როგორ უნდა გამოიყენონ საგანამანათლებლო სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები და როგორია თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიების სფეროში - ამ თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ. მომხსენებლები მათ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ონლაინრესურსებს და იმ სტრატეგიებს აცნობდნენ, რომელთა გამოყენებაც სწავლების პროცესს უფრო მრავალფეროვანს, ეფექტურსა და მარტივს გახდის.
ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ქართული ენის ნაციონალური კორპუსის თანამშრომელმა თამარ კალხიტაშვილმა, რომელიც პროფესიით ლინგვისტია, კონფერენციაზე ელექტრონული წიგნიერების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, განვითარების პირველ ეტაპზე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ბავშვს გაცილებით მეტი ინფორმაციის დამოუკიდებლად ასათვისებლად.
„ჩნდება კითხვა: როგორ მიმდინარეობს განვითარების მეორე ეტაპი, როცა ბავშვის განათლების მიღებაში უკვე მასწავლებელი ერთვება. იცვლება თუ არა ინსტრუქტორის როლი თანამედროვე სწავლების პროცესში? ცხადია, იცვლება, მაგრამ არ მცირდება“, - ამბობს თამარ კალხიტაშვილი.
მისი თქმით, ციფრულ ეპოქაში მასწავლებლის როლი შეიცვალა. მასწავლებელი სასწავლო კურსებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით უნდა გეგმავდეს. ამისთვის კი თავად მასწავლებელი სათანადოდ უნდა იცნობდეს თანამედროვე საგანამანათებლო ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კალხიტაშვილის თქმით, დღეს ციფრულ ფორმატში გადასული ტექსტი, ე.წ. ჩაშენებული ლექსიკონების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. მათი ეფექტურობა მასწავლებლებს მომხსენებელმა მოთხრობის „კაცია ადამიანის?!“ ელექტორნული ვერსიის მაგალითზე უჩვენა. ლექსიკონის გამოყენება მარტივია. ტექსტის კითხვის დროს საინტერესო სიტყვაზე დაკლიკებით კითხვის პროცესის შეუწყვეტლად, ბავშვს საინტერესო სიტყვის განმარტების ნახვა შეუძლია.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ერთ-ერთმა “Google Cast”-ის ტექნოლოგიის გამოყენებაზე ისაუბრეს, რომლის დახმარებით სადენის გარეშე, ტელეფონით ან ლეპტოპით, დიდი ზომის ეკრანზე პრეზენტაციის მართვაა შესაძლებელია.
მომხსენებლები მასწავლებლებს იმის თაობაზეც ესაუბრნენ, როგორ უნდა გამოიყენონ წარმატებით განათლების სისტემაში სოციალური ქსელები, კომიქსები და Google-ის ტექნოლოგიები; ან როგორ შეიძლება საპრეზენტაციო პროგრამაში მარტივი საგანმანათლებლო თამაშების შექმნა, ან სწავლება და შეფასება java თამაშების გამოყენებით. უფრო მეტიც, რამდენად შესაძლებელია კომპიუტერული თამაშები მოსწავლისთვის სასარგებლო გახდეს.
თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ნანიტაშვილი მიიჩნევს, რომ კომპიუტერულ თამაშებს გართობასთან ერთად შეუძლია მოთამაშეს ინფორმაციის მთელი ნაკადი შესთავაზოს და მათ აზროვნებაში დადებითი ცვლილებები შეიტანოს: „მაგალითად ონლაინთამაშებს სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად იყენებენ, მათ შორის მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის მიზნით“. ნანიტაშვილი ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა ბევრ შესაძლებლობას აძლევს როგორც მასწავლებელს ასევე მოსწავლეს, იქნება ეს ინტერაქციული აპლიკაციები თუ ელექტრონული სწავლების პროგრამები. მან ამის მაგალითად მასწავლებლებს Google-ის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა - „classroom“ - შესთავაზა. ეს არის ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც მასწავლებელი ქმნის კლასს, აძლევს დავალებებს, დაუთქვამს მოსწავლეებს სამუშაოს შესრულების ბოლო ვადას, თვალს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობის პროცესს რეალურ დროში, იბარებს მათ დავალებებს, წერს ნიშნებს, პასუხობს მათ შეკითხვებს. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მსგავსი პროგრამის გამოყენება შეძლოს, ზედმეტი ძალისხმევა და ფინანსები საჭირო არ არის. სკოლა მარტივი პროცედურის გავლით ავსებს საჭირო ფორმას, რის შემდეგაც მას, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, პროგრამის უფასოდ გამოყენება შეუძლია.
მარინა თხილაიშვილი კონფერენციაზე დასასწრებად ქობულეთის რაიონიდან ჩამოვიდა. ის ქუცუბნის საჯარო სკოლის დაწყებითის მასწავლებელია. ამბობს, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს ბავშვებთან მუშაობისას სკოლაში აქტიურად იყენებს. სკოლაში კომპიუტერული ბაზა აქვთ, ტექნიკის დახმარებით ამზადებს ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, პრეზენტაციებს, რასაც შემდგომ ბავშვებს გაკვეთილზე უჩვენებს. აქტიურად იყენებს “saba”-ს ელექტრონულ წიგნებს: „ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი გაკვეთილები. თუმცა მათ მომზადებას საკმაო დრო სჭირდება“. ამბობს, რომ კონფერენციაზე მიღებული ინფორმაცია ახალი და საინტერესო ონლაინრესურსების შესახებ ძალიან გამოადგება. ამით დრო დაეზოგება და ბავშვებს უკვე ვებგვერდებზე განთავსებულ მზა პრეზენტაციებს უჩვენებს.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესახებ მოსმენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად მიაჩნია ქუთაისის #11 საჯარო სკოლის პედაგოგს, ინგა ვაჭარაძეს. მისი თქმით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი რესურსია საიმისოდ, რომ მოსწავლეებს თანამედროვე განათლება გადასცეს. ინგა ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად სკოლების ტექნიკური ბაზებიც უნდა განახლდეს, რადგან კონფერენციაზე მოსმენილი ინოვაციების სასწავლო პროცესში გამოყენება ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება.