31 წლის პაპუნა ჯანგულაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს, პროფესიით ისტორიკოსია. უყვარს კითხვა და მუსიკა. პაპუნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და სწორედ ამან განსაზღვრა მის ცხოვრებაში ბევრი რამ - განათლება, დასაქმება თუ ადამიანებთან ურთიერთობები. როცა შესაძლებლობა აქვს, კერძო მასწავლებლად მუშაობს, დღის უმეტეს ნაწილს კითხვასა და ფიქრში ატარებს.
„მე პაპუნა ჯანგულაშვილი ვარ, 31 წლის, კახეთიდან. პროფესიით ისტორიკოსი. მიყვარს კითხვა და მუსიკა. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს ბევრ რამეს განაპირობებს როგორც ცხოვრების წესში, ისე აზროვნებაში, ადამიანებთან დამოკიდებულებაში, ადამიანების ჩემთან დამოკიდებულებაში და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არაა არც ინფრასტურუქტურა, არც გადაადგილების პრობლემა, ან ჩემი შინაგანი განწყობა. მთავარია, ის სტერეოპიტები, რომლებიც არსებობს როგორც შშმ პირების, ისე ჯანმრთელი ადამიანების მხრიდან. მიუხედავად მცდელობებისა, ჯებირის გადალახვა მაინც ვერ მოხერხედა. ეს ჯებირია ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით განათლების, დასაქმების მიღების თვალსაზრისით, ადამიანებთან ნდობის თვალსაზრისით, როგორც ჩემი, ისე მათი მხრიდან. მე ეს არც მიკვირს, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთზე ინფორმაცია არ გვაქვს და გარკვეული შტამპებით ვაზროვნებთ, რომლის გამოსწორებაც არ გვინდა და ან არ გვსურს“, - ამბობს პაპუნა.
ის დაინტერესებულია ფილოსოფიით, რელიგიითა და უცხო ენების შესწავლით და თვლის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსები, იყოს განვითარებული.
პროფესიაც მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში და არჩევანს არ ნანობს. თუმცა, ბაკალავრიატის შემდეგ სწავლის გაგრძელების საშუალება მას აღარ მიეცა.
ბევრ სხვა სურვილთან ერთად, მოგზაურობაც სურს, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე ამის პერსპექტივას ვერ ხედავს. ამბობს რომ, სიმართლისთვის თვალის გასწორება ერთ-ერთი გამოსავალია. როცა გავაცნობიერებთ, რომ პრობლემა არსებობს, მაშინ მისი მოგვარებაც შესაძლებელია.