დღე მამლის ყივილამდე იწყება, უვლიან საქონელს, მოჰყავთ ბოსტნეული, დადიან ვენახებში, ხეხილის ბაღებში, სახნავ-სათესებში, სახლებში შეღამებულზე შედიან, ვახშამს ამზადებენ, სახლს აწესრიგებენ, ტელევიზორის წინ ჩაძინებულ ოჯახის წევრებს საწოლ ოთახებში აცილებენ, მათი საქმე გვიან ღამით მთავრდება - ასეთია ქალების ცხოვრება სოფელში, დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ შრომასთან, დამოკიდებული ბუნების კეთილ ნებასა და ერთმანეთის იმედზე.
კახეთი, გულგულა
საწოლიდან ღამის სამ საათზე დგება. ნახევრად მძინარე სკამზე გადაკიდებულ ტანსაცმელს იცვამს და სახლთან ახლოს, თონეში მიდის. ორი ტომარა პურის ფქვილი უნდა მოზილოს. სანამ ცომი გაფუვდება და გამოსაცხობად მზად იქნება, ისევ სახლში ბრუნდება. ძროხებს წველის და ნახირში უშვებს. ეზოში ქათმებს სიმინდის მარცვლებს უყრის. პირველი საათისთვის პური უკვე გამომცხვარია. სახლში ეჩქარება, სადილს ამზადებს, სახლს სწრაფად ალაგებს და ბოსტანში გადადის.
ნორა კობრეშვილი პროფესიით ფარმაცევტია, რამდენიმე წელია აღარ მუშაობს, სოფლის მეურნეობას მისდევს. ამბობს, რომ შეუძლებელია სოფელში ცხოვრობდე და უქმად გაჩერდე. ნორას და მის მეუღლეს თხუთმეტი ძროხის, ქათმების, ღორების, ბოსტნის, ვენახის და სამასი ძირი ატმის მოვლა უწევთ. მოსავლის აღების დროს, როცა საქმე ძალიან ბევრია, ყურძნის საკრეფად თუ სიმინდის სამტვრევად მეზობლები ეხმარებიან.
ნორას სამი შვილი ჰყავს. უფროსი ბიჭი სამხედრო სამსახურშია, მეორე სკოლას ამთავრებს, გოგო კი მეშვიდე კლასში სწავლობს.
ყვება, რომ ოჯახში საქმე განაწილებულია - ვენახის გაფურჩვნა, ბოსტნის მოვლა, ძროხების და ქათმების მიხედვა ქალის საქმეა, ვენახის გასხვლა და შეწამვლა - კაცის.
„გულგულაში თუ ბოსტანი არ გაქვს, ქალი არ ხარ. რობოტივით ვარ, ვიცი რის შემდეგ რა გავაკეთო. თუ ერთი ამერია, მერე უკვე ძალიან ძნელია“, - ეღიმება, შრომისგან გაუხეშებულ ხელებს მუხლებზე იწყობს.
წელს პომიდვრის თერთმეტი ასმეტრიანი რიგი ჰქონდა, მაგრამ სიცხის გამო სულ გადაიწვა. სოფელში წყალიც გრაფიკით მიეწოდებათ, სარწყავი სისტემა მოუწესრიგებელია, მოსავლის გადასარჩენად სარწყავ წყალს ცისტერნებით ეზიდებოდნენ, მაგრამ ამანაც არ უშველა.
გაზაფხულისთვის წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოცდას აპირებს. სოფლის სათემო ცენტრის დახმარებით ამის შესახებ ბევრი რამ გაიგო. ჩავიდა სხვადასხვა სოფელში, სადაც ნახა, ამ სისტემით როგორ ირწყვებოდა ბაღ-ვენახები.
„ჩვენ ამინდზე დამოკიდებული ხალხი ვართ, სხვა არაფერი გვაქვს, ბევრი შრომის მიუხედავად, თუ ბუნებამ არ გაამართლა, ყველაფერი წყალში გვეყრება“, - გვეუბნება ნორა.
