Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემიციდი, ანუ კულტურის მეტანოია

25 ნოემბერი 2014

თბილისიდან არც ისე შორს ერთი სოფელი მდებარეობს, იქ ძირითადად შრომისმოყვარე და მუყაითი ხალხი ცხოვრობს. ამ სოფლის არსებობის ამბავი ბევრ ჩვენგანს არც გაგვეგონა და ალბათ ვერც გავიგებდით, რომ არა ტრაგედია, რომელიც ამ სოფელში დატრიალდა.

სოფელს ლამბალო ჰქვია. აქ სოფლის მაცხოვრებლების თვალწინ ახალგაზრდა ქალს სცემეს. მერე ეს ნაცემი ქალი ადგა და თავი ჩამოიხრჩო. როგორც ამბობენ, არავის გასჩენია უმოწყალოდ ნაცემი ქალის დახმარების, სასწრაფოში ან პოლიციაში დარეკვის სურვილი, გამოსარჩლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეტყობა თემი იზიარებდა მოძალადეთა მოსაზრებას, ეს იმიტომ, რომ ქალს ქმრის ღალატი ბრალდებოდა.

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ჩვენში ქალების ხოცვაზე ლაპარაკი უკვე დაწყებული იყო. ლამბალოელი ქალის ამბავიც სალაპარაკოდ იქცა. რაკი ეს ქალი მუსლიმი აზერბაიჯანელი იყო, გადავწყვიტე ამ ამბის თაობაზე ერთ აზერბაიჯანელ სასულიერო პირს დავლაპარაკებოდი. ამ კაცთან დიდი ხნის ძმობა და მეგობრობა მაკავშირებს. ამიტომ ვიცოდი, გულახდილად შემეძლო მასთან საუბარი. თბილად მიმიღო. სალამ-ქალამის გაცვლის შემდეგ დავსხედით და წელში გამოყვანილი ჭიქებით ჩაის დავეწაფეთ.

- რა კარგი ჩაია! სადაურია? - ვიკითხე და ჩაის ჭიქა მშრალი ხილით გაწყობილ პატარა ტაბლაზე დავდგი.

- ჩაი, აზერბაიჯანულია, მოგეწონა? - იკითხა მასპინძელმა.

- მომეწონა რომელია, ძალიან კარგია! თქვენისთანა ჩაის ვინ აკეთებს. - აქ მგონი ნამეტანი მომივიდა, რადგან, სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ჩაის დაყენებაში ინგლისელებს ბადალი არა ჰყავთ.

- თუ მოგეწონა, შინ გაგატან და იმასაც გასწავლი როგორ დააყენო...

მასპინძელმა ჩემი ვიზიტის მიზეზი რომ გაიგო, კოპები შეკრა. აშკარად არ ესიამოვნა.

- რას ფიქრობ, ამ შემთხვევაში მე რა უნდა ვქნა?! - ოდნავ გულმოსული კილოთი თქვა ჩემმა მასპინძელმა.

- რა უნდა ქნა, მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რამე უნდა ითქვას. გინდა ერთად დავწეროთ განცხადება. ვთქვათ რამე. ხომ იცი, ეს შეიძლება, ისევ რელიგიას დაბრალდეს...

- არა, ჩვენ ამ ამბავში არ უნდა გავერიოთ, - მტკიცედა თქვა ჩემმა მასპინძელმა და შეჭმუხნული სახით შემომხედა. - ის, რასაც წერენ ამ ამბავზე სწორი არ არის. სინამდვილეში იცი, რა მოხდა?!

- რა მოხდა? - ვიკითხე დაბნეულმა.

- იქაურმა ბიჭებმა ვიღაცას უთხრეს, წამო ქალებში გავიაროთო. იცოდნენ, რომ იმ სოფელში ვიღაცა ქალი იყო "ისეთი", ხომ ხვდები. - თქვა მასპინძელმა და გაჩერდა, თითქოს ყოყმანობდა ეთქვა თუ არ ეთქვა ის, რისი თქმაც უნდოდა.

- მერე? - ვიკითხე.

- ჰოდა, ბიჭი, იმ ქალთან რომ მიიყვანეს, ქალი მისი ნათესავი აღმოჩნდა. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. ამიტომ უთხრეს ქალს, ჩვენ არ მოგკლავთ, წადი და შენ თვითონ ჩამოიხრჩვეო თავი. აი, ამიტომ ჩვენ არ უნდა გავერიოთ ასეთ საქმეში, ჩემო ძმაო. - მითხრა მასპინძელმა და მრავლისმეტყველი სახით მომაჩერდა.

