რიტა ასადოვასთვის 21 მარტი განსაკუთრებული დღეა. ადრიანად ადგა და მისაღები ოთახის კუთხეში მდგარი პატარა, მრგვალი მაგიდის გაწყობა დაიწყო. წინა დღეს მოხარშული, სხვადასხვაფრად შეღებილი კვერცხებით, თევზით, ჯამში გაზრდილი ჯეჯილით, ტკბილეულით, ხილით, ყვავილებითა და სანთლებით მორთო მაგიდა; სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი მოსასხამი მოიხვია და სტუმრების მოლოდინში ტელევიზორი ჩართო.
რიტა ასადოვასთვის 21 მარტი განსაკუთრებული დღეა. ადრიანად ადგა და მისაღები ოთახის კუთხეში მდგარი პატარა, მრგვალი მაგიდის გაწყობა დაიწყო. წინა დღეს მოხარშული, სხვადასხვაფრად შეღებილი კვერცხებით, თევზით, ჯამში გაზრდილი ჯეჯილით, ტკბილეულით, ხილით, ყვავილებითა და სანთლებით მორთო მაგიდა; სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი მოსასხამი მოიხვია და სტუმრების მოლოდინში ტელევიზორი ჩართო.
21 მარტს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ირანული კალენდრის მიხედვით, გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავენ. ასე იწყება "ახალი დღე", იგივე ნოვრუზ-ბაირამის 6-დღიანი დღესასწაული.
"სტუმრები გვყავდა, როცა ტელევიზორში მოვკარით ყური, რომ პრეზიდენტმა 21 მარტს ნოვრუზ-ბაირამი სახალხო ზეიმად გამოაცხადა. თავიდან მეგონა, რომ მომესმა, არ დავიჯერე. ამხელა სიხარულს ნამდვილად არ ველოდი", _ ამბობს რიტა ასადოვა.
სანამ რიტა სტუმრებს უმასპინძლდებოდა, პრეზიდენტი ტელევიზორის ეკრანიდან მიმართავდა აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებს: "თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი". მარნეულში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსაც გვერდში დგომისთვის, მარნეულის მოსახლეობას კი ქალაქის "კიდევ უფრო გალამაზებას" დაჰპირდა.
2010 წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 21 მარტი, ნავროზობა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 2009-ში კი იუნესკო-მ ნოვროზ-ბაირამი "მსოფლიო ხალხთა არამატერიალური კულტურის ნუსხაში" შეიტანა. ნოვრუზ-ბაირამი ეროვნული დღესასწაულია მსოფლიოს 11 ქვეყანაში, მათ შორის _ ირანში, ავღანეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ერაყში, ალბანეთსა და კოსოვოში. ახლა ნოვრუზ-ბაირამის ნაციონალურ დღესასწაულად გამოცხადებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი ტოლერანტობა აჩვენოს.
აქამდე უმცირესობების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკის აფიშირებას პრეზიდენტი ხანუკაზე _ სინაგოგაში და 25 დეკემბერს _ კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობით ცდილობდა. და მაინც, 2008 წელს იუდეველებს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" თავიანთი ტრადიციული რვატოტა შანდლის _ მენორას დადგმის საშუალება არ მისცეს.
მუნიციპალიტეტთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო, იუდეველთა ეს ჩანაფიქრი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ამის შემდეგ ხანუკობის საჯაროდ აღნიშვნის ინიციატივა ებრაელებს აღარ გამოუჩენიათ.
აზერბაიჯანელების შემდეგ სიდიდით მეორე სომხური დიასპორაც თავის ეთნიკური დღესასწაულისთვის ეროვნული ხასიათის მინიჭებას, დიდი ხანია, ღიად და გაბედულად ცდილობს. 2007 წლის 24 აპრილს სომხურმა ეკლესიამ ქალაქის მერიას სთხოვა სომეხთა გენოციდის დღის მოსაგონარი ატრიბუტიკის სომხური ეკლესიის ეზოს გარეთ, ქუჩაში გამოფენის ნებართვა. თუმცა, უარი მიიღო.
"როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ, როგორც ჩანს, საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური ალიანსი უფრო მყარია, ვიდრე ქართულ-სომხური. თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ნებისმიერი ქართულ-სომხური დღესასწაულის დაწესება შეიძლება. შეიძლება საიათნოვობის სახალხო ზეიმის ეროვნულად გადაქცევაც, თუმცა ამაზე დიდი მნიშვნელობის სომხური დღესასწაულებიც არსებობს", _ აცხადებს საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენელი ალექსანდრ ოგანოვი.
"ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება დავით აღმაშენებლის ტრადიციას და ეს ტრადიციაა ყველა აღმსარებლობის თანასწორობა და პატივისცემა, იმიტომ რომ საქართველოს სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა. ჩვენი ერთიანობა სხვადასხვაობაშია. ყველა ამ ქვეყნის შვილები და პატრიოტები ვართ", _ ესეც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია.
ადამიანის უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ნოვრუზ-ბაირამის ნაციონალურ დღესასწაულად გამოცხადებით პრეზიდენტის ტოლერანტულ გამოსვლებს პირველად მოჰყვა რეალური შედეგი. ნოვრუზ-ბაირამის აღნიშვნას ომბუდსმენის აპარატის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი "რევოლუციურს" უწოდებს. "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არაქართული წარმომავლობის დღესასწაული ნაციონალურ დღედ ცხადდება. აქამდე მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებს აღვნიშნავდით, რაც აშკარა უთანასწორობა იყო. ნოვრუზობა არა რელიგიური, არამედ საერო დღესასწაულია, ეს კი ერებს შორის კულტურულ დაახლოებას შეუწყობს ხელს", _ ამბობს ბექა მინდიაშვილი.
თუმცა ქვეყანაში, სადაც ეთნიკური უმცირესობების მიმართ შემწყნარებლობა თითქოს ისტორიულ ფასეულობად ცხადდება, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს მოწინააღმდეგეები მაინც გამოუჩნდნენ. "ლიბერალი" რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა საპატრიარქოს ოფიციალურ კომენტარს. გელათის აკადემიის აკადემიკოსმა მარიამ ცაცანაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში პრეზიდენტის ეს ინიციატივა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა: "პრეზიდენტის განაცხადი, რომ საკანონმდებლო რანგში აიყვანონ ეს დღესასწაული, მორიგი ინფორმაციულ-პოლიტიკური ავანტიურაა. მთელი საქართველოსთვის ასეთი აქცენტების გაკეთება უკვე პოლიტიკური ზეწოლაა. ამან შეიძლება გარკვეული შეშფოთებები და კითხვები გამოიწვიოს".
პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ნოვრუზ-ბაირამის ნაციონალურ დღესასწაულად გამოცხადების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტურ როლს ასახელებს: "მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტობა იმდენად აშკარაა, რომ ყველას თვალს სჭრის. ამიტომ გააკეთეს ეს, მსოფლიომ რომ არ იფიქროს, თითქოს სხვა ეთნიკურ ჯგუფებს პატივს არ ვცემთ".
"ლიბერალის" მიერ ჩატარებულ მცირე გამოკითხვაში, რომელშიც 150-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 41-მა დაუჭირა მხარი ნოვრუზ-ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებას. 10-ისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამმა პასუხისგან თავი შეიკავა, დანარჩენმა 99-მა მოქალაქემ კი პრეზიდენტის ინიციატივა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა: "ისედაც სულ ბაირამობენ ჩვენს ქვეყანაში და ახლა ოფიციალურად ვაბაირამოთ?" _ კითხვა შემომიბრუნა 40 წლამდე მამაკაცმა. თუმცა, იმავე ასაკის ქალბატონმა მითხრა: "მართალია, ქართველებს აზერბაიჯანში ასე არ ანებივრებენ, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ დიდსულოვნები?"
დღეს საქართველოში 15 დღესასწაულია უქმე დღედ გამოცხადებული. მათგან 7 საეროა, 8 _ მართლმადიდებულური. პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მალე ნაციონალურ დღედ სხვა უმცირესობების დღესასწაულებიც გამოცხადდეს. თუ პრეზიდენტმა ეს სიტყვა შეასრულა, არსებულ 15 უქმე დღეს მინიმუმ სამი _ სომხების, აზერბაიჯანელების და ებრაელების დღესასწაული უნდა დაემატოს.
