Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნობელის პრემიაზე სხვა გადაფრინდა

26 ნოემბერი 2014

ვისაუბროთ, იმაზე, თუ როგორ გასცემს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია პრემიას ლიტერატურაში.

ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა და კითხვები ნობელის კომიტეტის მიმართ პირველივე პრემიამ გააჩინა. ანდერძში თავად ალფრედ ნობელმა აღნიშნა, რომ სურდა პრემია ლიტერატურის დარგში "მაღალი და გამოკვეთილი იდეალიზმისთვის" გაცემულიყო. კომიტეტზე ამან სერიოზულად იმოქმედა.

უაღრესად პრესტიჟული პრემია, რომელიც, ამავე დროს, უზარმაზარი თანხაა, ისეთი სახელგანთქმული მწერლებისთვისაც კი საინტერესოა, რომელთაც "ორი კაპიკი უნახავთ". სხვადასხვა ეპოქაში იყვნენ მწერლები, რომლებსაც არა მხოლოდ ნობელის პრემია, არამედ ბევრი სხვა რამაც ეკუთვნოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პრემია ზოგიერთ შემთხვევაში ისეთმა ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც ისტორიამ დაივიწყა.

ნობელიანტების სიას თუ გადავხედავთ, მათ რიგებში აღმოვაჩენთ ხალხს, რომელთა წიგნები უკვე 20-30-40 წელია აღარ გამოცემულა და არც არასდროს გამოიცემა. მათ რიგებში იქნებიან ისეთი მწერლებიც, რომლებიც დღეს "დიდები" და მნიშვნელოვნები არიან.

განსაკუთრებულად საინტერესოა ისეთი შემთხვევები, როცა მწერლები თავად გამოთქვამდნენ პრეტენზიას - მე კი მომეცით პრემია, მაგრამ აი "იმისთვის" რომ არ მიგიციათ, რა ხალხი ხართო. ასეთი სულ მცირე სამი შემთხვევა მახსენდება:

როდესაც ნობელის პრემია შესანიშნავ ავტორს, ხუან რამონ ხიმენესს გადაეცა, მან თქვა - ეს პრემია მე კი არა, ლორკას ეკუთვნოდაო. სადაც სამართალია, ლორკაც და რაფაელ ალბერტიც იმსახურებდნენ პრემიას, საერთოდ, ხიმენესამდე ესპანური პოეზია არ უნდა დაჩაგრულიყო.

ჯონ სტაინბეკისთვის პრემიის მინიჭების შემდეგ გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, სხვა, უკეთესი ვერ იპოვეს. მე არ ვიზიარებ იმ სკეპტიკოსთა აზრს, რომლებიც მიიჩნევენ - სტაინბეკი რა სანობელე კაცი იყოო. ის დიდი მწერალია და მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით არაფერი დაშავებულა. ზოგადად, ამერიკის კონტინენტი იჩაგრება, ამერიკის შეერთებული შტატების მწერლობას მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკუთვნოდა, ვიდრე ჰყავს და სხვათა შორის, არა ისინი, რომლებიც ჰყავს. რას ვიზამთ, ამერიკის მიმართ შვედეთის აკადემიას ყოველთვის აქვს პრობლემები, ამბობენ, რომ ნობელის კომიტეტი ევროპაცენტრულია და შვედური ლიტერატურა განსაკუთრებით რომ უყვარდეთ, არც ეგ არის გასაკვირი. ალფრედ ნობელი შვედი რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ამდენ შვედს მოუწევდა ეს პრემია.

პრემიის მიღებისას სტაინბეკმა თქვა - როგორ გამოგრჩათ შერვუდ ანდერსონი!

მეც ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლებოდა არ დაენახათ შერვუდ ანდერსონი, თუმცა ყველაფერი შეიძლება. უამრავი მწერალია "აცილებული", ბევრს არ მოუწია ნობელის პრემია.

როდესაც დიდ ფრანგ მწერალს, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტს და კათოლიკური მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ფრანსუა მორიაკს მიანიჭეს ნობელის პრემია, საფრანგეთისკენ "გახედვისთვის" აკადემიას მადლობა გადაუხადა, თუმცა ისიც აღნიშნა, ახლო-მახლო მიგეხედათ და ეს პრემია ავგუსტ სტრინდბერგისთვის მიგეცათო.

