Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმსუქნის პრობლემა საქართველოში - ინტერვიუ ლელა სტურუასთან

01 მაისი 2018
სიმსუქნე და მისით გამოწვეული დაავადებები - რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ჭარბი წონა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას; როგორ უნდა მოხდეს სიმსუქნის პრევენცია - ამის შესახებ გვესაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.

რამდენად გავრცელებულია საქართველოში არგადამდები დაავადებები და როგორია ამ კუთხით სურათი?

არაგადამდები დაავადებების ფართო გავრცელება ძალიან ბევრი ქვეყნისათვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნებისთვის. განვითარებად ქვეყნებში არაგადამდები დაავადებები (როგორც ავადობა, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი) უკვე საგრძნობლად იმატებს.

ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზი არაგადამდები დაავადებებია. რის მიზეზიც შესაძლოა იყოს ის რისკფაქტორები, რომლებიც ამ დაავადებებს იწვევენ.

ეს რისკფაქტორებია თამბაქო, რომლის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს; ეს არის ალკოჰოლი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასწორი ფორმით არის დამკვიდრებული, თორემ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.

თუმცა,ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღება ნამდვილად ზრდის არაგადამდები დაავადებების რისკს.

ეს პირდაპირ კავშირშია არაჯანსაღ კვებასთანაც, რომელიც ძალიან ფართო ცნებაა, და რომელიც გულისხმობს ცხიმებით მდიდარი საკვების, შაქრითა და მარილით გაჯერებული საკვების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მიღებას, არასწორი კვების რეჟიმს.

ეს ყველაფერი ნიშნავს  არაჯანსაღ კვებას და ამას ხელს უწყობს დაბალი ფიზიკური აქტივობა.

ეს ოთხი ძირითადი ქცევითი რისკფაქტორი შემდეგ უკვე იქცევა ბიოლოგიურ რისკფაქტორებად, როგორიცაა ჭარბი წონა.

ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავუმატოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუდმივი სტრესი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ეს სტრესი უკავშირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ცვლილებებს, ჰაერის დაბინძურებასა და სხვა ფიზიკურ ზემოქმედებებს. ყველა ამ მიზეზის გამო არაგადამდები დაავადებები ფართოდ ვრცელდება. ეს კი, სამწუხაროდ, იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას, სამოცდაათ წლამდე გარდაცვალებას.

სიმსუქნე როგორც პრობლემა -  რა არის გამომწვევი მიზეზი?

ჩვენ, ზოგადად, მარილიან საკვებს ვიღებთ, რაც ხელს უწყობს სიმსუქნეს. ჩვენი მოსახლეობის განათლების დონე, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, არის დაბალი. ძალიან ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ჯანსაღი და არაჯანსაღი კვება. თუმცა ამით ჩვენი ტიპის ქვეყნებისგან არ გამოვირჩევით.

როდესაც ბავშვს კარგი მოქცევისთვის ვაჯილდოვებთ სწრაფი კვების ობიექტში წაყვანით, არ შეიძლება, რომ  ჭარბი წონა პრობლემა არ იყოს. ამ პრობლემას მანამდე ვერ აღმოვფხვრით, სანამ ჩვენი შვილებისთვის ეს წამახალისებელი იქნება.

ძალიან რთულია ბავშვს აუხსნა, რომ ეს ცუდია, როცა დედა ამით გაჯილდოვებს. თითქოს ძალიან მარტივია ჯანსაღი კვება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს განათლების დონე ამ მხრივ ძალიან დაბალია.
 

როგორ შეიძლება ამაღლდეს საზოგადოების ცოდნა მედიცინის სფეროში?

მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე, ტელევიზიაში უნდა გვქონდეს გადაცემები, რეკლამები, რომლებიც საზოგადოების ცოდნის დონეს აამაღლებს.

 ის, რომ ერთ-ერთმა მინისტრმა სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყო, მე ამ ინიციატივას მივესალმები. ვთვლი, რომ ჯანსაღი კვება წახალისებული უნდა იყოს. სკოლებში  ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს სწრაფი კვების პროდუქტების შეძენა.

ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს. უნდა იყოს ჯანსაღი ალტერნატივა, პირობითად,  ვაშლი უნდა ღირდეს 10 თეთრი და ჰამბურგერი 10 ლარი, შემდეგ კი ბავშვი  იძულებული იქნება, იყიდოს ვაშლი.