ნოვრუზ-ბაირამის ნაციონალურ დღესასწაულად გამოცხადებას ებრაელებიცა და სომხებიც ლოიალურად ხვდებიან.
"ამ დღესასწაულის დაწესება ნიშნავს ყველას პატივისცემას. ბედნიერი ვიქნებოდი, ნებისმიერი ერთი ებრაული დღესასწაულიც უქმედ რომ გამოცხადებულიყო, მაგრამ ალბათ საკმარისზე ცოტანი ვართ", _ ამბობს თბილისელი ებრაელი ლევან იასახანზადე, რომელიც სიონის ეკლესიასთან, ძველ უბანში ცხოვრობს და თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ მიიჩნევს. მისი შემოსავლის წყაროა საკუთარ სახლში, 2 კვადრატული მეტრი ფართობის ნათელ ოთახში გაკეთებული ფეხსაცმლის სამკერვალო. კედლებზე ფეხბურთელების, მათ შორის _ დავით ყიფიანის, გახუნებული სურათები აქვს გაკრული.
საქართველოს შრომითი კოდექსის მიხედვით, მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ ეროვნულ დღესასწაულზე იმუშაოს და, სანაცვლოდ, საკუთარი ეთნიკური დღესასწაულის დროს დაისვენოს. ამისათვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირადად უნდა შეუთანხმდეს დამქირავებელს, რაზეც შეიძლება უარიც მიიღოს და ეს ინიციატივაც ძვირად დაუჯდეს.
კავშირის, "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანი საქართველო", თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი აცხადებს, რომ ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაცია ყველაზე ნათლად სწორედ შრომის ბაზარზე ვლინდება. მას მაგალითად მოჰყავს 2008 წელს მარნეულში მომხდარი ფაქტი, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ეთნიკური განსხვავებულობის გამო, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებზე უკეთ ჩააბარა გამოცდა.
ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქართულ შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს ეთნოკრატიზმი. საჯარო და კერძო დაწესებულებების აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები მართავენ და თანამშრომლებს ეთნიკური ნიშნით გამოარჩევენ. ამიტომ თითქმის არ იცვლება იმ არაპოპულარული და დაბალანაზღაურებადი პროფესიების სია, რომელთაც ეთნიკური უმცირესობები თაობიდან თაობამდე მისდევენ.
უმცირესობის წარმომადგენლები დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ, მომავალში უფრო დიდი პრობლემები რომ არ შეექმნათ. ამ ადამიანების დუმილი პრობლემას "ჩაკეტილ" ეთნიკურ წრეში აქცევს, ქართველების ტოლერანტობა კი მხოლოდ დეკლარირებულ ფასეულობად რჩება.
"ვერ ვიტყვით, რომ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულად გამოცხადებით გავხდებით ან მანამდეც ვიყავით ტოლერანტული საზოგადოება, _ აცხადებს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი, კულტუროლოგი სალომე ასათიანი და ვარაუდობს, რომ ქართველების უმრავლესობას ნოვრუზ-ბაირამის უქმე დღედ გამოცხადება არ მოეწონება, _ ჩვენთან ჯერ კიდევ ჭარბობს ეთნიკურ ნაციონალიზმზე დაფუძნებული ლოზუნგები და მითები "ქართული ჯიშის" შესახებ. ჭარბობს რელიგიური პოპულიზმი, ძალაუფლების და პოპულარობის მოსაპოვებლად მართლმადიდებლობის გამოყენება. ამის მიღმა კი ხშირად დომინანტურ ჯგუფსა და უმცირესობებს შორის არსებული გაუცხოება და შეუწყნარებლობა იმალება. ამ დამოკიდებულების შეცვლას ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე დროდადრო, წინასაარჩევნოდ გამოთქმული მულტიკულტურული ლოზუნგები და თუნდაც ძალიან დადებითი ნაბიჯები".
ნოვრუზ-ბაირამი ერთგვარი ტესტია. უმცირესობების დღესასწაულების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებით უკეთ გავაცნობიერებთ, მაინც რამდენად ტოლერანტულები ვართ ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლებსაც ჩვენს ისტორიულ სიმდიდრეს ვუწოდებთ.