სტრინდბერგს რომ ნობელის პრემია არ აქვს, ეს უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება და სასაცილოც აღარაა, თავის დროზე, ეს ამბავი გარკვეული გაგებით ნობელის კომიტეტის პროფანაციას ნიშნავდა. მოკლედ, ბევრი უცნაური ამბავი მოხდა.

ახლა ის მწერლებიც ვახსენოთ, ვინც წარდგენილი იყო, მაგრამ ნობელის პრემია არ მიენიჭა. თუ წარდგენილი არ იყო, არ იცოდნენ და არ დასიზმრებიათ არ შევედავოთ, მაგალითად კაფკაზე, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მისი დანახვა. ვაპატიოთ კაფკა, მაგრამ როგორ ვაპატიოთ ტოლსტოი?

XX საუკუნეში ლევ ტოლსტოიმ 10 წელი იცხოვრა, ნობელის პრემიაზე 1902 წელს იყო წარდგენილი. როდესაც ორმოცდაათი წლის შემდეგ 1902 წლის ნობელის კომიტეტის ჩანაწერები გასაჯაროვდა, გაირკვა, რომ, თურმე, ნუ იტყვით, და პრემიაზე წარდგენილი მსოფლიოს #1 მწერალი შვედეთის აკადემიის მდივანს, კარლ ვილსენს დაუწუნებია, უთქვამს - ნობელმა დაგვიბარა, რომ პრემია მაღალი და იდეალისტური მწერლობისთვის გავცეთ, ეს კაცი კი ცივილიზაციის მოწყვეტას, ხიფთნის ჩაცმას და სისულელეების კეთებას ქადაგებსო. ტოლსტოის მწერლობა მან ტოლსტოვშინამდე და ტოლსტოვკამდე დაიყვანა, რაც ძალიან, ძალიან "საინტერესოა."

მოდი ვთქვათ ასე, იმ წლებში ნობელის პრემია არა მარტო ტოლსტოიმ, არამედ ანტონ ჩეხოვმაც ვერ მიიღო. ტოლსტოისა და ჩეხოვის დარი მწერალი პირველ წლებში საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი. ამ პერიოდში ნობელის პრემიას იღებდნენ: სიული პრიუდომი - ფრანგი პოეტი, ჩემი აზრით, საკმაოდ მოკრძალებული; თეოდორ მომზენი - შესანიშნავი ისტორიკოსი, თუმცა ლიტერატურასთან რაიმე სერიოზული შეხება არ ჰქონია; ბიორნსტიერნე ბიორნსონი, ფრედერიკ მისტრალი, ჰენრიკ სენკევიჩი, ჯოზუე კარდუჩი - ამაზე მე ვერ ვიტყვი საყვედურს, იმიტომ რომ მომავალში სეტემბრინი იქნება მისი მოსწავლე; რადიარდ კიპლინგი - რა გვეთქმის, რა გვეთქმის! სელმა ლაგერლოფი - ახლა ქალისთვისაც ხომ უნდა მიეცათ პრემია?! პაულ ფონ ჰაიზე, მორის მეტერლინკი და გერჰარტ ჰაუპტმანი - კარგი მწერლები არიან, მაგრამ მათ რიგებში ნამდვილად ვიცი რომ არც ტოლსტოია ვინმე, და არც ჩეხოვი.

ამბობენ, რომ აქ იმუშავა ტრადიციულმა, შვედურმა მტრულმა დამოკიდებულებამ რუსეთის წინააღმდეგ. კი ბატონო, დავიჯეროთ რომ ეს რუსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ზოგიერთს საქართველოში მოეწონება კიდეც - აბა რა, აბა როგორ, რუსებს რა აქვთ მოსაწონი, მათ შორის ლიტერატურა!

ვთქვათ ისიც, რომ რუსი მწერალი, რომელიც საერთოდ სხვა ქვეყანას წარმოადგენდა ასევე დაიწუნეს. ვლადიმერ ნაბოკოვის წინააღმდეგი იყო ანდერს ესტერლინგი, აკადემიის მუდმივი წევრი, რომელმაც თქვა, რომ ნობელის პრემიას ვერ მისცემდა აღვირახსნილი, საზიზღარი რომანის, "ლოლიტას", ავტორს. ამ ფრაზით შეგვიძლია მივხვდეთ, რატომ არ მიუციათ ეს პრემია პოლ ვალერისთვის, ჟან ჟენესთვის და ა.შ. თუმცა მისცეს ანდრე ჟიდს. ასე რომ, შვედეთის აკადემიის ლოგიკას ვერაფერს გაუგებ კაცი.