- კი მაგრამ, აქ ხომ... - უნდა მეთქვა აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა-მეთქი ლაპარაკი, მაგრამ მასპინძელმა სიტყვა შემაწყვეტინა.

- ეს კავკასიაა, ჩემო ძმაო, ევროპა და ამერიკა არ გეგონოს!

შეხვედრიდან პირში ჩალაგამოვლებული წამოვედი. უმწეობის განცდა დამეუფლა. ეს "კავკასია" რა ჭირი გაგვიხდა?! რატომ ვიდრეკთ მის წინაშე ქედს. იქნებ მუსლიმურსა და ქრისტიანულ მოძღვრებაში მართლაც არის ის, რაც "კავკასიურ" ადათ-წესებსა და ჩვეულებებს ასაზრდოებს? იქნება, მართლა არის ის, რაც ახალისებს ჩვენში გახშირებულ ძალადობას ქალების წინააღმდეგ? ან იქნება, აქ მოძღვრება კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ინტერპრეტაცია?

რელიგია და ქალი

ამ საკითხის განხილვა მკვლევრისგან დიდ სიფრთხილეს და სიფხიზლეს მოითხოვს.

ისლამი და ქრისტიანობა გამოცხადებითი რელიგიებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიმდევრებს სწამთ, რომ ტრანსცენდენტულმა ღმერთმა ადამიანს თავისი ნება და განგებულება გამოუცხადა მის მიერ ნაბოძვარი სიტყვით. ქრისტიანული თეოლოგიის თვალსაწიერიდან ეს სიტყვა არის იესო ქრისტე, ანუ განკაცებული ლოგოსი, ხოლო ისლამის პერსპექტივიდან ეს სიტყვა არის ღვთაებრივი ყურანი. მაშასადამე, რწმენისა და ზნეობის საკითხებში წესით ერთ შემთხვევაში იესო ქრისტე უნდა იყოს ავტორიტეტი და მეორე შემთხვევაში - საღმრთო ყურანი.

იესო ქრისტეს დამოკიდებულება ქალების მიმართ რადიკალურად განსხვავდებოდა თავისი დროის რელიგიური კულტურისგან. 1930-იანი წლების დამდეგს ფრანგმა და ამერიკელმა არქეოლოგებმა სირიაში ქვიშით დაფარული ქალაქი დურა-ეურპუსი აღმოაჩინეს. ამ ქალაქში სხვა ღირსშესანიშნავ აღმოჩენებთან ერთად მიკვლეული იქნა, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი საშინაო ეკლესია, რომელმაც ყველაზე ადრინდელი ქრისტიანული ფრესკები შემოინახა. იესოს ცხოვრების ამსახველ ფრესკებში თვალშისაცემი ადგილი უკავია ორ ფრესკას. ესენია: "იესოს შეხვედრა სამარიელ ქალთან" და "მენელსაცხებლე ქალები იესოს საფლავთან". ორივე ნარატივი, ჩანს, მნიშვნელოვანი იყო ადრინდელი ქრისტიანული ეკლესიისთვის, რადგან ორივე ფრესკის ნარატივი ქრისტიანობაში გენდერული და ეთნიკური თანასწორობის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს.

პირველი ფრესკა გადმოგვცემს ამბავს, რომელიც იოანეს სახარების მეოთხე თავშია აღწერილი. იესო, ამ ნარატივის თანახმად, იაკობის ჭასთან საჯაროდ ხვდება სამარიელ ქალს და მასთან თეოლოგიურ დისკუსიას მართავს. ეს მაშინ, როდესაც, ჯერ ერთი, ებრაელები და სამარიელები ერთმანეთს გადამტერებული ხალხი იყო და იესოს არ შეშვენოდა სამარიელთან საუბარი და, მეორეც, ეს ადამიანი ქალი იყო და იმ საზოგადოებაში ებრაელ მამაკაცს უფლება არ ქონდა ქალს საჯაროდ დალაპარაკებოდა, მისი ახლობელიც რომ ყოფილიყო. ამით იესო წარმოგვიდგება, როგორც გენდერული და ეთნიკური ბარიერების მლეწველი და ამდენად, გენდერული და ეთნიკური თანასწორობის მქადაგებელი.

"სამარიელი ქალი იაკობის ჭასთან". დურა-ეურპუსის, უძველესი ქრისტიანული საშინაო ეკლესია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უძველესი ფრესკა ქრისტიანულ ხელოვნებაში.