საღამოს ნახირიდან ძროხები ბრუნდებიან. ნორა ეზოდან ამოდის. პირუტყვს აბინავებს. შემდეგ რძით სავსე სათლებს ღუმელზე შემოდგამს და ყველის ამოყვანას იწყებს. ნაწილით მაწონს აკეთებს. ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ ღამის თორმეტი საათი ხდება და დასაძინებლად მიდის. ხვალ ასეთივე დღე იწყება.
ამავე სოფელში ცხოვრობს დიანა ნარეკიშვილიც. მას ადრე სასათბურე მეურნეობა ჰქონდა, მაგრამ უწყლობის გამო, არ გაამართლა. პენსიონერ მეუღლესთან ერთად ვენახს უვლის, პატარა ბოსტანიც აქვს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო შემოდგომაა.
საკუთარი მცირე მეურნეობის მოვლის გარდა, დიანა ბრიგადებში მუშაობს - ასე ეძახის ჯგუფს, რომელიც რამდენიმე მუშახელისგან შედგება. ბრიგადები ქალებმა შექმნეს, დიდი ვენახების და სახნავ-სათესების მეპატრონეებს მოსავლის აღებაში ეხმარებიან. ანაზღაურება დღეში 20-25 ლარია. ამბობს, რომ კაცების ბრიგადები არ არსებობს, მაგრამ ქალებს დასახმარებლად ხანდახან შვილები ან მეუღლეები მიჰყავთ.
„უჭირს ხალხს, ზამთრის დადგომამდე ორი კაპიკის შოვნას ვცდილობთ. ვისაც დიდი ვენახი აქვს ისინი გვქირაობენ, ყველაფერს ვაკეთებთ: ვენახის დაკავება, გაფურჩვნა, გადაჭრა, მერე უკვე ყურძნის კრეფა. სექტემბერში ვენახში თითქმის ყოველდღე დავდიოდი, 8 საათი სიცხეში ვმუშაობდი. ახლა აქა-იქ დარჩა სიმინდი ასაღები, მაგრამ სიმინდში დიდი ბრიგადა არ უნდათ. თუ მანქანა მიდის მტვრევის დროს, 14 -15 ადამიანზე მეტი არაა საჭირო“, - გვიყვება დიანა და თან ჩურჩხელისთვის ნიგოზს არჩევს. ზამთარში ჩურჩხელები თბილისში უნდა წაიღოს გასაყიდად.
კახეთი, ნაფარეული
ხუთი თვის წინ მეზობელ სოფელ სანიორეში გათხოვდა. სოფოს მეუღლე ვენახს უვლის, თვითონ ნაფარეულში მინანქრის სახელოსნოში მუშაობს. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. წუხს, რომ, რაც ყველაზე მეტად სურდა - სწავლის გაგრძელება - ვერ შეძლო. ამიტომ სოფლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაება. 2004 წლიდან კავშირ „ნაფარეულის“ წევრია, სოფლის ქალებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთებია. თუმცა ამბობს, რომ მინანქრის სახელოსნოში, სადაც 14 ქალია დასაქმებული, თავს ყველაზე უკეთ გრძნობს.
სახელოსნოში მინანქარზე და კერამიკაზე მუშაობს. ქალების ნაწილი ტექსილსაც ამუშავებს. ხელფასი გაყიდული ნამუშევრების 50%-ია.
სოფო ფოთოლაშვილი გვიყვება, რომ ორი წლის წინ მეფუტკრეობით დაინტერესდა, მათი მოვლა ისწავლა და ახლა, ბებოს სახლში, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა, ხუთი ოჯახი ფუტკარი ჰყავს.
კარალიოკის ხეებიან ეზოში 86 წლის ნათელა ბებო კურდღლებს ბალახს აჭმევს. სოფო ფუტკრებისთვის საბოლველს ამზადებს. ფუტურო ხის ნაჭრებს ნაფოტებად აქცევს, მერე ცეცხლს უკიდებს და ჩაიდნის მსგავს სპეციალურ ჭურჭელში დებს. შემდეგ დიდ, თეთრ, ქუდიან ჩასაცმელს ირგებს და სკას თავს ხდის. საბოლველი იმისთვისაა საჭირო, რომ ფუტკრები შედარებით უვნებლები გახდნენ. ფიჭით ხელში, რომელსაც ათასობით ფუტკარი დახვევია, სოფო გვიღიმის და ახლოს მისვლას გვთხოვს. გვირჩევნია შორიდან ვუყუროთ.
„სკა არასდროს მენახა. როცა სახლში მოვიტანე, თავი ავხადე და ფუტკრები დავინახე, შეშინებულმა სწრაფადვე დავაფარე. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, მეგონა ვერასდროს მოვუვლიდი, მაგრამ მოვინდომე, მერე გავამრავლეთ და ახლა იქით ვეხმარები სხვებს. 18 ფუტკარსაც კი უკბენია ჩემთვის. სამი დღე ვერ ვდგებოდი, ჩემი ბრალია, საბოლველის გარეშე მივედი“, - გვიყვება სოფო.
ნაფარეულში მზიანი დღეა, სოფოს სახლიდან გზას ფეხით მივუყვებით. მარი ბერიაშვილთან მივდივართ. შესასვლელში კაცები სხედან, როგორც კი მარის ვკითხულობთ, ისინი მაშინვე იშლებიან და სახლს უკან უჩინარდებიან.
მარი დიასახლისია. მეუღლესთან, ექვსი წლის შვილთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობს. წარმოშობით ბათუმიდანაა. დედამთილი ამბობს, რომ მართალია „ქალაქში გაზრდილი გოგოა“, მაგრამ სოფელსაც ადვილად შეეგუა.
მარი მხრებს უხერხულად იწურავს. სიტყვაძუნწია, ძირითადად დედამთილი ლაპარაკობს.
რამდენიმე წლის წინ სათბური გააკეთეს. ბოსტნეულის მოვლაში მთელი ოჯახი იყო ჩართული. გათბობა რომ არ შეწყვეტილიყო - ზამთარში ღამეებს ათენებდნენ. მარის ახლა მწვანილი მოჰყავს და იქვე, სოფელში ყიდის. წელს თხილის მოსავალიც კარგი ჰქონდათ.
მარის დილა 6 საათზე იწყება, სოფელში ათასი საქმეა. შვილი სკოლისთვის უნდა მოამზადოს. ნუცა პირველკლასელია. კითხვაზე - უნდა თუ არა მისმა შვილმა სოფელში იცხოვროს, თვალებს ხრის, ხელებს მაგიდის ქვეშ მალავს და ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრია. საუბარში ისევ დედამთილი ერთვება.
„სხვა სოფლებთან შედარებით ნაფარეული ყველაზე კარგი ადგილია. სადაც მიგდებული სოფლებია, კომუნიკაცია არ არის და არაფერი არსებობს, ალბათ ძალიან რთულია იქ ცხოვრება“.
მარი გვიყვება, რომ ნაფარეული ადრე ვარდის მდელოებით იყო ცნობილი. ამბობს, რომ თუკი შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ვარდის ბაღებს სიამოვნებით გააშენებს.
თეთრიწყარო, ნამტვრიანის დასახლება
ცივი და ნესტიანი საღამოა. გზაზე ცხვრები ჩანან. უკან ციმარი მოჰყვება, დიდი ბოტებით, მხიარული შეძახილებითა და ჯოხით ხელში. ცხვრებს ეზოში ერეკება. სანამ ჭიშკარს ძროხები და ღორები მოადგებიან, სახლში გვეპატიჟება. შეშის ღუმელის ქვეშ გასაშრობად სიმინდი ყრია. იატაკზე კარტოფილია მიმობნეული. ფეხით ერთ ადგილას აქუჩებს და დასაჯდომ ადგილს გვითავისუფლებს. წელს ოცი ტომარა კარტოფილი აიღო.