არ მისცეს ტოლსტოის, არ მისცეს ნაბოკოვს. შესაბამისად, გასაგებია პრემიების გაცემა/არ გაცემა პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ყველაზე აღმაშფოთებელი, ყველაზე გამანადგურებელი რამ.

რუსები რომ იჩაგრებიან ეს ტრადიციაა. როგორც ბულგაკოვს, ასევე სრულიად უთარგმნელ ზოგიერთ რუს ავტორს, მაგალითად, ზანიატინს რომ არ მოუწევდა პრემია, ეს ნათელია. ვფიქრობ, კარგად მოიქცნენ, როდესაც ნობელის პრემია სოლჟენიცინს მიანიჭეს, მართალია პოლიტიკური მოტივით, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო.

თუმცა...

XX საუკუნის შუა პერიოდიდან მსოფლიოს ჰყავდა ლიდერი მწერალი - ხორხე ლუის ბორხესი. ბორხესს პრემია არ მისცეს - ეგ მემარჯვენეა და აუგუსტო პინოჩეტთან აქვს ურთიერთობაო. ბორხესის შემთხვევისგან განსხვავებით, პოლიტიკურმა მიდრეკილებებმა არ შეუშალა ხელი სტალინის მაქებარი და მადიდებელი ხალხისთვის, სარტრისა და ნერუდასთვის მიეცათ პრემია. ეტყობა შვედური გადმოსახედიდან ასე ჩანდა, რომ სტალინი ჯობია პინოჩეტს: პინოჩეტმა რამდენიმე ათასი კაცი შეიწირა, სტალინმა კი მილიონები.

დავუშვათ პრემია არ ეკუთვნოდა ბორხესს, რადგან ის მემარჯვენე იყო, შვედეთის აკადემიას კი უფრო მემარცხენეები მოსწონს. ეს იქიდანაც ვიცით, რომ ფიდელ კასტროს ვერ მისცემდნენ პრემიას, სამაგიეროდ ის მიანიჭეს მარკესს, მის ძალიან კარგ მეგობარს. რა თქმა უნდა, მარკესის წინააღმდეგი არ ვარ, ის შესანიშნავი მწერალია, თუმცა, თუკი პინოჩეტისთან მეგობრობა ისჯება, მაპატიეთ, მაგრამ ფიდელ კასტროს დანაშაულებთან შედარებით აუგუსტო "პატარა ბავშვია".

ეგ არაფერი, ნობელის კომიტეტმა მთელი მსოფლიო გააოგნა, როდესაც პრემია კამილო ხოსე სელას მიანიჭა. ბორხესი მემარჯვენე იყო, მაგრამ ფაშისტი არასდროს ყოფილა - კამილო ხოსე სელა იყო ფრანკისტი, ფაშისტი და ღვთის პირიდან გადავარდნილი კაცი, თუმცა ძალიან, ძალიან კარგი მწერალი, ისევე როგორც გაბრიელე დ'ანუნციო. ნობელის კომიტეტი ასეთ აცდენებს აკეთებდა - თუ მემარჯვენეობისთვის არ შეიძლებოდა პრემიის გაცემა, მაშინ რამ მიაცემინათ, მაგალითად, კნუტ ჰამსუნისთვის?! მისთვის პრემია რომ არ მიეცათ, ესეც დიდი სირცხვილი იქნებოდა და ა.შ.