თეოლოგიურად კიდევ უფრო მეტადაა დახუნძლული მეორე ფრესკის ნარატივი. ისიც იოანეს სახარებიდან მომდინარეობს და იმ ამბავს გადმოსცემს, თუ როგორ გახდნენ მენელსაცხებლე ქალები იესოს მკვდრეთით აღდგომის პირველი მოწმეები და ამის გამო "მოციქულთა მოციქულები".

ეს ფრესკები და მათი ნარატივები ქალთა ემანსიპაციის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ და, სავარაუდოდ, ის ასევე აღიქმებოდა ადრექრისტიანული ეკლესიის მიერ.

ის აზრი, რომ ქრისტეში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს გენდერული უთანასწორობა, ყველაზე კარგად ჩანს ქრისტიანული ეკლესიის ყველაზე ძველი დოკუმენტიდან, რომელიც ახალი აღთქმის კანონიკური ტექსტის ნაწილია. ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ოთხი სახარება დაიწერებოდა, მანამდე დაიწერა ახალი აღთქმის ყველაზე ძველი წერილი გალატელთა მიმართ. იგი დაწერილია ჩვენი წელთაღრიცხვის 48 ან 49 წელს. სახარებები რომ არ დაწერილიყო, ეს წერილი ის ტექსტი იქნებოდა, რომელიც გადმოსცემდა იესო ქრისტეს სულისკვეთებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა ემანსიპაციის საქმეში.

"თქვენ ყველანი (ანუ ქალები და კაცები - მ.ს.) ღვთის შვილები ხართ ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში" (გალატელთა 3:26-28). ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის და უზუსტესად გადმოსცემს ქრისტეს დამოკიდებულებას ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე თეოლოგიური პერსპექტივიდან.

იესოს ამ სოფლად მოღვაწეობის განმავლობაში ქალები, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. ლუკას სახარებამ შემოგვინახა ცნობა იმის შესახებ, რომ ქალები არა მარტო თან ახლდნენ იესოს სამისიონერო საქმიანობისას, როცა ის დადიოდა და სახარებას ქადაგებდა სოფელ-სოფელ, არამედ იესოს მთელ მისიას ისინი აფინანსებდნენ:

"იესო დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ, ასევე ქალებიც: მარიამი, მაგდალელად წოდებული...იოანა, ჰეროდეს მოურავი ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით" (ლუკა 8:1-3).

მოკლედ რომ ვთქვათ, ქრისტიანული საღმრთო წერილი ქალთან მიმართებაში სრულებით ისეთ თეოლოგიას გვთავაზობს, რომელიც ფესვგადგმულია იესოს მოძღვრებაში და მოღვაწეობაში.

ახლა ვნახოთ, რა ხდება ამ მხრივ ისლამურ ტრადიციაში. ყურანის მიხედვით, ღვთის წინაშე ქალი და კაცი აბსოლუტურად თანასწორია. სურა ალ-ბაყარა ამაზე ბრძანებს:

"ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რაც მამაკაცებს აქვთ მათზე კანონის ფარგლებში" (2:228).

იმისათვის, რომ ქალისა და კაცის ღვთის წინაშე თანასწორობას გაესვას ხაზი, ყურანი საამისოდ გენდერულად ინკლუზიურ ფორმულას მიმართავს: "კაცები და ქალები". ეს კარგად ჩანს სურა აჰზაბში:

"მუსლიმი კაცებისა და ქალებისათვის, მორწმუნე კაცებისა და ქალებისათვის, მორჩილი კაცებისა და ქალებისათვის, მართალი კაცებისა და ქალებისათვის, მომთმენი კაცებისა და ქალებისათვის, მოწყალების გამცემი კაცებისა და ქალებისათვის, მომარხულე კაცებისა და ქალებისათვის, უმანკოების შემნახველი კაცებისა და ქალებისათვის, ღმერთის ხშირად მომხსენიებელი კაცებისა და ქალებისათვის, ღმერთმა გაამზადა მათთვის პატიება და უდიდესი საზღაური!" (33:35).

