Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოდი და იხილე - თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი

01 დეკემბერი 2014

იმისათვის, რომ მაყურებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მიღმა არ დარჩეს, უბრალოდ შევახსენებთ ელემ კლიმოვის ფილმის სახარებისეულ სიბრძნეს - მოდი და იხილე!

ტოლსტოის პერიფრაზით დავიწყებ. ყველა მდიდარი და ცნობილი ფესტივალი (კანი, ვენეცია, ბერლინი) ერთნაირად ბედნიერია და ყველა შეჭირვებული, უფულო და უმაყურებლო - უბედურია თავისებურად. კარგად მახსოვს დრო, როცა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უჭირდა. განსაკუთრებით დაარსებიდან პირველ წლებში, როცა აკლდა დაფინანსება, ხელისუფლებისა თუ საზოგადოების მხარდაჭერა, მაყურებელი. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა და გაჩენილი რიგებიც „ამირანისა“ და „რუსთაველის“ სალაროებთან ამას ადასტურებს. ცალკე და ყბადაღებული საუბრის თემაა მილიონ ნახევრიან თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კინოთეატრების კატასტროფულად მცირე რაოდენობა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა!

ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი ერთი შეხედვით არამომგებიან პერიოდში იმართება, მაგრამ ამავე დროს, დეკემბერი კარგი დროა კინემატოგრაფიული წლის სელექცია-შეჯამებისთვის. მოკლედ, მაყურებელი ამ ფესტივალზე 2014 წლის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ნამუშევრებს გაუსინჯავს კბილს“. ალბათ იმიტომ აკითხავს „ამირანისა“ თუ „რუსთაველის“ დარბაზებს, რომ საკამათო ფილმიც, შედევრიც და კინოექსპერიმენტიც თავად შეაფასოს ერთი კვირის განმავლობაში.

ის, ფაქტი, რომ ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის საქართველოში გადაღებული პოლიტიკური ფილმი გახსნის, მრავლისმეტყველია. რეჟისორი თავად წარუდგენს ვენეციის ფესტივალზე პრემირებულ „პრეზიდენტს“ ქართველ მაყურებელს, რომელშიც მთავარ როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ თბილისს ეწვევა მახმალბაფების კინემატოგრაფიული ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რეჟისორის ქალიშვილი - ჰანა მახმალბაფი. კინომანებს ალბათ ახსოვთ, რომ გასულ წლებში თბილისის კინოფესტივალის სტუმარი ასევე იყო მისი უფროსი ქალიშვილი, კინემატოგრაფიულ სამყაროში გაცილებით ცნობილი - სამირა მახმალბაფი.

„პრეზიდენტი“, რეჟისორი: მოჰსენ მახმალბაფი

ქართული კინოს წარმატებაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო კონკურსში პირველად მონაწილეობს ორი ქართული ფილმი: სალომე ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“  (დახვეწილი, მკვეთრად სოციალური და მინიმალისტური ესთეტიკით გამორჩეული. თუ როგორ ანგრევს, ანადგურებს საბანკო სისტემა ადამიანთა ცხოვრებას) და კონკურსში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის სადებიუტო ნამუშევარი „მე ვარ ბესო“, რომელმაც თავისი უკომპრომისო, დოკუმენტური კინოენით და  ქალაქის გარეუბნების შეულამაზებელი აღწერით, უკვე მიიქცია ყურადღება.

“კრედიტის ლიმიტი“, რეჟისორი: სალომე ალექსი-მესხიშვილი

მაყურებელს დააინტერესებს ქართული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის ფილმი Party Girl, რომელიც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზით - „ოქროს კამერით“ დააჯილდოვეს. კონკურსის მონაწილეა 2014  წლის კანის კინოფესტივალის „კრიტიკის კვირეულის“ გრან-პრის მფლობელიც, უკრაინელი რეჟისორის, მიროსლავ სლაბოშპიცკოს მძაფრი და  სოციალური ფილმი „ტომი“, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კანის ფესტივალზე.