ოღონდ მემარცხენე იყავი და გინდა ივო ანდრიჩი გერქვას, გინდ შოლოხოვი - პრემიას მოგცემენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც მოგანიჭებენ, თუკი ის კაცი ხარ, რუსეთს რომ აწყენინე. სტალინის ქებაც მოსულა და რუსეთის გინებაც. მართალია, ბორის პასტერნაკმა შემდეგში თქვა - რას მერჩოდნენ, ჩემი ქვეყნის სილამაზე აღვწერე და მას დავუდგი ძეგლიო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა ტრაგედია დატრიალდა პასტერნაკთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მწერალს ნობელის პრემიის მიღებაზე უარი საბჭოთა კავშირმა ათქმევინა. ამ საბედისწერო 23 ოქტომბრის შემდეგ პასტერნაკი მალევე გარდაიცვალა - სტუდენტები მიუგზავნეს, მოღალატე უძახეს და გული გაუხეთქეს.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ნობელის კომიტეტმა პრემია აცილებით ბევრს ააცილა, ზოგიერთს კი ისეთ დროს მისცა, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სწორედ ამის გამო თქვა უარი პრემიაზე ჟან პოლ სარტრმა - პასტერნაკს რატომ მიანიჭეთო, დაახლოებით ასე გამოუვიდა. არ იყო მართალი ამხანაგი სარტრი, რაც დრო გადის ეს უფრო იკვეთება, ჩანს, რომ ბევრ რამეში ცდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მოაზროვნე იყო.

დღევანდელი მწერლებიდან, მაგალითად, სალმან რუშდის, არტურ მილერს არ აქვთ პრემია, რაზეც არსებობს განმარტება - ესენი ხომ ისედაც დიდი მწერლები არიან და პრემია ცოტა მოულოდნელი ხომ უნდა იყოს. რუშდის პრემია რომ მივცეთ, რა იქნება ამაში გასაკვირი?

გამოდის, რომ ვინც კი XX საუკუნის ლიტერატურაში გარდატეხა შეიტანა, ასე ვთქვათ, მოდერნის ავტორები: ჯეიმს ჯოისი, მარსელ პრუსტი, ფრანცკ კაფკა, რობერტ მუზილი და მცირე ფორმებში თანამედროვე მწერლობის გვირგვინი  - ბორხესი, ნობელიანტი ვერცერთი ვერ გახდა.

ასევე, ზოგადად, ფრანგები არ არიან დაჩაგრულები, მაგრამ დაიჩაგრნენ ნობელიანტ ფრანგებზე არანაკლებ და ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მწერლები: ჩემ მიერ დასახელებული მარსელ პრუსტით დაწყებული, სელინით გაგრძელებული და პოლ ვალერით დამთავრებული. ბოლოსდაბოლოს, პოლ ვალერი საფრანგეთის აკადემიის მუდმივი წევრი იყო.

დაიჩაგრა იაპონური ლიტერატურის უზარმაზარი ვარსკვლავი იმის გამო, რომ ნობელის კომიტეტი მსჯელობდა ასე - მოდით მივცეთ იაპონელს, და ეს იყოს კავაბატა და არა მისიმა. ნობელის პრემია იაპონიაში ცოტა მეტი იყო გასაცემი, ეს ტრადიციული, დიდი სალიტერატურო ქვეყანაა. არ შეიძლებოდა, რომ პრემია კავაბატასთვისაც მიენიჭებინათ და მისიმასთვისაც?!

გამორჩეულად დიდი საშინელებაა გერმანული ლიტერატურის ღრმა ალყა. თუ მთელი მსოფლიო არ დაანგრია და ყველამ არ უთხრა ნობელის კომიტეტს - კარგით რა, ნამუსი იქონიეთ და გიუნტერ გრასს მაინც მიეცით პრემიაო, მოძებნიან ჰერტა მიულერის მსგავს ავტორს და პრემიას მას მიანიჭებენ, რათა ნობელიანტი არ გახდეს მარტინ ვალზერი. ჯინაზე არიან!

საერთო ჯამში ფაქტია, რომ ნობელის კომიტეტი ძალიან უცნაური კომიტეტია, თუმცა წელს ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ენა არ უნდა მოგიბრუნდეს კაცს რომ გააკრიტიკო - მათ ნამდვილი მწერალი იპოვეს და, ვფიქრობ, ბოლო წლებში გაცემული პრემიები ერთად არ არის იმის ფასი, რაც პატრიკ მოდიანომ მიიღო.

2002 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყნიდან 100 დიდი მწერალი შეიკრიბა, მათ შორის არაერთი ნობელიანტი და შედგა ყველაზე "დიდი" რომანების ავტორთა სია. ამ და ნობელის პრემიის ლაურეატთა სიას შორის კვეთა იშვიათია.

ზოგადად, ნობელის პრემიას თუ გადავხედავთ, ირკვევა, რომ ლიტერატურა ძირითადად ევროპაში იწერება, აფრიკაში - ისე რა, ძალიან იშვიათად ჩინეთში. ინდოეთი და მსგავსი ქვეყნები საერთოდ არ ფიგურირებენ. ჩვენისთანა ქვეყნები ხომ არ ითვლება და არ ითვლება. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის?!

აბა გადახედეთ იმ 100 წიგნის სიას...

ბერძნებს მისცეს პრემია, როგორ არა, მაგრამ ყველაზე დიდები გამორჩათ: ნიკოს კაზანტაკისი არ არის ნობელის პრემიის ლაურეატი. დავიჯერო ბევრმა დაწერა ისეთი წიგნი, როგორიც არის "ბერძენი ზორბა"? ეს არ არის სამართლიანი. ბერძნები დაიჩაგრნენ. კონსტანტინოს კავაფისი, ჩემი აზრით, XX საუკუნის ყველაზე დიდი პოეტი ნობელიანტი არ არის. კიდევ კარგი, რომ ტომას ელიოტი დაინახეს, მაგრამ ტომას ელიოტი რომ ამბობდა, ჩემზე დიდი ავტორი ეზრა პაუნდიაო, იმას როგორ დაინახავდნენ?! გასაგებია - პოლიტიკური გადახრა ჰქონდა; გაბრიელე დ'ანუნციო? პოლიტიკური გადახრა ჰქონდა...

გაცემულ პრემიებზე გამოთქმულ პრეტენზიებსაც შევეხოთ. დიდი ამბავია, რომ არ გამორჩათ თომას მანი, ჰერმან ჰესე, თომას ელიოტი, უილიამ ფოლკნერი. არ გამორჩათ ისეთი კარგი მწერალი, როგორიც იყო სოლ ბელოუ. მაგრამ ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბელოუს შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურა დავიწყებულია. ამერიკელებსაც და მეც გვიკვირს, რომ ფილიპ როთი ნობელის პრემიის ლაურიატი არ არის. კიდევ არის ათამდე ამერიკელი მწერალი, რომელთაც ეკუთვნოდათ და ეკუთვნით ეს პრემია - ზოგიერთი დღესაც წერს. ერთ-ერთ მათგანს იქნებ საქართველოში ჩამოსვლამ უშველოს, რომ ნობელის კომიტეტმა შეამჩნიოს.

ბოლოს კი მითები ქართველებისა და ნობელის პრემიის შესახებ.

ჩვენთან სულ საუბრობენ, აჰა წკიპზე ვართ და ამ პრემიას მოგვცემენო. რუსთაველი მკვდარია, არ ვიცი ვის შევჩივლოთ, ვის უნდა მისცენ ნობელის პრემია. ამ თემაზე ჩვენთან ყოველთვის საუბრობდნენ.

თითქოს რომენ როლანმა გრიგოლ რობაქიძე წარადგინა. არც ვიცით, ეს ამბავი რეალურად მოხდა თუ არა, მაგრამ მეეჭვება - ნობელის პრემიას არასოდეს მისცემდნენ კაცს, რომელმაც ჰიტლერისა და მუსოლინის ბიოგრაფიები დაწერა.

არსებობდა ვერსია, რომ ნობელის პრემიაზე ჭაბუა ამირეჯიბი იყო წარდგენილი, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით, ეს ოთარ ჭილაძის ამბავია. საწყენია რომ ჭილაძის ერთ-ერთმა დიდმა შედევრმა - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ამ ტიპის აღნიშვნა არ დაიმსახურა. გასაგებია, რომ ნობელის კომიტეტისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ნამდვილი გარღვევა იქნებოდა, რაც შემდგომში რეგიონში ვალდებულებებს გაუჩენდა.

ასეთ გარღვევაზე ისინი არ წასულან, ასეთ პატარა ენებთან არ მისულან, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - ოდესმე, როდესაც საქართველო თავის ნობელის პრემიას მიიღებს, ეს აუცილებლად ლიტერატურის დარგში იქნება, რადგან აღნიშნული პრემია ჭიდაობაში არ გაიცემა. ხოლო თუკი გვერდს აგვივლიან, ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ჩვენ კი არა, ბორხესსაც ააცილეს... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^