თუ ზემოთ მოტანილ ტექსტებს მათსავე კონტექსტში წავიკითხავთ, ჩვენ მაშინვე მივხვდებით, რომ ღვთაებრივი ყურანის მოძღვრება ქალებზე სრულებით რევოლუციური ხასიათისაა. ვიდრე არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამი გავრცელდებოდა, არაბები თავიანთ გოგოდ დაბადებულ ბავშვებს ხშირად ცოცხლად წვავდნენ. ქალი იყო სრულებით უფლებააყრილი. იგი მხოლოდ სექსუალური გრატიფიკაციისა და რეპროდუქციის საშუალებად მოიაზრებოდა. ყურანმა ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. იუდეო-ქრისტიანული ტრადიციისგან განსხვავებით, სადაც არსებობს ალუზია, თითქოს სამოთხის ბაღის ამბის გამო ქალი უკეთურების მიზეზი იყოს, ყურანი მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი შექმნილია "ერთი სულისაგან" და ქალი არანაირად არ არის ასოცირებული მემკვიდრეობით მიღებულ უკეთურებასთან (სურა ნისა 4:1).

ყურანი მარხვის დროს ცოლსა და ქმარს შორის სექსუალურ ურთიერთობაზე საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქორწინებაში ქალი და კაცი ერთმანეთს ეკუთვნის, რომ "ცოლი სამოსელია ქმრისათვის" და "ქმარი სამოსელია ცოლისთვის" (სურა ალ-ბაყარა 2: 187).

ყურანში ასევე საგანგებო ადგილი უკავია მარიამს, ისას, ანუ იესოს მშობელ დედას. მარიამი ერთადერთი ქალია, რომლის სახელიც ყურანშია მოხსენიებული. მის სახელს ატარებს მეცხრამეტე სურა. მისი სახელი ყურანში უფრო მეტჯერ არის ნახსენები, ვიდრე მთელ ახალ აღთქმაში. ყურანში არც ერთი ქალი არ იხსენიება ისეთი პატივით, როგორითაც მარიამი. სურა ალ-მრანში ანგელოზები ამ სიტყვებით მიმართავენ მას:

"მარიამ, ნამდვილად ღმერთმა ამოგირჩია შენ და გაგწმიდა შენ და ყველა ერის ქალებს შორის ყველაზე მაღლა შენ დაგაყენა". (სურა ალ-იმრანი 3:42)

მუჰამედ წინასწარმეტყველმა პირადადაც ბევრი გააკეთა, რათა ქალების მიმართ დამკვიდრებული მხეცური დამოკიდებულება აღმოეფხვრა არაბული საზოგადოებიდან. ის ასწავლიდა მუსლიმებს ქალის პატივისცემას ღმერთის სახელით. მას ეკუთვნის სიტყვები, რომლებიც ისლამურ გადმოცემებში, ანუ ჰადისებშია შემონახული:

"ქალების პატივისცემაში ღმერთის შიში იქონიეთ": "თქვენ შორის საუკეთესო ადამიანები ისინი არიან,  ვინც თავიანთ ცოლებს ყველაზე კარგად ექცევიან"; "მუსლიმ კაცს არ უნდა სძულდეს თავისი ცოლი, თუ ის თავისი ცოლის რომელიმე თვისებით კმაყოფილი არ იქნება, მაშინ იმ თვისებით იყოს კმაყოფილი, რაც იმ ქალს კარგი აქვს"; "რაც უფრო თავაზიანი და კეთილია მუსლიმი კაცი თავისი ცოლის მიმართ, მით უფრო სრულყოფილია მისი რწმენა";

არის კიდევ ერთი ჰადისი - ერთ ახალგაზრდა კაცს, ჯაჰიმას, საღვთო ბრძოლაში მონაწილეობის მიღება სურდა და წინასწარმეტყველ მუჰამედს რჩევა სთხოვა, რაზედაც წინასწარმეტყველმა უპასუხა: "დარჩი დედაშენის სამსახურში, რადგან სამოთხე მის ფეხქვეშ მდებარეობს". ეს ფრაზა, "სამოთხე დედის ფეხქვეშ მდებარეობს" მუსლიმებს შორის ქალისადმი უსაზღვრო მოწიწების სიმბოლოდ არის ქცეული.

ქალებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ისლამის გავრცელებასა და გამყარებაში. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქალი ისლამის ისტორიაში იყო ხადიჯა ბინთ-ხუვაილიდი, მუჰამედ წინასწარმეტყველის ცოლი, რომელსაც მუსლიმები მოიაზრებენ, როგორც "ისლამის დედას."

