი მკითხველი იკითხავს, რას ერჩით მუშნის, კანონმორჩილი კაცია, სახელმწიფო სამსახურში, წესრიგის მხარეს დგას...

თუმცა, ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, დათა თუთაშხიას მხარესაა. ის მუშნის გვაჩვენებს, როგორც მის ანტიპოდს, მეფის ჟანდარმერიის მაღალჩინოსანს, რომელსაც მტკიცე ზნეობრივი და მსოფლმხედველობრივი პრინციპები აქვს. ეს არის უნიჭიერესი კაცი, რომელსაც აინტერესებს, თუ რა სიმაღლეზე შეიძლება ავიდეს კარიერულ კიბეზე.

საბოლოო ჯამში, მუშნი ზარანდიას მისი არჩევანი მზაკვრობასთან, ბოროტებასთან მიიყვანს. ის, თუ როგორ ჩაიფიქრა მან დათა თუთაშხიას სიკვდილი, გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში ბოროტი სახელმწიფოს სამსახური აუცილებლად ასე მთავრდება - სახელმწიფო ერევა ადამიანს. და, როგორც კი მუშნი იღებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მისი მორალი, მისი ზნეობა მომენტალურად იშლება...

***

#4. მარშალი ედმონდო ბეტანკური (გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“)

ჩემი აზრით, მზაკვარ პერსონაჟთა შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილს იმსახურებს დიდი მარშალი, ედმონდო ბეტანკური.

ალბათ გახსოვთ, როდესაც დომენიკო თავის მდიდრულ საკანში დაბრუნდა, ვერცხლის ვიწროყელიან სურაში ბარათი დახვდა ჩაჩრილი, რომელზეც ეწერა:

„პოლკოვნიკის, მიჩინიოს, კადიმასი და მისთანანის ნუ გეშინია - დიდი-დიდი, მოგკლან, მარშალ ბეტანკურს მოერიდე - შეიძლება წარგწყმიდოს“.

აი, ასეთი პერსონაჟია დიდი მარშალი, გარკვეული გაგებით, მზაკვრობისა და წარწყმედის ჩემპიონი, რომლის პროტოტიპი ბრაზილიის თავდაცვის მინისტრი კარლოს მაჩადო ბეტანკურია, „სამოსელ პირველში“ ედმონდო ბეტანკურად წოდებული.

რომანში აშკარაა მისი ბოროტი ხასიათი. ჯერ ერთი, ის მრავალგზისაა წარმოდგენილი, დაახლოებით ისე, როგორც ამხანაგი სტალინი: „დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური“; „სწორუპოვარი მარშალი ედმონდო ბეტანკური მშვიდობის დღეებს გისურვებთ ყველას“ და ა.შ.

ედმონდო ბეტანკური, გრანდისსიმო ჰალლე, ვრცელი მარშალი, ტანხვლიკიანი არსებაა. როგორც იცით, ბოლოს და ბოლოს ბოროტება აღიკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ მასთან დონ დიეგო მივიდა და მოკლა. აი ასე, ორი სიტყვით არის გადაწყვეტილი მისი ბედი ამ შესანიშნავ რომანში.

***

#3. ყვარყვარე თუთაბერი (პოლიკარპე კაკაბაძე - „ყვარყვარე თუთაბერი“)

ყვარყვარე თუთაბერი მზაკვრობის ერთ-ერთი დიდი ჩემპიონია. ეს არის შესანიშნავი მოთხრობა, გნებავთ - პოლიტიკური სატირა, რომელიც თეატრისთვისაც ვარგისი აღმოჩნდა და კინოსთვისაც. ის მოგვითხრობს ავანტურისტი კაცის თავგადასავალს რევოლუციის წლების მოვლენებისას, თუ როგორ მოხდა, რომ შემთხვევითი გარემოებების შედეგად, ნაცარქექია სახალხო გმირად აღიარეს.

მეფის ჟანდარმერიის შეცდომის შედეგად, ნაცარქექია ყვარყვარე, რომელიც გამეტებით უარყოფს მის რევოლუციონერობას, რევოლუციის შემდეგ თვალთმაქც, მზაკვარ და ავანტურისტ გმირად იქცევა.

აი, ქართველი კაცის ხასიათის მთავარი ნიშანი - ბავშვს რომ ჰკითხო, შეძლებ თუ არა პრეზიდენტობასო, გიპასუხებს რომ შეძლებს, რადგან ამის გულწრფელად სჯერა! და ყველაზე მაგარი ის არის, რომ, რა თქმა უნდა, შეძლებს, როგორც ყვარყვარემ შეძლო, დაახლოებით ისე შეძლებენ სხვებიც.

რევოლუციის გმირად ქცეული ყვარყვარე მდგომარეობას იფერებს და ხალხს ჰპირდება, რომ ახალ სახელმწიფოს ააშენებს. ამ თვალსაზრისით, პოლიკარპე კაკაბაძე ერთი-ერთში იმეორებს არისტოფანეს ხაზს, რომელიც ბევრ ნაწარმოებში, განსაკუთრებით კი „ფრინველებში“ აშენებს ასეთ სახელმწიფოს.

ადამიანებს, რომლებიც ოდნავ მაინც უწევენ წინააღმდეგობას, ყვარყვარე ციხის გზას გაუყენებს. თუმცა, მალევე გაირკვევა, რომ ცრუობს, სულაც არ არის ის, ვინც ჰგონიათ და გაქცევა უწევს.

