არ ვიცი, რა უნდოდათ ჩემი სოფლის სახლის კედელზე, მაგრამ ერთი კია, რომ პირველი პლაკატები მაშინ დავლანდე. საბჭოთა პლაკატები. ახლა სწორედ მათზე ვწერ. როცა ბიბლიოთეკაში დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა გადავწყვიტეთ, პირველად პლაკატთა საცავს მივუკაკუნეთ და დღემდე ვაგრძელებთ. დედა-სამშობლო გვეძახის. გასაკეთებელი საქმეა. ისევე როგორც ირაკლი თოიძეს უხმობდა ან ,,უხმობს’’. 1941 წელს შექმნა ყველაზე ცნობილი ქართული პლაკატი. იქვე მიაწერინეს სამხედრო ფიცი და Лауреат Сталинской премии Иракли Тоидзе (საკუთარი ხელმოწერით).
მამლის ყივილი იქით იყოს და ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ეგეთია: ერთი იღვიძებს და გადაულაპარაკებს მეორეს „გვღვიძავს?“ „კი, ერთი საათია გაშტერებული მაქვს თვალები“. „იი და გუშინ რამინიეს გოგოს ამბავი გეიგე? რაფერ იმასუქნია დაბადებისდღეში“ და მერე ღობეა გასაკეთებელი ღორი ძვრება, შაქარმა ფასი მოიმატა და პაკისტანში როგორი ქარიშხალი ყოფილა. ანტენაა შესაბრუნებელი სადგურისკენ. ვერ იჭერს კარგად. განსაკუთრებით გრძელი და მისტიკური ეს საუბრები ზამთრობითაა, როცა დილას დადგომა უჭირს. მამალი კი ყივის პარალელურად. მერე ერთი რისკავს და დგება ცეცხლს შეუნთებს. ცეცხლი დილის სიკვდილს ნიშნავს. თუ პატარა ხარ, შენ ყველაზე გვიან დგები. შესაბამისად საშუალება გაქვს დილის დაბადებას დააკვირდე როგორ იშორებს კედელი ნელ-ნელა ღამის ჩრდილებს და დაზეპირებული ოთახი იბადება. ოთახზე ორ გაურკვეველ სურათს ამჩნევ: 1) ლომონოსოვი მიდის სკოლაში სწავლა არასდროსაა გვიან და 2) დედა-სამშობლო გვეძახის.
არ ვიცი, რა უნდოდათ ჩემი სოფლის სახლის კედელზე, მაგრამ ერთი კია, რომ პირველი პლაკატები მაშინ დავლანდე. საბჭოთა პლაკატები. ახლა სწორედ მათზე ვწერ. როცა ბიბლიოთეკაში დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა გადავწყვიტეთ, პირველად პლაკატთა საცავს მივუკაკუნეთ და დღემდე ვაგრძელებთ. დედა-სამშობლო გვეძახის. გასაკეთებელი საქმეა. ისევე როგორც ირაკლი თოიძეს უხმობდა ან ,,უხმობს’’. 1941 წელს შექმნა ყველაზე ცნობილი ქართული პლაკატი. იქვე მიაწერინეს სამხედრო ფიცი და Лауреат Сталинской премии Иракли Тоидзе (საკუთარი ხელმოწერით).
ხოლო მანამდე:
არქივში ქექვისას შევამჩნიეთ კედლის გაზეთი, რომელიც პარალელურად პლაკატის ფუნქციასაც ითავსებდა: თბილისის ერთიანი მუშათა კოოპერატივის 1925-26 სამეურნეო წლის ანგარიში. საპარტიო ანგარიშებით, ლენინითა და შესაბამისი მომყოლებით. მოწოდებებით და სიხარულით. თავის დროზე ქალაქის ქუჩებს სწორედ ამგვარი პლაკატებით ავსებდნენ: მეტი ტექსტი, ნაკლები ვიზუალი (თუ როგორც ამბობენ თანამედროვე არტმცოდნეები).
1927 წელს კინო-აფიშაც დავლანდეთ. ქართული ამბის რუსულ ენაზე. ცოტა დეპრესიული, სანახაობაზე კი არა, დაკრძალვის ღონისძიებაზე უფრო რომ გაფიქრებინებთ. ეგრე აწერია: Художественный фильм "Гюлли", Производства Госкинпром Грузии. Религиозная драма по мотивам одноименной повести Шио Арагвиспирелли. Режиссеры: Лев Пуш, Николай Шенгелая. Оператор: Михаил Калатозов. Плакат издан в Баку. შიო არაგვისპირელი კი იყო ისე ცრემლის და შიშის მწერალი. ხოლო მთავარ როლს ნატო ვაჩნაძე ასრულებდა.