მას შემდეგ, რაც მუჰამედ შუამავალმა გამოცხადება მიიღო ჯიბრილ (გაბრიელ) ანგელოზისაგან, ხადიჯამ პირველმა მიიღო ისლამი. მანვე დაარწმუნა წინასწარმეტყველი მუჰამედი მისი მისიის მნიშვნელობაში და ისლამის გავრცელების აუცილებლობაში. ხადიჯამ, რომელიც ძალიან შეძლებული ქალი იყო, მთელი თავისი ავლა-დიდება ამ მისიის წარმატებას მოახმარა.

ბრძოლა ქალების წინააღმდეგ

თუკი ქრისტიანობისა და ისლამის ფუნდამენტალური მნიშვნელობის წყაროები გენდერული თანასწორობისა და ქალთა ემანსიპაციის რევოლუციურ ტექსტებს შეიცავენ, მაშინ რატომ არ ფასდება ქალი და მისი სიცოცხლე ქრისტიანულსა თუ მუსლიმურ კულტურებში ისე, როგორც უნდა ფასდებოდეს? რატომ მოეცარათ ხელი ქრისტიანობასა და ისლამს იმაში, რომ პირველმა 2000, ხოლო მეორემ 1400 წლის განმავლობაში ვერ დაამკვიდრეს ის, რასაც იესო და ყურანი ქადაგებენ?!

რატომ მოხდა, რომ ლამბალოში კაცმა ქალს თავის მოკვლა აიძულა ზუსტად იმავე ცოდვის გამო, რომლის ჩადენასაც თვითონ აპირებდა? ცოდვა ხომ ცოდვაა, კაცი ჩაიდენს მას თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა. რა არის ის ჯადოსნური ძალის მქონე "კავკასიელობა", რომელიც ქალთან მიმართებაში ქრისტიანს ქრისტიანულ პრინციპებზე აღებინებს ხელს და მუსლიმს - მუსლიმურზე?

ამ კითხვების დასმა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მათზე პასუხის გაცემა. მიზეზი იმისა, რაც ლამბალოში მოხდა და რაც საქართველოში ხდება ქალების მიმართ, მარტო ერთი არ არის. სოციალური სტრესის, პოლიტიკური ბუნდოვანებისა და შურისძიების სოციალური სენის გარდა, არსებობს ის, რაც ჩვენს კულტურაში ისტორიულსა და რელიგიურ სიმახინჯეს წარმოადგენს.

ის რასაც "კავკასიურს" ვეძახით სინამდვილეში არის პატრიარქალური კულტურა, მისთვის დამახასიათებელი მიზოგენური მიდრეკილებებით. პატრიარქალური კულტურა და მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებები კი მარტო კავკასიელებისთვის როდია დამახასიათებელი.

ჩვენ საქმე გვაქვს ქალების წინააღმდეგ ბრძოლასთან, რომელიც თავის გამოხატულებას ინსტიტუციურ, კულტურულ და პერსონალურ სივრცეში პოულობს. ფორმატის გამო მე აქ მხოლოდ რელიგიური ასპექტებით უნდა შემოვიფარგლო.

საინტერესო ის არის, რომ როგორც ქრისტიანობის, ისე ისლამის საწყის ეტაპზე ამ რელიგიებში ქალს მეტი სივრცე ჰქონდა. მაგრამ თანდათანობით ეს სივრცე შეიზღუდა. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა როგორც ისლამში, ასე ქრისტიანობაში ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლას შეეწირა. ეს, რაღა თქმა უნდა, თანდათანობით მოხდა. ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქალის ადგილი ქრისტიანული თემის ცხოვრებაში განუზომლად დიდი იყო. როგორც კი ქრისტიანობა სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, ქალების უშუალო მონაწილეობა თემის სოციალურ, რელიგიურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადიკალურად შემცირდა და საამისოდ სხვადასხვა სახის ფსევდო-თეოლოგიური მიზეზები გამოიძებნა.

ემანსიხაჯიდას მავზოლეუმი მექაში, ვიდრე მას პურიტანული ახირებების გამო დაანგრევდა საუდის არაბეთის ხელისუფლება 1925 წელს. მუჰამედის საფლავი, საბედნიეროდ, დაზოგეს, ხოლო ხაჯიდასი დაანგრიეს.

 

ქალების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ ისეთი ცნობილი ეკლესიის მამები როგორებიც იყვნენ ათანასე დიდი, ბასილი კესარიელი, გრიგორი ნაზიანზნელი, იოანე დამასკელი, ამბროსი მილანელი, იერონიმე და სხვები.

"ისე არ არის, რომ ქალს ერთი სახის ადამიანური ბუნება ჰქონდეს და კაცს მეორე მეორე სახის. ორივეს ერთი ბუნება აქვს", - ღაღადებდა თავის დროზე კლიმენტი ალექსანდრიელი (150 - 215).

