Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ისლამური სახელმწიფო": მიზეზები, პრაქტიკა, საფრთხეები

20 ნოემბერი 2014

ძნელი სათქმელია, არის თუ არა ქმედითი ის ზომები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ატარებენ.

აბრევიატურა  ISIS-ი ინგლისურია და აღნიშნავს „ერაყისა და ალ-შამის ისლამურ სახელმწიფოს“  (Islamic State of iraq and al-sham  „შამ“-ი ისტორიულად აღნიშნავდა დღევანდელი ლიბანისა და დასავლეთ სირიის ტერიტორიას, რომელსაც ევროპაში „ლევანტის“ სახელით იცნობდნენ. ამიტომაც  იმავე „სახელწიფოს“ ხანდახან ISIL-ს უწოდებენ.

 ბოლო დროს თითქოს მკვიდრდება „ისლამური სახელმწიფო“ (IS). ამ „სახელწიფოს“ ქვეშევრდომებს, უფრო ზუსტად - მებრძოლებს, რომლებიც აწარმოებენ "ჯიჰადს", ანუ საღვთო ომს ურჯულოების წინააღმდეგ ჯიჰადისტებად მოიხსენიებენ (სწორი იქნებოდა „მუჯაჰიდი“, მაგრამ ეს ტერმინი დაუმკვიდრდათ ავღანეთში მებრძოლ ისლამისტებს).

ეს ტერმინოლოგიური წიაღსვლა საჭიროდ მივიჩნიე, რადგან ინფორმაცია ისლამური სახელმწიფოს შესახებ იმდენად ქაოსური და ბუნდოვანია, რომ მკითხველი შეიძლება ვერც გაერკვეს რაზეა საუბარი.

შედარებით შორს მყოფი ტელემაყურებლისთვის „ისლამური სახელმწიფო“ თითქოს მართლაც მითიურ საბურველშია გახვეული. მაგრამ, ვისაც რეალური შეხვედრა უწევს ჯიჰადისტებთან, სავსებით რეალურ და სასტიკ გამოცდილებას იძენს. ასე მაგალითად, ნოემბრის დამდეგს გავრცელდა დასავლეთ ერაყის ერთი არაბული ტომის 150-ზე მეტი წევრის დახვრეტის შემზარავი ფოტომასალა: როგორც ირკვევა, ტომის ბელადებმა უარი განაცხადეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაზე. ევროპელი და ამერიკელი მძევლებისათვის საჯაროდ თავის მოკვეთა განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა დასავლეთისათვის.

სურათი სრული არ იქნება, თუ ისტორიულ განვითარებასა და ისლამის შიდა დაყოფაზე არ შევჩერდებით. დასავლეთ არაბეთში, კერძოდ, ჰიჯაზში, მე-7 საუკუნეში წარმოშობილი ახალი რელიგია, ისლამი, ძალიან მალე გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, პირენეის ნახევარკუნძულზე, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ვოლგისპირეთსა და კავკასიაში. რელიგიის ფუძემდებლის, მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ ერთიან ისლამურ სახელმწიფოს სათავეში ედგა „ხალიფა“, რაც ნიშნავს მოადგილეს ან მემკვიდრეს. ერთიანი ისლამური სახელმწიფო - სახალიფო - საკმაოდ მალე დაიშალა. ისლამის შიგნით მალევე გაჩნდა სხვადასხვა, მძაფრად დაპირისპირებული მიმართულებები, მათ შორის მთავარია სუნიტობა და შიიტობა. ისლამის პოლიტიკური ერთიანობის იდეა მხოლოდ თეორიაში დარჩა და ის პრაქტიკაში აღარ ხორციელდებოდა. უკანასკნელი, ოფიციალურად აღიარებული ხალიფა (ის ოსმალეთის მმართველ დინასტიას ეკუთვნოდა და მისი წინამორბედები ერთდროულად სულთნებიც იყვნენ) თურქეთიდან 90 წლის წინ გააძევეს.

სახალიფო წარსულს ჩაჰბარდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. ახლა კი ისევ გაჩნდა „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც მსოფლიოს მუსლიმთა გაერთიანების პრეტენზია აქვს. 2014 წლის აგვისტოში ამ „სახელმწიფოს“ მეთაურმა (ვფიქრობ, არა ერთადერთმა: მასაც გამოუჩნდება მეტოქეები!) აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავი ხალიფად გამოაცხადა და ყველა მუსლიმის მორჩილება მოითხოვა. მე-8 საუკუნის ბაღდადის სახალიფოს რემინისცენციაა ის შავი სამოსი, რომელსაც ჯიჰადისტები ატარებენ: იმდროინდელი სახალიფოს დროშა შავი ფერისა იყო.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ისლამურ ქვეყნებში პოპულარული გახდა სეკულარიზმი. მმართველ ელიტებს, უპირველესად თურქეთსა და ირანში, გაუჩნდათ სურვილი „დამსგავსებოდნენ წარმატებულ დასავლეთს“. ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია პოლიტიკური დისკურსის წამყვანი თემები გახდა. სამწუხაროდ, მათ დემოკრატიზაცია არ მოჰყოლია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სეკულარიზმი არაბული ქვეყნების ფაქტობრივ იდეოლოგიად იქცა, განსაკუთრებით ეგვიპტეში, ერაყში, სირიაში, თუნისში.