ციმარ თვაური 48 წლისაა. ოჯახის მეურნეობას თვითონ უძღვება. მეუღლე მთელი შემოდგომა მიწებს ყარაულობს, რომ ცხვრებმა არ გააფუჭონ, სახლში ღამე ბრუნდება, მაშინ როდესაც ციმარის ყველა საქმე დასრულებული აქვს.
„ასეთია სოფლის ცხოვრება. მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობ და საქმე არ ილევა. დილა-საღამოს ერთი და იგივე: ქათმებს ვაჭამო, ცხვრები მოვიყვანო, ძროხები და ღორები დავაბინაო. ახლა სამი თვე, იანვრამდე, ძროხები უნდა „გავაშრო“. ასეთი წესია. აი, ეს სამი თვეა ჩემი არდადეგები“, - ციმარი მხიარულია და ენერგიული.
სამი შვილი ჰყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო. შვილები თბილისში ცხოვრობენ, ორი დაოჯახებულია. შვილიშვილების ნახვას კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს ახერხებს. პროდუქტებით და ხილით დატვირთული „მარშუტკას“ თბილისში მიჰყვება და უკან იმავე დღეს ბრუნდება. შვილებთან დარჩენას ვერ ახერხებს, რადგან სახლში მის საქმეს ვერავინ გააკეთებს და ყველაფერი გაუფუჭდება. სოფლის მოსავალს ოთხ ოჯახზე ანაწილებს.
იხსენებს, რომ ადრე მეზობლები, კაცები თუ ქალები, როდესაც მინდორში გველს გადააწყდებოდნენ მასთან გამორბოდნენ. არასოდეს ეშინოდა. გველს ადვილად იჭერდა. როცა ვინმეს რამე უჭირს, ყოველთვის ციმარის ეძახიან. ასეთია.
26 წელია დაოჯახებულია. მთელი ცხოვრება ფიზიკურად შრომობს. მიუხედავად ამისა, კარგად გამოიყურება, სიცოცხლით სავსეა, მუდმივად იღიმის.
სოფელად მცხოვრები ქალების გამოწვევები
საქართველოს სოფლებში მცხოვრები ქალები საოჯახო მეურნეობებში წამყვან როლს ასრულებენ. თუმცა ხშირად მათი შრომა შეუმჩნეველია. მძიმე პირობები და მოვალეობების არათანაბარი განაწილება ქალს თვითგანვითარებისა და დასვენებისთვის დროს არ უტოვებს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა არასაკმარისია და მამაკაცებთან შედარებით თვითრეალიზების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.
„როდესაც საზოგადოებაში მხოლოდ მამაკაცია აქტიური, ქალი კი იზოლირებულია, ვერასოდეს მივიღებთ კარგ შედეგს. ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია სხვადასხვა მოსაზრების გათვალისწინება. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა შესაძლებლობის დანახვა. ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებისთვის ყოველთვის სასარგებლოა“, - ამბობს, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომელი, გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი ქეთი მახარაშვილი.
გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს სოფელში მცხოვრები ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას - ეხმარება ქალებს სრულფასოვნად გამოიყენონ საკუთარი უფლებები და უფრო აქტიურად ჩაერთონ მათი სოფლებისა და რეგიონების პრობლემების მოგვარებაში.
ქეთი მახარაშვილის აზრით, სოფლად და ქალაქად მცხოვრები ქალები ხშირად ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდებიან, ერთნაირი სტრესი აქვთ და ერთნაირი სიხარული. სოფელში მცხოვრები ქალებისთვის ყოველდღიურობა გაცილებით უფრო მძიმე და შრომატევადია. ჩვეული რუტინიდან თავის დაღწევა მათთვის ძალიან რთულია.
