Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ არსებობს ბუნებისთვის სასარგებლო და მავნებელი ცხოველები

18 ივნისი 2018

ნებისმიერი ეკოსისტემისთვის აუცილებელია სახეობათა კონკრეტული შემადგენლობა, რათა ამ სისტემაში დაცული იყოს ბალანსი. ადამიანის ჩარევამ და ამ ბალანსის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები და საბოლოოდ,  ეკოლოგიური კატასტროფაც კი.

სამწუხაროდ, არაერთი ასეთი მაგალითი არსებობს, თუმცა, საბედნიეროდ, გვაქვს შემთხვევებიც, როდესაც ეკოსისტემაში ბალანსის აღდგენა ხელოვნურად განადგურებული სახეობების დაბრუნებით დაიწყო.

ბალანსის დარღვევისა და ამით გამოწვეული შედეგების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ავსტრალია. ზოგადად, ავსტრალიაში ძალიან სპეციფიკური ფაუნაა - იქ, ძირითადად, ჩანთოსნები არიან წარმოდგენილი. არაჩანთოსანი ძუძუმწოვარი - დინგო, როგორც ჩანს, კონტინენტზე ადამიანთან ერთად მოხვდა.

XVIII საუკუნეში, ავსტრალიის კოლონიზაციის დროს, ერთ-ერთი პირველი, რაც კოლონიზატორებმა მოიმოქმედეს, კონტინენტზე ბოცვრების შეყვანა იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სერიოზული პრობლემები - ბოცვერს არ ჰყავდა  მტაცებელი, რომელიც ამ სახეობის რიცხოვნობას დაარეგულირებდა. შესაბამისად, ისინი უკონტროლოდ გამრავლდნენ და ანადგურებდნენ საკვებ ბაზას, რაც არა მხოლოდ გარეულ, არამედ შინაურ ცხოველებზეც ზემოქმედებდა. 

ბოცვრების რიცხოვნობის შესამცირებლად არაერთი ღონისძიება გატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, თითქოსდა, ერთგვარი გამოსავალი მოიფიქრეს და ავსტრალიაში ბოცვრის ბუნებრივი მტრის - მელიების შეყვანა დაიწყეს. თუმცა, მელიებმა რატომღაც „გადაწყვიტეს“, რომ ბოცვერი მათთვის შესაფერისი საკვები არ იყო, სხვა სახეობებზე დაიწყეს ნადირობა და ისინიც კატასტროფულად გამრავლდნენ. ერთის ნაცვლად, მოსახლეობა ახლა უკვე ორი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. მის მოსაგვარებლად გარკვეული ვირუსების გამოყენებასაც კი ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად.

ასეთი მაგალითები თვალსაჩინოდ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებაში არსებული ბალანსის დაცვა. 

ამ მიმართულებით არაერთი კვლევა არსებობის. ეკოსისტემაში არსებული ბალანსის საინტერესო მაგალითია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზემოს ტბაზე მდებარე კუნძულ აილ როიალზე მცხოვრები ცხენ-ირმებისა და მგლების ურთიერთობა. ამ ეკოსისტემაზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ ადამიანების ჩარევის გარეშე, ბალანსის დაცვა შესაძლებელია ისეთ ჩაკეტილ სისტემაშიც კი, როგორიც კუნძულია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკოსისტემების დამახასიათებელია აპექს მტაცებელი - უმაღლესი მტაცებელი, რომელიც ყველაზე ძლიერი არსებაა კონკრეტულ ეკოსისტემაში და რომელიც კვებით პირამიდის მწვერვალს წარმოადგენს.

ზემოს ტბაში მდებარე კუნძულ აილ როიალზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მგლები და ცხენ-ირმები ისე, რომ მათ შორის არანაირი დისბალანსი არ ყოფილა. მათი რაოდენობა ბუნებრივად რეგულირდებოდა - ცხენ-ირმების რიცხოვნობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მგლების რაოდენობაც. შემცირებისას კი მგლები მეორე, დამატებით საკვებზე - თახვებზე გადაერთვებოდნენ. ეს გამართული ეკოსისტემა დიდი ხნის განმავლობაში იყო შემორჩენილი.

ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ რამდენად მასშტაბური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ბუნებაში ბალანსის დარღვევას, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში დაფიქსირდა.