მაგრამ ისლამი არსად წასულა! ის კვლავინდებურად დომინირებდა შედარებით დაბალი კლასების სოციალურ -კულტურულ ცხოვრებაში.

ახლო აღმოსავლეთის პირველი ქვეყანა, სადაც მუსლიმმა კლერიკალებმა შეძლეს გამოეყენებინათ მძაფრი სოციალური უთანასწორობით, მმართველი ელიტის უსამართლობითა და ჩაგვრით გამოწვეული უკმაყოფილება, აღმოჩნდა ირანი. იქ ისლამურმა რევოლუციამ 1978 წელს გაიმარჯვა და მას შემდეგ ქვეყანა რელიგიური კანონებით იმართება.

მაგრამ სწორედ ზემოხსენებული შიდარელიგიური დაპირისპირების გამო შიიტური ირანი არ არის სუნიტური „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე. პირიქით, ირანი მას საფრთხედ აღიქვამს. თავის მხრივ, სუნიტური „ისლამური სახელმწიფო“ უპირისპირდება ყველა არა-სუნიტსა და არა-მუსლიმს. ჩრდილოეთ ერაყში ათასწლეულების განმავლობაში შედარებით მშვიდობიანობაში მცხოვრები სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანების, იეზიდი ქურთების სასტიკი დევნა და განადგურება ერთხანს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. „ისლამური სახელმწიფო“ ებრძვის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომელიც თავის გარემოცვასთან ერთად ალავიტების რელიგიულ სექტას ეკუთვნის (ალავიტებს შიიტებად მიიჩნევენ, თუმცა ეს სადავო საკითხია). „ისლამური სახელმწიფო“ თავის მტრად მიიჩნევს ლიბანის „ჰეზბოლას“, რომელიც შიიტური პარტიაა.  „ისლამური სახელმწიფო“ უპირისპირდება იმ სუნიტებსაც, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერაყის ქურთისტანის, პრაქტიკულად არაღიარებული სახელმწიფოს, მედგარი ბრძოლა ისლამისტებთან. თუმცა ქურთების უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მაგრამ მათი ისლამი არ გამოირჩევა ფანატიზმით, თანაც რელიგიურზე მაღლა მათთვის ეთნიკური (უფრო-ტომობრივი) იდენტობა დგას.

„ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს უქმნის აღიარებული სუნიტური სახელმწიფოების ელიტებსაც, რადგან ის მათ კეთილდღეობას და მათთვის სასარგებლო წესრიგს ემუქრება. ოფიციალურად არცერთი მუსლიმური ქვეყანა, ისეთიც კი, როგორიც საუდის არაბეთია, სადაც სახელმწიფო რელიგია ვაჰაბიტური მიმართულების ისლამია, არ ემხრობა „ისლამურ სახელმწიფოს“.

აქ ჩნდება კითხვა, რა არის იმის მიზეზი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა?

რეაქცია „დასავლური იმპერიალიზმის მიერ მუსლიმების ჩაგვრაზე“, „დასავლური კულტურის გამხრწნელ გავლენაზე“, ისრაელ-პალესტინის გაუთავებელ კონფლიქტზე, რომელშიც არაბები ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებენ, აისახება პოლიტიკური ისლამის მზარდ როლზე. 2011 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხული“ მალე დაჭკნა. თუკი არაბულ ქვეყნებში დაიწყებოდა დემოკრატიზაცია, რისი ფუჭი იმედიც გაუჩნდათ დასავლეთელ ექსპერტებს, ის რეალურად ისლამზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ეგვიპტეში ჩატარებულმა თავისუფალმა არჩევნებმა ხელისუფლებაში ისლამისტი პრეზიდენტი და „მუსლიმური საძმო“ მოიყვანა. ეგვიპტის გენერალიტეტმა მალევე მოახდინა კონტრრევოლუცია და ქვეყანას კვლავ სამხედროები მართავენ, ისე, როგორც პრეზიდენტ მუბარაქის დროს. ასეთმა იმედგაცრუებამ ბევრ ისლამისტს „ისლამური სახელმწიფოსაკენ“ წასვლისაკენ უბიძგა.

2003 წელს ერაყში დასავლეთის კოალიციის შეჭრას და სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობას შედეგად მოჰყვა ქაოსი. მოხდა იქამდე მმართველი პარტიის „ბაას“-ის მრავალრიცხოვანი აქტივისტის მარგინალიზაცია. სუნიტური ელიტა შიიტურმა შეცვალა: ერაყის მოსახლეობის უმეტესობა შიიტია, რომელიც სადამის დროს იჩაგრებოდა. ახლა კი შიიტებმა დაიწყეს სუნიტების ჩაგვრა! ყოველ შემთხვევაში, სუნიტ ერაყელებს ასეთი აზრი გაუჩნდათ. სადამის დროინდელი ერაყის არმიის უმუშევრად დარჩენილი ოფიცრების ნაწილი „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო.