„ეს არა იმდენად შემოსავლის პრობლემაა, რამდენადაც საკუთარი თავის რეალიზების. სოფლად ქალებს ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებათ, ამიტომაც თავს ვერ აღწევენ რუტინას. მაგრამ ის, ვინც ახერხებს ამ დახშული წრიდან გამოსვლას, შემდეგ კრიტიკულად იაზრებს თავის სოციალურ როლს როგორც საზოგადოებაში, ასევე ოჯახში, ცდილობს დასძლიოს სტერეოტიპები და გახდეს უფრო რეალიზებული და აქტიური“, - ამბობს ქეთი მახარაშვილი.
ამის მაგალითად ის წარმატებული პროექტები მოჰყავს, რომლებმაც შესაძლებლობა მისცეს სოფელში მცხოვრებ ქალებს, მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი სოფლის პრობლემების მოგვარებაში: საბავშვო ბაღის სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება სოფელ კართუბანში, ქალთა ცენტრის მოწყობა სოფელ ენისელში, საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკებისა და სკვერების მოწყობა კახეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში.
გენდერის მკვლევარი და ფონდი „ტასოს“ წარმომადგენელი თამთა თათარაშვილი ამბობს, რომ ქალაქში მცხოვრები ქალებისგან განსხვავებით, სოფელში მცხოვრები ქალებისთვის არჩევანი მწირია. სკოლის დამთავრების შემდეგ თუ ქალი არ წავიდა სწავლის გასაგრძელებლად, სხვა გზა არ აქვს, ან უნდა გათხოვდეს და შვილები გაზარდოს, ან სახლში დარჩეს და სახლის საქმეები აკეთოს.
„სოფლად ქალი ფიზიკურად მეტს შრომობს. სოფელი უფრო ჩაკეტილია, თავისუფლება ნაკლებია. მაგალითად, ქალს არ აქვს მიწა. ტრადიციული სამართლის მიხედვით წყდება ვის დარჩება ქონება, ამიტომ მან შეიძლება მთელი ცხოვრება მიწაზე იმუშაოს, მაგრამ თუ ერთ დღეს მეუღლესთან გაშორებას გადაწყვეტს, მას არაფერი რჩება“, - ამბობს თათარაშვილი.
სოფელში მცხოვრები ქალების მდგომარეობის შემსუბუქების გზად თავად ამ ქალების გააქტიურება და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მიაჩნია: „არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი ყველგან არ მიუწვდებათ, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია უფრო მეტად იმუშაოს ადგილობრივ დონეზე, წარმომადგენლები გაააქტიუროს, თანხები გამოყოს“.
ყოველწლიურად საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2007 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნდა. ამ დღეს კიდევ ერთხელ ხდება სოფელში მცხოვრები ქალების როლისა და წვლილის აღიარება როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ისე ადგილობრივი სიღარიბის დაძლევაში. წელს ეს დღე კახეთში, სოფელ ნინოწმინდაში აღინიშნა.
***
ზამთარი ახლოვდება. სოფლები ნელ-ნელა ჩუმდება. სიცოცხლე სახლებიდან ამომავალი კვამლით იგრძნობა. მოსავალი დაბინავებულია. ქალების ცხოვრებამ სახლებში გადაინაცვლა, მაგრამ მათი ფუსფუსი მაინც არ წყდება. გაზაფხულისთვის ზამთრიდანვე ემზადებიან - ყანებს, ვენახებს, ხეხილის ბაღებს ყურადღება სჭირდება. ოჯახისთვის საკვებს ქილებში ინახავენ, ხილს ახმობენ. მერე კი სამთვიანი მოსაწყენი საღამოები დაიწყება.
სტატია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.