იელოუსტოუნი დედამიწის ერთ-ერთი პირველი ეროვნული პარკია, მაგრამ ეროვნული პარკის სტატუსმა ვერ დაიცვა მგლები, რომლებიც გაანადგურეს - დიდი ხნის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ალასკისა და მინესოტას გარდა, პრაქტიკულად, მგელი აღარ იყო დარჩენილი.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მგლების აღდგენის პროცესი დაიწყო. ამას მოჰყვა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად უცნაური მოვლენა - მდინარეებმა შეიცვალეს კალაპოტი და სავარაუდოდ, იმ კალაპოტს დაუბრუნდნენ, რომელშიც ჯერ კიდევ ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი ამერიკელების, ანუ ინდიელების დროს მიედინებოდნენ.

თითქოს შეუძლებელია არსებობდეს რაიმე კავშირი მგლების აღდგენისა და მდინარეების ძველ კალაპოტში დაბრუნებას შორის, თუმცა...

თავის დროზე, უმაღლესი მტაცებლის - მგლების განადგურების შემდეგ, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში დაიწყო ირმების რიცხოვნობის ზრდა. ზოგადად, ირემი საკმაოდ დიდი ზომის, გენერალისტი სახეობაა, რომელსაც დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება. ის დიდ კონკურენციას უწევს სხვა ჩლიქოსნებს, ასევე, ანადგურებს მდინარისპირა ჭალებს.

ამ ყველაფერს მოჰყვა არსებული სისტემის დარღვევა, გაიზარდა კოიოტების რაოდენობაც, რომელთა მოჭარბებული რაოდენობა ასევე დიდ ზიანს აყენებდა ეკოსისტემას. ირმების გამო  შემცირდა ბიზონების რაოდენობაც. 

და აი, როდესაც პარკში მგელი დააბრუნეს და აპექს მტაცებლის რიცხოვნობა გაიზარდა, მგლებმა სწორედ ირმებზე, მათ ძირითად საკვებზე დაიწყეს ნადირობა. ირმის რიცხოვნობამ იკლო, სხვა ჩლიქოსნებმა კი ტერიტორიის ათვისება შეძლეს. ერთი სიტყვით, მგლის დაბრუნებით ბალანსის აღდგენის პროცესი დაიწყო.

როდესაც მდინარისპირა ჭალების მთავარი „მტრის“ - ირმის რაოდენობა შემცირდა, ჭალებმაც დაიწყო აღდგენა, დაბრუნდნენ ფრინველები, რომლებიც სხვადასხვა მცენარეების თესლის გადამტანები არიან და ნელ-ნელა, ადამიანების ჩარევის გარეშე, მდინარეების ბუნებრივი კალაპოტები აღდგა.

საბოლოო ჯამში, იმით, რომ საკუთარი დანაშაულის გამოსასწორებლად, ადამიანმა ეკოსისტემაში უმაღლესი მტაცებელი აღადგინა, მივიღეთ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგი, რომელმაც იმოქმედა იმაზეც, რომ იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში შემცირდა კოიოტების რაოდენობაც, რადგან სიძლიერით მგელი მათ ბევრად აღემატება. ასევე, გაიზარდა მანამდე საგრძნობლად შემცირებული ლეშიჭამიების რაოდენობა - მგლის დაბრუნების შემდეგ, მათი ნადირობის შედეგად საკმაო რაოდენობით ლეში რჩებოდა. ამით ისარგებლეს დათვებმაც, რომელთაც უყვართ ხოლმე მგლის ნანადირევით „პირის ჩატკბარუნება“.

მნიშვნელოვანია, რომ იელოუსტოუნში ეკოსისტემა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება და თანაც დროის მცირე მონაკვეთში - მგლების შეყვანის პროცესი პარკში 1997 წელს დაიწყო! 

ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. მსგავსი პოზიტიური შედეგები დადგა სხვადასხვა ქვეყნებშიც, მას შემდეგ, რაც აპექს მტაცებლები დააბრუნეს.

ზიმბაბვეში, ერთ-ერთ ეროვნულ პარკში, ლომის დაბრუნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ შეიცვალა ბალანსი გრეიზერებსა (ჩლიქსონები, რომლებიც, ძირითადად, ბალახით იკვებებიან) და ბრაუზერებს (ჩლიქოსნები, რომელთა საკვები ძირითადად ტოტები, ხის ამონაყარია) შორის.

