ექსპერიმენტის მონაწილე იმ წუთიდან ხდები, როცა ინტერნეტის საძიებო ველში www.deehubs.com-ს კრეფ და შენს აზრებს წარწერისა თუ ფოტოს სახით სიეტლის ქუჩებში პოსტავ.
დაახლოებით ერთი თვეა, რაც გიორგი გურგენიძე და ბაქარ მარუაშვილი ადამიანებს ემოციის გასაზიარებელი სივრცის ალტერნატივას სთავაზობენ.
ბავშვობის მეგობრებმა ინტერნეტსაიტი www.deehubs.com ვირტუალური სამყაროს რეალურ სივრცესთან დასაკავშირებლად შექმნეს. სოციალური ქსელი ჯერ საცდელ ეტაპს გადის. სრულყოფილი სახით ის ახალი წლიდან ამუშავდება.
ბაქარისა და გიორგის სამუშაო დღე შებინდებულზე, საღამოს 5 საათიდან იწყება. პროექცია წინასწარ შერჩეული რამდენიმე შენობის კედელზე კეთდება. მესიჯი, რომელსაც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გზავნიან, ვაშინგტონში, სიეტლის ქუჩებში, იყრის თავს. “ეს საცდელი პროექტია. გვაინტერესებდა, გაგვეგო, რამდენად მოეწონებოდა ხალხს ქუჩებში დაპოსტვა. ეს არის სრულიად ახალი სივრცე - ონლაინქსელისა და ქუჩის გაერთიანება”, - ამბობს ბაქარი. “გვინდოდა, ისეთი სივრცე მოგვეძებნა, ოფიციალური ქსელივით, სადაც შეძლებდი, დაგეფიქსირებინა შენი აზრი და არ იქნებოდი შეზღუდული შენი ლეპტოპის ეკრანითა თუ მობილური ტელეფონით. არ იქნებოდა საჭირო, ვთქვათ, მეგობრები facebook-ზე ან Twitter-ზე, სადაც შეგიძლია მარტივად გადასცე შენი მესიჯი, შეტყობინება”, - გვეუბნება გიორგი.
პროექციები კედლებზე მხოლოდ დასაწყისია. გიორგისა და ბაქარის ბიზნესიდეა 2015 წლიდან ბილბორდებზე განთავსდება.
“Deehubs-ის” კეთება საქართველოში მე და გიორგიმ ჩვენს ინდოელ მეგობართან ერთად ორი წლის წინ დავიწყეთ, თუმცა იმის გამო, რომ იქ პატარა ბაზარია, დუბაიში გადავინაცვლეთ. გვყავდა იქაური ინვესტორი. სწორედ დუბაიში გავაკეთეთ ამ პროდუქტის პირველი პროტოტიპი. შემდეგ ამერიკაში ჩამოვედით, აქაური ინვესტორის მოწვევით”, - ამბობს ბაქარი.
თებერვლიდან “Deehubs-ის” პირველი ციფრული ბილბორდი დაიდგმება, რომელზეც კერძო კომპანიებს რეკლამის განთავსების საშუალება ექნება. რეკლამის პარალელურად, ადამიანები საკუთარი აზრების გაზიარებას ბილბორდებზე ისევ განაგრძობენ. გიორგისა და ბაქარის თქმით, ბილბორდზე რომელიმე კომპანიის რეკლამის განთავსების შემდეგ კომპანიას ადამიანებთან გამოხმაურების საშუალება ექნება. კერძო კომპანიასა და ადამიანებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შედგება.
მეგობრები ამბობენ, რომ ხალხის ასეთ აქტიურობას არ ელოდნენ. ძირითადად ქართველები და ამერიკელები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შინაარსის მესიჯებს პოსტავენ. ბაქარი ამბობს, რომ საქართველოდან, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათის მესიჯებია. ამერიკელები უფრო ფოტოებსა და მილოცვებს პოსტავენ. გიორგი აქტიური ქვეყნების სიას უკრაინასა და რუსეთს უმატებს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად მოსაზრებებს ამ ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობაზე გამოთქვამენ. სხვადასხვა ხასიათის მესიჯები სიეტლის ქუჩებში დუბაიდან, საფრანგეთიდან და ავსტრალიიდანაც ხვდება. მისივე თქმით, სხვადასხვა ადგილიდან გამოგზავნილ მესიჯს განსხვავებული ხასიათი და განწყობა მოაქვს. როგორც ბაქარი და გიორგი ამბობენ, ქუჩაში გამვლელთა რეაქცია მესიჯების ცვლილებასთან ერთად იცვლება. გააჩნია, ვინ რას დაწერს.
“ქართული ფონტით დადებულ მესიჯს ვერ იგებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სასაცილო სურათი, ან რამე მნიშვნელოვანი შინაარსის მესიჯი იდება. მაშინ ჩერდებიან და მას სურათს უღებენ”, - გვეუბნება ბაქარი. “არცერთი გამვლელი არ ჩაივლის გულგრილად. მოდიან, გვეკითხებიან, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ. ყველა გაღიმებული გვიყურებს. ეს ყველაფერი ხასიათსა და ატმოსფეროს ქმნის”, - დასძენს გიორგი. საუბრის ბოლოს, იდეის სლოგანს ბაქარი ინგლისურად ამბობს:
“ორი რამეა, რასაც აქაურებს ვეუბნებით. “Be Vandals” & “People deserve public stages”. ვანდალებად აქ ისეთი ხალხი ითვლება, ვინც ქუჩაში პულივიზატორით აკეთებს წარწერებს. ჩვენც დაახლოებით ასეთ რამეს ვაკეთებთ, ოღონდ ლეგალურად. ნებისმიერ გამვლელს მოვუწოდებთ, რომ შეუძლიათ იყვნენ ვანდალები. ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება.
ბილბორდის პატრონებს ვეუბნებით, რომ ხალხი საზოგადოებრივ სივრცეს იმსახურებს. შეიძლება, სწორედ ქუჩა იყოს შენი ემოციის გასაზიარებელი ადგილი. ამიტომ შევარჩიეთ ეს სლოგანი”.