"...კაცმაც შესცოდა და ქალმაც", - მიმართავდა კაცებს იოანე ოქროპირი (349 - 407). - "გველმა ერთიც გააცურა და მეორეც, და ვერ ვიტყვით, რომ ერთი სუსტი აღმოჩნდა და მეორე - ძლიერი. თქვენ რა, თავი უკეთესი გგონიათ? თავისი ტანჯვით ქრისტემ ქალიც იხსნა და კაციც. ის რა, მარტო კაცისთვის განკაცდა?... ის რა, მარტო კაცისთვის მოკვდა? მისი სიკვდილით ქალიც ისეთივე დახსნილია, როგორც კაცი".

მიუხედავად ამ გამოსარჩლებისა, ეკლესიაში ძალაუფლება საბოლოოდ მამაკაცების ხელში გადავიდა და დღემდე ასე გრძელდება ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობაში....

ისლამშიც დაახლოებით ისეთივე სცენარი განმეორდა, რაც ქრისტიანობაში. წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ, ქალის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე დაიწყო მამაკაცის პრივილეგიების ზრდა. სწავლულების აზრით, ბაღდადში აბასიდების მმართველობის დამყარებით ისლამში ანტიფემინისტური მიმართულება დაწინაურდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისლამმა შეინარჩუნა გენდერული თანასწორობის განცდა ჰაჯობის რიტუალის შესრულებისას. მექაში მომლოცველობისას ქალი და მამაკაცი ერთად ლოცულობს ქააბას სალოცავის ირგვლივ.

თავად ეს გამოცდილება უარღესად შთამბეჭდავია ვიზუალურად და უაღრესად მრავლისმეტყველია თეოლოგიურად. აქ ქააბას სალოცავის ირგვლივ მექაში თავს იყრის ყველა მუსლიმი: შია, სუნიტი, სუფია, ისმაილიტი, ქალი და კაცი, მდიდარი და ღარიბი. აქ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია.

ქრისტიანობაში დაახლოებით ასეთივე გამაერთიანებელი ფუნქცია ჰქონდა ევქარისტიას, მაცხოვრის ტაბლას, რომლის ირგვლივაც ყველას უნდა მოეყარა თავი, ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სადღეისოდ ის, რაც ქრისტიანთა ერთობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ქრისტიანთა გათიშულობის სიმბოლოდაა ქცეული: მართლმადიდებელი კათოლიკეების ევქარისტიაში არ ღებულობს მონაწილეობას, კათოლიკე - ორმოცდაათიანელებისაში, ორმოცდაათიანელი - სხვებისაში და ასე შემდეგ. თითქოს ეს ევქარისტიული ტაბლა მაცხოვრისა კი არა, რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობისაა.

ჩაგვრა და მეტანოია

ჩვენში ასე გახშირებულ ფემიციდსა და ქალებზე ძალადობის მასობრივ შემთხვევებს კვებავს, ერთი მხრივ, პატრიარქალური საზოგადოების მიზოგენური იმპულსები, მეორე მხრივ, რელიგიური მოძღვრების მიზოგენური ინტერპრეტაცია რელიგიური იერარქების მიერ, რომლებიც მამაკაცები არიან და, მესამე მხრივ, ასევე ჩვენში უკვე კარგად ფეხმოკიდებული სუსტის ჩაგვრის კულტურა.

საქართველოში ხან ოსები დავჩაგრეთ და მტრად მოვიკიდეთ, ხან აზერბაიჯანელებს დავერიეთ, ხან იეღოველები დავაწიოკეთ, ხან - სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ხან სომხებს "ავახიეთ" მათი მამა-პაპის ნაშენი ტაძრები და ხან - კათოლიკეებს... სულ ახლახანს კი, სრულებით სუიციდური კამპანია წამოვიწყეთ ჩვენი მუსლიმი დებისა და ძმების წინააღმდეგ.

ბოლოს კი ქალებზე გავილაშქრეთ ისე, აქამდე რომ არ გაგვილაშქრია. ჩვენ გვგონია, რომ ქალი სუსტია და, ამდენად, იგი მამაკაცის ნებას უყოყმანოდ უნდა დაჰყვეს. არ დაჰყვება და, რაც მოუვა, თავის თავს უნდა დააბრალოს!