ამ ეროვნულ პარკში, სავანაში, საოცრად იყო გაზრდილი გრეიზერების რაოდენობა. უმაღლესი მტაცებლის, ამ შემთხვევაში - ლომების, პარკში შეყვანის შემდეგ, ჩამოყალიბდა ახალი ბალანსი და გრეიზერებისა და ბრაუზერების რაოდენობა თითქმის გათანაბრდა.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ნეპალში, ბარდიაში მდებარე ეროვნულ პარკში. ლეოპარდსა და ვეფხვს, რომელთაც თითქოს სერიოზული კონკურენცია უნდა ჰქონოდათ, საკვები საკმაოდ კარგად ჰქონდათ გადანაწილებული და კონკურენცია მინიმალურ დონეზე იყო. 

მნიშვნელოვანია, რომ თუკი ზემოთ აღნიშნული ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სავანა გვხვდება, ბარდიში მდებარე ეროვნული პარკში, მეტწილად, ტყით დაფარული სივრცეებია. შესაბამისად, ბრაუზერებისთვის უფრო მეტი საკვებია. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო გრეიზერების რაოდენობის ზრდა, თუმცა ამასთან ერთად, პარკში უმაღლესი მტაცებლების დაცვის შედეგად გაუმჯობესდა ჰაბიტატის მდგომარეობა, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ ჩლიქოსნებზე უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ  მტაცებლები.

ამ პროცესების პარალელურად, მნიშვნელოვნად, თითქმის 6%-ით გაიზარდა ტყის ფართობი - მტაცებლების ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ბრაუზერების (ჩლიქოსნები, რომელთა საკვები ძირითადად ტოტები, ხის ამონაყარია) და გაიზარდა გრეიზერების რაოდენობა.

ამან ხელი შეუწყო ტყის განახლებას, რადგან გარკვეული გაგებით, მაღალმა ბალახეულობამ ტყის გავრცელება შეიძლება შეაფერხოს, გრეიზერების რაოდენობის მატებამ კი, რომელთათვისაც ბალახი ძირითადი საკვებია, ეს პრობლემა მოხსნა.

საბოლოო ჯამში, ეროვნულ პარკში ვეფხვისა და ლეოპარდის შენარჩუნებით ეკოსისტემამ - აღდგენა, ტყის მასივებმა კი - ზრდა დაიწყო.

საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ თუ მტაცებლების რიცხოვნობა ხელოვნურად არ დავარეგულირეთ, მათი რიცხვი ძალიან გაიზრდება. ნეპალში, ბარდიას ეროვნულ პარკში განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ეს არგუმენტი უსაფუძვლოა - კონსერვაციის პირობებში, როგორც კი ვეფხვისა და ლეოპარდის რაოდენობამ, ე.წ. ეკოლოგიურ ტევადობას მიაღწია, მათი რიცხოვნობა დასტაბილურდა.

ზოგადად, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული საუბარი იმის შესახებ, რომ დაცული ტერიტორიების შენარჩუნება შესაძლებელია რომელიმე კომპონენტის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც საუბარი უმაღლეს მტაცებელზეა. თავისთავად ცხადია, რომ ეკოსისტემა ბუნებრივი ფორმით უნდა შენარჩუნდეს.

დასასრულ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ცხოველები, ე.წ. სასარგებლო და მავნებელ („უნდა განადგურდნენ!“) კატეგორიებად დაჰყო. იყო დრო, როდესაც ადამიანებს მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტია, ე.წ. სასარგებლო ცხოველების რაოდენობა, მით უკეთესი. მაგალითებმა და კვლევებმა კი, რომლებზეც ზემოთაც ვისაუბრეთ, ცხადჰყო, რომ ასეთი მიდგომა შეცდომაა და ეკოსისტემაში ბალანსი სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამწუხაროდ, ადამიანთა ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ ყოვლისშემძლეა და თავად შეუძლია განსაზღვროს ეკოსისტემის საჭიროებები. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც ბუნებას მხოლოდ და მხოლოდ რესურსის მოპოვების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფერი აინტერესებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^