Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" - რატომ დაიღუპნენ მეშახტეები

21 ივნისი 2018

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრო იყო ადამიანური გადაცდომის და შრომითი პირობების დარღვევის ბრალი, რაზეც პასუხისმგებლობა „საქნახშირის“ ადმინისტრაციას ეკისრება - ასე შეაფასა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა უკრაინელი ექსპერტების დასკვნა.

მინდელის შახტში, სადაც 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 23-26 აპრილს უკრაინის თავისუფალი პროფკავშირის ინსპექტორ-წარმომადგენელი და უკრაინის ქვანახშირის მრეწველობის, სამთო სამაშველო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იმყოფებოდნენ.

მეშახტეების სიკვდილიდან 18 დღის შემდეგ ექსპერტებმა უბანი დაათვალიერეს და გაესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა ვერ გაეცნენ საჭირო დოკუმენტებს, დაკითხვის ოქმებსა და სხვა ნივთმტკიცებებს, რადგან ისინი საგამოძიებო ორგანოსთვისაა გადაცემული. პროკურატურა საქმეს ამ დრომდე იძიებს.

საქართველოს პროფკავშირის თავმჯდომარე სამთო დარტყმას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მიზეზებზე კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ შახტის უბანზე ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს მეთანის შედეგად აფეთქების ისეთი კვალი, როგორიცაა მაგალითად - სპეციფიკური დამტვერიანება, სავენტილაციო მილზე დამწვრობა, ტანსაცმლის ნამწვავები და ა.შ. ექსპერტებს, ასევე არ მიეცათ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შესაძლებლობა, რის საფუძველზეც გაირკვეოდა, ჰქონდათ თუ არა მუშებს დამწვრობა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი სხვა რამე იყო.

„ბუნებრივ აფეთქებას აქვს თავისი ეფექტი, რაც ექსპერტებმა ადგილზე ვერ ნახეს. ამიტომ, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იყო სამთო დარტყმა და იყო ადამიანური გადაცდომა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ამაზე ბრძანება და ა.შ. ამ ყველაფერზე ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

თუმცა უკრაინელი ექსპერტების 21-გვერდიანი დასკვნა ასე ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სამთო დარტყმას.. უკრაინელების ვარაუდით, ავარიის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ, საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად წარმართვა ყოფილიყო, თუმცა ამის პარალელურად, სხვა ვერსიებზეც საუბრობენ და მათ შორის, სწორედ, ბუნებრივი, ტექნოგენური მოვლენებია.

ვერსია პირველი

პირველი ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი მონაკვეთის სივრცეში მეთანო-საჰაერო ნაერთი აფეთქდა. აფეთქებაში ნახშირის მტვერი არ მონაწილეობდა და მეთანო-საჰაერო ნაერთის გაალების წყარო ნახშირის თვითაალება გახდა. მეთანის აფეთქებადი კონცენტრაციის წარმოქმნის მიზეზი შემუშავებულ სივრცეში ჰაერის გაჟონვა იყო (არახარისხიანად იზოლირებული ძველი სამთო საშახტო მუშაობის გზით).   

ვერსია მეორე

მეორე ვერსიის მიხედვით: იმავე ღრუს მონაკვეთის №3 ღუმლის სივრცეში მეთანო-საჰაერო ნაერთი აფეთქდა. ნახშირის მტვერს არ მიუღია აფეთქებაში მონაწილეობა. აფეთქებადი კონცენტრაციის მეთანის წარმოქმნის მიზეზი გახდა №3 ღუმლის ვენტილაციის დარღვევა ჰაერის ზედმეტად ნორმატიული გაჟონვის გამო. სავენტილაციო აღჭურვილობით, რომელიც დაყენებული იყო ერთ-ერთ ღრუში და ჩიხური საფარების ვენტილაცია ერთი ადგილობრივი ვენტილაციით საჰაერო მილსადენის გამოყენებით საერთო ჩიხებისათვის. მეთანო-საჰაერო ნაერთის დაწვის წყარო შესაძლოა, ყოფილიყო აფეთქების სამუშაოები ან წყარო, რომელიც გარედან იყო მოტანილი.

ვერსია მესამე

მესამე ვერსიის მიხედვით -  ერთ-ერთი ღუმლის მასის საფარის მონაკვეთში აირდინამიკური პროცესი მოხდა. ГДЯ-ს კლასიფიკაცია და ავარიის მიზეზები შესაძლოა, იყოს შახტის საფარის კვლევის შემდეგ. იზოლაციასთან უხარისხო სამუშაოების გამო, იზოლირებულ მოცულობაში განხორციელდა განაწილებული ნახშირის გაალება, რომელიც გადაგდებული იყო ნარჩენში ГДЯ-ს დროს.

ვერსია მეოთხე

ხელოვნურად შექმნილი ღრუს მონაკვეთზე მოხდა სამთო-ტექნიკური დარტყმა. სამთო-ტექნიკური დარტყმის მიზეზი შესაძლოა, იყოს გაზრდილი სეისმური აქტიურობა უშუალოდ ავარიის დაწყებამდე; შედეგი - ჩამოკიდული ქვიშაქვის უეცარი ვარდნა ერთ-ერთი ღრუს მონაკვეთის შემუშავებულ სივრცეში და მასთან დაკავშირებულ სივრცეებში, სადაც ადრე მუშავდებოდა ლავა ნახშირის სვეტის არასაკმარისი სიგანის გამო, განხილულ შემუშავებულ სივრცეებს შორის.

ტყიბულელი მეშახტე, 5 აპრილს დაღუპული პავლე  გამეზარდაშვილის ძმა, მირზა „ლიბერალთან“ საუბარში ორივე ვერსიას გამორიცხავს. მირზას განმარტებით, მას პროკურატურასთან ინტენსიური კონტაქტი აქვს და ამბობს, რომ მეშახტეების დაღუპვის მიზეზი არც სამთო დარტყმა და არც ადამიანური გადაცდენის ფაქტორი არ ყოფილა.

გამეზარდაშვილს, ასევე შეკითხვები აქვს უკრაინელი ექსპერტების გამოკვლევის პროცედურებთანაც და ამბობს, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ 5 აპრილის შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე დღეში უბანზე წყალი ჩაუშვა, შესაბამისად, 23 აპრილისთვის, როცა უბანზე უკრაინელები ჩავიდნენ, უკვე ყველა მტკიცებულება განადგურებული იყო:

„რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ, რა ნახეს უბანზე, ეს ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ, დაველოდები გამოძიებას და ამის შემდეგ, ყველაფრის თქმის საშუალება გვექნება“, - ამბობს მირზა, რომელიც დღესაც მინდელის შახტში მუშაობს.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (რომელიც „საქნახშირს“ ფლობს) ადმინისტრაციული დირექტორი, ნინო ჯორბენაძე განმარტავს, რომ უკრაინელების დასკვნაში ვერსიებს შორის ბუნებრივი აფეთქების ვერსიაც განიხილება და შესაძლოა, კომპანია ამ ვერსიებს იზიარებდეს, თუმცა რთულია გამოძიების დასრულებამდე რაიმეს თქმა:

„ესაა ვარაუდებზე დამყარებული დოკუმენტი. ექსპერტები იმყოფებოდნენ იმ უბანზე, რომელზეც ადმინისტრაციასაც კი არ აქვს წვდომა, რადგან ის დალუქულია და გამოძიება მიმდინარეობს. თან ადგილზე ყველაფერი ჩამოშლილია და დოკუმენტი მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოს კომპეტენტურ დასკვნებს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.  

5 აპრილს, დილის 4 საათზეშახტში 58 წლის გოგი რაფავა; 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი; 49 წლის ბესიკ გურგენიძე; 45 წლის მირზა ქურციკიძე; 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი და 25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დაიღუპნენ. მეშატხეები 10 აპრილს დაკრძალეს. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა.

ტყიბულის შახტები კომპანია „საქნახშირს" (ჯი-აი-ჯი ჯგუფს) ეკუთვნის. ქალაქში ორი - მინდელისა და ძიძიგურის შახტები მუშაობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^