აი, აქ გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ყვარყვარე ქალის კაბაში გადაცმული გარბის. როგორც მითოსი ამბობს, ასე გაიქცა კერენსკი, თუმცა ეს ამბავი მართალი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, ყვარყვარე ქალად გადაცმული გარბის და გენდერული გარდაქმნისა და მალვის ეს ამბავიც ძველი დროიდან მოდის, გავიხსენოთ აქილევსი, რომელიც ტროის ომისთვის თავის ასარიდებლად, ქალის კაბაში შემოსილი იმალებოდა.

***

#2. ფარსმან სპარსი (კონსტანტინე გამსახურდია - „დიდოსტატის მარჯვენა“)

ფარსმან სპარსი გამორჩეულად მზაკვარი პერსონაჟია, გარკვეული გაგებით, ის კონსტანტინე გამსახურდიას ტალანტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული დასტურია.

ჩემი აზრით, სწორედ ეს ადამიანია მთავარი სახე ამ ნაწარმოების, ავტორს ყველაზე კარგად, მგონი, რომ სწორედაც ფარსმან სპარსი გამოუვიდა.

ფარსმანი შერქმეული სახელია, სინამდვილეში მას აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი ერქვა. მისი წარმოშობა, ვინაობა, სადაურობა არავინ იცოდა, თუმცა საქართველოში ხელმწიფის ხუროთმოძღვრის ოფიციალური წოდება ჰქონდა. ფლობდა უამრავ სპეციალობას, ბევრ ენას, მათ შორის: ქართულს, არაბულს, თურქულს, ირანულს, ბერძნულს. ფარსმანი უკიდეგანოდ განათლებულ პერსონაჟადაა წარმოდგენილი. იგი ღვთის პირიდან გადავარდნილი, ურწმუნო, მრუში ადამიანია, მაგრამ ამავე დროს არის დიდი ოსტატი - შეუძლია საბრძოლო იარაღების შექმნა, საფორტიფიკაციო ნაგებობების აგება და ა.შ. მაგრამ ხელოვნებაში ისეთი მაგარი ვერ არის, რადგან „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს“, ფარსმანს კი გული საერთოდ არ აქვს!  

ამით გამსახურდიას იმის ხაზგასმა სურს, რომ ბოროტებასა და გენიას შორის შეუძლებელია კავშირი არსებობდეს. ჩემი აზრით, ეს ასე არ არის, მაგრამ ვერავინ შეედავება მოწინააღმდეგე აზრს, იმიტომ, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს.

***

#1. ჯაყო (მიხეილ ჯავახიშვილი - „ჯაყოს ხიზნები)

ქართულ ლიტერატურაში, მზაკვრობის და საერთოდ, საშინელი ადამიანის ჩემპიონი ჯაყო ჯივაშვილია.  

ჯავახიშვილი წლების განმავლობაში უბის წიგნაკებში იწერდა ჯაყოს დამახასიათებელ თვისებებს. ეს ჩანაწერები უმნიშვნელოვანესი მგონია. მაგალითად:

„ჯაყოს ეგონა, ვითომ ჩურჩულებდა, ნამდვილად ყვიროდა“; „ჯაყოს ხმა ბუხარში ქარის ღმუილს ჰგავს“; „ჯაყოს კბილები ფოცხსა ჰგავს“.

ჯაყოს პერსონაჟი, ფაქტობრივად, მითოსური დევის ტიპაჟია - „ჯაყო ისე იყო ასხმული, თითქოს მისი ნაწილები ცულით იყო გათლილი და მერე წებოთი და ბურღებით შეკოწიწებული“; „ჯაყო ისე ხარხარებდა, რომ ფრინველი და ცხოველნი ფრთხებოდნენ“; „მარგომ მრავალჯერ დააპირა ჯაყოსგან წასვლა, მაგრამ სქესით და მუქარით იყო დაბმული“, ანუ ჯაყო სექსის დიდოსტატიცაა.

„ჯაყოს“ 1924 წ. სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო“ გმინვაა ჩემი სულის“, - წერდა ჯავახიშვილი.

მას ასეთი უცნაური ჩანაწერიც აქვს: „ფროიდი და აგვისტო - აი ჯაყო“. ეს საოცრად საინტერესო განმარტებაა კაცისა, რომელიც მოერია როგორც თეიმურაზს, ასევე მარგოს, რომელმაც შეძლო ძალადობით ქართველობისა და ქართველი კაცის რწმენის დამარცხება.

გარკვეული გაგებით, ჯავახიშვილი ჯაყოს რასპუტინსაც კი ადარებს - „ჯაყოს პრობლემა რასპუტინის პრობლემაა. დედოფალ ალექსანდრას წინაშე არჩევანი რომ წამოჭრილიყო -  რასპუტინი ან მეფე ნიკოლოზი - უეჭველად რასპუტინს აირჩევდა. ვინც რასპუტინიადას იცნობს, დამეთანხმება“. ამიტომაც, ჩვენთვის გაუგებარი არ არის, რატომ არჩია მარგომ ჯაყო თეიმურაზს.

ჩემი აზრით, საქართველოს ლიტერატურულ სხეულში ჯაყო ყველაზე საშინელ, მოუშუშებელ ჭრილობად რჩება, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მზაკვარ პერსონაჟთა ტოპ ათეულის უპირობო ლიდერი სწორედ ჯაყოა.

 პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^