„ისლამურ სახელმწიფოს“ მომხრეები აღმოაჩნდა დასავლეთშიც კი. ბრიტანული კომპანია „პოპულუს“-ის მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 18-24 წლის ასაკის 14 პროცენტი და 25-34 წლის ასაკის ბრიტანელების 12 პროცენტი ჯიჰადისტებს თანაუგრძნობს. თუმცა ასეთი აზრის მქონე პირების უმრავლესობა ბრიტანეთის მუსლიმია, რომელთა რაოდენობა გამუდმებით მატულობს, მაგრამ ასეთ თანამგრძნობთა შორის არიან არამუსლიმებიც, რომლებსაც ან არ ესმით რეალობა, ან არ მოსწონთ საკუთარი ქვეყნისა და ამერიკის მთავრობების საქმიანობა. ეს მაჩვენებლები არ ნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ძალიან ბევრი მებრძოლი შეუერთდება ევროპიდან. თუმცა ასეთი ადამიანები, რასაკვირველია, არიან და არა მარტო ბრიტანეთში. იყო ცნობები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შორის აღმოჩნდნენ რუსეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, საქართველოს მოქალაქეები. სწორედ ისინი ქმნიან სხვა ქვეყნებში პოტენციური ტერორისტული აქტების საფრთხეს.

ძნელი სათქმელია, არის თუ არა ქმედითი ის ზომები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ატარებენ.

გეოპოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ძალიან ჩახლართულია. პარადოქსია, რომ მკაფიო მტრის გარდა, დასავლეთის წამყვან ქვეყნებსა და თურქეთს რეგიონში პოტენციური მოკავშირეები ჰყავთ, რომლებიც ერთდროულად მათი მტრებიც არიან. თუ ბაღდადის რეჟიმი ამერიკის მოკავშირედ მოიაზრება, დამასკოს რეჟიმი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ებრძვის, დასავლეთმა საკუთარ მტრად გამოაცხადა. თურქეთი არ ჩაერთვება სახმელეთო ოპერაციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, სანამ ამას არ გააკეთებს დასავლეთი. ბაშარ ალ-ასადს თურქეთიც თავის მტრად მიიჩნევს. გაუგებარია, როგორი უნდა იყოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ირანის როლი, რომელსაც დასავლეთი, რბილად რომ ვთქვათ, მეგობრად არ მიიჩნევს (ისრაელი - საერთოდ, უპირველეს მტრად თვლის ირანს). ერაყის ქურთები, რომლებიც აქტიურად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“, თავიანთი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვით თურქეთისათვის საფრთხეს წარმოადგენენ, რაც გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთის ქურთებისათვის. ამერიკას არ უნდა ახლო აღმოსავლეთში ახალი სახმელეთო ოპერაციის დაწყება (და მის გარდა ვერც ვერავინ გააკეთებს ამას!). ამიტომაც ის, დიდ ბრიტანეთთან ერთად, მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს ახორციელებს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე დასავლეთს მეტის გაკეთება არც შეუძლია.

რაც შეეხება მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის გაშუქებას, მათთვის, როგორც ყოველთვის, მთავარია სენსაციის ეფექტის მიღწევა. ჯიჰადისტების მიერ რამდენიმე ამერიკელისა და ბრიტანელის სიკვდილით დასჯა, რაც, რასაკვირველია, დიდი ბოროტებაა, უფრო მეტად გაშუქდა, ვიდრე რამდენიმე ათასი იეზიდის ჟლეტა და ასობით არაბის დახვრეტა. ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ან ძალიან ტენდენციურია, ან ძალიან ზედაპირული. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ წამყვანი მედიის ნაკლი არ არის...

აქვს თუ არა პერსპექტივა „ისლამურ სახელმწიფოს“?

ცოტა ხნის წინ ამ კითხვას ცალსახად უარყოფით პასუხს გავცემდი. მაგრამ ჯიჰადისტების სამხედრო წარმატებები, მათ შორის, ორმილიონიანი ქალაქ მოსულის აღება, ერაყისა და სირიის ნავთობსარეწებზე კონტროლის დამყარება, დიდი ეკონომიკური რესურსების მოპოვება მაფიქრებინებს, რომ ბრძოლა ამ ტერორისტულ წარმონაქმნთან დიდხანს გასტანს. საბოლოო ჯამში, „ისლამური სახელმწიფო“, როგორც სახელმწიფო თანამედროვე გაგებით, ვერ შედგება: მას არ ექნება ადგილი გაეროში, საერთაშორისო სატელეფონო კოდი, საერთაშორისო საჰაერო სამსახური, არც საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და ბიბლიოთეკები; მისი ლიდერები, საბოლოოდ, გასამართლდებიან ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობების ბრალდებით. მაგრამ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს იდეა კიდევ დიდხანს არ მოკვდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^