ფიზიკურ აქტივობასაც არასწორად აღვიქვამთ. რატომღაც გვგონია, რომ ძვირადღირებულ დარბაზში ძვირადღირებული ბოტასით და სპორტული ტანსაცმლით  უნდა ვიაროთ, როდესაც შეგვიძლია, რომ სახლში ნახევარი საათი მუსიკა ჩავრთოთ და ვიცეკვოთ. ვეძებთ გასასამართლებელ საბუთს, რატომ არ ვართ  ფიზიკურად აქტიური და ეს მიზეზები უმეტეს შემთხვევაში არაა საღ აზრს მორგებული. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, პირველი რასაც გავაკეთებდი,  ეს იქნებოდა ფიზიკური აქტივობის წახალისება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ამ მიმართულებით ნებისმიერ პრევენციაზე ფიქრს ისევ და ისევ ფიზიკურ აქტივობასთან მივყავართ. დაავადებები, რომელთა შემდეგაც ადამიანი ჭარბწონიანი ხდება, არის გამონაკლისი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების რისკი ჩვენს ქვეყანაში დიდია. დაავადებებს ვერასოდეს აღმოვფხვრით. ის ყოველთვის იქნება. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ ჭარბი წონა ისეთი გავრცელებული არ იყოს, როგორც ახლაა.

ძირითად შემთხვევაში ჭარბი წონის აღმოსაფხვრელად ენდოკრინოლოგს მიმართავენ ..

დაავადების დროს პირდაპირ სპეციალისტთან არ უნდა მივდიოდეთ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მახინჯი მიდგომა. პირველად უნდა მივდიოდეთ ოჯახის ექიმთან. რატომღაც წლები გადის და ვერ მოხერხდა, რომ პირველი მეჭიშკრე ოჯახის ექიმი იყოს, რომელიც მოგვცემს რჩევას, რომ თამბაქოს თავი უნდა დავანებოთ, ალკოჰოლი უნდა შევზღუდოთ და თუ საჭირო იქნება, შემდეგ უკვე ენდოკრინოლოგთან გაგვგზავნის. როგორც აღვნიშნე, ძალიან ხშირად, ჭარბ წონას შეიძლება ფსიქიკური პრობლემებიც იწვევდეს. ვერ მოვიწონებ პირდაპირ ენდოკრინოლოგთან ვიზიტს. უნდა მოვიდეს ის დრო, როცა აღარ მივალთ პირდაპირ ენდოკრინოლოგთან.
 

არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე რომ გვესაუბროთ ...

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა თამბაქოს კონტროლის შემოღებაა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რომელიც ქვეყნის განვითარებაზე მიუთითებს. ის ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისთვის.
ამ პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის კომიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იყო მულტისექტორული მხარდაჭერა თამბაქოს კონტროლის შემოღების შესახებ, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში იოდის დეფიციტის აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია მარილის ფორტეფიკაციასთან იოდით და ათი წლის თავზე ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
 არაგადამდებ დაავადებებს წლების განმავლობაში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ახლა ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება არაგადამდები დაავადებების მიმართულებით. მე პირადად იმედით ვუყურებ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ადრე თანხების 90% გადამდებ დაავადებებზე იხარჯებოდა და 10 პროცენტზე ნაკლები იხარჯებოდა არაგადამდებ დაავადებებზე. ახლა ბალანსი აღდგენილია.

მომავალში სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის რაიმე რეგულაციის შემოღებას ხომ არ გაუწევდით რეკომენდაციას? მაგალითად, რეგულაციებს არაჯანსაღი პროდუქტის ხელმისაწვდომობის ნაწილში...

პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს სხვადასხვა რეგულაციების არსებობა, მივიჩნევ, რომ თამბაქოს რეგულაციების შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს არა კიდევ რაიმეს აკრძალვა, არამედ პირიქით, რაღაცების ხელშეწყობა. მაგალითად, ფიზიკური აქტივობის წახალისება. ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა არის ფიზიკური აქტივობა.

ახლახან ქალბატონმა გუგული მაღრაძემ გააჟღერა ინიციატივა სწორი კვების რეგულაციებთან დაკავშირებით. ასე სიღმისეულად მე მის ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ზოგადად, მომხრე ვარ, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ინფორმირებულობა, თუ რა არის სწორი კვება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომობა არაჯანსაღ პროდუქტებზე იყოს დაბალი. თუკი პროდუქციას ფასებს მოვუმატებთ, როგორც ეს თამბაქოზე მოხდა, ასევე მაღალი ფასები უნდა დაწესდეს არაჯანსაღ პროდუქტზეც.

სხვა ქვეყნების მაგალითი რომ განვიხილოთ, არაჯანსაღ პროდუქტებს ევროპის სხვა ქვეყნები უმატებს აქციზს, რაც გარკვეულწილად ეფექტურად მუშაობს.

ის თანხა, რომელსაც აქციზებით შევიტანთ, ეს იქნება თამბაქოს აქციზი თუ ალკოჰოლის აქციზი, უნდა დაიხარჯოს  ბავშვების ინფორმირებულობაზე, უფასო სპორტული კლუბების გახსნაზე, რეკლამებზე, ჯანმრთელობის ხელშემწყობ საკითხებზე. მივესალმები აღნიშნული ხარჯების ამგვარ მიმართვას.

ავტორის შესახებ - ნათია შარმიაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^