Party Girl, რეჟისორი: მარი ამაშუკელი

ალბათ, წელსაც, ფესტივალზე ყველაზე პოპულარული სექცია იქნება  „ევროპული კინოს ფორუმი“, რომლის პროგრამაშია მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი. მაგალითად, 2014 წლის  „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელის, ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის „ზამთრის ძილი“. კრიტიკოსები მას „კინემატოგრაფიულ  ჩეხოვს“ უწოდებენ და ამავე დროს ახსენებენ მიქელანჯელო ანტონიონისა და თეო ანგელოპულოსის ფილმებს. ფილმში მოთხრობილია ყოფილი მსახიობის, აიდინისა და მისი ცოლის ფსიქოლოგიური, დაძაბული ურთიერთობის შესახებ ანატოლიის პროვინციის პატარა ქალაქში.

„ზამთრის ძილი“, რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი

„ფორუმის“ პროგრამაში მაყურებელი ნახავს კანის ფესტივალის „გრან-პრის“ მფლობელის, ალიჩე რორვაკერის ფილმს „სასწაულები“ და ფრანგული კინოს კლასიკოსის ჟან-ლუკ  გოდარის 3D ფორმატით გადაღებულ ფილმს  სიმბოლური სახელწოდებით - „მშვიდობით, ენავ! გოდარი  ოდნავ ირონიულად და ამავე დროს, ძალიან გულწფელად და ემოციურად ემშვიდობება დიდ კინემატოგრაფს; ის რეალურად აცნობიერებს, რომ სრულიად სხვა ტიპის გამოსახულების დრო დადგა... როგორც თავადი დე სალინა (ლუკინო ვისკონტის „ლეოპარდში“) ღირსეულად ხვდება არისტოკრატიის დაისს, გოდარიც ჯანსაღად და ამავე დროს, ირონიით უმზერს კლასიკური კინემატოგრაფის ენის დასასრულს.

„სასწაულები“, რეჟისორი: ალიჩე რორვაკერი

„მშვიდობით ენავ“, რეჟისორი: ჟან-ლუკ გოდარი

რამდენადაც ქართველ მაყურებელს უყვარს ფრანსუა ოზონი, ალბათ ნახავს მის უახლეს ნამუშევარს სახელწოდებით „ახალი მეგობარი ქალი“ - დეპრესიული მელოდრამისა და სახელდახელო ფსიქოანალიზის ნაზავს რომენ დურისის მონაწილეობით. ფილმი ასევე ნაჩვენები იყო კანის წლევანდელ ფესტივალზე. „მაღალი მოდისა“ და „ტკბილი ცხოვრების“  მომლოდინეთ (და არამატო მათ) კი შეუძლიათ ვნება იტალიელი რეჟისორის, ბერტრან ბონელოს ფილმით, „სენ ლორანით“ დაიკმაყოფილონ, რომელშიც ევროპელი კინოვარსკვლავების ცვენაა: შთამბეჭდავი გასპარ ულიელით დაწყებული, ეგზოტიკური ამირა კასარითა და მოდიდან გადასული ჰელმუტ ბერგერით დამთავრებული. გასაგებია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კუტურიესადმი მიძღვნილ ფილმში მსუყე ფერების, კოსტუმებისა და კარგად ნაკეთი რეტროს სულისკვეთება იგრძნობა.

„ახალი მეგობარი ქალი“, რეჟისორი: ფანსუა ოზონი

"სენ ლორანი", რეჟისორი: ბერტრან ბონელო

ვისაც ვთქვათ, ნაადრევად გარდაცვლილი ამერიკელი მსახიობის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის დატირება სურს, შეუძლია მისი ნიჭი და შესაძლებლობა ანტონ კორბაინის „ძებნილში“ შეამოწმოს.  