ჩვენ გვეშლება, ძალიან მწარედ გვეშლება: ქალი არ არის სუსტი არსება, არც ფიზიკურად, არც ინტელექტუალურად. ჩვენმა დროებამ აჩვენა, რომ მძიმე ეკონომიკური და სოციალური კატაკლიზმების ეპოქაში ქალი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მამაკაცი. ქალებთან მიმართებაში ჩვენ თავს დავმართეთ ის, რაც თეოლოგიური პერსპექტივიდან სრული შიზოფრენია, ანუ გახლეჩილობაა. ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცს აქვს შეცდომისა და ცოდვის ჩადენის და ჩადენილზე შენდობის მიღების უფლება, ქალს კი - არა. ადამიანს, ქალსაც და კაცსაც, ღვთისაგან აქვს ნაბოძები თავისუფლება. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია შეცდომა ჩაიდინოს, ზოგ შემთხვევაში ეს შეცდომა გამოუსწორებელიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა, იგი შენდობასა და პატიებას იმსახურებს. არავისა აქვს უფლება ის ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმოს. თუ თეოლოგია და ღმერთი გვინდა, ასეა, თუ ტომობრივი ადათ-წესები გვინდა - ასე არ არის. 

ჩვენ, ადამიანები, შეცდომებს ვუშვებთ, ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ ღმერთი, რომლებიც მუსლიმებსა და ქრისტიანებს ერთი გვყავს - და ჩემი აზრით, ღმერთი ერთის მეტი არ შეიძლება იყოს - მოწყალე და მწყალობელია, მოსიყვარულე, შემნდობი და მპატიებელია, თავად "სიყვარულია", როგორც ამას ქრისტიანობა გვასწავლის და "ლამაზია", როგორც ამას ისლამი გვასწავლის.

მე იმას არ ვამბობ, რომ რომელიმე ცოდვის ჩადენა კარგია, მაგრამ ეს არის ადამიანის თავისუფლების საქმე, რომელიც ღვთისაგან არის ნაბოძები. ღმერთი თითოეულ ჩვენგანს გვპატიობს ცოდვებსა და დანაშაულს, ჩვენც, შესაბამისად, შეგვშვენის, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ.

გარდა ამისა, აუცილებელი სულაც არ არის, ადამიანი მუსლიმი, ქრისტიანი ან რომელიმე რელიგიის აღმსარებელი იყო, რათა მიხვდე, რომ პატიება და შენდობა ერთადერთი ჰუმანური გზაა ადამიანებს შორის ჰარმონიული თანაარსებობისთვის. თემმა შეიძლება ადამიანი ან სხვადასხვა სახის უმცირესობა გარიყოს, გაინაპიროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თემი მართალია. "ხმა ერისა" აუცილებელი არ არის, "ხმა ღვთისა" იყოს.

კულტურა ხშირად თავის ჭახრაკებს უჭერს რელიგიას და ამახინჯებს მას.

სურვილის შემთხვევაში, კულტურას შეუძლია რელიგიური რიტორიკის მოშველიებით გაამართლოს ძალადობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რელიგიას შეუძლია ძალადობის გამართლება. ის რელიგია, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის დაჩაგვრისკენ ან დამცირებისკენ მოგიწოდებს, რელიგია არ არის. ის არის ადამიანის და რელიგიური იერარქების მიერ მანიპულირებული ძალადობა, რომელსაც ღვთის იდეასთან საერთო ვერ ექნება.

ერთი და იგივე რელიგია სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად რეაგირებს გარემო მოვლენებზე. განსხვავებულ პასუხს იძლევა ერთსა და იმავე მოვლენაზე. მაგალითად, ეგვიპტე და ბალი ერთი რელიგიის მატარებელი ქვეყნებია - ორივე მუსლიმური და ორივე სუნიტური. ამ ქვეყნებში განსხვავებულად რეაგირებენ ბავშვის სიკვდილზე. ეგვიპტეში ბავშვს მოთქმით და წივილ-კივილით დასტირიან, მკერდში მჯიღს იცემენ და დიდხანს იხოკავენ სახეს. ბალიში ბავშვის სიკვდილს სიმშვიდით ხვდებიან. სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ისინი სევდანარევი ღიმილით, ლაღობითა და ხუმრობით გამოხატავენ. ეგვიპტელები და ბალელები ისლამის წყაროებიდან იმ ასპექტებს ეწაფებიან, რომლებიც მათი კულტურის აფირმაციისთვის არის საჭირო. ეგვიპტელები ფიქრობენ, რომ ემოციის გამოხატვა არსებითი მნიშვნელობის მქონეა ჯანმრთელობისთვის, ხოლო ბალელები კი მიიჩნევენ, რომ ცუდი გრძნობები გავლენას ახდენენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე და საზოგადოებისთვის რისკს შეიცავენ. იგივე ხდება ქრისტიანობაშიც. სწავლულების დაკვირვებით პოლონელი და ესპანელი ქრისტიანები უფრო ოპტიმისტები არიან კრიტიკულ ვითარებაში, ვიდრე ირლანდიელი, იტალიელი და გერმანელი ქრისტიანები.

ყველა კულტურას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ნიშნები რომელთა გასამყარებლადაც რელიგიაა გამოყენებული. მაგრამ კულტურის სიკეთე კი ის არის, რომ კულტურა შეიძლება შეიცვალოს. კულტურის ცვლილება კი ცალკეული ინდივიდების გულში მომხდარი ცვლილებით იწყება.

აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი საყვარელი გმირი ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში - ჯათია, გუდამაყრელი ქვრივი დედაკაცი, რომელიც გადააწყდება ცოდვაში მხილებულ ახალგაზრდა ქალს, მაყვალას. თემს არა მარტო მაყვალა ჰყავს დაწყევლილი, არამედ ყველა, ვინც მას დახმარების ხელს გაუწოდებს, ჭიქა წყალს დაალევინებს და ლუკმა პურს მიაწოდებს. ჯათია თემის გადაწყვეტილებას პატივსა სცემს, მაგრამ არ შეუძლია უარი თქვას მაყვალას დახმარებაზე.

ჯათიას შინაგან ბრძოლას ოსტატურად გადმოგვცემს ავტორი: "დედაკაცს ეტყობოდა, რომ მის არსებაში ორს მოპირდაპირე გრძნობას ბრძოლა ჰქონდა და არ იცოდა, რომელს მიჰკედლებოდა. ერთის მხრით, რწმუნება, რომ თემის დებულება უნდა შეესრულებინა და მისი დარღვევისთვის პასუხისმგებელი უნდა შექმნილიყო კაცისა და ღმერთის წინაშე; მეორე მხარეს კი, უბედური, რომელსაც მშველელი ხელი ეჭირვებოდა, უამისოდ ადამიანი იღუპებოდა“.

ამ შინაგან ბრძოლაში ჯათია აკეთებს გენიალურ დასკვნას: „ხალხი ცოდვილია და მხოლოდ ღმერთი - შეუცდომელი." ხალხის გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი იყოს, ამიტომ, ჯათია თავისი სინდისის ხმას უგდებს ყურს. იგი თანდათანობით რწმუნდება, რომ ადამიანის ასეთ დღეში ჩაგდება, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი, ღმერთის მოსაწონი ვერ იქნება. ჯათია არჩევანს აკეთებს თუმცა, როცა მაყვალას დასახმარებლად მიემგზავრება, პირჯვარს იწერს და წყნარად ამბობს: "უფალო, გული საშველად მერჩის და, თუ ცოდოს ჩავდივარ, შენ მაპატიე!"

ჯათია კლასიკური მაგალითია იმისა, რასაც რელიგიაში მონანიება, ბერძნულად მეტანოია, ანუ აზრის შეცვლა ჰქვია. ამ აზრის შეცვლით ჯათია იქცა პიროვნებად, რომელიც ბრმად არ ასრულებს თავისი კულტურის იმპერატივებს. იგი ყურს უგდებს თავისი სინდისის კარნახს და უანგარო და უპირობო სიკეთის მხარეზე დგება.

ანდალუზიელმა მუსლიმმა თეოლოგებმა შუა საუკუნეებში თემსა და ინდივიდს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების უმარტივეს ფორმულას მიაგნეს: "ის, რაც კარგია ადამიანისთვის, ის კარგია ისლამისთვის; ის, რაც ცუდია ადამიანისთვის, ის ცუდია ისლამისთვის". მსგავსი სულისკვეთების მატარებელია იესოს სიტყვები: "ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისათვის", ანუ რელიგიისათვის, არამედ "შაბათი", ანუ რელიგია, "შეიქმნა ადამიანისთვის". შესაბამისად, შეუძლებელია, რომ რელიგიის, კულტურის, ადათ-წესების ანდა ტრადიციების მოშველიებით რაიმე გამართლება მოეძებნოს თუნდაც ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ქალი, ბავშვი, მოხუცი, რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი თუ სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^