`გადაჭრით შევუტიოთ კულაკს და ვიბრძოლოთ ახალი კოლმეურნეობისა და სოფლის სოციალისტურად გარდაქმნისათვის" პროპაგანდისტული ძახილი უკვე უფრო მხნეა. 1931 წელია. პლაკატიც გაფერადდა. სტილი ცოტა ავანგარდულისკენ გარბის, მაგრამ თემატიკა ამუხრუჭებს. ფერებიც მეტია. ცხადია წითელი ჭარბობს. ეგრეც გრძელდება ვიდრე 1941 წლამდე და სამამულო ომის კარიბჭესთან პირველი პლაკატი... არც მეტი, არც ნაკლები ამგვარი სათაურისაა: „მანქანას არ ჩამოეკიდო სახიფათოა!“ საქალაქო საბჭოს კომუნალური განყოფილება გვაფრთხილებს და მალე ცეცხლიც გაიხსნება. თუმცა ბომბებამდე სხვა მოწოდებაცაა: „ბავშვი პირველად აბანავეთ მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მოეცლება ჭიპლარი“. ეს ინსტრუქციულ-მეთოდური პლაკატია, დიდად მოდური საქმე საბჭოთა განმანათლებლებში. უი, სტალინის და ლენინის (`განმანათლებლებზე" გამახსენდა) პოსტერებზე არაფერი მითქვამს? არც გჭირდებოდათ, ეგეთები ხომ ყველამ ვიცით. ისევ საცავში ჩავყვინთოთ თან ომი დაიწყო. ქართულენოვანი პლაკატი, რასაც გადავაწყდით, კარიკატურა-პლაკატია სასაფლაოებში ჩამჯდარი ჰიტლერი და წარწერა: „მესამე იმპერიის“ აპოთეოზი: ბლიც კრიგ ან ბლიც კრახ" საქმხატვარი. 1941 წელი. შესრულებული გაბაშვილისა. ისე, ძალიან საინტერესო ამბავს გადააწყდებით სასკოლო პლაკატებში, სადაც არითმეტიკას, მაგალითად თუ რამდენისგან შედგეს 10, ბურთებით და დათუნიებით კი არა, საომარი თვითმფრინავებით უხსნიდნენ. აი, ერთი თვითმფრინავი, აი, ორი, აი, ათი. სკოლაც ასეთი სურათებით იყო მოფენილი.
საომარი პლაკატების ბუმია. წითელარმიელები. სტალინი. სტალინი. წითელარმიელები. თუმცა ალაგ-ალაგ ამოვარდნაცაა. მაგალითად 1941 წელს ამგვარი აქცია ყოფილა წიგნი ფოსტით, ფასდაკლებით სოფელსა და ქალაქს და კიდევ: ,,მოითხოვეთ მცირე ალკოჰოლიანი შუშხუნა სასმელი „თბილისი“. ეს უკვე 1942 წელია. ღიმილიანი ქალი ლიმონათით ხელში. კონტრასტული განწყობა. მერე ომი დამთავრდა, 1947 წელია. თბილისი აივსო ინსტრუქციებით. მაგალითად ასეთით: „იარე ტროტუარის მხოლოდ მარჯვენა მხარეს“ და კიდევ სოფლებიც როგორ გავკრიჭოთ ცხვარი, როგორც მოვწველოთ ძროხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თან უკვე გამარჯვებულის პათოსი. და აღმშენებლის. და დაუმარცხებლის იხილეთ 1950 წელს გამოცემული პლაკატი: „გვალვასაც დავძლევთ“.
ორმოცდაათიანებში დედაქალაქში უკვე იმგვარი აფიშები რჩება, დღესაც რომ შემორჩა სტილი. მოოთხკუთხედო ასოებით, მოლურჯო ფერის წარწერები. მხოლოდ ინფორმაცია. ვთქვათ: 1955 წელს, ჭაბუკიანის „დონ-კიხოტი“, ბალეტი 4 მოქმედებად. ან: დ. თორაძე „გორდა“, ბალეტი 4 მოქმედებად, 10 სურათად. ერთ ძალიან საინტერესო აფიშას გადავაწყდი. ენობრივი თამაშების მოყვარულთათვის დღეს დიდად ნიშანდობლივს: თბილისში გამართულა სამი სპექტაკლი ვლადიმერ პუტნევის მონაწილეობით, ხოლო პუტნევი ხარკოვის ოპერისა და ბალეტის სოლისტი, ტენორი ყოფილა.
საინტერესოა ამ პერიოდის კინო-აფიშებიც. როგორც წესი, მონაწილე მსახიობებს ხატავდნენ, ფოტო ძნელად იძებნება („ბაში-აჩუკი“, „აბეზარა“ და ასე შემდეგ). ასე მთავრდება ერთი დიდი ეპოქა, სტალინის ეპოქა. მისი სიკვდილის შემდეგ ცოტა ინერციაა და სხვა, პლაკატების მხრივ ოდნავ განსხვავებული ერა იწყება. იმ ერაზე მომდევნო ნომერში მოგიყვებით.