რაც შეეხება ფილმებს ევროპული აკადემიის სელექციიდან. კინომანებს ვურჩევთ არ გამოტოვონ პოლონელი კლასიკოსის ანჯეი ვაიდას ახალი ფილმი „ვალენსა, იმედის კაცი“. ასევე ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის „სილს მარიას ღრუბლები“. ვისაც ჟულიეტ ბინოშის კინოექსპერიმენტებით გატაცება დააინტერესებს, შეუძლია მისი ამერიკელი კრისტენ სტიუარტის საინტერესო ერთობლივი ნამუშევრი ნახოს. ფესტივალის სტუმარი იქნება ესპანელი  რეჟისორი ლუის მინიარო, რომელიც თავად წარადგენს ფილმს „მოწყვეტილი ვარსკვლავი“. ევროპულ ფორუმში იქნება ნაჩვენები ასევე ახალგაზრდა შვედი რეჟისორის, ლუკას მოდისონის „ჩვენ საუკეთესოები ვართ“, რომელიც გეტებორგისა და ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული გახდა.

„ვალენსა, იმედის კაცი“, რეჟისორი: ანჯეი ვაიდა 

„მოწყვეტილი ვარსკვლავი“, რეჟისორი: ლუის მინიარო

„ჩვენ საუკეთესოები ვართ“, რეჟისორი: ლუკას მოდისონი

 

სექციაში „ჰორიზონტები“ აღსანიშნავია ბერლინალეს „ოქროს დათვით დაჯილდოვებული, ჩინელი იანან დიაოს დეტექტივი „ქვანახშირი, თხელი ყინული“ და ირანელი რეჟისორის  რეზა დორმიშიანის ფილმი  სახელწოდებით „არ ვბრაზობ!“, რომელიც თავად წარადგენს ფილმს მაყურებლის წინაშე.

ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექციაა „დოკუმენტური მსოფლიო“, რომელიც აერთიანებს ფილმებს აქტუალურ პრობლემების შესახებ. დოკუმენტური კინოს მოყვარულთ შეუძლიათ „ოსკარზე“ ნომინირებული ჯოშუა ოპენჰაიმერის „სიჩუმის სახეც“ შეამოწმონ და უკრაინელი რეჟისორის, ალექს შირიაევის ფილმის „გაზი როგორც იარაღი“ პოლიტიკური კონტექსტიც. კვლავაც აქტუალურია ირანი -   ძმების არმან და არაშ რიაჰების ფილმი „ყოველდღიური ამბოხი“ ირანულ წინააღმდეგობებსა და პროტესტზე გვიამბობს.

რაც შეეხება სექციას „რეჟისორი ფოკუსში“, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  ცნობილი სერბი რეჟისორის, გორან პასკალევიჩის შემოქმედება. მისი ფილმები დაჯილდოვებულია თითქმის ყველა პრესტიჟულ კინოფესტივალზე. სხვათა შორის, 2012 წელს  მის შემოქმედებას ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და ბრიტანული კინოს ინსტიტუტმა ფილმების სრული რეტროსპექტივა მიუძღვნეს. თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება გორან პასკალევიჩის შემოქმედების ალბათ, საუკეთესო ნიმუშები - „პლაჟის დარაჯი ზამთარში“ და რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი. „ზამთრის ღამის სიზმარი: ეს უკანასკნელი ალეგორია ბალკანურ ომზე, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ამ თემისადმი რეჟისორის კრიტიკული პოზიციის გამო..

„პლაჟის დარაჯი ზამთარში“, რეჟისორი: გორან პასკალევიჩი             

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით მოეწყობა უახლესი გერმანული ფილების ჩვენება. ამ ფილმებს შორისაა 2012 წლის ბერლინალეს „ვერცხლის დათვის“ მფლობელი „გოლგოთის გზა“ და გერმანული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული რეჟისორის, დომინიკ გრაფის „ძვირფასი დები“...

და ბოლოს, იმისათვის, რომ მაყურებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მიღმა არ დარჩეს, უბრალოდ შევახსენებთ ელემ კლიმოვის ფილმის სახარებისეულ სიბრძნეს - მოდი და იხილე!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^