Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერდოღანის მეორე სუნთქვა

27 ივნისი 2018

თურქეთის არჩევნებზე ერდოღანის გამარჯვება სენსაცია ნამდვილად არ არის, მაგრამ ამავე დროს არსებობდა შანსი, რომ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა. ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის რეიტინგი ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაეცა და ყველაზე ოპტიმისტური შეფასებებითაც ხმების 40%-ზე ოდნავ მეტი უნდა მოეპოვებინა. ასევე შეუძლებელ მისიად ჩანდა უმრავლესობის აღება კოალიციურ პარტნიორთან, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან ერთად. ამ უკანასკნელის რეიტინგი 5%-ს არ სცდებოდა და ერთობლივად ისინი ხმების ნახევარსაც ვერ აგროვებდნენ. 

ასეთ ვითარებაში „იმედები” პროქურთულ ხალხთა დემოკრატიულ პარტიაზე მყარდებოდა. ამ უკანასკნელს წესით 10%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ უნდა გადაელახა და ამიტომაც მისი ხმები ერდოღანის კოალიციას უნდა წაეღო და უმრავლესობაც გაენაღდებინა. მაგრამ მოხდა ორი საოცრება: პროქურთულმა პარტიამ 11.7% მოაგროვა და მისი ხმები მის ხმებად დარჩა, რაც ქმნიდა საფრთხეს, რომ ერდოღანის კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდებოდა.

მაგრამ ეს სასწაული მეორე სასწაულმა გადაფარა - ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ 11% აიღო და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 42.5%-თან ერთად ეს საკმარისი აღმოჩნდა უმრავლესობის დასაკომლეპლექტებლად. ნაციონალისტთა წარმატებამ კითხვები გააჩინა და ერდოღანის მომხრეებმა ეს მოულოდნელობა იმით ახსნეს, რომ ამ პარტიამ ხმები წაართვა რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (ქემალისტებს), რომელმაც 22% მოიპოვა. ერდოღანის კრიტიკოსები ამ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებენ და ამის საფუძველი არსებობს: ქემალისტები სეკულარისტები და დასავლეთთან თანამშრომლობის მომხრეები არიან, ხოლო ნაციონალისტური მოძრაობის პარტია პოპულისტობით გამოირჩევა და თურქეთის პრობლემებს დასავლეთის „ბოროტ ძალებს” აბრალებს. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, საერთაშორისო დამკვირვებლები არანაირ უხეშ დარღვევაზე არ მიუთითებენ. მათი კრიტიკა, ძირითადად, საარჩევნო კამპანიას ეკუთვნოდა, რომლის განმავლობაშიც ერდოღანის პარტია გაცილებით მეტი საეთერო დროით სარგებლობდა წამყვან ტელეარხებზე, ვიდრე ოპოზიცია. თუმცა ეს საბოლოო ჯამში არაფერს ცვლის. როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ნახევარზე ოდნავ მეტი აიღო (საპრეზიდენტოში 52%), ისე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

ასე დასრულდა მთავარი ინტრიგა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ერდოღანის გამარჯვება არანაირ ეჭვს არ იწვევდა და საქმე მხოლოდ მეორე ტურამდე თუ მივიდოდა. მაგრამ ეს ინტრიგაც მოკლა საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილე ქალის, კარგი პარტიის დამფუძნებლის, მერალ აკშენერის დაბალმა შედეგმა (7.3%). ქემალისტთა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ 31% აიღო და ყველაფერი ამით დასრულდა. ქემალისტებმა (ერდოღანის მთავარმა ოპოზიციამ) მარცხი განიცადეს და მათ არც კოალიციამ უშველათ - საპარლამენტო არჩევნებში მათმა პარტნიორმა, კარგმა პარტიამ (საპრეზიდენტოსგან განსხვავებით, აქ აკშენერი ქემალისტებთან ერთად გამოდიოდა) სულ 10% აიღო. აღსანიშნავია, რომ აკშენერი ოდესღაც ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაში იყო, მაგრამ 2016 წელს დატოვა. მიზეზი ის იყო, რომ პარტიის ლიდერი, ოდესღაც ერდოღანის გააფთრებული მოწინააღმდეგე, ასაკოვანი დევლეთ ბახჩელი ერდოღანისკენ გადაიხარა. როგორც აღმოჩნდა, იგი სწორადაც მოიქცა.  

ამ არჩევნების შედეგად ერდოღანის ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად იზრდება. ახალი კონსტიტუციის მიხედვით მას, როგორც პრეზიდენტს, მთავრობის დაკომპლექტების უფლება აქვს. პარლამენტს კი ვეტოსთვის მთლიანი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესაჭიროება. მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, ნახევარზე მეტს ერდოღანის მომხრეები შეადგენენ. შესაბამისად, ყველაფერი ერდოღანის ხელშია. ეს ფაქტია, რომელთან შეგუება მოუწევთ დასავლეთშიც, სადაც ერდოღანი უკვე ბევრს არ მოსწონს. რამდენად გააკეთებენ შემხვედრ ნაბიჯებს ევროკავშირის ლიდერები, რთული სათქმელია. თავად ანკარა დათმობას და თავის მოქაჩლებას აშკარად არ აპირებს. საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პირდაპირ განაცხადა, რომ თურქეთი თავის უმთავრეს პარტნიორებად მუსლიმანურ და არა დასავლურ სახელმწიფოებს განიხილავს. საგრძნობლად დაძაბულია ამერიკასთან ურთიერთობებიც, თუმცა აქ ოფიციალური ანკარა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობებში. ამერიკულ-თურქული ურთიერთობების ტესტი სულ მალე უნდა შედგეს: თურქეთს ამერიკისგან ეფ-35 ტიპის გამანადგურებლების შესყიდვა სურს და თანხის დიდი ნაწილი უკვე გადახდილიც აქვს. ამ გარიგებას ვაშინგტონში ბევრი ეწინააღმდეგება, რადგან თურქეთი ასევე გაურიგდა რუსეთს ეს-400 ტიპის ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვის თაობაზე. რუსებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა კი ვაშინგტონში შიშს აჩენს, რომ ეფ-35 გამანადგურებელებზე ინფორმაცია შესაძლოა მოსკოვს ჩაუვარდეს ხელში. თურქეთთან გარიგებას მხარს უჭერს ამერიკის თავდაცვის მინისტრი მატისი. შესაძლოა, საბოლოო გამოსავალი მან იპოვოს. 

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, აქ ერდოღანის მთავარ გამოწვევად პოლარიზაცია დარჩება. თურქეთი თანდათანობით გამოდის იმ შოკიდან, რომელიც ქვეყანამ ჩავარდნილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიიღო (გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით მასობრივი დაპატიმრებები და დევნა), მაგრამ პოლარიზაცია კი არსად ქრება. ქემალისტებს უფრო მხარს უჭერს ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, ერდოღანს კი - ანატოლია. თავიანთი „გეოგრაფია” აქვთ ქურთებსაც

ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერდოღანისათვის შესაძლოა ყველაფერი ახლა იწყებოდეს.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^